კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩვენი სიმართლის ბერმუდის სამკუთხედი: პოლიცია - პროკურატურა - სასამართლო

2 თებერვალი, 2009

 ამ კლინიკის წინ გადაიტანეს გამცემლიძის სხეული
გამცემლიძის სასამართლო პროცესიც აქ ჩაიძირა

სალომე გოგოხია

მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ცნებამ მორიგი კრახი  2009 წლის 16 იანვარს განიცადა. 31 წლის გიორგი გამცემლიძის მკვლელობისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, 28 წლის ვახტანგ აბუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა გაბრიჩიძემ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მართალია, განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლეს ხმა უთრთოდა, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია მოკლულის ოჯახისთვის, რომელსაც ხელთ აღუსრულებელი სამართალი შერჩა და ახლა მხოლოდ  სტრასბურგის სასამართლოს იმედადღაა. 

მართლმსაჯულებისადმი უნდობლობა და იმის მტკიცე რწმენა, რომ პროკურატურა „მაინც თავისას გაიტანდა,“ გახდა იმის მიზეზი, რომ მოკლულის ოჯახმა პროცესი განაჩენის გამოცხადებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ოჯახი ამბობს, იცოდნენ, რომ სასამართლო სამართალს ვერ აღასრულებდა და ამიტომ „ფარსსა“ და „სპექტაკლში“ მონაწილეობის მიღება არ ისურვეს.

მართალია, მაშინ მოსამართლემ დაზარალებულის ადვოკატს მიმართა, ვანგა ხომ არ ხართ, რა იცით წინასწარ, რა შედეგი დადგებაო, მაგრამ ეტყობა, დაავიწყდა, რომ წინასწარმეტყველების უნარი მოკლულის ოჯახს თავად მისმა უმაღლესობამ - მართლმსაჯულებამ შთაბერა. და ამ წინასწარმეტყველების წყალობით ყველა მიხვდა, როგორ დამთავრდებოდა საქმე, რომელშიც ზედიზედ სამი პროკურორი გამოიცვალა; რომელშიც ბრალდებამ დიდხანს იმუშავა მთავარი მოწმის გადასაბირებლად, მათ მიზნებს თავდაყირა რომ აყენებდა და, რაც მთავარია, საქმე, უამრავი ხარვეზის მიუხედავად, ძიებაში არ დააბრუნეს.

სხვათაშორის, როდესაც გამცემლიძის ოჯახმა პროცესის დატოვების შესახებ განაცხადა, მათმა ადვოკატმა, ინგა არახამიამ, საქმეს წერილობითი სახის განცხადება დაურთო, რომელშიც ის მიზეზები იყო დასახელებული, რის გამოც პროცესს ტოვებდნენ. თუმცა მოსამართლემ ადვოკატს განცხადების სრულყოფილად გახმოვანების უფლება არ მისცა, რადგან შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო საკამათო სიტყვას წააგავდა, ვიდრე განცხადებას და მოსმენა არ ისურვა.  

როცა განაჩენი გამოცხადდა, დარბაზში ყველა მიხვდა, რომ მკვლელობის საქმე საბოლოოდ მკვლელის სასარგებლოდ დამთავრდა. ქვეყანაში გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის ფონზე, რა თქმა უნდა, 2 წელი ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის, მართლაც რომ, მსუბუქზე მსუბუქი სასჯელია. აქვე, პროცესზე, რიგით მესამე პროკურორმა, კოტე ნიქაცაძემ, განსასჯელ აბუაშვილისთვის 4 წელი მოითხოვა. აქედან 2 - რეალური და 2-ც სასჯელის პირობითი ზომის მოხდით. მოსამართლემ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა სრულად და მორჩილად დააკმაყოფილა.

ამ განაჩენის შემდეგ ბუნებრივია ის ნიჰილიზმი, რომელიც მოკლულის ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოების დიდ ნაწილს სასამართლოს მიმართ გაუჩნდათ. მოკლულის დედა, გულიკო გამცემლიძე, ამბობს: ნებისმიერს, ვისაც დანაშაულის ჩადენა სურს, შეუძლია პატრულის რიგებს შეუერთდეს - მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გარანტირებული აქვს სულ რაღაც ორწლიანი სასჯელი.

„ჩემი შვილისთვის იარაღი რომ ეპოვათ, დააკავებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენს მიუსჯიდა სასამართლო! რამდენსაც უსჯიან, საერთოდ, მათ, ვინც პოლიციელები არ არიან. მან კი ადამიანი მოკლა და 2 წელი მიუსაჯეს". მართლმსაჯულების მიერ შეურაცხყოფილი დედა დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ ასეთი განაჩენი პროკურატურის ზეწოლის შედეგად გამოიტანა.

