კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოქალაქეები ჯანმრთელობისთვის საშიშ თხევად აირს მოიხმარენ

21 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ჯანმრთელობისთვის სახიფათო თხევადი გაზი საქართველოში მნიშვნელოვანი ოდენობით უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ლეგალურად შემოდის. სახელმწიფოში კი არ არსებობს ოფიციალური ორგანო, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს. ყველა სტრუქტურა ხელს ერთამანეთისკენ იშვერს. 

19 ნოემბერს სასტუმრო „თორში“ გამართულ შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე საყოფაცხოვრებო გამოყენების თხევადი აირის მნიშვნელოვანი ოდენობა ეკოლოგიურად საშიშ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

საქართველოს ტერიტორიის გაზიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ არსებობს გარკვეული რეგიონები (აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, ქართლის და კახეთის რეგიონების გარკვეული მონაკვეთები), რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. თხევად აირს თბილისშიც გამოიყენებენ. სწორედ ამ რეგიონებში ცხოვრობს თხევადი აირის პოტენციური მომხმარებელი. კავშირის წარმომადგენელთა თქმით, ზოგადად, თხევადი აირი, თუკი ის სტანდარტებს შეესაბამება, ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. საქართველოში ამ აირის ძირითადი შემომტანი აზერბაიჯანი და თურქმენეთია.

ჯანმრთელობისთვის საშიში თხევადი აირი საქართველოში აზერბაიჯანიდან, ქალაქ სუმგაითში მდებარე ნავთობქიმიური ქარხნიდან  შემოდის. თუმცა ეს ქარხანა არ არის საოჯახო მოხმარებისთვის თხევადი აირის ძირითადი მომწოდებელი. იქ არის სხვა მწარმოებელი ქარხანა, რომელიც თავისი პარამეტრებით დაწესებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სუმგაითის ქარხანაში წარმოებული თხევადი აირი საერთო მოხმარების 30-35 პროცენტს შეადგენს. ეს თხევადი აირი ბუთილენ ბუტადიენის ფრაქციას წარმოადგენს, რომელიც ნედლეული სინთეტიკური კაუჩუკის წარმოებისას გამოიყენება. ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით, ის მეოთხე კატეგორიის საშიშროებას (ГОСТ 12I007) წარმოადგენს, ფრაქციის დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას და კანის გაღიზიანებას. ასეთი ტიპის თხევადი გაზის ოჯახურ პირობებში გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. ამ პროდუქტის წვის შედეგად ხდება მომწამლავი მავნე ნივთიერების გამოყოფა.    

კავშირის პრეზიდენტის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, ის, რომ სუმგაითის თხევადი აირი ჯანმრთელობისთვის საშიშია, ამ ქარხნის დასახელებიდანაც ჩანს. ეს არის ნავთობქიმიური და არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

„ის, რომ სუმგაითის ქარხანაში წარმოებული თხევადი აირი საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის დაუშვებელია, ამ ქარხნის მიერ თანდართულ სერტიფიკატიდანაც კარგად ჩანს. იქ წერია, რომ ნედლეული სინთეტიქკური კაუჩუკის საწარმოებლად გამოიყენება და არა სამომხმარებლოდ. პროდუქტში ისეთი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, 5 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, ამ პროდუქტში კი 40-50 პროცენტს აღემატება. ჩვეულებრივი თხევადი აირისგან ისიც განასხვავებს, რომ წვისას შავ ბოლს უშვებს.“ 

სუმგაითის ქარხნიდან იმპორტირებული თხევადი აირის გამოყენება საქართველოს ეროვნულ სტანდარტს - „აირები, ნახშირწყალბადური გათხევადებული საწვავი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის“ ეწინააღმდეგება, რომელიც 2000 წლის 15 ოქტომბერს მიიღეს.

მეწარმეებისათავის ამ პროდუქციის შეძენა საკმაოდ მომგებიანია. პირველ რიგში, ის საკმაოდ იაფია. მეორეც, დაბეგრვის რეჟიმი მას არ ეხება. თუმცა ამის მიუხედავად, მომხმარებელს ეს პროდუქცია იგივე ფასად მიეწოდება, როგორც ხარისხიანი თხევადი გაზი.

პრობლემა იმაშია, რომ საზღვარზე, თხევადი გაზის საქართველოში შემოტანისას, მეწარმეს არავინ ეკითხება, თუ რა მიზნით შემოაქვს მას ეს გაზი. როგორც ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, სუმგაითის ქარხანაში წარმოებული თხევადი გაზი ასეთი რაოდენობით საქართველოში არავის სჭირდება. ჩვენთან არც კაუჩუკის და არც სხვა ტიპის წარმოება ფუნქციონირებს, რომელსაც ამ ტიპის და რაოდენობის გაზი ესაჭიროება. ამ პრობლემაზე ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს და ექსპერტებს მიმართეს.

