კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალენჯიხის საკრებულოს წევრი მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე ალაპარაკდა

26 დეკემბერი, 2008

                             
ნანა ფაჟავა, წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გიორგი ვეკუამ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე სკანდალური განცხადება რაიონის გამგებლის არჩევნების მიმდინარეობისას გააკეთა. გასაკვირი ამაში არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ვეკუას ,,ნაციონალური” მანდატი. საკრებულოს სხდომაზე მან სხვა არანაკლებ სკანდალური განცხადებებიც გააკეთა. გიორგი ვეკუამ გამგებლის კანდიდატობიდან თავი კენჭისყრის პროცესშივე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. იგი მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს.

,,ჩემთვის ნათელია, რომ ჩემი კოლეგების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს უდიდესი სურვილი მხარი დამიჭიროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ნათელია ისიც, რომ მათ არა აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება… მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ არჩევანი, რომელსაც დღეს საკრებულო გააკეთებს, არ არის მათი ნების გამომხატველი” - ეს იმ განცხადების შინაარსია, რომელიც გიორგი ვეკუამ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

24 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რაიონის გამგებლად მამუკა ქარდავა აირჩია. თუმცა იგი საკრებულოს წევრი არც არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი ინფორმაციით, იგი პარლამენტის წევრის, რუსუდან კერვალიშვილის კადრია და მისი არჩევა თუ დანიშვნა თბილისიდან პირდაპირი მითითებით მოხდა. მოხდა ისე, რომ წალენჯიხაში დანიშვნებსა თუ წარდგენებში ძლევამოსილ გუბერნატორ ზაზა გოროზიას არც არავინ ჰკითხა. იგი ამ სხდომასაც არ ესწრებოდა.

ახალი გამგებლის არჩევის აუცილებლობა კი ყოფილი გამგებლის, გია მებონიას ტრაგიკულად დაღუპვამ გამოიწვია, როგორც ცნობილია, იგი სოფელ მუჟავაში რუსულ-აფხაზური სამხედრო შენაერთების მიერ დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა.

საკრებულოს სხდომაზე მედიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ გაკეთებული ხმაურიანი განცხადება წალენჯიხის დამოუკიდებელ ტელეკომპანია ,,ჯიხას” უკავშირდება. გიორგი ვეკუამ ,,მედიაინკვიზიტორები” ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს უწოდა, ვინც ტელეკომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს, ცენზურას აწესებს და მასალის დამონტაჟების პროცესში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობს. მან კონკრეტული ფაქტიც დაასახელა, რომლის დროსაც საკრებულოს წევრების მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი ტელეეთერში ,,დაჩეხილი” გაუშვეს.

გიორგი ვეკუა: ,,ფაქტობრივად, არც ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც საუბარი იყო შეხვედრაზე, ტელეეთერში არ გასულა. მოსახლეობა, რომელიც ისედაც არ ფლობს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას, მთლიანად საინფორმაციო ვაკუუმშია მოქცეული. ტელეეთერში მხოლოდ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისათვის ხელსაყრელი სიუჟეტები ხვდება და არა ის, რომ წალენჯიხის საკმაოდ დიდ ნაწილს შია, წყურია, ცივა, სახლი თავზე ენგრევა, სტიქიის შედეგად დაზარალდა, რომ მათი დახმარების ძალა არ შეგვწევს“.

ახლადარჩეული გამგებლის წინაშე გიორგი ვეკუამ კატეგორიულად მოითხოვა ტელეკომპანია ,,ჯიხას“ მიმართ ზეწოლის შეწყვეტა. ტელეკომპანია ,,ჯიხას“ გენერალური დირექტორი კახა კვარაცხელია კი ხელისუფლების მხრიდან რამე სახის ზეწოლის არსებობას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მისი საუბრიდან თვითცენზურის ნიშნები აშკარად იკვეთება.

კახა კვარაცხელია, ტელეკომპანია ,,ჯიხას“ გენერალური დირექტორი: ,,ჩვენ უბრალოდ ფრთხილად ვართ, რაღაც ოპოზიციურ გამოსვლებს ჩვენ ვერ დავიწყებთ. კონფლიქტი ამ ხელისუფლებასთან და არც არავისთან გვსურს. ისე ვართ, როგორც დღევანდელობას შეეფერება, არ ვამწვავებთ სიტუაციას, პირიქით ვარეგულირებთ. რაც შეეხება მოსახლეობას, იგი კარგად ხედავს, რომ ჩვენ ნეიტრალური პოზიცია გვიკავია“.

გიორგი ვეკუამ გამგეობის ზოგიერთი ჩინოვნიკი საკრებულოს წევრთა კანონიერი უფლებებისა და მოთხოვნების უგულვებელყოფაშიც დაადანაშაულა. როგორც გაირკვა, საჯარო ინფორმაცია საკრებულოს წევრებისთვისაც ხელმიუწვდომელი გამხდარა.

გიორგი ვეკუა: ,,ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ინფორმაციის ის დიდი ნაწილი, რომელზედაც თითოეული საკრებულოს წევრი აგებს პასუხს. გამგეობის მიერ განსაკუთრებით გასაიდუმლოებულია ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ. არ ვაპირებ გამგეობის თანამშრომლების თავაშვებული საქმიანობის მოთმენას და თუ დროზე არ გაეცემა პასუხი საკრებულოს წევრის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ვიქნები დაუნდობელი და გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას“.

გიორგი ვეკუა მუნიციპალიტეტის გამგეობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაშიც ადანაშაულებს. იგი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ.

გიორგი ვეკუა: ,,მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა, გათვალისწინებული მთელი რიგი სამუშაოები საერთოდ არ შესრულებულა. საბიუჯეტო სახსრები ნაცვლად ძირითადი საქმიანობისა, თითქმის ყველა დარგში გახარჯულია ,,სხვა“ საქმიანობისათვის. მე მოვითხოვ განმარტებას, თუ რას გულისხმობს ეს ,,სხვა“ საქმიანობა მაშინ, როცა შესაბამის მუხლებში თვალნათლივ არის ჩამოთვლილი სხვადასხვა დარგის თითოეული სფერო, რომელშიც თანხები უნდა დაიხარჯოს“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წლიური დაზუსტებული შემოსავალი 4 956 800 ლარს შეადგენს. გიორგი ვეკუას ინფორმაციით, საბიუჯეტო შემოსავლები და მუნიციპალიტეტში დღეისათვის არსებული რეალური სურათი ურთიერთგამომრიცხავი და არაადეკვატურია. იგი საეჭვოდ მიიჩნევს აუდიტორულ დასკვნებსაც, რადგან ხშირ შემთხვევაში აუდიტორთა ნაწილი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ შემკვეთისათვის ხელსაყრელ დასკვნებს ადგენს.

,,ვფიქრობ, რომ გამგეობის შავ-ბნელი საქმეები ჩრდილს აყენებს საქართველოს ხელისუფლებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისათვის. მე არ მაქვს სურვილი,  პარტიის ზურგს უკან ვიღაცა ახორციელებდეს ძირგამომთხრელ საქმიანობას, იწყობდეს საკუთარ საქმეს პარტიის, პოლიტიკური გუნდის და საერთო საქვეყნო ინტერესების ხარჯზე“, – აცხადებს გიორგი ვეკუა.

ახალი ამბები