***
თუ საქმის მასალებს გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ ეს სულაც არ გახლავთ დედის ემოციური შეფასება. სასამართლომ, მართლაც, უამრავ ლაფსუსზე დახუჭა თვალი. 

სადავო დარჩა დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე 114-ე მუხლით (მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) აღძრეს; მოულოდნელად  კვალიფიკაცია 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) შეცვალეს.

მოკლულის ოჯახი გამოძიების დაწყების დღიდან ბრალის დამძიმებას ითხოვდა; თუმცა, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩა და განაჩენი ისე გამოიტანეს, რომ პროკურატურამ არც ბრალი დაამძიმა და არც საქმე დააბრუნა ძიებაში.

აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევებში სასამართლოს დატოვებული აქვს თავის გასამართლებელი გზა: მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეს საქმის გამოძიებაში დაბრუნების უფლება არ გააჩნია. სს საპროცესო კოდექსის 446-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის გამოძიებაში დაბრუნების უფლება მხოლოდ პროკურორს აქვს (2005 წლის 25 მარტამდე იგივე უფლება სასამართლოსაც ჰქონდა  452-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად. ექსპერტები განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამ კუთხით სერიოზულ ხარვეზს შეიცავს, რადგან გამოდის, რომ, თუ პროკურატურას არ სურს, მოსამართლე სამართალს ვერ აღასრულებს). მაგრამ მოსამართლეს შეუძლია, იბრძოლოს პროკურატურის დასარწმუნებლად, დაამტკიცოს, რომ საქმე ხელმეორე გამოძიებას მოითხოვს. პროცესზე, რომელსაც პირობითად შეიძლება გამცემლიძის პროცესი ვუწოდოთ, ასეთი არაფერი მომხდარა.
 
***

 გამცემლიძის დედის ვარაუდით,
ამ ავტოფარეხის სახურავზე გადაირბინა
გიორგიმ, რათა პატრულს გაქცეოდა.

პატრულის მიერ მოკლული გამცემლიძე, რომელიც ამავდროულად “ნაცმოძრაობის” აქტივისტი იყო, 2008 წლის 8 მაისს პატრულის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.
საქმის მასალებში 8 მაისს მომხდარი ფაქტი ასე აისახა: იმ ღამით აბუაშვილი და მისი მეწყვილე, ლევან ჯინიყაშვილი, ვერაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მათ სწრაფად მოძრავი BMW-ის ტიპის მანქანა შენიშნეს, რომელსაც გაჩერება მოსთხოვეს. მძღოლი არ დაემორჩილა. იგი ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ ზანდუკელის ქუჩის მიმართულებით წავიდა; მაკდონალდსის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და მარცხენა მხარეს ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა გააჩერა, გადაირბინა იქვე მდებარე ავტოფარეხის სახურავზე და შეეცადა, მიმალულიყო ზანდუკელის ქუჩა N2-ში მდებარე ეზოში. პატრულის თანამშრომლები (აბუაშვილი-ჯინიყაშვილის წყვილი) მას მანქანით მიჰყვნენ, რის შემდეგ აბუაშვილი მანქანიდან გადმოვიდა და გამცემლიძეს დასაკავებლად დაედევნა.
 
რატომ გამოიყენა პატრულმა იარაღი შეუიარაღებელი მოქალაქის   წინააღმდეგ?
 
საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აბუაშვილს ეჭვი გაუჩნდა: შესაძლოა, გამცემლიძე შეიარაღებული ყოფილიყო, ამიტომ იარაღი მოიმარჯვა, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და გაქცეულის დაკავებას შეეცადა. მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გაუფრთხილებელი გასროლით მან გამცემლიძეს კეფის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გამცემლიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
 
წინასწარი გამოძიების დროს შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომ როგორმე დაემტკიცებინათ, თითქოს გამცემლიძე შემთხვევის დროს შეიარაღებული იყო. ჯერ იყო და, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ცეცხლასასროლი იარაღის „ამოღების“ შესახებ განაცხადეს. რა თქმა უნდა, ეს იარაღი გამცემლიძეს მიაკუთვნეს; იმ ღამით საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოშიც ასეთი სახის შეტყობინება შევიდა: „2008 წლის 8 მაისს, დაახლოებით 01.35 საათზე, თბილისში, ზანდუკელის N1-თან, გამოვლენილ იქნა ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ეჭვმიტანილი გიორგი გამცემლიძე, რომელსაც დევნისას პატრულ-ინსპექტორმა, ვახტანგ აბუაშვილმა, მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა.“ სულ მალე კი საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გეგეჭკორმა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კარგად ჩანს, რომ გამცემლიძე შეიარაღებული იყო (ჟურნალისტური გამოძიების პროცესში შევხვდით ბატონ გეგეჭკორს და ვკითხეთ: სად არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერი? რატომ არ წარადგინეს იგი სასამართლო პროცესზე? მან თავი იმით იმართლა, რომ ინტერვიუში მისი აზრი არასწორად გადმოსცეს).    

