კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასწორი რუკების მიხედვით გაცემული მიწები

19 დეკემბერი, 2008
 
საბა წიწიკაშვილი, გორი

შიდა ქართლში მასობრივად დაიწყო იჯარით გაცემული მიწების შესყიდვა. ამის პარალელურად რამდენიმე სოფელში აქციებიც კი გაიმართა. მაგალითად სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები აპროტესტებენ სოფლის საძოვრების პრივატიზების ფაქტს და აცხადებენ, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ღარიბი და უქონელი გლეხი ვერ შეისყიდის. ერთადერთი გამოსავალი სოფელმაც მოძებნა. დაიწყეს თანხის შეგროვება. შეგროვებული თანხა გლეხებს ხელში შერჩათ. მიწის ფართობები უკვე სხვისი საკუთრება აღმოჩნდა. როგორც ირკევევა, წლების განმავლობაში მიწების გაცემა არასწორი რუკების მიხედვით ხდებოდა.

გარდა ამისა, თვითონ მოიჯარეებსაც ექმნებათ პრობლემა შესყიდვის დროს. გორის რაიონის სოფელ კარალეთში მცხოვრები ფირუზ ბაზანდარაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საიჯარო წესით მიწის ნაკვეთის გაცემისას ზუსტი  რუკების არქონამ დააზარალა. საჯარო რეესტრმა კი დაუზუსტებელი, თუმცა ოფიციალური რუკების მიხედვით მცდარი ნებართვა გასცა.

შიდა ქართლის მიწის მართვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, სოფ. ძევერაში მცხოვრებ შალვა კეჩხუაშვილს კარალეთელი ფირუზ ბაზანდარაშვილი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მითვისებაში ადანაშაულებს. ბაზანდარაშვილი აცხადებს, რომ სოფელ კარალეთსა და ძევერას შორის არსებული მიწის ნაკვეთი (9,35 ჰა) საიჯარო წესით 2000 წელს გადაეცა, მან კი მიწის ნაკვეთის დამუშავება მხოლოდ პირველ წელს მოასწრო. შემდეგ წელს კი, ძევერელმა კეჩხუაშვილმა თვითნებურად მისი ნაკვეთის 4.5 ჰა. მიითვისა.

საქმე იმაშია, რომ მიწის ორივე ნაკვეთი ორი სოფლის შორის მდებარეობს. ბაზანდარაშვილის და კეჩხუაშვილის მიწები, არა მარტო ერთმანეთს ესაზღვრება, არამედ ორი სოფლის მიწების საზღვარიცაა.

მიწის ნაკვეთი ფირუზ ბაზანდარაშვილზე 2001 წელს გაიცა. გეგმა-ნახაზი მიწის მართვის სამმართველოს  მთავარმა სპეციალისტმა დავით ოქუაშვილმა გააკეთა. იჯარით გაცემას გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი კოტე აბაშიშვილი და  სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს უფროსის ზაქარია მაზმიშვილის ხელმოწერა და ბეჭედი ადასტურებს. ერთი წლის შემდეგ, 2002 წელს ძევერაში მცხოვრებ შალვა კეჩხუაშვილისთვის იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთის ნახაზიც იმავე ადამიანებისგან შედგა.  ბეჭედიც დაერტყა და ხელიც მოეწერა, თუმცა არავის შეუმჩნევია, რომ  ნახაზზე მოცემული მიწი ნაკვეთის ნაწილს, რამდენიმე ჰექტარს, უკვე სხვა პატრონი ჰყავდა. კეჩხუაშვილმა ,,თავისი” სახნავ-სათესი მიწა დაამუშავა და სწორედ მაშინ დაიწყო დავა.

