კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტიის შესახებ კანონი - მხოლოდ პოლიტიკური აქტი?

19 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„ამნისტიის შესახებ კანონი“, რომლის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, სავარაუდოდ 12 ათას პატიმარს შეეხება. როგორც ოფიციალური სტრუქტურები განმარტავენ, პატიმართა ნაწილს სასჯელი შეუმსუბუქდება, ხოლო 2 ათასზე მეტ პატიმარს 23 ნოემბრისთვის გაათავისუფლებენ. საქართველოსთვის ეს ციფრი იმდენად შთამბეჭდავია, რამდენადაც დღეის მდგომარეობით საპატიმროებში სასჯელს 20 500 პატიმარი იხდის. პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მიიღო. ამნისტია 55 მუხლს შეეხო, თუმცა შესაძლებელია ამას კიდევ სხვა მუხლებიც დაემატოს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ ერთჯერად აქტს მიესალმებიან, თუმცა გარკვეული შენიშვნები მაინც აქვთ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ელიზბარ ხაჭაპურიძის შეფასებით, კანონპროექტის ჰუმანურობის ხარისხის განსაზღვრა 273-ე მუხლით არის შესაძლებელი. 273-ე მუხლით პატიმრები ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს. კანონპროექტის შესაბამისად მათ სასჯელი უნახევრდებათ.

„მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები სასჯელისგან მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ. გარდა ამისა, არსებობს მკვდრადშობილი მუხლები, რომლებზეც საქართველოს არ ჰყავს მსჯავრდებული ან ძალიან ცოტა ჰყავს, მაგალითად:  ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და გემის კაპიტნის მიერ გემის მიტოვება. ამ მუხლებით მსჯავრდებულების ვადამდე გათავისუფლება სულ ადვილად იყო შესაძლებელი, თუნდაც შეწყალების აქტით. ამიტომ კანონპროექტს ძალიან პროგრესულად და ჰუმანურად ვერც ამ თვალსაზრისით შევაფასებთ“.

იურისტის აზრით, ამნისტიის კანონპროექტის მიმართ კანონმდებელთა მიდგომა უნდა დაიხვეწოს და მომავალში იგი უფრო რეალისტური, ჰუმანური და, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის თავლსაზრისით, უფრო მოქნილი და გაბედული უნდა გახდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, მანანა კობახიძის თქმით, ამნისტია არ შეეხო იმ მუხლებს, რომელშიც ცვლილება ხელსუფლების მიერ იყო შეტანილი ან მათი ინიცირებული იყო. მაგალითად: ზეგავლენით ვაჭრობა, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულებს ეხება. კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ქრთამის მიცემა ამნისტირებულ მუხლებში არ შესულა. ამნისტია არც სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაულს შეეხო, არც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ჩადენილ დანაშაულს. ისეთი ადამიანებიც არიან დაპატიმრებულნი, რომლებსაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში აკრძალული ნივთის გამოყენების გამო 2-3 წელი დაემატათ.

„ძირითადად, ისეთ მუხლებს ეხება, სადაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია და საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული. ეს ადამიანები გარეთ არიან. ამნისტია არც ეკონომიკურ დანაშაულებს შეეხო“.

მანანა კობახიძე ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტია 12 ათას ადამიანს შეეხება: „ეს გაბერილი ციფრია. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა არ მგონია 12 ათასი პატიმარს მოიცავდეს.  იმ მუხლებზეც, რომლებიც ამნისტირებულთა რიცხვში არიან შეტანილნი, ძირითადად, საპროცესო შეთანხმებები არის გაფორმებული და ადამიანები თავისუფლებაზე არიან“.

იურისტის აზრით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ეს არის პოლიტიკური აქტი. „სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, რომელ დანაშაულს მიუსადაგებს კანონს და რომელს არა. ჩვენ უბრალოდ ვზივართ და კანონზომიერებებს ვეძებთ. იმის თქმა, ეს რამდენად სწორია, არ ღირს. რაც უნდათ, იმას აკეთებენ. ჭეშმარიტებას აქ ვერ დავადგენთ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონი ხალხისათვის“ ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, „ამნისტიის შესახებ კანონი“ დასტურია იმისა, რომ საქართველოში მკაცრმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ კრახი განიცადა.

„ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მთელი ამ 4-5 წლის განმავლობაში ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ხელმძღვანელობამ, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  ნორმების გამკაცრებამდე მიგვიყვანა. აღმკმკვეთი ღონისძიებები დაყვანილია მხოლოდ გირაოზე და პატიმრობაზე. გაიზარდა სასჯელების ზომები. 

ამნისტიის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ჰუმანური აქტია, მაგრამ მკაცრი სისხლისსამართელრივი პოლიტიკის შემთხვევაში და ეს პოლიტიკა გრძელდება თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ კანონში არსებული ნორმები არავის შეუცვლია, უკეთეს შედეგებამდე არ მიგვიყვანს. სასჯელთა შეკრების პრინციპი ისევ მოქმედებს, იმის სანაცვლოდ, რომ მაღალმა სასჯელმა დაბალი სასჯელი შთანთქოს, დამატებითი სასჯელები ისევ ძალაში რჩება, ჯარიმები მაინც გადასახდელი აქვთ“.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ამანისტია არ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოში სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებობს. 

„ყოველთვიურად დაპატიმრებულთა რაოდენობა 200-300 ადამიანს აღემატება. გამოდის, რომ 2 ათასს კაცს გამოუშვებ და  5-6 თვეში ეს რაოდენობა ისევ დაგიგროვდება. კანონპროექტი კი განმუხტავს სიტუაციას, თუმცა თვისობრივად ვერ შეცვლის. მუხლები ისევ მკაცრი რჩება. მაგალითად, თუ აქამდე მოსამართლეს ჰქონდა უფლება, ერთი ძირითადი და ერთი დამატებითი საჯელი გამოეტანა, ახლა მოსამართლეს მისცეს უფლება, ერთი ძირითადი სასჯელი გამოიტანოს, დამატებითი კი რამდენიც უნდა, იმდენი დაურთოს.

ადრე მოსამართლეს უფლება ჰქონდა, პირობითი სასჯელი დაედო განსასჯელისთვის. ახლა კი მოსამართლე დამოკიდებულია პროკურორზე, თუ პროკურორი არ არის თანახმა, რომ განსასჯელს საპროცესო  შეთანხმება დაუდოს, მოსამართლე პირობით სასჯელს ვერ იყენებს. ქვეყანაში, სადაც სიღარიბე ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, ჯარიმები 50-100 ათასს აღწევს.

ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, საქართველოში დანაშაულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება, რადგან სოციალური უსამართლობა, სამართლებრივი პოლიტიკა, დაშინების და ძალადობის მეთოდები სასურველ შედეგს ვერასდროს მიაღწევენ. 

ახალი ამბები