კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო - ჯარისკაცული პატივისა და ღირსების წინააღმდეგ

23 იანვარი, 2009

არ აიღო ხელში იარაღი, თუ სამართლიანი სახელმწიფო არ გაწვდის მას!

 

ნათია იმერლიშვილი
ნინო გუდავაძე
ლანა ბლიაძე

2008 წლის 6 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგება დადო აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დეზერტირობაში ბრალდებულ ორ ჯარისკაცთან. გარიგების თანახმად, ჯარისკაცებს თავდაპირველად წაყენებული ბრალდება - დეზერტირობა ბრძანების შეუსრულებლობის მუხლით შეეცვალათ.  მათ თავისუფლების სანაცვლოდ, უარი თქვეს საქმის არსებით განხილვაზე და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. საპროცესო გარიგება ბრალდებულთა ადვოკატებმა ითხოვეს. მათ ეს ჩათვალეს ჯარისკაცებისთვის თავისუფლების მოპოვების უმოკლეს გზად - პრეზიდენტის ამნისტიის მოლოდინში. 17 დეკემბერს, ბარბარობას, ჯარისკაცები, მართლაც, შეიწყალეს და თვისუფლება აჩუქეს. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ შეწყალებული ჯარისკაცები: ზურაბ ხორბალაძე და გიორგი მესხი დარწმუნებულები არიან, რომ ობიექტური და სამართლიანი სასამართლო მათ უდანაშაულობას დაამტკიცებდა. თუმცა ადვოკატებმა ამის გარანტია ვერ მისცეს. ამიტომ გახდნენ იძულებულნი, დამნაშავის სტატუსზე თანხმობის, ჯარისკაცული ღირსების შელახვის ფასად მიეღოთ თავისუფლება, რომლის ღირსეულ დაბრუნებას ისინი სასამართლოსგან ელოდნენ.

* * *

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გამოძიებამ თავიდანვე ერთ საქმეში გააერთიანა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დანაშაულის ძიება. სასამართლომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა მომხდარს მისცემოდა ჯგუფური, წინასწარ დაგეგმილი დანაშაულის კვალიფიკაცია.
სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ წინასწარი გამოძიების დროს ადვოკატები თითქმის ვერ ახერხებდნენ ეჭვმიტანილთა უფლებების დაცვას. არ დაკმაყოფილებულა მათი არც ერთი შუამდგომლობა. ძიებას არ გაუთვალისწინებია ადვოკატების პროტესტი საქმეების ხელოვნურად გაერთიანების გამო. არადა, დანაშაულები, რომლებიც ხორბალაძესა და მესხს ედებოდათ ბრალად, ნამდვილად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც საქმის მასალებს გაეცნობა.
   
42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-2  მსუბუქი ქვეითი ასეულის ოცმეთაურ ზურაბ ხორბალაძეს ბრალი დაედო შემდეგში: 2008 წლის 9 აგვისტოს თავის ბატალიონთან ერთად ცხინვალში შესული, ქალაქის ინტენსიური დაბომბვის შედეგად დეზორგანიზებული ჯარის ერთ ნაწილთან ერთად გორში ჩავიდა. უკან დახეული ჯარის სხვა ნაწილმა (რომელსაც მოგვიანებით ბატალიონის მეთაური მერაბ კიკაბიძეც შეუერთდა) თავი მოიყარა დაბა ვარიანში. ზურაბ ხორბალაძე დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ დროულად არ შეასრულა კიკაბიძის ბრძანება და დათქმულ დროში არ ჩაიყვანა მასთან  ერთად მყოფი ჯარისკაცები ვარიანში.
    
იმავე ბატალიონისა და ასეულის მეორე ჯარისკაცს, ლეიტენანტ გიორგი მესხს, კი ბრალი დაედო როგორც ვარიანში დისლოცირებულ ჯართან დროულად გამოუცხადებლობაში, ასევე საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ვაზიანში მდებარე ბატალიონის მუდმივი დისლოკაციის ადგილის თვითნებურ მიტოვებაში.
    
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ქმედებები, რომლებშიც ჯარისკაცებს ედებათ ბრალი, არ არის ერთმანეთის იდენტური და თანაფარდი.
    
