კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტირების მაგივრად პატიმარს ბრალი დაუმძიმეს

18 ნოემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

რამდენიმე დღის წინ ფსიქიკურად დაავადებულ ვაზირ ხუდოიანს, რომელსაც ამნისტია უნდა შეხებოდა, ხონის საგამოძიებო ბიურომ, პირიქით, ბრალი დაუმძიმა. ხუდოიანი ამჟამად ქუთაისის მეორე საპყრობილეშია მოთავსებული. პატიმარის ახლობლები და ადვოკატი ითხოვენ, მისი საქმე გადაიხედოს.

თავდაპირველად, ხუდოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს საზღვაო პოლიციის მე-3 განყოფილებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 19-344 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საზღვრის უკანონოდ გადალახვაში ბრალდებულ ხუდოიანს მალე სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. დასკვნის  შედეგად ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. შესაბამისად, საქმე შეწყდა.

მოგვიანებით ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტების მიერ ბუნტი ატყდა.  ვაზირ ხუდოიანი ბუნტში მონაწილეობისათვის ხონის რაიონულმა სასამართლომ მეორედ, უკვე არაჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფი დააპატიმრა.

„ამჟამად ვაზირ ხუდოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო (ნივთის დაზიანება და განადგურება). 12 სექტემბერს ხონის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი ბრძანების საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ხონის ფსიქიატრიულში მომხდარი ბუნტის დროს ხუდოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო. ამდენად, ხონის რაიონულ სასამართლოს იგი არ უნდა დაეპატიმრებინა“, - ამბობს ვაზირ ხუდოიანის ადვოკატი თენგიზ ასლანიკაშვილი.

ვაზირ ხუდოიანი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. იგი იეზიდია. როგორც დედამისი განმარტავს: „თავისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, პასიურობით გამოირჩევა. მას არ სურს საუბარი მომხდართან დაკავშირებით. არც ვინმეს ადანაშაულებს და არც საკუთარი თავის გამართლებას ცდილობს“.

მის პასიურ ხასიათზე საუბრობენ უშუალოდ ფსიქიატრიულის თანამშრომლებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ ვაზირი საავადმყოფოში მომხდარი ამბოხის დროსაც პასიური იყო და ბუნტის მიმართ ინტერესი არ გამოუმჟღავნებია.

„როგორც ჩანს, სამართალდამცავები ჩემი შვილის პასიურობით და მშვიდი ხასიათით სარგებლობენ და საქმე ამიტომაც რთულდება“, - აცხადებს ვაზირ ხუდოიანის დედა.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული (187-ე მუხლი) იმ კატეგორიათა ნუსხაშია, რომელსაც უახლოესი პერიოდის ამნისტია ეხება. თუმცა, მანამდე მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.

„საბრალდებო დასკვნას გავეცანი როგორც მე, ისე თვითონ ხუდოიანიც.  ამის შემდეგ, როცა საქმე სასამართლოში განსახილვევად გადაიგზავნა, აღმოჩნდა, რომ დასკვნაში ჩამატებულია ახალი ბრალდება, რომელიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სს კოდექსის 226-ე მუხლი. გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან და ასე შემდეგ). დღეს, როცა ამ ადამიანს ამნისტია უნდა შეეხოს, გამოძიება, პროკურორის თანხმობით, დამატებით ბრალს უყენებს“, - ამბობს ადვოკატი.

გამოძიების მიერ ხუდოიანისთვის დამატებითი ბრალის წაყენება პირველი სასამართლო პროცესის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. როგორც იურისტები განმარტავენ, ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. უბრალოდ, დაკანონებული უკანონობაა, რომელიც ბრალდებულის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ახალი ამბები