კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაგზალი პოლიციელებისა და ქურდებისთვის

6 იანვარი, 2009
100 ათას ლარიანი გირაო მოპარული მობილურის ყიდვის სანაცვლოდ

თეა თოფურია
სამასლარიანი მობილურის შეძენისთვის განსასჯელს სასამართლომ გირაოდ 100 ათასი ლარი შეუფარდა. განაჩენი  თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. ის თავისი არსით კურიოზულია, მაგრამ არა - უპრეცედენტო. სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე სხვა საქმესთან დაკავშირებითაც მიიღო. ზემოთ ხსენებული განაჩენი სტუდენტ გიორგი ჯიქურს 2007 წლის მაისში შეუფარდეს. ეს მოხდა თბილისში, რეფორმირებული სასამართლოს კედლებში. მალევე გაირკვა, რომ იმ ხანებში  პოლიციამ იმავე  მიზეზით კიდევ  რვა ადამიანი დაიჭირა, რომელთაგან თითოეულს ასევე 100 ათასლარინი გირაო შეეფარდა.

გიორგი ჯიქური, მე-3 კურსის სტუდენტი, წარმოშობით დუშეთის რაიონიდან, თბილისში მამიდასთან ცხოვრობდა. იგი პოლიციამ 2006 წლის 22 ოქტომბერს ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, როდესაც მობილურ ტელეფონს ყიდულობდა.

გიორგი ჯიქურის  დაკითხვის ოქმიდან (საქმე N 063127): „2006 წლის 22 ოქტომბერს გავედი მამიდაჩემის სახლიდან, დაახლოებით დილის 12 საათზე და წავედი ვაგზლის მოედანზე. ბაზრობაზე ვათვალიერებდი მობილურ ტელეფონებს, რადგან მსურდა, შემეძინა. ამ დროს ჩემთან მოვიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც შემომთავაზა მობილურის ყიდვა - თუ გინდა, 20 ლარი მომეცი და ნახევარ საათში მოგიტან ტელეფონსო. მე მას ვენდე და თანხა მივეცი. ვენდე, რადგან დამიტოვა პირადობის მოწმობა. როდესაც ეს პიროვნება ჩემგან წავიდა, ჩემთან მოვიდნენ  პოლიციის თანამშრომლები და დამაკავეს.“

მობილურების საქმე - I

გიორგი ჯიქური ადგილზევე გაჩხრიკეს, თუმცა ფულისა და სტუდბილეთის გარდა ბევრი ვერაფერი უნახეს. ნივთმტკიცების (მობილური ტელეფონის) ამოღების მიზნით გაიჩხრიკა მამიდამისის, ელზა ჯიქურის სახლიც, სადაც მობილური ასევე არ აღმოჩნდა.

ტელეფონი „მოტოროლა V3“ IMEI-კოდით 355537-00-446719-9“ (ტელეფონის ინდივიდუალური კოდი), რომელსაც პოლიცია ჯერ ჯიქურის ჯიბეში, მერე კი მამიდამისის ბინაში ეძებდა, საგამოძიებო მასალების მიხედვით, 17 ოქტომბერს ვინმე გიორგი ბერიკაშვილმა დაკარგა და ამის თაობაზე მეორე დღეს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მიმართა.

20 ოქტომბერს კიდევ ერთი განცხადება ამჯერად უკვე  შსს  თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწერა. გამოძიების მასალებით, ვინმე ილია როგავა იტყობინებოდა, რომ 20 ოქტომბერს ფილარმონიასთან, კიბეებზე, მობილური ტელეფონი იპოვა. მას აინტერესებდა, ხომ არ იყო ეს ტელეფონი მოპარული და შეეძლო თუ არა მისი გაყიდვა.

საგამოძიებო საქმეში ჩართულ როგავას განცხადებაში განსაკუთრებით საინტერესოდ მოგვეჩვენა ბოლო აბზაცი: „მე ვიცი, თუ სად იბარებენ უყუთო და მოპარულ ტლეფონებს. უყუთო და მოპარულ ტელეფონებს ღებულობენ თბილისში, სავაჭრო ცენტრ „პასაჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან“.