* * *

წინასწარი გამოძიების შემდეგ საქმე სასამართლოს გადაეცა. ეს მოხდა 2008 წლის 11 სექტემბერს. სასამართლო პროცესი (საპროცესო გარიგება) კი 6 ნოემბერს შედგა. მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოს საქმის შესასწავლად თითქმის ორი თვე ჰქონდა. საქმის ორთვიანი შესწავლის შედეგად მან აბსოლუტურად უცვლელად და ხელშეუხებლად დატოვა ძიების მიერ მოპოვებული მასალები. ორივე ეჭვმიტანილის ქმედება დანაშაულად მიიჩნია. ის მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციაში არ დაეთანხმა ძიებას. მიიჩნია, რომ ჩადენილი ქმედებები არ იყო დეზერტირობა, მაგრამ იყო დაუმორჩილებლობა და ორივეს ბრძანების შეუსრულებლობის გამო მიუსაჯა სასჯელი: 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი კომპენსაცია.

გაურკვეველი რჩება, რატომ ჩათვალა სასამართლომ წინასწარი გამოძიება სრულყოფილად, ობიექტურად და ამომწურავად მაშინ, როცა გამოძიებას არ ჰყავს დაკითხული ყველა მოწმე, ძიებას არ აქვს დაკმაყოფილებული ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა იმ მოწმეთა დაკითხვაზე, რომელთაც განსხვავებული ჩვენებების მიცემა სურდათ, ხოლო იმ მოწმეთა ჩვენებებშიც, რომლებიც წინასწარმა გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა, მკვეთრად და ნათლად არ იკვეთება ზურაბ ხორბალაძისა და გიორგი მესხის მიერ ჩადენილი დანაშაული!

ზურაბ ხორბალაძე  - დაბადებულია 1985 წლის 23 დეკემბერს. თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობს 2007 წლის მარტიდან. 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობდა გორსა და ცხინვალში მიმდინარე საომარ პროცესებში. 15  აგვისტოს ბატალიონის უფროსმა მერაბ კიკაბიძემ სამხედრო მოწყობის დროს ჯარისკაცების თანდასწრებით დეზერტირობაში დასდო ბრალი. მეორე დღეს, 16 აგვისტოს, სამხედრო პოლიციაში მის   წინააღმდეგ  ამ საფუძველზე დაიწყო საქმის ძიება. 17 აგვისტოს ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. მის უფლებებს იცავდა ადვოკატი რევაზ სისაური.

გიორგი მესხი - დაბადებულია 1985  წლის 18 მარტს. თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობს 2007 წლის 4 დეკემბრიდან. მონაწილეობდა გორსა და ცხინვალში მიმდინარე საომარ პროცესებში. მის წინააღმდეგ საქმის ძიება დაიწყო სამხედრო პოლიციაში 42-ე ბატალიონის უფროსის, მერაბ კიკაბიძის, ინფორმაციის საფუძველზე. ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს 17 აგვისტოს. მის უფლებებს იცავდა ადვოკატი ლაშა ავალიანი. 

ხორბალაძის  ადვოკატი რევაზ სისაური ითხოვდა 42-ე ბატალიონის ოფიცრების: მუშკუდიანისა და ტორჩინავას დაკითხვას. სასამართლომ ისე დაადგინა განსასჯელ ზურაბ ხორბალაძის დანაშაული, რომ არ გასჩენია კითხვა: რატომ, რა მოტივით განაცხადა ძიებამ უარი ამ მოწმეთა დაკითხვაზე? ან რისი თქმა უნდოდათ ტორჩინავას და მუშკუდიანს? დატოვებდა თუ არა სასამართლო თავის გადაწყვეტილებას ძალაში, თუკი ტორჩინავა და მუშკუდიანი მოუყვებოდნენ ნაფიც მსაჯულებს, რომ თავად ისმენდნენ, როგორ მოუწოდებდა ზურაბ ხორბალაძე (მან ასმეთაურის ფუნქცია აიღო საკუთარ თავზე, რადგან ასეულში შემავალი სხვა ოცეულის მეთაურები მოკლულები ან დაჭრილები იყვნენ) ჯარისკაცებს კიკაბიძის ბრძანების შესრულებისკენ, ვარიანში წასვლისკენ, მაგრამ დეზორგანიზებული ასეული როგორ არ ემორჩილებოდა მას. რა შეეძლო გაეკეთებინა ხორბალაძეს? მან მაინც მოახერხა ჯარისკაცების ჩაყვანა ვარიანში, თუმცა ოდნავი დაგვიანებით, რასაც ზემოთ აღნიშნული ობიექტური მიზეზი ჰქონდა. თუკი სასამართლო დაადგენდა, რომ ამ მოწმეთა ჩვენება შეესაბამებოდა სიმართლეს, მაშინ როგორღა დაამტკიცებდა ზურაბ ხორბალაძის დანაშაულს? 
   
