კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები დისიდენტურ მოძრაობას იწყებენ

14 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

აგვისტოს ომის შემდეგ უკვე ხუთი ჟურნალისტის ცემის ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს არც ერთი ტელეკომპანია კი საკუთარ ეთერში არ უშვებს ისეთ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირმა ინაშვილის, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძის და მოძრაობა“7 ნოემბრის“ წევრის, ლევან კორძაიას მიერ 13 ნოემბერს „პრიმა ვერეში“ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აქცენტი სწორედ ამ პრობლემებზე გაკეთდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალსიტებს განცხადება დაურიგეს.

„2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ, დამოუკიდებელ ქართველ ჟურნალისტებზე „უცნობი პირების“ თავდასხმები შესამჩნევად გახშირდა. ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, ის ჟურნალისტი ხდება, რომელიც საგაზეთო პუბლიკაციაში, ფილმსა თუ ინტერნეტ-გამოცემაში ყურადღებას აგვისტოს საომარ მოქმედებებზე ამახვილებს. ნიშანდობლივია ფაქტი, რომ „უცნობი თავდამსხმელები“ ნიღბების გარეშე მოქმედებენ, რაც გვარწმუნებს, რომ მათი თავისუფალი ქმედებები შეთანხმებულია სააკაშვლის ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებთან. ჩვენი ინფორმაციით, გასული ერთი თვის მანძილზე თავდასხმა მოხდა 5 ქართველ ჟურნალისტზე. არის ისეთი ფაქტები, რომლებიც უცნობია საზოგადოებისათვის, რადგან ჩვენი კოლეგები მიზანშეწონილად არ თვლიან თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გახმაურებას,“- წერია განცხადებაში.

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი უცნობი თავდამსხმელების ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდა. მისი დოკუმენტური ფილმის „ჩიხი“-ს პრეზენტაციის შემდეგ, 7 ნოემბერს მასზე თავდასხმა საკუთარ სადარბაზოში მოხდა. ცემამდე მუქარა არ ყოფილა. გვიან ღამით, როდესაც ირმა ინაშვილი სახლში ბრუნდებოდა, მას სახელით მიმართეს, როგორც კი გაიხედა, მას ორმა უნიღბო პირმა ცემა დაუწყო.
 
„დოკუმენტური ფილმი „ჩიხი“ აგვისტოს მოვლენებზეა. ასევე იმ სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაში ომის დაწყებამდე სუფევდა. ფილმში გამოდის თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ერთის მხრივ, რუსეთთან, მეორეს მხრივ აშშ-სთან. ამ ფილმში საუბარია, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, რომ ამ ომმა საქართველოს ძველთან ერთად ახალი ტერიტორიებიც დააკარგინა, რომ სააკაშვილის პროპაგანდიდან გამომდინარე, საზოგადოების დაახლოებით 25-30-მა პროცენტმა არ იცის, რომ ჩვენ წავაგეთ ეს ომი. ჩემი მიზანი სიმართლის თქმა იყო. შესაბამისად, როდესაც ასეთ ფილმს აჩვენებ კლუბურ გარემოში და შემდეგ იმავე საღამოს საკუთარ სადარბაზოში გესხმიან თავს და არაფერს გართმევენ, ამას დაშინებას უკავშირებ. მაგრამ ამით ვერ შეგვაშინებენ, თუ მოგვტეხავენ მარჯვენა ხელს, მარცხენა ხელით დავწერთ“.

პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ ჟურნალისტთა ფედერაცია თავის ფუნქციას პრაქტიკულად ვერ ასრულებს. მთელი დატვირთვა არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს აქვთ აღებული.

საუბარი იყო იმაზეც, რომ ბოლო წლების მანძლზე დაგროვდა არა ერთი დოკუმენტური, პუბლიცისტური თუ მხატვრული ფილმი რომელიც თავის ეთერში არც ერთმა ტელეკომპანიამ აჩვენა.

ირმა ინაშვილი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვერ გავიდა დოკუმენიტური ფილმები, რომლებიც მოძრაობა „7 ნოემბრის“ მიერ მომზადდა, ეთერში არც ჩემი დოკუმენტური ფილმები გაუშვეს“.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ასეთი ფილმები საკუთარ ეთერში აჩვენოს, რადგან ის საზოგადოებას ეკუთვნის და ვალდებულია მისი ინტერესი დააკმაყოფილოს.

შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა, მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრებმა დისიდენტური ფილმების ჩვენება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ კედელზე გადაწყვიტეს. 2008 წლის 14 ნოემბრიდან სახელწოდებით „თავისუფლება-კედელზე?!“ ხელისუფლებისათვის არასასურველი ფილმების ჩვენება დაიწყება“. 

ირმა ინაშვილი: „ეს ჩვენება ხვალიდან დაიწყება, საღამოს 7 საათიდან. რამდენიმე დოკუმენტური  ფილმი ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფში უკვე შემოვიდა. ნაჩვენები იქნება ვახტანგ კომახიძის გამოძიება, რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ ისტორიას შეეხება, ლევან ანჯაფარიძის ფილმი „საქართველო არის ესე“, მოძრაობა „7 ნოემბრის“ ფილმები. ჩვენ შევეცდებით მაყურებლამდე მივიტანოთ ყველაფერი ის, რაც სათქმელი გვაქვს. სამწუხაროა, რომ დისიდენტურ მეთოდებს უნდა მივმართოთ, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის დიქტატორული რეჟიმი, ჟურნალისტს სხვა გზა არ რჩება“. 

ირაკლი კორძაია: „საზოგადაოებრივ მაუწყებელთან მიმოწერის მწარე გამოცდილება გვაქვს. ჩვენმა არც ერთმა მცდელობამ გაამართლა. ამიტომ გადავწყვიტეთ ფილმები სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის კედელზე ვაჩვენოთ“.

რეჟისორის, ლევან ანჯაფარიძის თქმით, „ამ ბოროტების იმპერიას“ დღეს ყველა ისე უნდა ებრძოდეს, როგორც შეუძლია.

ახალი ამბები