გამოძიების მასალების მიხედვით ჩანს, რომ როგავა გამოძიებასთან თანამშრომლობას  ასეთი გეგმის მიხედვით შეუდგა: ბერიკაშვილის „მოტოროლით“ ის ბაზრობაზე წავიდა და გიორგი ჯიქურს მისი ყიდვა შესთავაზა. პარალელურად ის იწერდა საუბარს, რომელიც მასა და ჯიქურს შორის წარიმართა. პოლიციელები იქვე იდგნენ და ელოდნენ, თუ როდის იყიდდა ჯიქური მობილურს, რათა ადგილზე დაეკავებინათ.

ეს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები შემდეგ საქმეს ნივთმტკიცებად დაურთეს. თბილისის შს მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ლ. დარახველიძე და  თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორი მ. წიკლაური თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის გ. შავლიაშვილისადმი გაგზავნილ შუამდგომლობაში (27/7–4–) წერენ, რომ „ჯიქურის მიერ ჩადენილი დანაშაული ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურებულია დაზარალებულის დაკითხვის ოქმით, მოწმეების ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით“.

სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით მოსთხოვა ბრალდების მხარემ სასამართლოს ჯიქურისთვის 100 ათას დოლარიანი გირაოს შეფარდება. იმავე შუამდგომლობაში ვკითხულობთ: „გიორგი ზურაბის ძე ჯიქურის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება დანაშაულთა ნაკლებად მძიმე კატეგორიას, იგი არ არის გულწრფელი გამოძიების წინაშე. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ გიორგი ზურაბის ძე ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩეს გირაო 100 ათასი დოლარის ოდენობით ეკვივალენტით ლარებში და გადახდამდე დარჩეს საპატიმროში.“  სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, იმ განსხვავებით, რომ ჯიქურს საბოლოოდ არა 100 ათასი დოლარი, არამედ 100 ათასი ლარი მოსთხოვა. 

სასამართლოს გადაწყვეტილების შავი ლაქები

გირაოს თანხის დაანგარიშებას თავისი წესი აქვს. დაკავებულის ადვოკატი ლია ჭაჭუკაშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი აღნიშნავენ, რომ სასამართლოს გირაოს თანხის ოდენობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა განესაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის სტუდენტს 100 ათასი ლარის ოდენობის  გირაო შეუფარდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს არც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და არც ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა მხედველობაში არ მიუღია.

მოსამართლე ლ. შკუბულიანის გადაწყვეტილების არაადეკვატურობას კიდევ უფრო ამტკიცებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ის ფაქტობრივი მასალები, რომლებიც მტკიცებულებებს არ შეიცავენ და სასამართლო მაინც დაეყრდნო მათ განაჩენის გამოტანისას.

ჩხრეკის ოქმის მიხედვით, არც გიორგი ჯიქურს და არც მის მამიდას მოპარული ტელეფონი არ აღმოაჩნდათ.

თავად ჯიქურს არ უღიარებია, რომ მან მოპარული ტელეფონი შეიძინა.

ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შინაარსი საქმეს თან ერთვის და იქ მხოლოდ ის ჩანს, რომ გიორგი ჯიქურმა ფული ისესხა და როგავას მისცა. თუმცა მიიღო თუ არა მისგან  ტელეფონი, ეს  გაურკვეველი რჩება. თავად ჯიქური ამბობს, რომ როგავას ე. წ. „ბე“ დაუტოვა და ის ტელეფონის ყუთის მოსატანად წავიდა. 

გთავაზობთ ნაწყვეტს აუდიო და ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც  ვინმე „33“–ის მიერ არის შედგენილი (როგორც ჩანს, ეს მისი კოდური სახელია)  და რომელიც ორ რამეს ცხადყოფს. პოლიცია მუშაობს აკრძალული მეთოდებით; ჯიქურს მობილურის ყიდვა არ უდასტურდება.

