კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუზეუმების თანამშრომლები ისევ 40 ლარზე დარჩნენ, გამგებლის ხელფასი კი 2500 ლარამდე გაიზარდა

20 იანვარი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების და გამგეობების თანამშრომლებს ხელფასების გაზრდის უფლება მიეცათ. რაიონების ხელმძღვანელები საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე მანამდეც აქტიურად ზრუნავდნენ. ამას ადასტურებს ყოველთვე თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ძირითადად პირველი პირებისთვის გაწერილი პრემიები. ეს მაშინ, როცა გამგებლებმა მუზეუმების თანამშრომლებს, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 40 ლარს არ აღემატება, ხელფასების გაზრდაზე უარი არაერთხელ უთხრეს და ამის მიზეზად ბიუჯეტში საკმარისი თანხების არ ქონა დაასახელეს.

მაგალითად, გურჯააანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი ნატო ვაჩნაძის, ივანე ბერიტაშვილის, იოსებ ნონეშვილის და სხვათა სახლ-მუზეუმების თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდაზე უარი ბოლოს 2009 წლის იანვრის პირველ დღეებში მიიღეს. გურჯაანის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, მუზეუმების თანამშრომლების ხელფასები რამდენიმე ლარითაც კი, შესაძლოა, 2009 წელს საერთოდ ვერ გაიზარდოს, რადგან ბიუჯეტიდან თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიმართული. ეს არ ეხება გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მათ მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს. პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე, რაიონების ხელმძღვანელებმა დაუყოვნებლივ იზრუნეს ცვლილებებზე და ხელფასები კიდევ გაიზარდეს, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის იანვარში ადგილობრივ ბიუჯეტებში შემოსავლები არ გაზრდილა.

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2360 ლარი გახდა, გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეების ხელფასი კი 830-დან  1100 ლარამდე გაიზარდა; გამგებლის მოადგილის ხელფასი 710-ის  ნაცვლად 900 ლარი გახდა. სამსახურის უფროსის, გამგეობისა და საკრებულოს  აპარატის უფროსების ანაზღაურება 570 ლარიდან 700 ლარამდე გაიზარდა; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარისა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 450 - ის  ნაცვლად 650 ლარი გახდა;

ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასების გაზრდის პარალელურად მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ოდენობამაც იმატა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეოთხე, ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები დემოკრატიული საქართველოსთვის" შეიქმნა. ფრაქციას საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ აბრამიშვილი ხელმძღვანელობს. მას უკვე დაენიშნა ხელფასი 650 ლარის ოდენობით.

პრეზიდენტის ბრძანებულებით ხელფასი გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებსაც  გაეზარდათ. ბრძანებულება უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების ხელფასის 100 ლარით გაზრდასაც ითვალისწინებს, მაგრამ მათი ანაზღაურება ამ დრომდე არ გაზრდილა და ისევ 320 ლარია, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიუჯეტი მცირეხელფასიან თანამშრომლებზე დანამატებს ითვალისწინებს.

მაგალითად, 2008 წელს ასეთი დანამატები თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ოფიციალურად არ ჩანდა, მაგრამ ბიუჯეტში წავაწყდით ერთ უცნაურ თითქოსდა უზუსტობას, 2008 წლის ბიუჯეტის დანართ #9-ში, ბიუჯეტის ცვლილებების დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განაკვეთებსა და სახელფასო ფონდს. განაცხადი გაკეთებულია წლიურ 327000 ლარზე, ხოლო თავად ბიუჯეტში ასახულია 443000 ლარი, სხვაობა შეადგენს 116000 ლარს. მსგავსი უზუსტობა იყო ბიუჯეტის ცვლილებების განხორციელებამდე საკრებულოს სახელფასო კუთხითაც. მონაცემების მიხედვით 2008 წლის ბიუჯეტის დანართ #9-ში (ბიუჯეტის პირველი ვარიანტი) ხელფასის წლიური ფონდი იყო 96720 ლარი, ბიუჯეტში კი დაფიქსირებულია 105000 ლარი. სხვაობა შეადგენდა 8280 ლარს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" დირექტორი გიორგი ბოკერია ფიქრობს, რომ 2008 წელს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ გადაწყვიტეს აფიშირება არ გაუკეთონ სახელფასო დანამატებს. "კანონი არ სცნობს მსგავსი ხასიათის მონაცემებს, ამიტომაც გამგეობა და საკრებულო ფარულად ახორციელებენ სახელფასო დანამატების გაცემას მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებზე", - აღნიშნავს ბოკერია.

საჯარო მოხელეთათვის ხელფასების გაზრდას უარყოფითად აფასებს რეგიონის მოსახლეობა.

ნუნუ არჯევნიშვილი, თელავის რაიონის მაცხოვრებელი: "რა ხელფასებიც ჰქონდათ გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლებს, მათთვის ისიც ზედმეტი იყო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ. ქალაქშიც და სოფლებშიც ხალხი უწყლობით იხოცება, უამრავი დაპირების მიუხედავად არც გაზი გვაქვს, არც გზა და სხვა აუცილებელი პირობები. რაში გაუზარდეს ხელფასები, რა დამსახურებისათვის?".

ელდარ ნაცვლიშვილი, გურჯაანის რაიონის მკვიდრი: "გამგეობაში მზესუმზირის ჭამისა და ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებენ. სოფლის გამგებელი ხომ საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას. ისიც კი არ ვიცით, ვინ არის".

თამაზ ზარდიაშვილი, გურჯაანის რაიონის მკვიდრი: "რამდენი აქვს გამგებელს ხელფასი? 2500 ლარი? მართლა ამხელა ხელფასი აქვს? იმიტომ იხოცავენ თავებს თანამდებობებზე რომ დასხდნენ. ჩვენ ვინ გვკითხავს ვის რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი. პრეზიდენტი იძახის, შრომა დავუფასოთ, რომ ქრთამი არ აიღონო. რომელი შრომა? ყველაფერი თავზე გვენგრევა, ხალხი უმუშევარია და მიწებსაც გვართმევენ".

ახალი ამბები