კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს მასობრივად ტოვებს

8 იანვარი, 2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობა მეექვსე თვეა სასმელად მდინარის წყალს იყენებს. ილტოს ხეობის სოფლებში მცხოვრები არაერთი ოჯახი კი, რომელიც სტიქიამ დააზარალა, ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი. მდინარე თუ ადიდებულია, ადგილობრივები ვერც რაიონულ ცენტრს უკავშირდებიან, რადგან მეწყერმა 2005 წელს სავალი გზაც წაიღო. 16 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი. უკიდურესად დაზიანებული გზის გამო მოსახლეობა ხშირად დიდი ხნით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. პრობლემების მოგვარებას მაღალმთიანი და საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას არაერთხელ დაპირდნენ, ძირითადად წინასაარჩევნოდ. ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხებიც არის გახარჯული, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობა სოფლებს მასობრივად ტოვებს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელ ერისიმედში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2006, 2007 და 2008 წლებში 50 ათასამდე ლარი აქვს გახარჯული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ლეკიაშვილი ამბობს, რომ ამ თანხით სოფელში რამდენიმე ჭაბურღილი გააკეთეს, თუმცა ყველა მათგანი ჩაინგრა.

სიღნაღის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის 125-ე და 15 მაისის 327-ე განკარგულებებით 1 891 200 ლარიც ჩარიცხა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, აღნიშნული თანხა მიზნობრივად გაიხარჯა, თუმცა სოფელი ერისიმედი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი. მოსახლეობის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც სამ მილიონამდე ლარით განისაზღვრა, ერისიმედის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის თანხები გათვალისწინებული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის მსგავსად, 2009 წლის ბიუჯეტის პროექტშიც სიღნაღის ხელისუფლების პირველი პრიორიტეტი საკუთარი ადმინისტრაციის შენახვაა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შენახვის ხარჯები 30 პროცენტს აღწევს.

რაიონული ცენტრიდან დაშორებულ, მაღალმთიან სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრა პრიორიტეტი არც ახმეტის ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა. 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაციას კი ითვალისწინებს, მაგრამ როგორც გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ამაში ილტოს ხეობის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა არ იგულისხმება.

ახმეტის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი არც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო თანხებს ითვალისწინებს. არადა სოფლებში, შახვეტილაში, ჩაჩხრიალაში, ვეძებსა და ჭართალაში რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ათობით სახლი კი დაბზარულია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე მაილაშვილის განმარტებით, ამ საკითხის მოგვარება ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. საკრებულოში ამის დასტურად საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის 467-ე განკარგულება მოჰყავთ, რომლის საფუძველზეც საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოეყოთ.

გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობისგან თითქმის დაცარიელდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემი. სოფლის ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის მიუხედავად, ჭერემში მდგარი 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდან, 90 უკვე მიტოვებულია. 16 წელია სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჭერემში არც სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებს. უკიდურესად დაზიანებული გზის გამო აუცილებლობის შემთხვევაში მაღალმთიან სოფელში ასვლას ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ახერხებს.

სოფელი ჭერემი მე-5 საუკუნის მე-2 ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა, რის შემდეგაც ტახტის მემკვიდრეს დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. 1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია. ჭერემში დღემდეა შემორჩენილი მე-5 საუკუნის სხვა ძეგლებიც.

სოფელ ჭერემში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს "ჭერემის აღორძინების ფონდი" შექმნა, მაგრამ ამ ფონდის გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს. ფონდში მომუშავე პირთა თქმით, ჭერემელების გამოკითხვის შემდეგ მათ საკრებულოს სხვადასხვა წინადადებები წარუდგინეს და დაფინანსება სთხოვეს, მაგრამ საკრებულომ არცერთი პროექტი არ განახორციელა.

კახეთის სამხარეო ხელისუფლება, კერძოდ, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მაგრამ კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა 16 წლის მანძილზე სოფელ ჭერემისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, გვიპასუხა, რომ ეს პრობლემა რთველის დამთავრებისთანავე გადაწყდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ამის მიზეზად, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ისევე როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ: რეგიონში მყოფი შიდა ქართლიდან დევნილი ათიათასამდე ადამიანის პატრონობა და ა.შ.

მოგვარდება თუ არა საერთოდ აღნიშნული პრობლემები ნაწილობრივ მაინც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, რომელიც ექსპერტების შეფასებით 2 წელს მაინც გასტანს, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იმას გვპასუხობენ, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან. მანამდე, მოსახლეობა მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს მასობრივად ტოვებს. ერისიმედიდან რამდენიმე ოჯახი აზერბაიჯანში გადასახლდა, ადგილობრივების დიდი ნაწილი კი პურის ფულის საშოვნელად თურქეთსა და სხვა ქვეყნებში წავიდა.


ახალი ამბები