„მამაკაცი შედის ჯიხურში და ესაუბრება გიორგის:
მამაკაცი: ჩემი ძმა, მოდი რა ერთი წამით, შენი სახელი დამავიწყდა.
გიორგი: გიორგი
მ: ჰა?
გ: გიორგი
მ: გიო, მოდი რა, ერთი წამით, კაცურად.
გ: აუ, არ მცალია.მოდი შენა.
მ: ბიჭო, აი ესა მაქვს აი, (აწვდის მობილურ ტელეფონს) ტელეფონი, მიცნობ მე შენ, მე და შენ უცხოები არა ვართ. ჰო და იაფად მოგცემ, ფული მჭირდება.
გ: არა, მე ვერ ვყიდულობ.
მ: იაფად მოგცემ.
გ: რამდენში?
მ: რა ვიცი, რამდენში, ას ოც ლარს მომცემ?
გ: არა, ძმაო, შეიძლება ბიჭებმა აიღონ, რა ვიცი.
(ართმევს და ათვალიერებს ტელეფონს)
მ: შენ თუ გინდა, ბორიალი არ მინდა ახლა, კარგად იცი, რა სიტუაციაა, ბორიალი არ მინდა და ეგრევე, უფრო იაფადაც მოგცემ, ბოზიშვილი ვიყო, „პროსტო“ მაგრად ცუდად ვარ და მჭირდება.
გ: რამდენში, აბა?
მ: ას ლარში წაიღე, რა, გაუხსნელია, კარგი ტელეფონია. ახლა მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს და პრობლემა არ არის, მოგცემ იაფად და ვიღაცა არ მინდა. ათასი ჯურია და შენ გიცნობ და ტარასა ვერ ვნახე და ზაზა, და მერე შენ გიცნობ, მაგათ მერე, ძმაო, პრობლემა არ არის, ტო! რამდენს მომცემ, ძმობას გაფიცებ, ახლა ბევრი სიარული არ მინდა, შენ გიცნობ და... ეგრევე, ძმაო.
გ: მე არცა მაქვს მაგდენი, ბოზიშვილი ვიყო.
მ: რამდენი გაქვს, მითხარი, მე ფული მჭირდება, ცუდ დღეში ვარ, რა.
გ: გახსნილია?
მ: არ ვიცი, ნახე, ძმაო, შენ კი მიცნობ მე, რა ეჭვის თვალით მიყურებ. რა გჭირს, პირველად ვარ შენთან?
გ: არა, ძმაო, მე ნაღდად არ შემიძლია. თუ გამოიყენებენ, ნაწილებში გამოიყენებენ.
მ: რამდენს მომცემ ამაში?
გ: მე მაქვს 80 ლარი მარტო.
მ: გაქვს 80 ლარი ხელზე?
გ: ვიშოვი.
მ: მიდი რა, ძმობას გაფიცებ, მაშინ დროზე. აქ არ დამაყენო. არ მინდა, რა, ხომ იცი, „ძაღლები“ დარბიან და რისთვის მინდა, არ დამიჭირონ. ახლა  რა „პონტშია“, კი იცი, შენთან რა მაქვს დასამალი, გუშინ მაქვს „დათრეული“ ბოზიშვილი ვიყო, დასამალი არ მაქვს შენთან არაფერი...
გ: მოიცადე, გამოვართმევ ფულს და მოგცემ...
გ: აჰა.
მ: ჯიგარი ხარ, ჩემი ძმა, თუ რამე და კიდევ მოვალ რა, ჩემი ძმა. გაიხარე, კარგი კაცი ხარ, ბოზიშვილი ვიყო.

(ჩანაწერი სრულდება)
შეადგინა: „33-მა“

მოსამართლე სიცილით მოკვდა

ელზა ჯიქური, გიორგი  ჯიქურის მამიდა: „პირველი სასამართლო სხდომა რომ გაიმართა,  მოსამართლე სიცილით მოკვდა, გალია გახსენით, გამოუშვით ეს ბიჭი, რის გამო დაგიჭერიათო. გავიდა განაჩენის გამოსატანად და პროკურორი და გამომძიებელი უკან გაეკიდნენ. გამოვიდა და მოულოდნელად გამოაცხადა, 100 ათასი ლარის გირაო შეეფარდოსო. გავოგნდი, ცუდად  გავხდი... საბოლოოდ, 1 წელი მიუსაჯეს. 7 თვე უკვე გასული იყო. 4 თვე იჯდა და გამოვიდა“.

აღნიშნული თანხა სტუდენტ გიორგი ჯუქურს, არც მეტი არც ნაკლები, 14 დღეში უნდა გადაეხადა. 

