კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლარის კურსის ცვლილებამ ხალხის ჯიბე დააცარიელა

14 ნოემბერი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

ბოლო დღეების მანძილზე ლარის კურსი არ შეცვლილა და დოლართან მიმართებაში კვლავ ერთ ლარსა და 65 თეთრს შეადგენს. მიუხედავად ეროვნული ბანკის დამაიმედებელი პროგნოზისა, რომ კურსი რადიკალურად აღარ შეიცვლება და არც ფასები გაიზრდება, დაბნეული და დაშინებული ხალხი მაინც ცდილობს დოლარის მომარაგებას.

თბილისელი ნანა ბასილაშვილის ოჯახმა ლარის კურსის მოულოდნელი ცვლილების შემდეგ საყიდლების სია შეამცირა. მიზეზი მარტივია:

ნანა ბასილაშვილი: გაძვირდა პროდუქტი და იმდენს ვეღარც ვყიდულობთ. ყველაფერს ემატება ფასი. თითქმის ოთხმოცი თეთრით გაძვირდა ზეთი.

ზიზი შაფთაშვილს მომავლის შიში გაუჩნდა:

ზიზი შაფთაშვილი: ძალიან დიდი შიში გამიჩნდა, თუ როგორ გააგრძელებს მომავალში ჩემი ოჯახი ცხოვრებას. ყველაფერი გაძვირდა 20 %-ით. წამლებიდან დაწყებული, პროდუქტი და ა.შ. შვილისთვის მინდოდა სავარძლის ყიდვა და ძალიან მიხარია, რომ მოვასწარი იმ ძველი ფასით ყიდვა.


ხალხს მომხდარის გაანალიზება უჭირს, ისინი მხოლოდ გაზრდილი ფასებით და საკუთარი შემცირებული შემოსავლებით მსჯელობენ:

ალექსანდრე გაბოძე: ხალხმა სესხი შეიძლება გამოიტანოს ან ოქროულობა ჩააბაროს, თუ ვინმეს კიდევ აქვს დარჩენილი რამე. და რომ გამოიტანს ხუთას დოლარად, რომელიც მაშინ 700 ლარი იყო და ახლა უკვე 850 ლარია, და ეს ხალხს დარტყმას ხომ აყენებს არა? - ამბობს ალექსანდრე გაბოძე, რომელსაც დაახლოებით მსგავსი პრობლემა შეექმნა:

ალექსანდრე გაბოძე: ოქრო ჩავაბარე ლარსა და 43-ში და ახლა ლარი და 63-ია. 20 ლარია განსხვავება ხო?

ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც ლარის კურსის ერთ და 65 ნიშნულამდე ცვლილებამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, სვამს კითხვას:

“რას აკეთებენ ვერ გავიგე. ყველა აბრალებს იმას, დოლარი ავარდა, დოლარი დავარდა. თუ დოლარი დავარდა, მაშინ ხომ უნდა დაიკლოს ფასებმა?”

მას და ბევრ სხვა ადამიანს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, დავით ამაღლობელი ასე პასუხობს.

დავით ამაღლობელი: ლარი აღმოჩნდა ხელოვნურად გამყარებული მტელი რიგი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ. რაც არ იყო მდგრადი და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. და დადგა სწორედ ლარის კურსის კორექციის საჭიროება. და ამასთან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კორექცია მომხდარიყო ერთბაშად და მოულოდნელად, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო ის დანაკარგები, რაც ამ პროცესს თან ახლავს. 

ამბობს ამაღლობელი და იქვე მოსახლეობას ასე ამშვიდებს:

“გრძელვადიანი პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სავალუტო ბაზარზე სტაბილიზაციის შენარჩუნებას ამ ახალ წონასწორულ წერტილში. ხოლო შემდეგ გააგრძელებს მანამდე არსებულ პოლიტიკას, მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ მოკლე ვადიანი მერყეობები კურსს შეიძლება გააჩნდეს, რაც სავსებით ნორმალურია თავისუფლად მცურავი გაცვლითი რეჟიმებისთვის”

ხალხი ამ განმარტებებს ისმენს, მაგრამ მათთვის ეს მთლად ნათელი არ არის. ამიტომ ურჩევნიათ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან რიგში ჩადგნენ და დოლარი მოიმარაგონ აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან შეწუხებული ადამიანები გამოდიან. სალომე თოფურია, რომელიც ერთ-ერთ აფთიქში კონსულტანდტად მუშაობს, გვიდასტურებს:

სალომე თოფურია: სეზონთან დაკავშირებით მაინც უფრო გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებმა აიწია ფასებში. ასევე პრეპარატმა “მეზიმფორტემ” 50-70 თეთრით მოიმატა ღირებულებამ.

