კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი ბავშვები ტყეში იყინებიან

22 დეკემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის კახეთში შიდა ქართლიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან 120-ზე მეტი დევნილი ლაგოდეხში, თელავსა და საგარეჯოში გაუქმებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში შეასახლეს. გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული მწირი დახმარება მხოლოდ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ეძლევათ. ნათესავებთან და მიტოვებულ სახლებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს კი ხშირად პურიც არ აქვთ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრები, თითქმის ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ დევნილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებენ. ამაში საზოგადოების დარწმუნებას ტელეკომპანიებიც აქტიურად ცდილობენ. დღის და საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში ვხედავთ, თუ როგორ გადასცემენ ჩინოვნიკები დევნილებს ჰუმანიტარულ დახმარებას, სურსათს და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებს. ვისმენთ დევნილების კომენტარებსაც იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მათზე ზრუნავს, რომ არსებული პირობებით ისინი კმაყოფილები არიან და ა.შ. რეალურად კი, საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილებსაც ისეთივე გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა, როგორც გორის რაიონის იმ კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც უცხოელები არ სტუმრობენ.

მაგალითად, თელავში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არაერთი პირობის მიუხედავად, ამ დრომდე საკვებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამარაგებს. დევნილების თქმით, საკვები იმდენად მწირია, რომ ბევრ მათგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

"ყველაფერს ძალიან ცოტას გვაძლევენ. ოჯახის წევრებმა ჩაი დღეში ერთხელ რომ დავლიოთ, გამგეობის მიერ 20 დღეში ერთხელ მოცემული შაქრის ფხვნილი კვირაც არ გვყოფნის. ფიზიკურადაც რომ ვიმუშაოთ, თუნდაც მინიმალური ანაზღაურებით, ამის საშუალებაც არ არის", - ამბობს თამარ გორელიშვილი.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ნათესავებთან მცხოვრები დევნილები და ომის დროს შიდა ქართლიდან და ცხინვალის რეგიონიდან კახეთში გამოქცეული ადამიანები, რომლებიც თავს მიტოვებულ სახლებს აფარებენ. სურსათით და პირველადი მოხმარების ნივთებით მათ ახლობლები და მეზობლები უზრუნველყოფენ. თუმცა, როგორც დევნილებმა აღნიშნეს, ხშირად პურიც კი არ აქვთ და მშივრები არიან.

მათ სოციალურ მდგომარეობას ისიც აუარესებს, რომ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, აბსოლუტურ უმრავლესობას დევნილის სტატუსი არ მიუღია. შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობენ კანონით დადგენილი შემწეობითა და შეღავათებით.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილების მიმართ უყურადღებობას მხოლოდ ამ მხრივ არ იჩენს. ორ კვირაზე მეტია, რაც გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისიდან დევნილი ვიკა და ზურაბ მაისურაძეები, რომელთაც ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, დახმარებას ითხოვენ. მაისურაძეების ოჯახი დროებით საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, შუაგულ ტყეში, მარტო, პატრიოტთა ბანაკის კოტეჯში ცხოვრობს. მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი თოვლი და - 12 გრადუსი ყინვაა. ერთ-ერთი შვილი მშობლებმა გაყინვას ძლივს გადაარჩინეს

"მეღვრეკისში ვერ ვბრუნდებით, რადგან ომის შედეგად ჩვენს სახლში ცხოვრება აღარ შეიძლება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ ვთხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ. სამინისტროში ჩვენს ზარებს აღარავინ პასუხობს. გორის გამგეობის წარმომადგენელმა თემურ ტეტელოშვილმა კი გვითხრა, რომ თავშესაფრით ვერ დაგვაკმაყოფილებს. აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. გარეთ ვერ გავდივართ. საშინელი ყინვაა და მეუღლე ტყიდან ზურგით შეშის მოტანასაც ვეღარ ახერხებს", - აღნიშნა ვიკა მაისურაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, რომ ხელისუფლებას მაისურაძეების ოჯახი უყურადღებოდ არ ჰყავს მიტოვებული. "სოფელ მეღვრეკისში მათი სახლი დაზიანებულია, მაგრამ ზარალი ამ დრომდე ვერ დავადგინეთ. ათასობით სახლია დაზიანებული და ყველა სახლის ერთბაშად შეკეთებას ვერ მოვახერხებთ. ჩამოვიდნენ აქ, გორში და მივცემთ თავშესაფარს", - განაცხადა გორის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გივი ხუროშვილმა.

ზურაბ მაისურაძის თქმით, კი ვერც ის და მით უფრო მისი ოჯახის წევრები შუაგული ტყიდან ცენტრალურ გზამდე ფეხით ვერ გააღწევენ. ამასთან ერთად, მისივე თქმით, საგარეჯოდან გორში ჩასასვლელად თანხაა საჭირო, რაც მათ არ აქვთ. "აქედან ხალხი წაიყვანეს და იქ რამდენიმე დღე უსახლკაროდ ჰყავდათ მიტოვებული. ყურადღებას არავინ აქცევდათ. მარტო სიტყვიერ დაპირებებს იძლევიან", - აღნიშნა დევნილმა.

მაისურაძეები შიშობენ, რომ თუ ბავშვები ტყიდან დაუყოვნებლივ არ გაიყვანეს, შესაძლოა ოთხივე მათგანი სიცივისგან გაიყინოს და მშობლებმა მათ ვერაფერი უშველონ.

დევნილების პრობლემებზე კომენტარის მისაღებად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რამდენჯერმე მივმართეთ. მინისტრმა სუბელიანმა და მისმა მრჩეველმა ვალერი კოპალეიშვილმა ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს. სამინისტროს პრესასმსახურის წარმომადგენელი მაია რაზმაძე კი დაგვპირდა, რომ კომენტარის მისაღებად რომელიმე თანამდებობის პირთან გადაგვამისამართებდა, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარებს მოგვიანებით აღარც მან უპასუხა.

ახალი ამბები