სასამართლომ ვერ დაადგინა, რეალურად მოხდა თუ არა დანაშაული

ლია ჭაჭუკაშვილის თქმით, მოსამართლე ვალდებული იყო,  გასცნობოდა საქმის მასალებს და დარწმუნებულიყო, რეალურად მოხდა თუ არა დანაშაული.

ლია ჭაჭუკაშვილი: „ჯიქურს დანაშაული არ ჩაუდენია. უფრო  მეტიც, მის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული, როცა პოლიციამ მასთან ვიდეო და აუდიო აპარატურით აღჭურვილი პირი მიაგზავნა. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ჯიქურს ტელეფონი არ შეუძენია. არც ჰქონია შეძენის სურვილი, მასზე ფაქტობრივად ზეწოლას ახორციელებდნენ. კიდეც რომ ჰქონოდა ტელეფონის შეძენის სურვილი, მან არ იცოდა, რომ ის მოპარული იყო. ამასთან, რეალურად დადგენილი არც არის ტელეფონი მისმა მფლობელმა დაკარგა თუ მოპარეს. კიდეც რომ სცოდნოდა ჯიქურს, რომ ტელეფონი მოპარულია და სდომებოდა მისი შეძენა, ამ შემთხვევაშიც ეს  მხოლოდ დანაშაულის მცდელობა იქნებოდა და სხვა არაფერი“.

ერთი ისტორია 9 კაცისთვის

გიორგი ჯიქურის საქმე იმით არის საინტერესო, რომ იგი დიდი ოპერაციის ნაწილია. იმ რამდენიმე დღეში გიორგის მსგავსად პოლიციამ ცხრა ადამიანი აიყვანა. ყველა მათგანს მოპარული მობილურის შეძენა ან რეალიზება ბრალდებოდა. ისევე, როგორც ჯიქურს, სხვებსაც 100 ათას დოლარიანი გირაოები შეუფარდეს და დაახლოებით 1 წლით, წელიწად–ნახევრით ჩასვეს ციხეში. ყველა ისტორია ტყუპისცალივით ერთმანეთის მსგავსი იყო. ჩვენ მოგვეცა მათი გაცნობის საშუალება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არა მხოლოდ ჯიქურის, არც სხვა შემთხვევებში გაუმახვილებია ყურადღება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა  მიმართეს დანაშაულის პროვოცირებას, ანუ  ისინი თავად იწვევდნენ ხალხს, რათა მოპარული ტელეფონები შეეძინათ. ამას ჯიქურის შემთხვევაში ადასტურებს იმ აუდიო და  ვიდეო ჩანაწერების არსებობა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ზეწოლას ახდენს როგავა ჯიქურზე, რათა მობილურის შეძენაზე დაითანხმოს. სამართალდამცავები ამას აკეთებენ იმისდა მიუხედავად, რომ „დანაშაულის პროვოცირება, ანუ სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებლივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სსკ 145-ე მუხლით ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 3 წლამდე, ან ტუსაღობით, ვადით 6 თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4 წლამდე“.

რადგანაც საქმეში ღიად ჩანდა პოლიციის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, დაკავებულის ადვოკატმა ლია ჭაჭუკაშვილმა არაერთხელ ითხოვა გამოძიებისგან, რეაგირება მოეხდინა. საქმეში დევს მისი მიმართვა თბილისის პროკურორის მოადგილის  მ. აბულაძისადმი, სადაც ადვოკატი ითხოვს, უპასუხონ, ბოლოს და ბოლოს დაიწყო თუ არა გამოძიება შს სამმართველოს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც გიორგი ჯიქურს პროვოცირება მოუწყვეს.

სასამართლოს არც ამ ფაქტზე გაუმახვილებია ყურადღება.

როგორ იკერება საქმე 

ეს ცხრა ადამიანი პოლიციელებმა ერთმანეთის მიყოლებით დააპატიმრეს. ერთი და იგივე ბრალი წაუყენეს და სასამართლომაც მათ ერთნაირი სამართალი გაუჩინა: ერთი და იგივე ბრალდებები, ერთი და იმავე ოდენობის გირაო, საეჭვოდ ერთმანეთის მსგავსი ყველა წვრილმანი.

