კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

11 წლის წინანდელი დანაშაულისთვის დაპატიმრებული ქალი

4 დეკემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ირმა შარია სამართალდამცავებმა 11 წლის წინანდელი დანაშაულის გამო დააკავეს. ის ამჟამად ციხეშია. შარიას ადვოკატი აცხადებს, რომ დაგვიანებული დაპატიმრებით, შარიას განაჩენის გასაჩივრების საშუალება წაერთვა. 

„ვარ აფხაზეთიდან დევნილი. ვცხოვრობ ზუგდიდში, კომპაქტურად ჩასახლებულ ეგრეთწოდებულ „გრენქარხანაში.“ მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. მათ შორის უმცროსი - 6 თვის, რომლებიც არ ვიცი, ამჯერად სად არიან. მე 1997 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის გამასამართლეს ისე, რომ სასამართლო პროცესის შესახებ არაფერი შემატყობინეს. აღმოჩნდა, რომ 1998 წლიდან ვყოფილვარ ძებნაში... გთხოვთ დამეხმაროთ“, - ეს მცირე ამონარიდია მსჯავრდებულ ირმა შარიას განცხადებიდან, რომლითაც იგი ქუთაისის №2 საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს.

ირმა შარია ქუთაისის №2 საპყრობილეში სასჯელს მიმდინარე წლის სექტემბრიდან იხდის. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას ბრალი 1997 წელს ჩადენილ დანაშაულში. კერძოდ, საქონლის ქურდობაში ედება. სამართალდამცავებმა შარია 11 წლის შემდეგ, თერჯოლის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე  დააკავეს.

„ეს ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილითაა გასამართლებული. მას ბრალად საქონლის ქურდობა ედება. მან ეს დანაშაული მართლა ჩაიდინა, მაგრამ აქ მთავარი ამ ამბის ისტორიაა. კერძოდ, როგორ მოხვდა იგი საპატიმროში. 1997 წელს, როცა სასამართლო პროცესი შედგა, განაჩენი შარიას თანამონაწილეს გამოუტანეს. ირმა შარია კი, მაშინ არავის გახსენებია. 2008 წლის სექტემბრამდე იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, რამდენჯერმე გადაკვეთა საზღვარი. მოგვიანებით კი, ირკვევა, რომ იგი მთელი ამ ხნის მანძილზე ძებნაშია. საინტერესოა, როგორ გადაკვეთავდა ადამიანი ქვეყნის საზღვარს და არ შეექმნებოდა პრობლემები, თუ ის იქნებოდა ძებნაში? ფაქტია, რომ ეს აბსურდია. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის კლასიკური ნიმუში“, - ამბობს ქუთაისის №2 საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარე მანანა მანაგაძე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წლების წინ მომხდარი ამბავი სამართალდამცავებს მოგვიანებით „გაახსენდათ.“ სასამართლო პროცესი 2007 წლის 12 მაისს, თერჯოლის რაიონულ სასამართლოში ისე შედგა, რომ ეჭმიტანილი ქალის პროცესზე დასწრება საჭიროდ არავის ჩაუთვლია. „ძებნილ“ შარიას უბნის რწმუნებულმა მოულოდნელად მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის მიაკითხა. ისიც, 2008 წლის სექტემბერში.

„აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შარია დააპატიმრეს, აშკარად „გამომცხვარი“ გადაწყვეტილებაა, რათა არ გაეშვათ ხანდაზმულობის ვადა (10 წელი). დანაშაული მოხდა 1997 წლის ოქტომბერში, სასამართლო კი, 2007 წლის მაისში შედგა. ესაა უბედურება და რაც მთავარია, აბსურდი. მთელი ამ ხნის მანძილზე მისთვის არავის შეუტყობინებია, რომ იგი თავისუფლებააღკვეთილი პირი იყო. პორდაპირ მივიდნენ, ხელიდან გამოსტაცეს 6 თვის შვილი და დააპატრიმრეს. სწორედ აქ დაირღვა მისი უფლება. ბოლოსდაბოლოს, მას შეეძლო გაესაჩივრებინა ეს განაჩენი“, - ამბობს მანანა მანაგაძე.

საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით: „ირმა შარიას, პოლიციამ თანამშრომლობა შესთავაზა. როგორც მან ჩემთან საუბარში აღნიშნა, უთხრეს, რომ ყველაფერი მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, თუკი ითანამშრომლებდა მათთან. მან ამის შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებსაც უთხრა.“

იურისტების განმარტებით, ირმა შარიას შეეძლო გაესაჩივრებინა სასამართლოს განაჩენი. თუმცა, მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს განაჩენის გასაჩივრებას. ირმა შარიას შეეძლო ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა ეს განაჩენი. გასაჩივრების შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო საპროცესო შეთანხმება, ან შემსუბუქებოდა სასჯელი. მით უფრო, რომ ის არის მცირეწლოვანი შვილების დედა, დევნილი აფხაზეთიდან, სოციალურად დაუცველი და ა. შ. რაც შეეხება იმას, რომ როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ის იყო ძებნილი მთელი ამ ხნის მანძილზე, ეს აშკარა სისულელეა. როგორ იძებნებოდა ადამიანი, რომელმაც ამ ხნის მანძილზე სამი შვილი გააჩინა?!“ - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი თენგიზ ასლანიკაშვილი.

ირმა შარიას მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ არ იცის, სად იმყოფებიან მისი მცირეწლოვანი შვილები. მას ეჭვი აქვს, რომ ბავშვები მამამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანა. ციხის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად ამ დრომდე ამაოდ ცდილობს მათზე ინფორმაციის მოპოვებას.

ახალი ამბები