მესხის ადვოკატი ლაშა ავალიანი ითხოვდა 42-ე ბატალიონის კაპრალების: ჩილინდრიშვილის, ცუცქირიძის, ფუკასიანისა და კაპანაძის დაკითხვას. მათ შეეძლოთ იმის დამოწმება, რომ გიორგი მესხმა შეასრულა ბატალიონის მეთაურის - კიკაბიძის ბრძანება და დათქმულ დროში ჩავიდა ვარიანში. ერთ-ერთი მოწმეთაგანი კი იტყოდა უფრო მნიშვნელოვანსაც...
   
ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს ხელთ აქვს ამ ჯარისკაცთან საუბრის ფარული ჩანაწერი. საქმე ის გახლავთ, რომ, რადგან ხორბალაძე და მესხი უკვე განთავისუფლებულები არიან პატიმრობიდან, ჯარისკაცები, რომლებიც სასამართლოზე მოწმეებად აპირებდნენ გამოსვლას, დღეს პრესას უკვე უარს ეუბნებიან „ძველ ამბებში ხელების ქექვაზე“. მითუმეტეს, რომ ისინი იმ ბატალიონში აგრძელებენ სამსახურს, რომლის მეთაურთანაც ფაქტობრივ დაპირისპირებას აპირებდნენ სასამართლოზე. მაგრამ არსებობს ერთ-ერთ მათგანთან საუბრის აუდიოჩანაწერი, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთია: „მე საკუთარი მანქანით ჩავიყვანე გიო (საუბარია გიორგი მესხზე. რედ.) ვარიანში, ამას სხვებიც დამიმოწმებენ. ათივე თითი რომ მომაჭრან, სიმართლეს მაინც ვიტყვი... დამიძახოს ძიებამ, რომ ვთქვა... სასამართლოზე ვიტყვი... ვის გაუგია. ბიჭები გაგიჟებულები არიან...”  ეს აუდიოჩანაწერი ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გიორგი მესხის დედამ და ადვოკატმა გადასცეს.
       
სასამართლოს არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება, რომ ძიებამ არ დააკმაყოფილა გიორგი მესხის ადვოკატის მეორე შუამდგომლობაც, რომლითაც იგი ითხოვდა ლეიტენანტ აბაშიძის დაკითხვას. ლეიტენანტ აბაშიძეს კი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ჰქონდა სათქმელი სასამართლოსთვის: რომ 2008 წლის 13 აგვისტოს მან საკუთარი პასუხისმგებლობით გაათავისუფლა 42-ე ბატალიონის ვაზიანში მდებარე მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან ოცმეთაური გიორგი მესხი, რადგან მან სთხოვა თავისი ოცეულის დაღუპული ჯარისკაცის, დევი ჩადუნელის, გასვენებაზე წასვლის უფლება (ლეიტენანტი აბაშიძე ამ დროს ასრულებს საშტატო განყოფილების ასეულის მეთაურის - ლეიტენანტ მემანიშვილის მოვალეობას, რომელიც ცხინვალში დაიღუპა).  მაშ, სად არის დანაშაული? გამოძიების მიერ მოწმედ ცნობილი ჯარისკაცები ხომ მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ 13 აგვისტოდან რამდენიმე დღის განმავლობაში მესხი ბატალიონში აღარ უნახავთ. თუკი იგი ნებართვის მიღების შემდეგ კანონის შესაბამისად გავიდა დისლოკაციის ადგილიდან, მაინც უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ?  ჩვენ ამ შეკითხვით მართლმსაჯულებას მივმართავთ.

სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმასაც, რომ ძიებას არ ჰქონდა გარკვევით დადგენილი, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ბატალიონის მეთაურის, კიკაბიძის, ეჭვი ორი ჯარისკაცის დეზერტირობის შესახებ. რამდენად ობიექტური იყო მერაბ კიკაბიძე? ხომ არ ჰქონდა მას პირადი შურისძიების მოტივი თავისი თანამებრძოლების მიმართ, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცხინვალში დეზორგანიზებული ბატალიონის მეთაურზე? ადვოკატი ითხოვდა ბატალიონის მეთაურსა და ოცმეთაურ ხორბალაძეს შორის გამართული სატელეფონო საუბრების შინაარსის ამოღებას შესაბამისი ფიჭური სადგურების არქივებიდან, მაგრამ ძიებამ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
     
ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მხოლოდ იმის დადგენა მოახერხა, რომ პირველი სატელეფონო საუბარი ოცმეთაურ ხორბალაძესა და ბატალიონის მეთაურ კიკაბიძეს შორის 10 აგვისტოს, სწორედ, ხორბალაძის ინიციატივით გაიმართა. ამაზე მეტყველებს ზურაბ ხორბალაძის მობილურ ტელეფონში შენახული გამავალი ზარი ბატალიონის მეთაურის მობილურის ნომერზე. მხოლოდ ამის შემდეგ ფიქსირდება კიკაბიძისგან შემოსული ზარები. იქნებ ჰქონდა შანსი ოცმეთაურ ზურაბ ხორბალაძეს, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, თუკი მართლმსაჯულება დაეხმარებოდა ამაში და მოიპოვებდა 10 აგვისტოს მისი ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსს? ზურაბ ხორბალაძის მტკიცებით, ის თავად სთხოვდა კიკაბიძეს დახმარებას ვარიანში ჯარისკაცების ჩაყვანაში: „მე თავად ვთხოვდი კიკაბიძეს მანქანების გამოგზავნას, ვეუბნებოდი, რომ ასეულის დიდი ნაწილი გადარჩენილია და აუცილებლად უზრუნველვყოფდი მის ჩაყვანას ვარიანში.“ თუკი  სატელეფონო საუბრის შინაარსი დაადასტურებდა ზურაბ ხორბალაძის სიმართლეს, მაშინ რას იტყოდა სასამართლო: ხორბალაძე თავად რატომ უკავშირდებოდა მეთაურს, თუკი დეზერტირობა ჰქონდა განზრახული, ანდა ბრძანების შესრულებას არ აპირებდა? 
  
სასამართლოს არც ის შეუმჩნევია, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე პირდაპირ და გარკვევით არსად დასტურდება ხორბალაძისა და მესხის მიერ ჩადენილი დანაშაული - ბრძანების შეუსრულებლობა. უფრო მეტიც, მოწმეთა ჩვენებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის გამომრიცხავია. მაგალითად, გიორგი მესხისა და მისი თანამებრძოლების წასაყვანად ვარიანიდან გამოგზავნილი ამაღლობელი წაყვანილი ჯარისკაცების სულ სხვა გვარებსა და რაოდენობას ასახელებს, თავად ბატალიონის მეთაური კიკაბიძე, რომელთანაც ჩაიყვანეს ეს ჯარისკაცები - სულ სხვას, სხვა მოწმეების კი - სხვას.
    
ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობათა თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის ასეთი ცხრილი შევადგინეთ.
                                      
    
              რამდენი ჯარისკაცი ჩაიყვანა ამაღლობელმა კიკაბიძესთან? 

 ა. ამაღლობელი  მ. კიკაბიძე  ო. ბერიძე  გ. მესხი შ. ლობჟანიძე   ჯ. ყაჯრიშვილი
მე წავიყვანე 7 კაცი: აბუსერიძე, ბერიძე, ჩალაძე, ლობჟანიძე, რეხვიაშვილი და ორი სხვა (გვარები არ მახსოვს) ამაღლობელმა ჩამოიყვანა სამი ჯარისკაცი. (გვარები არაა მითითებული) წავედით სამი კაცი: მე, აბუსერიძე, გელაძე  წავედით 8 კაცი: მე, ჩილინდრიშ-ვილი, ცუცქირიძე, კაპანაძე და კიდევ 2 სხვა. (გვარები არ მახსოვს)  წავედით 3 კაცი: მე, რეხვიაშვილი, 
ჩალაძე 
წავედით: მე,
ჩხეიძე, ცქიტიშვილი, ბუდურაშვილი და 2 სხვა. (გვარები არ მახსოვს)
                                                     
ცხრილში კარგად ჩანს კიდევ ერთი დეტალი - რამდენიმე მოწმე ყველა წაყვანილი ჯარისკაცის გვარს ვერ იხსენებს და ამბობს: „კიდევ ორი სხვა.“ სად არის მტკიცებულება, რომ იმ „ორ სხვაში“ არ არის გიორგი მესხი?
                
* * *

ეს პასუხგაუცემელი კითხვები იმ სასამართლომ დაუტოვა საზოგადოებას, რომელსაც მეტად მტკივნეულ თემაზე - ომში მონაწილე ჯარისკაცების ღირსების თემაზე ევალებოდა სიმართლის დადგენა. მაგრამ რა არის ისეთი სიმართლე, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ არსებობაში დაგარწმუნოს?! განსასჯელები მხოლოდ 24-25 წლის ახალგაზრდები არიან და აგვისტოს ომისა და ნოემბრის სასამართლოს შემდეგ ერთადერთი ჭეშმარიტება იციან: არ აიღო ხელში იარაღი, თუ სამართლიანი სახელმწიფო არ გაწვდის მას! 


ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში“ – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერი - „ევრაზიის პარტნიორობის ფონდი“.

ახალი ამბები