დაბნეულები არიან ბიზნესმენებიც. ბიბი კომპანის წარმომადგენელი სანდრო ბერიძე, რომელიც ევროპიდან საკვები პროდუქტების იმპორტს ახორციელებს, ამბობს, რომ:
 
“ეს თვეები ტყუილად, მოგების გარეშე ვიმუშავეთ. არც პროდუქციის გაძვირება არ გვინდა, რადგან პირდაპირ ხალხს უნდა დაარტყას და შეიძლება საერთოდ გავაჩეროთ. გადახდისუნარიანობაც არ არის ხალხში, ამ ევროს კურსის ვარდნამ შეჭამა მოგება და მთელ ქალაქში ფულის ბრუნვა დავარდნილია. ეხლა რომ გავაძვიროთ და მერე საერთოდ ვერ გავყიდოტ, გამოდის, ის ძირი ფულიც უნდა დავკარგოთ. ამიტომ გვირჩევნია, მოგების გარეშე ვიმუშაოთ.

ახლა ვნახოთ როგორ აფასებენ მომხდარს და რა პროგნოზებს აკეთებენ ე.წ. შავი პარასკევის შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტები. ექპსრერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ ლოგიკას მოკლებული არ არის ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ხელისუფლებაში ძალიან კარგად იცოდნენ და რომ ვიღაცამ ამით კარგადაც იხეირა. მაგრამ მთავარი ის არის, რაც მოხდა:

ნიკო ორველაშვილი: რაც მოხდა, ეს არის სტაბილურობის შერყევა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად გვესაჭიროება ინფორმაცია, ხვალ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა ვიყიდოთ, რა უნდა გავყიდოთ და რა ფასად დაგვიჯდება ეს ყველაფერი. თუ მაინცდამაინც კურსისი კორექტირება იყო საჭირო, ეს უნდა მომხდარიყო ნაბიჯ-ნაბიჯ. როგორც ჩემი კოლეგა ლადო პაპავა ამბობს, “ნარნარად”. ეს იმისთვის, რომ ბიზნესმენსაც და მომხმარებელმაც იცოდეს, რომ შესაძლოა შეიცვალოს კურსი და ფასებიც.
სრული უვიცობა იყო იმის განცხადება, რომ კურსისი კორექტირება ფასების ცვლილებას არ გამოიწვევს, მითუმეტეს საქართველოში, როცა შენი მოხმარების 80% არის იმპორტი.

ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ არც სავალუტო რეზერვები და არც საერთაშორისო დახმარება ლარის კურსისი ხელოვნური დაჭერისთვის საკმარისი არ იქნება:

“მარტო ორ კვირაში სამასი მილიონი დოლარი მოხმარდა იმას, რომ კურსი როგორღაც ვიღაცას შეეკავებინა ისეთ ნიშნულზე, რომელიც გულს უხარებს სახელმწიფოს ერთი-ორ ლიდერს. უნდა ესმოდეს ჩვენს ხელისუფლებას, რომ სავალუტო რეზერვები და საერთაშორისო დახმარება, რომელსაც გვპირდებიან, ნამდვილად არ იქნება საკმარისი ხელოვნური ნიშნულის შესანარჩუნებლად”

თბილისის კიდევ ერთ მცხოვრები, ეთერ გიინეიშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკას არ შეცვლის, მალე ყველას იმაზე მეტად გაუჭირდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია:

“ძალიან ბევრს გაუჭირდება რადგან ჩვენს ქვეყანაში ხუთი პროცენტი თუ ცხოვრობს ისე, რომ ფულს არ ითვლის. დანარჩენი ყველანი ვითვლით:, - გვეუბნება ეთერ გიგინეიშვილი და იქვე ახლოს მდებარე აფთიაქში გაძვირებული წამლის საყიდლად შედის.

ახალი ამბები