ერთი სიტყვით, გამოძიებამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიანიჭა გამცემლიძეს ეჭვმიტანილის სტატუსი, მაგრამ დაქტილოსკოპურმა ექსპერტიზამ ამოღებულ იარაღზე გამცემლიძის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა. მოკლულს ეჭვმიტანილის სტატუსი მოუხსნეს.

პროკურატურის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან არ გაიზიარა ძიების ვერსია შემთხვევის დროს გამცემლიძის შეიარაღების თაობაზე. სასამართლო პროცესზე ამას მხოლოდ განსასჯელი ამტკიცებდა. თუმცა ეს სულაც არ გახდა იმის საფუძველი, რომ  აბუაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის შეფარდებული მუხლი შეცვლილიყო; რომ დასმულიყო კითხვა: რატომ დასჭირდა პატრულს იარაღის ამოღება შეუიარაღებელი მოქალაქის წინააღმდეგ? რა საფუძველზე „მოიმარჯვა იარაღი და მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში“? იყო თუ არა საკმარისი ამის გასაკეთებლად განსასჯელის მიერ სასამართლო პროცესზე დასახელებული არგუმენტი, რომ მან შენიშნა დევნილის ხელის მოძრაობა წელის მიმართულებით? ეს მხოლოდ გაუფრთხილებლობაა თუ სხვა უფრო მძიმე დანაშაული?

ჰქონდა თუ არა პატრულს მოქალაქის დევნის უფლება?

განსასჯელი აბუაშვილი როგორც წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში შემთხვევის ღამეს ასე იხსენებს: მან და მისმა მეწყვილემ, ლევან ჯინიყაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ღამის 10 საათიდან დაიწყეს და სამოქმედო ტერიტორიას – ვერას მიაშურეს, დაახლოებით ღამის პირველი საათის შემდეგ გოგებაშვილის ქუჩიდან მაყაშვილის ქუჩისკენ გაემართნენ; აქ აბუაშვილმა რამდენიმე წამით შეაჩერა მანქანა და მარცხნივ გაიხედა, სადაც ფსიქოტროპული აფთიაქი მდებარეობს, რადგან იქ ხშირად იკრიბებიან ნარკომანები. ამჯერად იქ საინტერესო არაფერი შეუნიშნავს:
 
„ამ დროს ჭონქაძიდან მაყაშვილზე დიდი სისწრაფით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა შემოვარდა. სიჩქარე იმდენად დიდი იყო, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თავისი სამოძრაო ზოლიდან ჩვენს ზოლზე გადმოვიდა. საფრთხე შეგვექმნა, დაარღვია მოძრაობის წესები და სრული უფლება გვქონდა, მოგვეთხოვა მანქანის გაჩერება. ჯინიყაშვილმა სასწრაფოდ მოუწოდა მძღოლს გაჩერებისკენ. მძღოლი არ დაგვემორჩილა და დიდი სისწრაფით გააგრძელა მოძრაობა მაყაშვილზე. ჩვენ გავყევით“.
 
იწყება დევნა. აბუაშვილის თქმით, ისინი ხან ეწევიან გაქცეულ მანქანას, ხან თვალთახედვის არეალიდან კარგავენ. გამცემლიძეს დადევნებული პატრულის მანქანას ბარნოვის ქუჩის ჩასავლელთან ხელოვნურად გაკეთებული ბოძები აფერხებენ. პატრული კვლავ კარგავს მანქანას. თუმცა მანამდე ჯინიყაშვილი კიდევ ერთხელ და ისევ უშედეგოდ მოუწოდებს მძღოლს დამორჩილებისკენ. მანქანა დიდი სისწრაფით ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ მიდის...

აბუაშვილის თქმით, დაახლოებით ამ დროს შეეცადა მისი მეწყვილე, სხვა ეკიპაჟისთვის გადაეცა გაქცეული მანქანის სერია, მოდელი და ნომერი, მაგრამ ვერ მოახერხა. აბუაშვილი თავის ჩვენებაში ამის მიზეზსაც ასახელებს: „ამ დროს ხაზზე გამოვიდა რადიოსადგური „რიონი“, რომელმაც დაფარა ჩვენი რადიოსადგურის სიხშირე, რომლის საშუალებით ჩვენი ხმა სხვა ეკიპაჟის წევრებს უნდა გაეგოთ.“  სასამართლოს  ეჭვი არ შეაქვს მის ნათქვამში, არადა, ეჭვის საფუძველი იქვე, სასამართლოზე, ჩნდება. ეს არის საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლის, ზაზა კაკაშვილის, ჩვენება.
 
