კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკო ორველაშვილი: ენერგოდამოუკიდებლობის საკითხში საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი იდიოტური გამონაკლისი

13 იანვარი, 2009

 ინტერვიუ
 
თბილისი.12.01.09.მედიანიუსი. 

ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, „ენგურჰესის“ 10-წლიანი მართვის უფლებით რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთვის“ გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მემორანდუმს კი, რომელიც საქართველოსა და ამ კომპანიას შორის 2008 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა, სრულ იდიოტიზმს და ბრიყვულ ნაბიჯად აფასებს. ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“  ნიკო ორველაშვილს ესაუბრა.

- როცა მთელი ევროპა და ყველა თავმოყვარე სახელმწიფო იმაზე ფიქრით არის დაკავებული, როგორ მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთისგან, საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი იდიოტური გამონაკლისი, რომლის ხელისუფლებამაც უკეთესი ვერაფერი  მოიფიქრა და მისი ენერგოსისტემის ბურჯი, რომელიც საქართველოს უქმნიდა ენერგოდამოუკიდებულებას, გადააბარა რუსებს.

 - თანაც 10 წლით?
 -10 წელი ჯერ კიდევ კაცმა არ იცის, რა არის, რამდენს გულისხმობს. სხვათაშორის, სერიოზული კვლევა ჩატარდა ბრიტანეთში: რას ნიშნავს, როცა ქალი ამბობს 1 წუთს, აღმოჩნდა, რომ 1 წუთი უდრის 23 წუთს, რუსული ათი წელი რამდენს უდრის, ჯერ ჩვენ არ ვიცით.

- გამოსავალი რა იქნება?
- გამოსავალი ერთადერთია, ერიც და ბერიც,  საქართველოს რეალური გულშემატკივრები, იქნება ეს ბრიუსელი თუ პარიზი, ან სტრასბურგი თუ ჟენევა. ვისაც სიტყვა ეთქმის, ის დროა, რომ ალაპარაკდნენ და როგორმე საქართველოს ეს დამღუპველი ინიციატივა შეაჩერონ, რადგან ჯერჯერობით ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის. ეს არის მემორანდუმი ხეთაგურსა - „ინტერ რაოს“ შორის.

- ხეთაგური ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ხომ ვერ მიიღებდა?
- ხეთაგური, ბუნებრივია, სააკაშვილის ნების გარეშე ვერაფერზე ხელს ვერ მოაწერდა. ეს კიდევ იმის დასტურია, რომ სააკაშვილი  და საქართველო არიან აბსოლუტურად შეუთავსებადი. სააკაშვილი დღეს მზად არის გაყიდოს მიწა-წყალიც და ყველა ეროვნული სიმდიდრეც, ოღონდაც რამენაირად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.

- ხეთაგურის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის კონტროლს და შესაბამისად,  ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებას.
- არა, ეს რეალურად სულ სხვანაირადაა. ყველაზე მწარე რეალობა ის არის, რომ რუსეთმა მოინდომა ოფიციალურად გააფორმოს სამხედრო ნადავლი. ყველაზე ძვირფასი შენაძენი მისთვის „ენგურჰესია“. ეს ნადავლი თავისთავად არა მხოლოდ ფასეული და ღირებულია,  არამედ გაცილებით მნივშნელოვანია კავკასიაში, იმიტომ, რომ ვინც აკონტროლებს „ენგურჰესს“, ის აკონტროლებს ვითარებას მთლიანად საქართველოს ენერგეტიკაში, შესაბამისად, ეკონომიკასა და პოლიტიკაშიც.

როგორ მოახერხეს რუსებმა სააკაშვილის დაყოლიება ამაზე? სააკაშვილს დღეს აქვს უამრავი კუდი გაბარებული რუსეთში და ყველა სიკეთესთან ერთად, შეშინებულიცაა. რაც არ უნდა იყვირონ მისმა ფანებმა, რომ მიშა მაგარია, მიშა როგორი მაგარი იყო, გამოჩნდა გორში კუშნერთან ერთად ვიზიტის დროს. ამიტომ  მიშას შეშინებას ბევრი არა ფერი უნდოდა. ეტყობა რუსებმა მიშას ფეხები დაუბაკუნეს, ჰოდა სააკაშვილმა ხეთაგურს მითითება მისცა, რომ აჩუქე „ენგურჰესიო“, ეს ხომ ბრიყვაობაა იმის თქმა რომ  „ენგურჰესი“ გავყიდეთ,  მაგრამ ჩვენია. ასეთი საკენკი საკუთარ წიწილებს დაუყარონ.

- მაშ, ამ საქმეში აფხაზური ფაქტორი იგნორირებულია? 
- კიდევ ერთი ტრაგედია, რასაც ამ ყველაფერში  ვხედავ: „ენგურჰესი“ იყო ის ბოლო ეკონომიკური ერთეული და ქართულ-აფხაზური კოლექტივი, რომელიც  ერთად მუშაობდა და სადაც იყო უდიდესი ადამიანური სითბო. ეს იყო მოდელი იმისა, როგორ უნდა მომხდარიყო ურთიერთობის აღდგენა და როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა. ამის ფასი იყო ის 40 პროცენტი გამომუშავებული ელექტროენერგიისა, რომელიც აფხაზებს მიჰქონდათ „ენგურჰესიდან“ და ამაში ფულს არ იხდიდნენ, მაგრამ ეს გვიღირდა. იმიტომ, რომ ამით ფიქსირდებოდა ჩვენი ერთიანობა. დღეს რა გამოდის, რუსები გვეუბნებიან, რომ აქამდე მუქთად იძლეოდით მაგ წილს და ახლა ჩვენ ფულს გადაგიხდით, ანუ ამით რუსები ყიდულობენ აფხაზების წილს  და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ეს მოდელი ინგრევა.

- დღევანდელი მემორანდუმი აგვისტოს მოვლენების შედეგია?
- რა თქმა უნდა. ყველა სახელმწიფოს ერთადერთი მიზანი და ფუნქცია არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ჩვენ „ენგურჰესიდან“ ენერგეტიკის სექტორში საკუთარი მოხმარების 80 პროცენტს თვითონვე ვაწარმოებდით და ლომის წილი „ენგურჰესზე“ მოდიოდა.  ეს ობიექტი კი სამართავად გადავეცით ოკუპანტ სახელმწიფოს.

- მემორანდუმში მითითებულია, რომ ქართველები და რუსები ერთობლივად გააკონტროლებენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ქართველი იქნება.
- იცით რას გეტყვით, ვარდიკო ნადიბაიძესაც ქართული სახელი და გვარი ჰქონდა, გახსოვთ, ალბათ ყველას კარგად. რამდენად ქართულ საქმეებს აკეთებდა, ეს სხვა ამბავია.

ახალი ამბები