ფირუზ ბაზანდარაშვილი:  ,,9,36 ჰა მიწის ნაკვეთი იჯარით 2001 წელს ავიღე. აქედან გარკვეული ნაწილი საძოვარია. 8 ჰა სახნავ-სათესი პირველ წელს დავამუშავე. მეორე წელს, ძევერის მხრიდან მოსაზღვრე მოიჯარემ,  შალვა კეჩხუაშვილმა ისე მოხნა ჩემი ნაკვეთის ნახევარი, ჩემთვის არაფერი უკითხავს. გამგეობის შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მივმართე. დავა წლებია გრძელდება, ვინ არ შევაწუხე. კეჩხუაშვილმა, ამის შემდეგ  მიწის ნაკვეთის  გარკვეული ნაწილი დათმო და საზღვარი ახლა სხვა ადგილას გაავლო. მაგრამ მიწის ნაკვეთი სრულად მაინც არ დამიბრუნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის 2008 წლის 27 მარტს გაცემულ საიჯარო ფართის ორთო-ფოტოზე, ნათლად ჩანს, რომ ეს მიწის ნაკვეთი მთლიანად ჩემია. ეს ორთო-ფოტო ჩემს სიმართლეს ადასტურებს. მას კი ყალბი ნახაზები აქვს. თუმცა კეჩხუაშვილი ამის შემდეგაც დუმილს ამჯობინებს. მინდა ბოლოსდაბოლოს გაირკვეს სიმართლე და ჩემი კუთვნილი დამიბრუნდეს.  წლების მანძილზე ამ  ნაკვეთზე გადასახადს მე ვიხდიდი, მოსავალს კეჩხუაშვილი იმკიდა. ეგ რომ გლეხი იყოს, ვიფიქრებდი შეგნებულად არ გაუკეთებია და ვერ ერკვევა თავისი და სხვისი როგორ გაარჩიოს–მეთქი, მაგრამ კაცი წლების განმავლოიბაში თავად მუშაობდა  რეგიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად, მან თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და მიწა მიითვისა. ახლა ყველასგან შველას ვითხოვ".

ფირუზ ბაზანდარაშვილი ამბობს, რომ დავა კეჩხუაშვილთნ უკვე უმართავი ხდება, მას კი კანონგარეშე მოქმედებები არ სურს და  სწორედ ამიტომ გორის რაიონის პოლიციას მიმართა განცხადებით, რათა ძალოვანი სტრუქტურა დავის მოგვარებაში დაეხმაროს.

თავად მიწის მათვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, შალვა კეჩხუაშვილი რედაქციაში ნახაზებით, რუქებით და პრეზიდენტის ბრძანებულებით გვესტუმრა.

შალვა კეჩხუაშვილი: "იმ დროს კანონმა იჯარით სავარგულების გაცემის უფლება მოგვცა, გადავწყვიტე 50 ჰექტარი იჯარით მეც ამეღო. გამგეობის დადგენილების თანახმად, შეირჩა მიწის ფართობი. აქედან 25 ჰექტარი სარეზერვო ფონდის იყო. მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად სარეზერვო მიწების აღება და შეგნებულად უარი ვთქვი. 25 ჰა ავიღე. ეს მიწა იყო სოფლის მოსაზღვრე, დავუძახე კარალეთის და ძევერის საკრებულოების გამგებლებს და მიწათმომწყობებს. საზღვრები რუკების საფუძველზე გაივლო. ამ ყველაფერს მომიჯნავე ბაზანდარაშვილიც ესწებოდა. აღმოჩნდა, რომ ბაზანდარაშვილი ამ მიწაზე მედავებოდა. შევთავაზე გარკვევა, პროფესიონალების თანხლებით. ვუთხარი, ყველაფერს მე ვუზრუნველვყოფ-მეთქი. მერე აღარ შემხმიანებია, რამდენიმე წელი. მოგვიანებით გამოჩნდა და მოიტანა ორთო-ფოტო და 1967 წელს გამოცემული რუკა. შევთანხმდით, რომ გაგვესწორებინა კონტური, რომ არ დაზარალებულიყო. დამიჯერეთ, მე დავიკელი მიწა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ღირსება არ შელახულოყო, მიწა დავთმე წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, რომ დავა ადგილზე გადაგვეწყვიტა და არ წავსულიყავით სასამართლოში. ბაზანდარაშვილს შეუსრულდა თავისი 9 ჰექტარი. რა არის ჩემს ქმედებაში კანონდარღვევა? შეგიძლიათ ექსპერტს მიმართოთ. მე მიწა სხვის სასარგებლოდ დავიკელი, გეკითხებით, ვინ არის დაზარალებული? თუ ბაზანდარაშვილი ორთო-ფოტოს მიხედვით მსჯელობს, მე ვამბობ, რომ ორთო-ფოტოზე არის ცდომილებები. ამას პრეზიდენტის ბრძანებულებაც ადასტურებს. - ამას ვამბობ ხაზგასმით. კიდევ ერთი ფაქტია: ბაზანდარაშვილს უნდა აეღო საძოვარი და აიღო სახნავ-სათესი მიწა. როგორ მოხდა, რომ მან სახნავი მიწა აიღო? მიმართოს დავის გასარკვევად სასამართლოს. მაგრამ იცით რატომ არ მიმართავს? იცის, რომ თვითონ შეუტრიალდება საქმე, იმიტომ, რომ სახნავ-სათესი მიწა აქვს, საძოვრის ნაცვლად“.