კაკაშვილი ამბობს, რომ მისი ეკიპაჟიც იმ ღამეს მორიგეობდა და მიიღო 104-ე ეკიპაჟის მიერ (აბუაშვილი-ჯინიყაშვილის წყვილი) რაციით გადაცემული ინფორმაცია: მაყაშვილზე მანქანას მივდევთ. შეტყობინების მიღების შემდეგ მათი ეკიპაჟი კოსტავას ქუჩის ჩამოსასვლელისკენ წავიდა, რომ, თუ მანქანა ამ მიმართულებით წავიდოდა, იქ დახვედროდნენ დაუმორჩილებელ მძღოლს:

„აღნიშნულ მანქანას არ ჩამოუვლია. მოძრაობა განვაგრძეთ ლაგუნა-ვერეს მიმართულებით. არმისული „ვისოლთან“, 104-ემ დაიძახა, რომ ესაჭიროებოდათ სასწრაფო, რადგან დაჭრილი იყო მოქალაქე. სანამ რადიოსადგური გადასცემდა და სასწრაფო მივიდოდა, დრო რომ არ დაგვეკარგა, სასწრაფოში მივედით და დავაჩქარეთ.“

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეწყვილემ, დავით თოდუამაც. და მანაც დაადასტურა, რომ 104-ე ეკიპაჟისგან ინფორმაცია მიიღეს.
 
თუ სასამართლო ამ მოწმეთა ჩვენებებს სიმართლედ მიიჩნევდა, მაშინ აუხსნელი და გაუმართლებელი ხდებოდა აბუაშვილი-ჯინიყაშვილის მიერ დევნის გაგრძელება. თუმცა სასამართლოს არ შეუნიშნავს არავითარი წინააღმდეგობა აბუაშვილისა და ზემოთ დასახელებული პოლიციელების ჩვენებებს შორის.

იმ ღამეს მორიგე კიდევ ერთმა ეკიპაჟმა მიიღო 104-ე ეკიპაჟის ინფორმაცია. სასამართლო პროცესზე დავით ამაშუკელმა, რომელიც იმ ღამით ოცმეთაურ რობერტ პანიევის (შარაძის საქმე – რედ.) მოვალეობას ასრულებდა, განაცხადა, რომ მათმა ეკიპაჟმაც  მიიღო შეტყობინება. დიალოგიც გაიმართა. როგორც ამაშუკელი ამბობს, 104-ე ეკიპაჟმა რაციით იკითხა, თუ ვინ იმყოფებოდა რუსთაველზე. თუმცა ამაშუკელის ეკიპაჟმა არ უპასაუხა, რასაც თავად ამაშუკელი ასე ხსნის: „როცა ასეთ შეკითხვას სვამენ, პასუხად ვეკითხებით, თუ რომელი მიმართულებით მიდის... მანქანა. ვალდებული ვიყავი, პასუხი ინფორმაციის მიღების შემდეგ გამეცა.“ ამაშუკელის თქმითვე, 104-ე ეკიპაჟს იმიტომ არ უპასუხა, რომ „არ იცოდა, რა ხდებოდა.“

სასამართლოს არ გაურკვევია, როგორ მოხდა, რომ პატრულის სხვადასხვა თანამშრომელმა სხვადასხვა ინფორმაცია მოისმინა მაშინ, როდესაც 104-ემ ერთი ინფორმაცია გადასცა. რომელი მოწმე ცრუობს? რატომ ვერ გაიგო ამაშუკელმა ის, რაც სხვებმა გაიგეს? იქნებ იმიტომ, რომ დაედასტურებინა აბუაშვილის მტკიცება, ხმის ჩახშობის გამო ინფორმაცია ვერ მიიღეს სხვა ეკიპაჟებმა და ამიტომ გავხდით იძულებული, ჩვენ გაგვეგრძელებინა დაუმორჩილებელი მანქანის დევნაო (ჩვენ მიერ მოძიებული საინტერესო დეტალი: მომხდარიდან მოკლე ხანში ამაშუკელი ოცმეთაურის თანამდებობაზე დააწინაურეს. ჩვენ ამ ფაქტის განმარტება ვთხოვეთ საპატრულო პოლიციის  უფროს გიორგი გეგეჭკორს ზემოთ ხსენებულ შეხვედრაზე. პასუხად მივიღეთ, ამაშუკელის ამ თანამდებობაზე დანიშვნის წერილობითი ფორმა მანამდეც არსებობდა, უბრალოდ, დამტკიცებული არ იყოო)?

ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ სასამართლომ მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები რეაგირების გარეშე დატოვა. ამით კი, ფაქტობრივად, უარი თქვა იმის დადგენაზე, რამდენად მართლზომიერად მოიქცა 104-ე ეკიპაჟი, როცა თავად განაგრძო დაუმორჩილებელი მანქანის დევნა - სასიკვდილო ფინიშამდე!

გაქცევა - ისევ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები

ყველაზე საინტერესო და საბედისწერო მომენტი ამის შემდეგ დგება. გამცემლიძის მანქანა ბორდიურზე ავარდა (მაკდონალდსის ზედა ქუჩა ქვაფენილით არის მოკირწყლული), როგორც ჩანს, ამის შემდეგ გამცემლიძემ მანქანა ადგილიდან ვერ დაძრა და იქვე მიატოვა. აქ უკვე გაქცევის ორ ვერსიას ვაწყდებით:

1. პატრულების თქმით, მანქანიდან გადმოსული გამცემლიძე ქვემოთ დაეშვა და იქვე, ხელმარჯვნივ, საცხოვრებელი ბინების ეზოში შევარდა. გარაჟებს შემოუარა და უკან მდებარე ჩიხში შევიდა. შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა, სადაც ეზოში შემოსულ აბუაშვილს შეეჩეხა.

2. საბრალდებო დასკვნაში კი წერია, რომ მანქანიდან გადმოსულმა გამცემლიძემ „გადაირბინა იქვე მდებარე ავტოფარეხის სახურავზე, შეეცადა, მიმალულიყო ზანდუკელის ქუჩა N2-ში მდებარე ეზოში.“ 

სასამართლოს ბევრი სხვა გარემოების მსგავსად არც ამ წინააღმდეგობრივი გარემოებებისთვის მიუქცევია ყურადღება.

გასროლა

პატრულები თავიანთ ჩვენებებში ამბობენ, რომ გამცემლიძეს ეზოში მანქანით შეჰყვნენ. მანქანიდან პირველი აბუაშვილი გადმოვიდა, რომელმაც მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და გაქცეულს გაჩერებისკენ მოუწოდა. აბუაშვილი იმასაც ამბობს, თითქოს გამცემლიძე გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მის მიმართ „შესაბამისი ზომები იქნებოდა განხორციელებული“.

აბუაშვილს კიდეც რომ შესძლებოდა სასამართლოსთვის იმის დამტკიცება, თითქოს გაქცეული მოქალაქე სროლამდე სიტყვიერად გააფრთხილა, სასამართლოს მაინც უნდა დაეყენებინა საკითხი მის მიერ პოლიციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო. კანონში წერია: „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.“

გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა. რატომ? არც ის დასტურდება, რომ დევნის პროცესში პატრულის თანამშრომლებს ციმციმა და „სირენა“ ჰქონდათ ჩართული. მაშ რა გამოდის? რომ საპატრულო პოლიციას ჰქონია პრაქტიკული უფლება, დაუმორჩილებლობის ნებისმიერ შემთხვევაში ესროლოს მოქალაქეებს? თუკი პოლიციელები ასეთ პრაქტიკას ეწევიან და სასამართლოსაც არ აქვს ამაზე რეაქცია, მაშ ვისთვისღა არსებობს კანონები, რომლებიც პროფესიული ქცევის წესებს აყალიბებენ? 

აბუაშვილის ჩვენებაში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლისთვისაც სასამართლოს ასევე არ მიუქცევია ყურადღება. იგი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გამცემლიძე ჩიხში შევიდა და წინ გასაქცევი აღარ ჰქონდა, უკან მობრუნდა და მისი მიმართულებით შეიარაღებული გამოემართა: „მოულოდნელად გამცემლიძე ჩიხიდან გამოვარდა და  ჩემკენ წამოვიდა. ჩვენ შორის შეჯაჯგურება მოხდა. სწრაფი მოძრაობით მარცხენა ხელით მარცხენა მხარში ხელი მოვკიდე და ჩემკენ შემოვატრიალე ზურგით. კვლავ ვუბრძანე, რომ დაგვმორჩილებოდა, მაგრამ იგი წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობდა და ხელიდან გასხლტომას ცდილობდა. იმ დროს, როცა მის დაკავებას ვცდილობდი, გასროლის ხმა გავიგონე. წამიერად შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. წაიქცა."

ერთი სიტყვით, აბუაშვილის თქმით, გასროლის მიზეზი შეჯაჯგურება ხდება, შეჯაჯგურებისა კი - ჩიხში მოქცეული გამცემლიძის უკან მობრუნება და აბუაშვილთან პირისპირ შეტაკება.
 
