კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მხარე ჰესის გასხვისებას არ აპირებს

2 დეკემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

აზერბაიჯანულმა მხარემ მოულოდნელად განაცხადა, რომ მზადაა, ენგურჰესის პრივატიზების პროცესში მონაწილეობა მიიღოს. საქართველოსთვის ეს განცხადება საკმაოდ უცნაურად ეჩვენება, რადგან ენგურჰესი საპრივატიზაციოდ არავის გამოუტანია.

,,აზერბაიჯანმა გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტროსადგურების პრივატიზაციის პროცესში. ქართულმა მხარემ საპრივატიზაციოდ გამოიტანა ამ ქვეყანაში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები, კერძოდ, ენგურჰესი და აზერბაიჯანს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შესთავაზა”, - განაცხადა ,,აზერენერჯის” ვიცე-პრეზიდენტმა მარლენ ასკეროვმა 24 ნოემბერს ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი სადგურების შესაძენად საჭიროა მნიშვნელოვანი სახსრები, ამიტომ აუცილებელია, რომ აღნიშნული საკითხი მთავრობაში განიხილონ.

თუმცა ვითარება არც ისე მარტივადაა. ჰიდროელექტროსადგურს  აფხაზური და ქართული მხარეები თანაბრად აკონტროლებენ. დამბა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო პულტი (სამანქანე დარბაზი)  -აფხაზეთში.
ამის გამო აზერბაიჯანის „მზადყოფნას“ აფხაზური მხარე მალევე გამოეხმაურა და  თავისი განცხადებით მიანიშნა, რომ მასაც ანგარიში უნდა გაუწიონ.

რეზო ზანთარია, აფხაზური კომპანია ,,ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი:  „გეოგრაფიულად ენგურჰესი აფხაზეთის და საქართველოს შორის საზღვარზე მდებარეობს, არ შეიძლება, აზერბაიჯანულმა მხარემ ეს არ იცოდეს. აფხაზეთში განთავსებულია ელექტროსადგურის ძირითადი ნაგებობები, ხოლო საზღვრის ქართულ მხარეზე - კაშხალი“.
საქართველოს  ენერგეტიკის სამინისტროში საერთოდ არ ესმით, რის გამო ატყდა ეს აჟიოტაჟი, რადგან ქართული მხარე ენგურჰესის საპრივატიზაციოდ გატანას საერთოდ არ აპირებს.

მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: „ეს ინფორმაცია აბსურდულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიაზაციას არ ვაპირებთ. დღეს ყველა ჰესი კერძო მფლობელობაშია, ერთი არის დარჩენლი  - ორთაჭალჰესი. თავის მფლობელს უახლოეს მომავალში ალბათ ისიც იპოვის.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ცოტა მასშტაბური საპრივატიზაციო სქემა გვაქვს, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ ყველა სხვა ობიექტებთან ერთად, რომელიც საქართველოში პრივატიზებას ექვემდებარება, შეიძლება ენგურჰესიც გასხვისდეს. ეს  მათი ინტერპრეტაციაა. რეალურად ენგურჰესზე საუბარიც არ ყოფილა“.

როგორც ექსპეტმა გია ხუხაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში  აღნიშნა,  ეს საკითხი შესაძლოა განხილვადი იყოს, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი  სტრატეგიული პარტნიორია და არანაირი საფრთხე მათი მხრიდან არ მოდის.

,,მაგრამ საკითხი უცნაურია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამ ობიექტის პრივატიზების ბერკეტი არ გააჩნია”, - თქვა ხუხაშვილმა.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე არ გამორიცხავს, რომ რუსები ჰესის საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შეტანას იმის სანაცვლოდ ითხოვენ, რომ ზამთარში ელექტროენერგია უწყვეტად მოგვეწოდებოდეს.  ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ომის დროს რუსებს მიზანმიმართულად არც ერთი ენერგოგადამცემი ხაზი არ დაუზიანებიათ.

ლიანა ჯერვალიძე ასევე ამბობს, რომ ენგურჰესის კერძო ინვესტორის ხელში გადაცემა პრობლემას მხოლოდ მაშინ შექმნის, თუ ინვესტორმა დენი ან გაზი მოსახლეობას არასტაბილურად მიაწოდა. თუმცა, ის საერთოდ ვერ ხედავს, თუ რატომ უნდა დაინტერესდეს აზერბაიჯანი ჰესის შესყიდვით. მისი თქმით, ეს ოპერაცია აზერბაიჯანისთვის საინტერესო არ იქნება.

ამჟამად ენგურის ჰიდროელექტროსადგურში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტი ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 38 მილიონი დოლარია. ამას თან ერთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი, 10 მილიონი ევრო. პროექტის განხოცრელება 2002 წელს დაიწყო და ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პროექტის განხორციელება 2008 წლის ბოლოს დასრულდება.

ახალი ამბები