ცხრა დაპატიმრებულის იდენტური საქმეებიდან  ჩვენ მხოლოდ ორის: გიორგი ჯიქურისა და კუკური კობალაძის საქმეების მოპოვება შევძელით. 

მობილურების საქმე – 2, ანუ იპოვე ათი განსხვავება

როგორც გიორგი ჯიქურის შემთხვევაში, კუკური კობალაძის საქმეშიც (N 01065204) ყველაფერი დაკარგული მობილურიდან დაიწყო, რომელიც შემდეგ შემთხვევითმა პირმა იპოვა და პოლიციელებთან ერთად კობალაძეს მიჰყიდა. პოლიციელებმა მობილურის კლიენტისთვის მიყიდვის ეს პროცესიც ჩაიწერეს.

პირველი კითხვა, საერთოდ დაკარგა თუ არა ვინმემ მობილური, ჩნდება მაშინ, როდესაც ჯიქურისა და კობალაძის საქმეებში ჩადებულ დაზარალებულთა ჩვენებებს კითხულობ. ჩვენებები დაწერილია ერთი და იმავე გაუმართავი ქართულით, მეორდება არა თუ ამბავი, არამედ ფრაზები და სიტყვებიც კი.

შედარებისთვის გთავაზობთ:

დაზარალებულ მიხეილ გოგიას ჩვენება (კობალაძის საქმე):2006 წლის  17ოქტომბერს ვმგზავრობდი ავტობუსით N 86, რომელიც გაჩერდა ღრმაღელის მეტროსთან არსებულ გაჩერებაზე, სადაც ჩამოვედი და ვინაიდან უნდა მეყიდა სიმ ბარათი მობილურში ჩასადებად, აღმოვაჩინე, რომ ჯიბეში აღარ მედო იმ დღეს ნაყიდი  ტელეფონი „მოტოროლა V3“, IMEI-კოდით 356865-00-793367-0, რომელშიც გადახდილი მქონდა 280 ლარი. გიპასუხებთ, რომ ტელეფონის მოპარვის შესახებ მე  გავიგე მას შემდეგ, რაც ავტობუსიდან ჩამოვედი ღრმაღელის მეტროსთან. ავტობუსში იყო ბევრი ხალხი და სავარაუდოდ, მათგან რომელიმემ ამომაცალა ჯიბიდან ზემოთ აღნიშნული ტელეფონი, მაგრამ კონკრეტულად ვინ ამომაცალა ჯიბიდან ტელფონი, ვერ მოგახსენებთ. გიპასუხებთ, რომ ტელეფონის ყიდვის შემდეგ მე ტელეფონი ჩავიდე  პიჯაკის გარეთა ჯიბეში...“

დაზარალებულ გიორგი ბერიკაშვილის ჩვენება (ჯიქურის საქმე): „2006 წლის 17 ოქტომბერს, ასე 14 საათისთვის, მე ჩემს პირად საქმეზე ვიყავი გამოსული ფილარმონიასთან... თან მქონდა ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი „მოტოროლაV3“,  რომლის IMEI-კოდია  355537 -00- 446719-9. აღნიშნული ტელეფონი მე მედო ქურთუკის გარეთა ჯიბეში. მე ფილარმონიამდე მივედი ავტობუსით, რომელიც გაჩერდა ვერის ბაღის მხარეს. ავტობუსიდან ჩამოსვლისას მე მობილური ტელეფონი ჩავიდე ქურთუკის ზემოთ აღნიშნულ ჯიბეში და ჩამოვედი ავტობუსიდან. გაჩერებაზე იყო ბევრი ხალხი, რომელიც შეკრებილი იყო ავტობუსის კარებთან... როდესაც გამოვშორდი ხალხს, მე მოვძებნე ჩემი ტელეფონი და შევნიშნე, რომ იგი ჯიბეში აღარ მედო. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ტელეფონი მომპარეს ავტობუსიდან ჩამოსვლისას, გაჩერებაზე...“

კითხვა მეორე: მართლაც იპოვეს თუ არა ტელეფონი?

