კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხის სახანძროდან ორ კილომეტრში სახლები დაიწვა

22 დეკემბერი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

18 დეკემბერს, საღამოს, ქალაქ ახალციხეში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა. იმის გამო, რომ სახანძრო სამსახურში ტელეფონი არ მუშაობს, სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სახანძრო სამსახური ქეთევან წამებულის ქუჩიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.                                             

სავარაუდოდ, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ღუმელიდან გაჩნდა, შემდეგ კი მეზობელი სახლის სახურავებს მოედო. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხალხმა გარეთ გამოსვლა მოასწრო. ყველაზე მეტად #6-ში მცხოვრები მზია კაპანაძის სახლი დაზიანდა. შენობის დაახლოებით 70 პროცენტი დამწვარია.

"ვერაფრის გადარჩენა ვერ შევძელით, ცეცხლის ალი მოულოდნელად ავარდა. ავეჯის ნაწილი დაიწვა, ნაწილი დაზიანდა და გამოუსადეგარია", - ამბობს იგი.
დამწვარია ამავე ქუჩაზე მცხოვრები ფილტაკიანების სახლის დიდი ნაწილიც. 70 წლის ცოლ-ქმარი სეროჟა და ლუსიკა ფილტაკიანები ალმოდებული სახლიდან მეზობლებმა გამოიყვანეს.

"დასძინებიათ და ხანძარი ვერ გაიგეს. მეზობლები რომ არა, ალბათ კვამლში გაიგუდებოდნენ", - ამბობს ფილტაკიანების ახლობელი.

მოსახლეობა ხანძარს  კარგა ხანი შიშველი ხელებით ებრძოდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 8 საათსა და 15 წუთზე შევიდა. სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი პაატა ლეკიშვილი ამბობს, რომ პირველი საბრძოლო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაუყონებლივ გაემართა, მას მალევე მიყვნენ მეორე და მესამე საბრძოლო ბრიგადებიც. 

"ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. შეტყობინება ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით მივიღეთ, რამაც ცეცხლის ლოკალიზება შეაფერხა", - ამბობს პაატა ლეკიშვილი.

ხანძრის გავრცელების საშიშროების გამო ბორჯომის, ადიგენისა და აბასთუმნის სახანძრო ბრიგადებიც გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო შპს "კეთილმოწყობის" სამსახური. მჭიდრო დასახლების გამო სახანძრო ბრიგადებს შემთხვევის ადგილზე მუშაობა გაუჭირდათ.

"შემთხვევის ადგილზე მისადგომი გზები ავტომანქანებით იყო გადაკეტილი. საპატრულო პოლიციის დახმარებით გზის გაწმენდა მალევე მოხერხდა. სიცივის გამო იყინებოდა წყალიც და ეს ყველაფერი მუშაობაში ხელს გვიშლიდა ", - განმარტავს პაატა ლეკიშვილი.

თუმცა საპირისპიროს ყვებიან ხანძრის თვითმხილველები, ისინი აცხადებენ რომ ახალციხის სახანძრო სამსახური ხანძრის ჩაქრობას ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ახერხებდა.

"წვრილი შლანგები ჰქონდათ და მანქანას ვერ მიუერთეს“, - ამბობენ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებნი.

ხანძრის სრულ ლოკალიზებას ოთხი საათი დასჭირდა. სახანძრო სამსახურში ამტკიცებენ, რომ მანქანები გამართულია. პრობლემა ისაა, რომ კავშირგაბმულობის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ ხანძრის შემთხვევაში მოქალაქეები სახანძრო სამსახურში თავად უნდა მივიდნენ. სახანძრო სამსახურის უფროსის მობილურის ნომერი ბევრმა არ იცის.

"იმის გამო, რომ შეტყობინებას გვიან ვიღებთ, ხანძრის ლოკალიზება მალე ვეღარ ხერხდება და ათი წუთის საქმეს საათებს ვანდომებთ", - ამბობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი.

,,რა ტელეფონი, რის ტელეფონი, ბიჭები იმ წუთსვე მანქანით გაქანდნენ, ან აქვეა სახანძრო და ტელეფონით რეკვას რატომ დავიწყებდით?!“ – უკვირთ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებთ.

ახალი ამბები