კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაციენტებს მკურნალობაზე უარს ეუბნებიან

2 დეკემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი დაზღვეულ პაციენტებს, რომლებიც გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებენ, მკურნალობაზე უარს ეუბნება. მიზეზი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“-ს დავალიანებაა, 350 ათასი ლარი.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რომელიც ქუთაისში 2006 წლის 16 იანვრიდან ფუნქციონირებს და პაციენტების ნაკლებობას არ უჩივის, აცხადებენ, რომ აღნიშნული დავალიანების გამო სადაზღვევო პოლისის მქონე მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება აღარ ჩაუტარდებათ.

 „ასეთ პირობებში მუშაობა ყოვლად შეუძლებელია. ვგულისხმობ თანხების დაგვიანებას. იძულებული ვიქნებით, რამდენიმე განყოფილება, რამდენიმე ათეული ადამიანი შევამციროთ. ეს კი საბოლოო ჯამში რასაც გამოიწვევს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს“, - აცხადებს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი კახა ნურალიძე.

ცენტრის დირექტორის ბრალდებებს უარყოფენ „ალდაგი ბისიაი“-ში.  იქ აცხადებენ, რომ დაპირისპირება, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების ჯანმრთელობა ეწირება, სხვა ფაქტორმა გამოიწვია.

„აქ სხვა მიზეზი არსებობს და ეს არის ის ინვესტიცია, რომელიც ჩვენ ქუთაისში ამ რამოდენიმე თვის წინ განვახორციელეთ. „ალდაგი ბისიაი“-მ შეისყიდა ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს იმ სერვისებს სთავაზობს, რასაც მანამდე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი სთავაზობდა. შესაბამისად, ავადმყოფები მიდიან „ალდაგის“ კლინიკაში და მომსახურებით კმაყოფილი რჩებიან. ინტერვენციულ ცენტრში კი, პაციენტთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა აღნიშნული ცენტრის დირექტორის გაღიზიანების მიზეზი“, - ამბობს ,,ალდაგი ბისიაი“-ს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

თავის მხრივ, კახა ნურალიძე ამბობს, რომ ინტერვენციული მედიცინის ცენტრი პირველობას არ უთმობს არცერთ საავადმყოფოს საქართველოში.

კახა ნურალიძე: ,,აქ ბევრი ისეთი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ჩატარება სხვა კლინიკაში უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამ კლინიკის აშენება თავის დროზე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისის არარსებობამ გამოიწვია. დასავლეთ საქართველოში, რომელიც ღვთის ანაბარა იყი მიტოვებული, აუცილებლად უნდა შექმნილიყო ასეთი უნიკალური სამედიცინო ცენტრი. დღეს კი, ვერავის მივცემთ უფლებას, ცენტრის მუშაობას ხელი შეუშალოს.“

კლინიკამ პაციენტები გახსნის დღიდან მიიზიდა, თუმცა, საზოგადოებაში უკმაყოფილება მაინც შეინიშნება და  იგი სერვისის ფასებთანაა დაკავშირებული. თავად სამედიცინო ცენტრში კი ფასების სიდიდეს მომსახურების მაღალი დონით ხსნიან.

რაც შეეხება „ალდაგის“ კლინიკას, როგორც ირკვევა, ასევე არ უჩივის პაციენტთა სიმცირეს. კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იგი ყველა სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობს და შესაბამისად, პაციენტებიც მომსახურებით კმაყოფილები არიან.

ქუთაისის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ „ალდაგი ბისიაი“ დავალიანებას 3-4 დღეში დაფარავს. სამომავლოდ კი, მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან კონტროლი გაძლიერდება.

ახალი ამბები