კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ-აფხაზურ შეტაკებებზე ობიექტური ინფორმაცია არავის აქვს

25 ნოემბერი, 2008

ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარება დღითიდღე იძაბება. ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებულმა შეტაკებებმა პერმანენტული სახე მიიღო. თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება მსხვერპლით თუ უმსხვერპლოდ დასრულებული სამხედრო ოპერაციები, რომელიც ყველა შემთხვევაში მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს. ინციდენტების მიზეზებთან დაკავშირებით კი ობიექტური ინფორმაცია არ არსებობს. 

ყოველი ასეთი შეტაკების შემდეგ ჩნდება კითხვა, თუ ვინ გაისროლა პირველი, ვის აწყობდა მორიგი პროვოკაცია და რა არის მისი საბოლოო მიზანი?!

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მხარეებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების თვითმხილველი უმეტეს შემთხვევაში ზუგდიდისა და გალის რაიონის ის მშვიდობიანი მოსახლეობაა, რომელსაც ერთმანეთთან მხოლოდ მდინარე ენგური აშორებს.

20 ნოემბერს განმუხურში მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ომის დაწყების საფრთხე რეალურად გაჩნდა. საქართველოს შსს ინფორმაციით, სოფელ განმუხურში განლაგებულ ქართულ საგუშაგოს აფხაზური მხრიდან ცეცხლი დილის 7 საათისთვის გაუხსნეს. აფხაზური საჯარისო ნაწილებისა და რუსული საოკუპაციო ჯარების კუთვნილი ორი ჯავშანტრანსპორტიორი სოფელ ოტობაიადან განმუხურის მიმართულებით დაიძრა, რომლებსაც შეიარაღებული ჯგუფი შემოჰყვა. ქართული პოლიციის საგუშაგოს სოფელ ფიჩორიდან ავტომატური იარაღიდან, ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან ესროდნენ. ისროდნენ ასევე ნაკარღალიდან, რუსეთის საჯარისო ნაწილების 112-ე ბლოკსაგუშაგოდან. ორმოცწუთიანი ორმხრივი სროლების შემდეგ მდგომარეობა განიმუხტა.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებას შორიდან აკვირდებოდა. ქალბატონი, რომელიც განმუხური-ოტობაიას საზღვარზე ცხოვრობს, 20 ნოემბრის ინციდენტს სხვაგვარად ყვება: "ჩემი სახლი აფეთქების ხმისგან ზანზარებდა, მთელი ოჯახი იატაკზე დავწექით. საზღვართან ქართული პოლიცია იდგა. ისინი მიუვარდნენ ღამით, უფრო სწორად მიეპარნენ რუსებს და ორმხრივი სროლა ატყდა. პირველად აქედან დაიწყო სროლები და მერე მათაც გახსნეს ცეცხლი".

მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკოს. "გავიგეთ სროლის ხმა, მაგრამ მე არაფერი ვიცი. არ მესმის არაფერი. ამ საქმეში არ ვერევი. არაფერი მინახავს. მხოლოდ ტელევიზიით ვნახე, რომ სროლის შედეგად გონელი პერტაიას სახლი დაზიანდა. იმ ტერიტორიაზე ჩვენმა პოლიციამ არ მიგვიშვა", - ამბობს განმუხურის ერთ-ერთი მკვიდრი.

ინციდენტის მიზეზების ქართული ვერსია აფხაზურმა მხარემ თავიდანვე უარყო და საქართველოს შსს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობაში დაადანაშაულა. გალის რაიონში სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის პირადი წარმომადგენლის, რუსლან ქიშმარიას განცხადებით, ქართველი სპეცრაზმელები გალის რაიონის სოფლების სიღრმეში შეიჭრნენ და საგუშაგოებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლები მოჰყვა.

უცნობია გაეროსა და ევროკავშირის დამკვირვებელთა დასკვნები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ არ არსებობს ერთი, ობიექტური და უტყუარი ინფორმაცია, რომელიც რეალობას ასახავს. რეალურად კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა იგრძნობა.

ახალი ამბები