კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ღირსეული დასაწყისის“ უღირსი დასასრული

24 დეკემბერი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

საქართველოს მთავრობის  3 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა ახალშობილების დახმარების სახელმწიფო პროგრამა.  პროგრამა იმ ოჯახებს ეხებოდა, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ტოლი ან ნაკლები ქულა  ჰქონდათ დაგროვებული.

,,ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ბავშვის დაბადების დღისთვის ან ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში მინიჭებული აქვს 100 000-ის ტოლი ან ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა,  აღნიშნულ დახმარებას ვეღარ მიიღებს”, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის 234-ე დადგენილებაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარეგისტრირებულთა ერთიან ბაზაში 1 083 ოჯახია. ,,მათი რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება – ზოგს ვეხმარებით“, – განმარტავს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ახალციხის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დათო მურჯიკნელი.

მისი განცხადებით, იანვრიდან დღემდე 1000 ლარი 283 ახალშობილზე გაიცა: "ბოლოს სოფელ ღრელში სამი ტყუპი დაიბადა და სამი ათასი ლარი მიიღეს".  

სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შესახებ, რომელსაც წინასაარჩევნოდ პრეზიდენტმა ,,ღირსეული დასაწყისი“ უწოდა, ხელმოკლე ოჯახებს ინფორმაცია ჯერ არც აქვთ.

,,აპრილის შუა რიცხვებში მესამე შვილს ველოდები. ვფიქრობდი, აღებული თანხა ბავშვის გამოსაკვებად ცოტა ხანი მაინც მეყოფოდა“, – ამბობს სოფელ ურაველში მცხოვრები 34 წლის ნელი მოდებაძე. 

მოდებაძეების შვიდსულიანი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოფლის მეურნეობაა.
,,საქმე ლაპარაკის ნაცვლადო“ და ესაა მათი გაკეთებული საქმე?! ახალშობილს ათასი წვრილმანი სჭირდება, ორი სული საქონელი გვყავს, ისიც რომ გავყიდო, ბავშვებს რა ვაჭამო?!“ – კითხულობს ნელი მოდებაძე.

პროგრამის გაუქმების შესახებ ჩვენგან შეიტყო თამარაშვილის 35–ში მცხოვრებმა 20 წლის ნუნუ დუგაროვმაც.

,,მეექვსე თვეში ვარ. სახლში ოთხნი ვცხოვრობთ. მხოლოდ დედამთილი მუშაობს და მასაც 100 ლარი აქვს ხელფასი. მთელი ოჯახი ამ ფულზე ვართ. არ ვიცი, თანხის დაზოგვა როგორ უნდა მოხავერხოთ“, – ამბობს მომავალი დედა.

ქალთა კონსულტაციის მედდა ჟანეტა ლობჟანიძე ვარაუდობს, რომ მთავრობის დადგენილება შობადობის შემცირებაზე აისახება: ,,ბევრი ამბობდა, ბავშვს იმიტომ ვაჩენ, 1000 ლარით დახმარებიანო“.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ახალციხის განყოფილელებაშიც მიიჩნევენ, რომ ფულადი დახმარება ხელმოკლე ოჯახებისთვის ბავშვის გასაჩენად ერთგვარი სტიმული იყო.

,,მათ პამპერსის კი არა, პურის ფულიც არ აქვთ. ამგვარი პროგრამებით კი სოციალურად დაუცველი ოჯახები გრძნობენ, რომ  სახელმწიფო გვერდში უდგათ“, – ამბობს დათო მურჯიკნელი. 

სხვაგვარად ფიქრობენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

,,ფულის გამო შვილს არავინ გააჩენს. ეს დახმარება ალბათ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო გააუქმეს“, – ვარაუდობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოციალურ დარგში რუბენ კარაპეტიანი.

ახალი ამბები