კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხის პედაგოგები პრეზიდენტის სტიპენდიანტების წინააღმდეგ

2 დეკემბერი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

ქალაქ ახალციხეში პრეზიდენტის სტიპენდიანტ მასწავლებელთა გამოსავლენ არჩევნებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მასწავლებლები ამბობენ, რომ არჩევნები მიკერძოებით ჩატარდა. ,,არჩევანს აკეთებენ არა საუკეთესოსა და კარგს შორის, არამედ - ვინ ვისი ახლობელია" - აცხადებენ პედაგოგები.

საქართველოს მასშტაბით 500 პედაგოგიდან პრეზიდენტის სტიპენდია ახალციხის მუნიციპალიტეტში რვას დაენიშნება. 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის ივნისის ჩათვლით მასწავლებლები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.

ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარების წესი შესაცვლელია და სტიპენდიისთვის პედაგოგები არათუ დამსახურების მიხედვით, არამედ პირადი ნაცნობობით შეირჩა. 
 
"საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტ მასწავლებელთა გამოვლენის წესის" თანახმად, თითოეულ სკოლას ერთი კანდიდატი უნდა წარედგინა. სკოლებს კანდიდატები პედსაბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ან ფარული კენჭისყრით უნდა შეერჩიათ. ამავე სხდომაზე უნდა შერჩეულიყო სკოლის წარმომადგენელი   რესურს-ცენტრში შექმნილ კომისიაში, რომელიც სხდომაზე თავისი სკოლის კანდიდატს წარადგენდა და მონაწილეობას მიიღებდა პრეზიდენტის სტიპენდიანტ პედაგოგთა გამოვლენის პროცედურაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 საჯარო სკოლიდან არჩევნებში მონაწილეობა 34-მა მიიღო. მუნიციპალიტეტისთვის განსზღვრული რვა ქვოტა ახალციხის N1, N2, ასევე პირველი და მეოთხე, კლდის, ტყემლანის, სვირის, ანის, ფერსისა და საყუნეთის საჯარო სკოლების პედაგოგებზე გადანაწილდა.

მესამე სომხურენოვანმა სკოლამ სტიპენდიის მისაღებად 64 მასწავლებელს შორის დაწყებითი კლასების პედაგოგი მანიკ ხაჩკავანგციანი შეარჩია, თუმცა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში მისი კანდიდატურა არ შეირჩა. 

მანიკ ხაჩკავანგციანი: "იქ არავინ მიცნობდა და ყურადღება არ მომაქციეს. არც ჩემი წარმდგენისთვის მოუსმენია ვინმეს. რაც მოგვეთხოვებოდა, ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი, მაგრამ სკოლაში ორი დღის მისული, 20-25 წლის მასწავლებლები შეარჩიეს".

ახალციხის მეექვსე საავტორო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის მაია მექვაბიშვილის განცხადებით, არჩევნები არასწორი სისტემით ჩატარდა.

მაია მექვაბიშვილი: "უმრავლესობა დაუმსახურებლად გავიდა. ეს იყო მიკერძოება. წინასწარ იცოდნენ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა".

არჩევნების ჩატარების წესით უკმაყოფილოა მესამე საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ მურადიანიც. მისი თქმით, სტეპენდია მხოლოდ ერთმა სომეხმა მასწავლებელმა მიიღო, მაშინ როცა მოსახლეობის ნახევარი სომეხი ეროვნებისაა.

"წმინდა წყლის ჩაწყობა იყო”, - ამბობს მეორე რუსული სკოლის დირექტორის მარინა ზედგინიძე. 

სკოლებში ასევე აღნიშნავენ, რომ კანდიდატების წარსადგენად ძალიან ცოტა დრო იყო. 

"ორ საათში დამთავრდა წარდგენაც, კენჭისყრაც და გამოვლენაც. არავის უთხოვია დამადასტურებელი საბუთი, პედაგოგებზე მართალს ვამბობდით თუ ტყუილს. ანდა, რამის დასაბუთებას რა მნიშვნელობა ჰქონდა?! სოფლებმა წინასაწარ იცოდნენ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა და ვინ უნდა გაეყვანათ", - ამბობს მეორე საჯარო სკოლის კანდიდატის წარმდგენელი მზია ნათენაძე.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის ლია კობესაშვილის განმარტებით, სკოლებმა სტიპენდიანტების შესარჩევი კრიტერიუმები თავად შეადგინეს: "ყველა სკოლიდან ექვს-ექვსი კრიტერიუმი მივიღეთ, შეჯერდა და ერთიანი ბაზა შეიქმნა. მართალია, კანდიდატის წარსადგენად ორი წუთი ჰქონდათ, მაგრამ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, უნდა მივეჩვიოთ საქმეზე ლაპარაკს".

პედაგოგების ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად არჩევნების შედეგები უკვე დამტკიცდა.

ახალი ამბები