ტელეფონის მპოვნელის, პაატა ფუტკარაძის, ჩვენება (კობალაძის საქმე): „ამა წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, მე ვიმყოფებოდი თბილისში, ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვიპოვე „მოტოროლა V3“ მობილური, შავი ფერის ტელეფონი. ჩემ მიერ გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი IMEI-კოდია 35685007933670. მე იქვე მივიხედ-მოვიხედე, ხომ არ შეეძლო დაეკარგა ვინმეს, ასევე ვიფიქრე, ხომ არ იყო მოპარული, რაზედაც მე მინდოდა მისი წარმომავლობის დადგენა, რისთვისაც განცხადებით მივმართე ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოს, რადგანაც მე ვარ ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში. მე მისი გაყიდვა მისი წარმომავლობის  გარეშე არ მიფიქრია. შემეძლო მისი წარმომავლობის გარეშე გამეყიდა აღნიშნული მობილური ტელეფონი. მე ვიცი, თუ სად იბარებენ უყუთო და მოპარულ ტელეფონებს. ამგვარი პუნქტი მდებარეობს ქ. თბილისში ვაგზლის მოედანზე არსებულ სავაჭრო ცენტრ „პასაჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სურვილი მაქვს, ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დავეხმარო იმ პირების გამოვლენაში, რომლებიც აწარმოებენ ზემოთ აღნიშნულ საქმიანობას“.

ტელეფონის მპოვნელის, ილია როგავას, ჩვენება (ჯიქურის საქმე): „2006 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, მე ვიმყოფებოდი ქ. თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, იქ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც კიბეებზე ეგდო შავი ფერის „მოტოროლა V3“ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ტელეფონს მე შევუმოწმე IMEI-კოდი, რომელიც არის შემდეგი ციფრებით 35553700446. მისი პოვნის შემდეგ იქვე მივიხედ-მოვიხედე, რომ ხომ არ შეეძლო ვინმეს დაეკარგა იგი. თუმცა შეიძლება იგი ყოფილიყო  მოპარული და მოეშორებინათ თავიდან. სწორედ ამ მიზნით მე ის წარმოვადგინე პოლიციის ორგანოში, რათა შეემოწმებინათ, არის თუ არა აღნიშნული ტელეფონი მოპარული. აღნიშნული ტელფონის პოვნის შემდეგ, ჩემი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მე გამიჩნდა სურვილი, რათა გამეყიდა იგი. მე ვიცი, სად იბარებენ უყუთო და მოპარულ ტელფონებს. უყუთო ტელეფონებს ღებულობენ  თბილისში სავაჭრო ცენტრ „პასაჟის“; მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით, მე მზად ვარ, ვითანამრომლო პოლიციასთან“

აქ ჩნდება რამდენიმე ქვეკითხვა: თუ დაზარალებულებს მობილურები, მართლაც, მოჰპარეს, რატომ  გადაყარეს ქურდებმა ისინი მოპარვიდან რამდენიმე წუთში. ხომ ფაქტია, რომ ნივთს იმისთვის არ იპარავენ, რომ შემდეგ გადააგდონ.

გარდა ამისა, როგორ მოხდა, რომ ისეთ ხალხმრავალ ადგილას, როგორიც ფილარმონიისა და ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებია, ტელეფონები მთელი დღეების განმავლობაში ხელშეუხებლად ეყარა.
 
... და სხვა კითხვები, რომლებიც სასამართლოს არ დაუსვამს

„მოტოროლა V3“ - საერთოდ არსებობდა თუ არა ეს ტელეფონები?

უცნაურია ის, რომ ორივე საქმეში ერთი და იმავე მარკისა და ფერის ტელეფონები ფიგურირებს. განსხვავებულია მხოლოდ ინდივიდუალური კოდი. როგავას მიერ მითითებული IMEI-კოდი დაკარგული ტელეფონის კოდს სრულიად არ ემთხვევა.  კიდევ ერთი: ჯიქური  ჩვენებაში ამბობს, რომ როგავა  მას „მოტოროლას“ კი არა, „ნოკიას“ ფირმის ტელეფონს სთავაზობდა და ისიც ხელზე არ ჰქონდა.

ორივე შემთხვევაში, პოლიციის ჩვენებით, დაკავებულ ჯიქურსაც და კობალაძესაც ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ იმ მიზნით, რომ ტელეფონები ამოეღოთ. მაგრამ მათ ეს ტელეფონები არ აღმოაჩნდათ. ასევე ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულების ბინებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ადგილზევე დააკავეს და მათ ტელეფონები კიდეც რომ ეყიდათ, მაინც ვერ მოასწრებდნენ სახლში წაღებას.

