კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოპერაციო ავადმყოფი ციხეში ზის

23 დეკემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

გულის მანკით დაავადებულ პატიმარს მკურნალობის საშუალებას არ აძლევენ. დაკავების დღიდან ის ძლიერ ტკივილს უჩივის, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისი  საავადმყოფოში გადაყვანა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვერ ხერხდება.

ანზორ მიმინოშვილი პირველად 2006 წლის 14 დეკემბერს ნარკოტიკების შეძენის ფაქტზე დააკავეს. 2007 წლის 23 აგვისტოს სასამართლომ დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შუამდგომლობა და პატიმარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე გაათავისუფლეს. როგორც „კონსტიტუციის 42–ე მუხლში“ აცხადებან, დეპარტამენტის ხელმძღვანელს ამ ნაბიჯის გადადგმა ევროსასამართლომ აიძულა. ევროსასამართლომდე ადვოკატებს და მიმინოშვილის ოჯახის წევრებს ხანგრძლივი და უშედეგო ბრძოლა უწევდათ. მიმინოშვილი  სასამართლო ექსპერტიზის საფუძველზე გაათავისუფლეს. დასკვნაში ჩაიწერა: „ამ ეტაპზე პაციენტს ესაჭიროება კარდიოლოგიური მკურნალობა... ოპერაციული ჩარევა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“.

მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ იურისტი: „სამწუხაროდ, ოპერაცია ვერ გაიკეთა, საკმარისი თანხა არ ჰქონდა. სახელმწიფომ მისი მკურნალობა არ დააფინანსა. ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ვაპირებდით, ამასობაში კი ისევ დააკავეს“.

მეორედ მიმინოშვილი 2008 წლის 30 ნოემბერს დაიჭირეს. ამჯერად ჰეროინის შეძენის ფაქტზე. ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ის სასჯელს გლდანში, მე–8 საპყრობილეში იხდის.

ოჯახის წევრებმა მიმინოშვილის დაკავების შესახებ შემთხვევით, ტაქსის მძღოლისგან შეიტყვეს.

იამზე მიმინოშვილი, დაკავებულის და: ,,არ გვიშვებდნენ, იმასაც არ გვეუბნებოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. წამალიც არ შეგვატანინეს“.

ციხის პირობებში მიმინოშვილის სამედიცინო დახმარება შეუძლებელია. ამიტომ „კონსტიტუციის 42–ე მუხლმა“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2 დეკემბერს წერილობით მიმართა და სთხოვა, რომ პატიმარი დაუყონებლივ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვნონ.
„სათანადო მეთვალყურეობის არარსებობა შეიძლება გახდეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის საფუძველი,“–წერია განცხადებაში.  

სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ორგანიზაციას პასუხი დღემდე არ მოსვლია, მიუხადავად იმისა, რომ  პასუხის გასაცემად კანონით დადგენილი ვადა უკვე ამოიწურა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატიმარი ამჟამად კარდიოლოგის და მორიგე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და რომ მისი  სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ  შესაბამისი სასამართლო–სამედიცინო დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ახალი ამბები