მაგრამ ამ ჩვენებას თავდაყირა აყენებს გამცემლიძის დედის, ქალბატონი გულიკოს, ვერსია, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრალდების მხარემაც გაიზიარა.  მისი მტკიცებით, გიორგი ამ ეზოს კარგად იცნობდა. ის, სწორედ, იმიტომ აირჩია, რომ იცოდა, ამ ეზოდან იყო მეორე გასასვლელი. ამ გასასვლელამდე კი უმოკლესი გზით მაშინ მივიდოდა, თუ შევიდოდა არა ეზოში, არამედ იქვე მდგარი ავტოფარეხის სახურავზე გადაირბენდა. დედის მტკიცებით, გიორგი ასეც მოიქცა. სახურავზე ავიდა და, სწორედ, მაშინ ესროლეს.

ჩვენ დავინტერესდით და ვნახეთ ეს ეზო. იმაშიც დავრწმუნდით, რომ ადამიანი, რომელიც იცნობს აქაურობას და მეორე გასასვლელისკენ სურს გაქცევა, მართლაც, ავტოფარეხის თავზე გადაირბენს, რადგან მის გადაღმა უკვე მეორე კარია, მით უმეტეს, რომ ავტოფარეხზე ასვლა ძალზე მარტივად შეიძლება და ეს ჩვენც კი არ გაგვჭირვებია ჟურნალისტური ექსპერიმენტის ჩატარების დროს. მაშ, რატომ შევიდოდა გამცემლიძე ეზოში? რატომ გაირთულებდა გაქცევას? და თუ ეზოში კი არ შეირბენდა, არამედ ავტოფარეხის თავზე გადაირბენდა, როგორღა შეეჩეხებოდა აბუაშვილს? როგორღა დაიწყებოდა მათ შორის ჯაჯგური და როგორ გავარდებოდა ტყვია?
 
ამ კითხვებს სასამართლომ ვერ უპასუხა. ერთი რიგითი ექსპერიმენტის ჩატარებაც კი არ ისურვა, რაც დაეხმარებოდა ორი განსხვავებული ვერსიიდან ჭეშმარიტის არჩევაში. სამწუხაროა, რომ ამ ინსტანციაში ხშირად მოიხსენიებენ ჟურნალისტებს დილეტანტებად. საინტერესოა, რას იტყოდნენ ისინი ექსპერიმენტის იდეის თაობაზე, რომელიც მათ, სიმართლის „პროფესიულ დამცველებს“ კი არა, ჟურნალისტებს ეწვიათ?
 
სხვათაშორის, ალტერნატიული ექსპერტიზაც, რომელიც მოკლულის ოჯახმა საკუთარი ინიციატივით ჩაატარა, სროლის  დეტალების დასადგენად რეკომენდებულად მიიჩნევს ექსპერიმენტის ჩატარებას. ასევე ფიქრობენ დამოუკიდებელი ექსპერტები. მათი აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება, მეტ-ნაკლები სიზუსტით დადგინდეს მსროლელისა და სროლის ობიექტის ურთიერთგანლაგება - პოზები და გასროლის მომენტი. ამ დეტალებზე თავის ჩვენებაში არაფერს ამბობს აბუაშვილი და, ექსპერტების აზრით, უცნაურია, რომ არც მოსამართლე ითხოვს მათ დაკონკრეტებას. ჯერჯერობით როგორც საგამოძიებო, აგრეთვე ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგად ის დადგინდა, რომ სროლა განხორციელებულია დაახლოებით 5 სმ-ის სიშორიდან, ქვემოდან ზემოთ, მაგრამ სად? ეზოში (რასაც აბუაშვილი ამტკიცებს) თუ ავტოფარეხის თავზე (როგორც დედა ვარაუდობს), რომელზე ავარდნილ გამცემლიძესაც შესაძლოა, აბუაშვილიც აჰყვა? სასამართლოს ეს არ დაუდგენია.

მოწმე ჩვენებას ცვლის

ოთარ თენეიშვილი შემთხვევის ადგილას მდგარ კორპუსში ცხოვრობს. წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგი ამბობს, რომ, როცა გასროლის ხმა გაიგონა, ფანჯარას მივარდა და გარეთ გაიხედა. შემთხვევის ადგილი კარგად იყო განათებული და მან გარკვევით დაინახა ავტოფარეხის წინ დაგდებული ადამიანის სხეული. ამავე ჩვენებაში იგი აზუსტებს: ეზო ისე კარგად იყო განათებული, რომ ამ შუქზე სამართალდამცავებმა იმ ღამეს ოქმიც ბრწყინვალედ შეადგინეს.
ამდენად, მის მიერ დანახული დამაჯერებლად უნდა ჩაითვალოს.

ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი ბატონ ოთარს რამდენჯერმე შეხვდა და აუდიოფირზე ჩაწერა მასთან საუბარი. საუბრის დროს ჩვენმა რესპოდენტმა ასე გაიხსენა იმ ღამეს მომხდარი: მან ფანჯრიდან გარკვევით დაინახა ავტოფარეხის წინ დავარდნილი მიცვალებული და მოგვიანებით - ისიც, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმულ სამ ადამიანს მიცვალებული სტომატოლოგიურისკენ გადაჰყავდა. 