საკითხის გასარკვევად მიწის მართვის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს დავუკავშირდით. ოქუაშვილი არ უარყოფს, რომ ნახაზები შეცდომით დაიხაზა: ,,ბაზანდარაშვილზე მიწის იჯარის გაცემის დროს, ავიღეთ კარალეთის კონტურული რუკა და   ნახაზი გავაკეთეთ. ერთი წლის შემდეგ, როცა კეჩხუაშვილზე უნდა გაცემულიყო იჯარით მიწა, ავიღეთ ძევერის კონტურული რუკა და გავაკეთეთ კეჩხუაშვილისთვის ნახაზი. ორივე ჩემი დახაზულია. აღმოჩნდა, რომ საზღვრები არ არის სწორი. შეცდომა  შეგნებულად არ დამიშვია. შეცდომა გამოიწვია იმან, რომ კარალეთის და ძევერის რუკებზე არ ემთხვევა საზღვარი. როცა ამ ნახაზებს არეგისტრირებდნენ, იქ უნდა შეემოწმებინათ ნახაზის სიზუსტე. რატომ მოაწერეს ხელი და დაარტყეს ბეჭედი? ჩემის აზრით რუკები საერთოდ არ ვარგა. ორთო-ფოტოების სიზუსტეს უფრო ვენდობით, ნაკლებია ცდომილებები“, - განმარტავს ოქუაშვილი.

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი დავით ონიაშვილი მიიჩნევს, რომ დავა ასეთ საკითხებზე, მომიჯნავეებს შორის უნდა გაირკვეს.

დავით ონიაშვილი: ,,პრობლემა მასშტაბური არ არის, თუმცა  ცალკეული შემთხვევები ნამდვილადაა. ყველაზე მარტივი გამოსავალი მომიჯნავე პირების შეთანხმებაა, თუმცა ასეც ხდება, რომ დათმობა არც ერთ მხარეს არ უნდა. ამ კონკრეტულ შემთხვევას კარგად ვიცნობ. რამდენიმე წლის წინ ამ პირების შეთანხმება მოხდა და კეჩხუაშვილმა ბაზანდარაშვილის სასარგებლოდ გარკვეული მიწა დათმო. რატომღა დაობს?

შეცდომისაგან დაზღვეული არავინაა. ნახაზებში შეცდომა იყო, მაგრამ ახლა ვის ვედაოთ? არსებობდა ,,საქართველოს მიწის მართვის საპროექტო ორგანიზაცია” ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ პრობლემა, ამ შემთხვევაში აღმოფხვრილი იყო, მაგრამ თუ რომელიმე მხარე უკმაყოფილოა, მაშინ ერთადერთი გამოსავალია, სასამართლოს მიმართონ. სხვა ბერკეტები სიმართლის დასადგენად არ გაგვაჩნია. სახელმწიფოს აღარ ჰყავს სპეციალური ორგანო მიწების დასაზომად, გადასაულია კერძო სექტორში. ახლა ეკონომიკის სამინისტრო შეადგენს ელექტროვერსიას, ახალ ნახაზებს. მიწების შესყიდვის შემთხვევაში ამის მიხედვით შეისყიდიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვა გზა არაა, სასამართლოს უნდა მიმართონ".

ფირუზ ბაზანდარაშვილის განცხადებას პოლიციის ტყვიავის განყოფილებაშიც მივყევით. საქმე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელს ზაზა მიხანაშვილს აწერია.
,,ფირუზ ბაზანდარაშვილმა განცხადებით მოგვმართა, მე განცხადებას გავეცანი და ბაზანდარაშვილს წერილობით ვუპასუხებ. პოლიციის პრეროგატივა არაა ასეთი დავების გარკვევა, ამიტომ მე ბაზანდარაშვილს მივწერ, რომ მიმართოს სასამართლოს", - გაგვანდო პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა.

ირკვევა, რომ იჯარით მიწების გაცემა, წლების მანძილზე არასწორი რუკებით, არასწორი ნახაზებით და არასწორი საზღვრებით ხდებოდა. მოიჯარეები კი ნაცვლად მიწის ნაკვეთში მუშაობისა, იძულებულები არიან სხვადასხვა ინსტანციაში და სასამართლოში იარონ.

ახალი ამბები