ამ ჩხრეკის ოქმებით გამოძიება თავადვე ადასტურებს, რომ  ის მობილურები, რომლებიც 5 წუთის წინ კონკრეტულ პირებს მიჰყიდეს, მათ არ აღმოაჩნდათ. მაშ, საერთოდ არსებობდა კი ეს აპარატები სინამდვილეში? რა ადასტურებს მათ არსებობას?

ანდა: თუ დაზარალებულები მართლაც არსებობდნენ, ანუ ისინი, ვინც ტელეფონები დაკარგეს, მათთვის ნაპოვნი აპარატები ხომ უნდა დაებრუნებინათ? საქმის მასალებიდან ასეთი რამ არ დასტურდება.

თავად ტელეფონის მფლობელები: მიხეილ გოგია და  გიორგი ბერიკაშვილი ამჟამად თბილისში არ არიან. მიხეილ გოგიას მშობლები დანამდვილებით ვერ იხსენებენ, დაუბრუნეს თუ არა მათ შვილს ტელეფონი. თუმცა ზუსტად იციან, რომ ამჟამად მას მობილური საერთოდ არ აქვს: „მობილურის ნომერი როგორ მოგცე?!  არა აქვს. მოპარეს“.

არც იმით დაინტერესებულა ვინმე, რომ ჯიქურისა და კობალაძის დაკავების შემდეგ მოვლენები ისევ იდენტურად გაგრძელდა, ორივე საქმე გამოსაძიებლად თბილისის მთავარი სამმართველოს  გამომძიებელ ლ. დარახველიძესა და თბილისის  პროკურატურის განყოფილების პროკურორს მ. წიკლაურს გადაეცა. სხვათაშორის, ფუტკარაძისა და როგავას დაკითხვის ოქმებს, რომლებიც ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში ხელს გამომძიებელი დარახველიძე აწერს.

კიდევ ერთი დამთხვევა, ჯიქურისა და კობალაძის საქმეებში იდენტურია პროკურორ მ. წიკლაურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის  საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის გ. შავლიაშვილისადმი: „გიორგი ჯიქურის (მეორე საქმეში კუკური კობალაძის) დანაშაული ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურებულია დაზარალებულის დაკითხვის ოქმით, მოწმეების ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებითა და საქმეში არსებული მასალების საერთო ანალიზით“.

კითხვები, რომლებსაც დამოუკიდებელი იურისტები უსვამენ სასამართლოს

ნინო ანდრიაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი: „სასამართლოს არ გაურკვევია, მოიპარა თუ იპოვა ილია როგავამ მითითებული ტელეფონი. თუ იპოვა, როგორც იგი  განცხადებაში მიუთითებს, რაში დასჭირდებოდა გამოძიებასთან თანამშრომლობა. ნუთუ ტელეფონის პოვნა და საკუთარი ხელით პოლიციაში მიტანა დანაშაულია?!

ჩნდება ეჭვი, რომ როგავამ ტელეფონი თავად მოიპარა. პოლიციამ ეს დაადგინა და  თავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობა შესთავაზა, რაც პროვოცირებას, ტელეფონის სხვისთვის მიყიდვას გულისხმობდა. აქ ილია როგავას მხრიდან ორი სახის დანაშაული იკვეთება: სკ 145 მუხლი - დანაშაულის პროვოკაცია და სსკ 186-ე მუხლის I ნაწილი, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღება“.
 
იურისტთა თქმით, სამართლიანი სასამართლო აუცილებლად იპოვიდა წინასწარი გამოძიების საქმეში ამ და სხვა ხარვეზებს, აღმოაჩენდა გარემოებებს, რომელთა საფუძველზე ძიება არასრულყოფილად ჩაითვლებოდა... რაც მთავარია, ბრალდების მხარის მიერ დაუჯერებელი ოდენობის გირაოს მოთხოვნის გამო ის მართლა „სიცილით მოკვდებოდა“- იდიომატურ თქმაში და არა იდიოტად ქცეული სიმართლის სახელით. 

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში“ – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერი - „ევრაზიის პარტნიორობის ფონდი“.

ახალი ამბები