კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საწოლიც არ აქვთ, ბეტონის იატაკზე ცხოვრობენ... დახმარება მაინც შეუწყვიტეს

26 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დახმარებების პაკეტი 169 მილიონი ლარით იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა 900 ათას ადამიანს მიაღწევს. აქედან 400 ათასი მიიღებს საოჯახო დახმარებას (30 ლარი), რასაც დაემატება ოჯახის თითოეულ წევრზე 24 ლარი, ნაცვლად არსებული 12 ლარისა; 200 ათასი ბენეფიციარი მიიღებს 20 + 16 ლარს, ხოლო 300 ათასი 10 + 8 ლარს. ამასთან, პროექტის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900 ათასი ბენეფიციარი დაზღვეული იქნება. ამ მონაცემების მიუხედავად, სოციალური სუბსიდიების სააგენტო უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს საარსებო შემწეობებს უწყვეტს.

ეკატერინე ბეროზაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, 18 წლის ვაჟიშვილთან ერთად დედამთილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში, ბეტონის იატაკზე ცხოვრობს. ოჯახს მხოლოდ ერთი რკინის საწოლი აქვს, რის გამოც ეკატერინეს სკამებზე სძინავს. დედა-შვილი ფიზიკურ მუშაობაზეც კი არ ამბობენ უარს, მაგრამ სამსახურის არარსებობის გამო ვერსად დასაქმდნენ. ბეროზაშვილებს არც მიწის ნაკვეთი აქვთ, არც უძრავი და მოძრავი ქონება, გარდა ერთი შავ-თეთრი ტელევიზორისა. მათ არც ფრინველი და საქონელი ჰყავთ. ოჯახს საკვებს მეზობლები აძლევენ.

ბეროზაშვილების ოჯახი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობას იღებდა, მაგრამ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ხელახალი გადამოწმების შემდეგ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა. ოჯახის უფროსს მიაჩნია, რომ სოციალურმა აგენტმა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არასწორედ აღწერა, რის გამოც დახმარებას ითხოვს.

ბეროზაშვილების უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ, სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერითაც გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულით არც სოციალური სუბსიდიების სააგენტო და არც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაინტერესდა. ყოველ შემთხვევაში, ჭეშმარიტების დასადგენად ბეროზაშვილების ოჯახის განმეორებითი გადამოწმება ამ დრომდე არ მომხდარა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, ოჯახის უფროსთან გასაუბრების შემდეგ გამოარკვიეს, რომ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია არაობიექტურია. "კერძოდ, ეკატერინე ბეროზაშვილი ხაზგასმით მიუთითებს, რომ დეკლარაციის შევსებამდე გასული სამი თვის განმავლობაში, სულ ამ დროის გარკვეულ მონაკვეთში, არც მას და არც მის შვილს შემოსავალი არ ჰქონდათ. ჩვენ მას განვუმარტეთ, რომ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობასა და ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობას ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი დეკლარაციის ყოველ გვერდზე ხელმოწერით ადასტურებს, რაც მან არ უარყო, თუმცა განაცხადა, რომ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები არ წაუკითხავს", - ამბობს იურისტი.

სოციალური სუბსიდიების სააგენტომ დახმარება შეუწყვიტა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრებ ლეილა ხვთისიაშვილის ოჯახსაც. სააგენტოს მიერ ხვთისიაშვილების სოციალური მდგომარეობის განმეორებითი შემოწმების შედეგად, ოჯახის სარეიტინგო ქულა 45 530–დან 57 630-მდე გაიზარდა.

ხვთისიაშვილების ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება. 78 წლის მოხუცი მაყვალა ხვთისიაშვილი ავადმყოფობის გამო საწოლს არის მიჯაჭვული და მუდმივ მომვლელს საჭიროებს. 26 წლის გია და 15 წლის გელა ხვთისიაშვილებს კი მკურნალობა სჭირდებათ, რასაც ლეილა ხვთისიაშვილი ვერ ახერხებს. მისი თქმით, ოჯახს მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხა არ გააჩნია, პურით და სხვა საკვებით კი მეზობლები ეხმარებიან. უკიდურესად მძიმეა ხვთისიაშვილების საცხოვრებელი მდგომარეობაც.

სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მსგავსად სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შემოწმების თხოვნით ბეროზაშვილებმა და ხვთისიაშვილებმაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათ განუცხადეს, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შემოწმება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ.

რატომ არ იძლევა სოციალური დაცვის სისტემა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას? იმ შემთხვევაში თუ დახმარების მაძიებელი ოჯახი რეალურად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და მიუხედავად ამისა, მას შემოწმების შედეგად მაღალი სარეიტინგო ქულა მიენიჭა, როგორ რეაგირებს სოციალური სუბსიდიების სააგენტო და კონკრეტულ შემხვევებში რატომ არ ახდენს რეაგირებას? ამ კითხვებით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ.

"სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანში სამინისტროში წარდგება პროექტი მთავრობის დადგენილებაში შესატანი ცვლილებისა, რომელიც მოგვეხმარება ზემოთ აღწერილის მსგავსი შემთხვევების მართვაში. ეს შემთხვევები წარმოადგენს მოქმედი მეთოდოლოგიის ცდომილების გამოვლენას, რაც სოციალური ფენის გამოკვლევისა და შეფასების დროს ნებისმიერი მეთოდის გარდაუვალი ნაკლია და სტატისტიკურ გადახრას წარმოადგენს. სააგენტოში კარგად ესმით, რომ ამგვარი ეპიზოდები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ყველანაირად ვცდილობთ, დახმარების მომლოდინე კონკრეტული ადამინები სტატისტიკის მსხვერპლნი არ გახდნენ. ვცდილობთ, ღატაკი ოჯახების შეფასების პრაქტიკული ცდომილებანი მინიმუმამდე შემცირდეს.

კონკრეტულად აღნიშნულ ორ ოჯახთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია ორ-ორჯერ არის შევსებული.

ეკატერინე ბეროზაშვილის ოჯახში 2006 წლის აპრილის დეკლარაციის მდგომარეობით, ოჯახის ყველა წევრი დაუსაქმებელი იყო, 2008 წლის დეკლარაციაში კი მითითებულია, რომ ოჯახის ორივე წევრი სამეურნეო სამუშაოებს ასრულებს ფულადი ანაზღაურებით. შესაბამისად, ოჯახში დაფიქსირებულია შემოსავალი და ხარჯებიც, რაც ადრინდელ მდგომარეობასთან შედარებით სარეიტინგო ქულების გაზრდის საფუძველი გახდა.

ლეილა ხვთისიაშვილის ოჯახის სარეიტინგო ქულის ზრდა პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდამ გამოიწვია. 2006 წლის 7 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში, პენსია 33 ლარი იყო, ხოლო 2008 წლის დეკლარაციაში ერთ წევრს აქვს 77, ხოლო მეორეს 55 ლარი, რამაც, რა თქმა უნდა, სარეიტინგო ქულაზეც იმოქმედა. არავის ჰგონია, რომ ხვთისიაშვილების ოჯახი გამდიდრდა,  57 630 ქულა გვიჩვენებს, რომ ოჯახის მდგომარეობა მძიმეა და რეიტინგიც მინიმალურად აღემატება დაწესებულ ზღვარს, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ თუ არსებობს რაღაცნაირი ზღვარი, იქ მუდმივად იარსებებს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ზღვართან ძალზე ახლოს არიან, მაგრამ მაინც დახმარების გარეშე დარჩნენ.

სააგენტოში მუდმივად მიმდინარეობს ღონისძიებები, რათა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობის შეფასების პროცედურა გამჭვირვალე გახდეს, შემცირდეს და აღმოიფხვრას უსამართლოდ დანიშნული დახმარებები, ტენდენციურად შევსებული დეკლარაციები. ამასვე ემსახურება ბენეფიციარი  ოჯახის შესახებ ინფორმაციის საჯაროობაც, რაც 2008 წლის ზაფხულიდან ნორმატიული აქტების ცვლილებით გახდა შესაძლებელი: თითოეული ბენეფიციარი დეკლარაციის ახალ ფორმებში წერილობით ადასტურებს, რომ ის მზადაა, თავისი ოჯახის დეკლარაცია საჯარო გახადოს, მას შემდეგ რაც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას მიიღებს. გარკვეული დროა საჭირო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროობაზე ბენეფიციართა მთელი კონტინგენტის თანხმობა მივიღოთ და ამის შემდეგ შესაბამისი სიების გამოქვეყნებაც იქნება შესაძლებელი. ვმუშაობთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საზოგადოებასთან უკეთესი კომუნიკაციის დასამყარებლად", - განაცხადეს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საზოაგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სოციალურად უკიდურესად დაუცველი ოჯახების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქვთ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც. როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, ძალიან ბევრი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი აღნიშნული მეთოდოლოგიის გამო სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში ვერ მოხვდა და საარსებო შემწეობის გარეშეა დარჩენილი, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

"ამ მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ანიჭებენ მაღალ სარეიტინგო ქულას, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის ადამიანებთან ურთიერთობაში. აღნიშნული მეთოდოლოგია და ფორმულა, რომლის საფუძველზეც სარეიტინგო ქულა გამოითვლება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს", - აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა.

ახალი ამბები