„სხვადასხვა ექსპერტთან გვქონდა კონსულტაცია და ყველა ცალსახად აღნიშნავდა, რომ ამ გაზის გამოყენება სამომხმარებლო მიზნით დაუშვებელია. ასევე მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს. ყველა გვეთანხმება, რომ მომხმარებლამდე ეს პროდუქტი არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ჩამოყალიბებული პოზიცია, როგორ უნდა მოხდეს ეს, არ არის“. 

როგორც გაირკვა, საქართველოში არ არსებობს არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს იმ პროდუქტის ხარისხს, ამ შემთხვევაში თხევად აირს, რომელიც მომხმარებლამდე მიდის. სუმგაითში წარმოებული თხევადი გაზი საქართველოში ტექნიკური გამოყენების მიზნით შემოაქვთ, ეს დართულ სერტიფიკატშიც წერია, თუმცა შემდეგ, როგორ გამოიყენება ეს გაზი ქვეყნის შიგნით, ამით არავინ ინტერესდება.

მთვრალაშვილის აზრით, შეზღუდვები საბაჟოზე უნდა დაწესდეს. მეწარმემ დაასაბუთოს, თუ რისთვის ჩამოაქვს სუმგაითის ქარხნიდან თხევადი აირი.

„შემოსავლების სამსახური ხომ განაბაჟებს პროდუქციას, ხოდა ამ დროს გაარკვიოს, რისთვის ჩამოაქვს ეს პროდუქცია. კაუჩუკის საწარმოებლად? ჩვენთან კაუჩუკს არ აწარმოებენ. შეიძლება ბაზარი იყოს, მაგრამ ძალიან პატარა და ასეთი რაოდნობით არ სჭირდებოდეს“.

„თორში“ გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქმა მათაც სთხოვეს. ყველა თანხმდებოდა, რომ პრობლემა მნიშვნელოვანია და მისი გადაჭრა აუცილებელია. თუმცა კითხვაზე, ვინ უნდა დააწესოს კონტროლი, რომ მომხმარებლამდე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქცია მივიდეს, პასუხი არავის ჰქონდა.

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ბუნებრივი თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენის სისტემების ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, დიმიტრი ფავლენიშვილი: „ჩვენ გვეხება იმის შემოწმება, თუ რამდენად გამართულია ტექნიკურად თხევადი აირის გამანაწილებელი სადგურები, ხელსაწყოები, ის არმატურა, რომელსაც ისინი იყენებენ. სამწუხაროდ, ნედლეული ჩვენ არ გვეხება. ამის კონტროლი „საქსტანდარტს“ ევალებოდა, მაგრამ ის დაიშალა. შემდეგ ამას შპს-ები ახორცილებედნენ. იღონდ მათთვის უნდა მიემართათ. მაგალითად, კონკრეტულ პირს, რომელიც იძენდა ნედლეულს და აინტერესებდა, რამდენად შეესაბამება მისი შემადგენლობა ქარხნის მიერ თანდართულ სერტიფიკატს“.

გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი კახა რუხაია: „ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების იმპორტის და ექსპორტის შეზღუდვის წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. მათი პრეროგატივაა ნივთიერებები აიკრძალოს, შეიზღუდოს და დადგინდეს გამოყენების წესი. თუმცა ჩემთვის არ არის ცნობილი, რომელიმე უწყება ახორცილებდეს ნივთიერების კონდიციის შესწავლას. მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორი ზემოქმედება აქვს  პროდუქტს ადამიანზე. ეს მაკონტროლებელი რგოლი ამოვარდნილია. 

გარემოს დაცვის  სამინისტროს კომპეტენცია არ არის ქიმიური ნივთიერებების აკრძალვა, შეზღუდვა და ა.შ. ჩევნ ვერთვებით ნარჩენების მართვის სფეროში, მაგალითად, გარემოში რა მიდის. უშვებს თუ არა საწარმო გარემოში CO2-ს, აზოტის ოქსიდებს და ა.შ.“

იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, თეო ხუჭუა კი აცხადებს, რომ ისინი ექსპერტიზას მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებენ, თუ მათ კონკრეტული უწყება მიმართავს.
 
გამოდის, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი ორგანო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიაწვდის ინფრომაციას იმ ნივთიერების მავნე ზემოქმედების შესახებ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოიხმარენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გამოსცემს შესაბამის წესს, რომელიც აკრძალავს ამ ქიმიური ნივთიერების გავრცელებას. ხოლო შემდგომ ამ ბერკეტების გამოყენებით ვერ ხერხდება ასეთი ტიპის თხევადი აირის ამოღება სამომხმარებლო ბაზრიდან. 

ახალი ამბები