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ერთგვარი ექსპერიმენტი აქაც ჩაატარა: მისი საძინებელი ოთახის ფანჯრიდან, მართლაც, ხელისგულივით ჩანს მთელი ეზო და ავტოფარეხიც - მიმდებარე ტერიტორიით. განათების შემთხვევაში, მართლაც, შეუძლებელია, ვერ დაინახო ავტოფარეხთან დაგდებული ადამიანის სხეულის ზომის ნებისმიერი საგანი. 

მკითხველს ვთავაზობთ თენეიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს: „იმ ღამით გვიან დავწექი; ახლად ჩაძინებული კი, ძლიერი შეჯახების ხმამ გამომაღვიძა. მაშინვე ფანჯარას ვეცი და ეზოში გავიხედე. დავინახე, ორი კაცი მაკდონალდსიდან ზემოთ, ზანდუკელის ქუჩისკენ, მორბის. ამ დროს გასროლის ხმა გავიგონე. ერთმა გზა გააგრძელა, მეორე კი ავტოფარეხის სახურავზე გადაძვრომას შეეცადა, გაიარა და სახურავიდან გადმოვარდა. საცვლებისამარა ვიყავი, ამიტომ სახლში შევედი, რომ ტანთ ჩამეცვა. როცა გამოვედი, დავინახე, გამცემლიძეს სამი პოლიციელი სტომატოლიგიური კლინიკისკენ მიათრევდა.” 

თენეიშვილმა იგივე გაიმეორა სასამართლო პროცესზეც. მაგრამ პროკურორმა შენიშნა, რომ მოწმის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს შორის განსხვავება იყო. მოითხოვა პირველი ჩვენების გამოქვეყნება. აღმოჩნდა, რომ თენეიშვილი თავდაპირველ ჩვენებაში ამბობდა, დავინახე, ავტოფარეხიდან გადმოვარდნილი ადამიანი ცოტას მოძრაობდაო. აგრეთვე ამბობდა, მისი გადაადგილების მომენტი არ დამინახავსო. არაფერს ამბობდა იმის შესახებაც, რომ ავტოფარეხის სახურავზე პოლიციელების მიერ იარაღის დაგდების ფაქტი დაინახა.

ერთი შეხედვით, თენეიშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება დაზარალებულის სასარგებლოდ გამოიყურება, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ჩვენების ზოგიერთი დეტალის შეცვლა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სასამართლოს იგი საერთოდ აღარ მიეღო მხედველობაში და დაზარალებულის მხარეს ერთადერთი საიმედო მოწმე დაეკარგა.

სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია იმისათვის, რომ თენეიშვილი პროცესზე მეტად არაადეკვატურად იქცეოდა. როდესაც პროკურორმა ჰკითხა, მის მიერ მიცემული ჩვენებებიდან რომელი იყო სწორი, უპასუხა, ორივეო. ასევე უცნაური პასუხი მიიღო ადვოკატმა, როცა თენეიშვილს ჩაეკითხა, დღისით დაგკითხეს თუ ღამეო. არ მახსოვსო, უპასუხა თენეიშვილმა.
 
თენეიშვილის არაადეკვატურობას სასამართლომაც არაადეკვატურად უპასუხა. წესით, სასამართლოს, ბრალდების ან დაზარალებული მხარის შუამდგომლობით, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო თენეიშვილის სს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაეყენებინა. თუმცა, შუამდგომლობა არც ერთ მხარეს არ დაუყენებია. პროკურორმა განაცხადა, რომ ამაზე იმსჯელებდნენ. ხოლო მოკლულის ოჯახის ადვოკატმა განგვიცხადა, რომ ამ საკითხს იგი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის აღების შემდეგ მიხედავდა და პროკურატურაში განცხადებას შეიტანდა თენეიშვილის წინააღმდეგ.

რატომ შეცვალა მოწმემ ჩვენება? ამაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მოკლულის ოჯახს ეკუთვნის, ასეთი გახლავთ: პროკურატურა თენეიშვილთან გარიგებაზე წავიდა. მას ჩვენება შეაცვლევინეს, რათა შედეგად ის მომხდარიყო, რაც მოხდა: ბრალდებულის ადვოკატმა, მირდატ ქამადაძემ თენეიშვილის ჩვენებების ბათილად ცნობა მოითხოვა – მათში არსებული სხვაობების გამო. ათწუთიანი ფიქრის შემდეგ ადვოკატს პროკურორიც დაეთანხმა. შემდეგ მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თენეიშვილის ჩვენება ბათილად ცნო.

