კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელის მკვლელობის დეტალები

17 ნოემბერი, 2008

 ნანა ფაჟავა, წალენჯიხიდან 

15 ნოემბერს ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომელი, 33 წლის ზურაბ ჯეჯელავა დაიღუპა. წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანთან, აფხაზურ-კაზაკურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქართველ სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი სოფელ ქალაღალის მიმართულებით პატრულირებას ახორციელებდნენ. შეიარაღებულმა პირებმა მშვიდობიანი მოსახლეობაც მძევლად აიყვანეს და ინცინდენტის ადგილიდან მიიმალნენ.

სისხლიანი შეტაკება სოფელ ფახულანთან დღის 12 საათზე მოხდა. შსს ინფორმაციით კი 14.15 წუთზე. შსს განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომლებს აფხაზურ-კაზაკურმა ბანდფორმირებებმა ცეცხლი გალის რაიონის სოფელ ლეკუხონადან გაუხსნეს. ზურაბ ჯიჯელავა მძიმედ მაშინ დაიჭრა, როცა იგი პატრულირებას სხვა თანამშრომლებთან ერთად ახდენდა და ავტომანქანასაც თავად მართავდა.

მზია აკობია, დაბა ჯვარზენის 03-ის ექიმი: "სასწრაფო-სამედიცინო მანქანაში მოთავსებამდე ჯიჯელავა გარდაცვლილი იყო. მას  თავში და ბარძაყში ჰქონდა ჭრილობა. თავში არსებული ჭრილობით შეგვიძლია წინასწარ ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილ პოლიციელს საკონტროლო ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რადგან აშკარა იყო, რომ  ძალიან ახლო მანძილიდან ესროლეს. თავის ქალა თითქმის ახდილი ჰქონდა".

თვითმხილველის მონათხრობიდან ირკვევა, რომ პოლიციელი მანქანაშივე დაიჭრა, თუმცა მან ღელედან მანქანის გამოყვანა ვერ შეძლო და გაქცევა ფეხით სცადა. ბარძაყის არეში მძიმედ დაჭრილმა კი შორს გასვლა ვეღარ შეძლო.

გელა ქობალია, ადგილობრივი მცხოვრები: "ვხედავდით, ჯავშანტექნიკიდან როგორ გადმოვიდა შეიარაღებული პირი, როგორ მიუახლოვდა ქართველ პოლიციელს და როგორ დაახალა თავში ტყვია... აფხაზები და კაზაკები იყვნენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოლიციელები ვიღაცამ გასცა. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დღის რა მონაკვეთში ახორციელებდა ქართული პოლიცია პატრულირებას. ისინი ამ მონაკვეთზე სხვადასხვა დროს, 2-3 საათის განმავლობაში პატრულირებენ".

ფახულანის მოსახლეობის განმარტებით, მათ იცოდნენ, რომ აფხაზურ-კაზაკური ერთობლივი დაჯგუფება ლეკუხონასა და ფახულანში შესვლას და სოფლების აწიოკებას გეგმავდა. რუსმა ჯარისკაცებმა ისინი არ გამოატარეს, მაგრამ  თავდამსხმელებმა შემოვლითი გზებით ფახულანში შესვლა მაინც მოახერხეს.

რუსულ-აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები ინცინდენტის შესახებ იტყობინებოდნენ, რომ დღის მეორე ნახევარში ქართული მხრიდან შეტევა ხელმეორედ განახლდა.

თვითაღიარებული მთავრობის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ოფიციალურ საიტზე განთავსებულია ამავე მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორის (გალის რაიონში) ლავრენტი მიქვაბიას განცხადება, სადაც იგი განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მიერ განხორციელებულ პატრულირებას დივერსიული ჯგუფების მოქმედებად აფასებს.

ლავრენტი მიქვაბია: "დღის 12 საათისთვის, სოფელ საბერიოში პატრულირებისას, აფხაზმა მესაზღვრეებმა ექვსკაციანი შეიარაღებული ჯგუფი შენიშნეს. მოხდა ორმხრივი სროლა. 15.30 წუთისათვის ქართველმა დივერსანტებმა გალის რაიონში შეტევა კვლავ სცადეს. პოზიციური ბრძოლები გაიმართა. ჩვენმა მესაზღვრეებმა თავდამსხმელებისგან ტერიტორიის გასუფთავება შეძლეს. რადიოსიხშირის გაშიფრვით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქართული მხრიდან მეორე შემოტევა დაჭრილი პოლიციელის გაყვანას უკავშირდებოდა".

შსს ინფორმაციით, აფხაზებს შემთხვევის ადგილზე ნაღმები დარჩათ, რომლითაც ტერიტორიის დანაღმვას გეგმავდნენ. ინცინდენტამდე 20 წუთოთ ადრე კი აფხაზურ-კაზაკურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სოფელ ლეკუხონეში 7 ქართველი  დააკავა.

ჯონი გოგოხია, ფახულანის რწმუნებული: "შეიარაღებულმა ,,ბოევიკებმა“ ქართველი მამაკაცები გზაზე დააკავეს. როინ წირღვავა, გია ქობალია, გია ახალაია, ზურაბ ქობალია, ზაურ ახალაია და ბეჟან ჭარაია ლეკუხონეს მკვიდრები არიან, აბესალომ გოგოხია კი ფახულანში ცხოვრობს. ისინი სოფელ განთიადში, ღვაჟბერგის უბანში მიდიოდნენ ნათესავის დაკრძალვაზე".

ფახულანის რწმუნებულის ინფორმაციით, ლეკუხონელი ქართველები გალის მილიციიდან უკვე გაათავისუფლეს. პატიმრობაში კვლავ რჩება წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის მკვიდრი აბესალომ გოგოხია, რომელსაც სავარაუდოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლებენ.

ფახულანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტერიტორია ევროკავშირისა და გაეროს დამკვირვებლებმა მოინახულეს. თუმცა მომხდართან დაკავშირებით მათი დასკვნები ამ დრომდე უცნობია.

ახალი ამბები