სხვათაშორის, სასამართლო პროცესის ფინალში რაღაც უცნაურის მოლოდინი არსებობდა. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესები დროის მოსაგებად სჭირდებათ მათ, ვისაც პროცესების გაჭიანურება შეუძლიათ. გამცემლიძის სასამართლო ბევრჯერ გადაიდო. ხან აბუაშვილის ადვოკატი ხდებოდა ავად (არადა, მეორე დღეს სხვა პროცესზე ნახულობდნენ), ხან პატიმარს ეშლებოდა კუჭი და ვერაფრით შველოდნენ. მოკლედ, პროცესის გადადების მიზეზები არ ილეოდა

რატომ ჭიანურდებოდა სასამართლო? იქნებ, მართლაც, თენეიშვილის გადაბირებას სჭირდებოდა დრო? თენეიშვილის ჩვენებას ხომ პროკურატურა ჩიხში შეჰყავდა.

სათვალე - ნივთმტკიცება დაკარგულია

სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება ძიების პირველივე ეტაპზე დაშვებულ უდიდეს დარღვევაზე. ეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოხდა. თუმცა, კანონის თანახმად, როცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხდება, შემთხვევის ადგილზე ძებნას პროკურატურის თანამშრომლები ახორციელებენ, ამჯერად ასე არ მომხდარა. შემთხვევის ადგილი ორად გაყვეს. ეზო პროკურატურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, ავტოფარეხის სახურავი კი - შსს-ის თანამშრომლებმა, თუმცა ამის უფლება არ ჰქონიათ. რატომ მოიქცა ასე შსს? შესაძლოა, პროკურატურა არ წავიდა ყალბი ნივთმტკიცების შექმნაზე ან არსებულის გაქრობაზე? სამაგიეროდ, წავიდა გაჩუმებაზე, თუკი ამას შსს გააკეთებდა? ასე იყო თუ ისე, უკანონო დათვალიერებას შემთხვევის ადგილიდან მოკლულის კუთვნილი სათვალის გაქრობა მოჰყვა. ამის გამო გამომძიებელს მხოლოდ საყვედური გამოეცხადა.

იმ დღეს გამცემლიძის მზის სათვალე სტომატოლოგიური კლინიკის წინ მდებარე ტერიტორიიდან ტყვიის მასრასთან ერთად ამოიღეს და ეს ფაქტი შეტანილია დათვალიერების ოქმში.  მაგრამ სულ მალე სათვალე გაუჩინარდა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? სასამართლოს შეეძლო ამის გარკვევა, მაგრამ არ გაურკვევია: როგორ მოხვდა შუაღამის 2 საათზე სასიკვდილოდ დაჭრილი კაცის გვერდით მზის სათვალე? მზის სათვალით ღამით ხომ არავინ დადის? გამცემლიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები ამტკიცებენ, რომ გიორგის არ ჰქონია სათვალის შუბლს ზემოთ გაკეთების ჩვევაც. ის სათვალეს ყოველთვის „ბარდაჩოკში“ დებდა. მაშ, როგორ აღმოჩნდა იგი ქუჩაში, ძირს დაცემული გამცემლიძის გვერდით? როგორ გადმოვიდა იგი მანქანიდან და როგორ დაიკავა ადგილი პატრონის გვერდით? ვინ მიეხმარა ამაში გამცემლიძის სათვალეს? რა კავშირი აქვს ამ უცნაურ ტრაექტორიას პოლიციელების მიერ შემთხვევის ადგილის უნებართვო დათვალიერებასთან? იქნებ ის, რომ მათ დაევალათ სათვალეზე სავარაუდო თითის ანაბეჭდების წაშლა?

სიტყვა ეძლევა განსასჯელის ადვოკატს

ამ სასამართლოს მეტად მოულოდნელი ფინალი აღმოაჩნდა: დარბაზი გულისწყრომით ისმენდა განაჩენს. დაზარალებულ მხარეს პროცესი უკვე დატოვებული ჰქონდა. და როცა ირგვლივ მიმოვიხედე, რათა დამენახა ის, ვინც მიცვალებულს სასამართლო ასე მშრალზე მოუგო, შევშფოთდი, მასაც ისეთივე უკმაყოფილო სახე ჰქონდა, როგორიც ყველას. ეს მკვლელის დამცველი გახლდათ. მირდატ ქამადაძეს ვკითხე: არ ხართ კმაყოფილი?
- სულაც არ ვარ კმაყოფილი. ვფიქრობ, რომ პირობითი სასჯელიც საკმარისი იქნებოდა. რა საჭირო იყო ციხე? თუმცა, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, განაჩენს გავასაჩივრებ თუ არა.

  
ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში“ – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერი - „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“.

ახალი ამბები