კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბორტების ასაკი გაახალგაზრდავდა და 14 წლის გოგონები იკეთებენ

2 თებერვალი, 2009

არალეგალური აბორტებით მსოფლიოში 68 000 ქალი იღუპება
ეკა გულუა


21-ე საუკუნეში არალეგალური აბორტები ისევ პრობლემაა. არადა, აღნიშნულის გამო,  მსოფლიო მასშტაბით, 67 900 ქალი იღუპება. ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც, მით უფრო, რომ აბორტების ასაკი გაახალგაზრდავდა და მუცლის მოსაშლელად 14-19 წლის გოგონები ექიმებს ხშირად მიმართავენ.

მართალია, არცერთი გინეკოლოგი აღიარებს, რომ მას პაციენტისთვის არალეგალური აბორტი გაუკეთებია, თუმცა სხვების მისამართით ამბობენ, რომ უსინდისო კოლეგები ფულის გამო ამაზე მიდიან. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ერთ-ერთი ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც საკმაოდ ცნობილი გინეკოლოგია, ამბობს, რომ მას არალეგალური აბორტების შეთავაზება არაერთხელ ჰქონია: „სასაცილოა, რომ 21-ე საუკუნეში არალეგალურ აბორტებზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ეს რეალობაა. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან ასეთი აბორტები სახლებში და არასამადიცინო ადგილებში კეთდება. სწორედ ამიტომაც არის ის საშიში, რადგან ქალი არასტერილური გარემოდან ათასნაირ ინფექციას იკიდებს, რაც შემდეგ რთულდება, სხვადასხვა დაავადებებში გადადის და იღუპება ან მთელი ცხოვრება იტანჯება. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, რომლებიც არალეგალურ აბორტებს აკეთებენ, კრიმინალები არიან. მათი ინტერესი მხოლოდ ფულია და სხვა არაფერი. თუ ლეგალური აბორტი, ვთქვათ, 50 ლარი ღირს, არალაგალურად მას 5-ჯერ ძვირს უხდიან. მსგავსი შემოთავაზება მეც არაერთხელ მქონია. კიდევ ერთი პრობლემა სწორედ ის არის, რომ არალეგალური აბორტების მოთხოვნილება საკმაოდ გაზრდილია თინეიჯერებში, 14-19 წლის გოგონებში. ისინი არალეგალურ და რისკიან აბორტებს იმიტომ იკეთებენ, რომ ეშინიათ მათი ფეხმძიმობა ოჯახის წევრებმა არ გაიგონ.“       

16 წლის გოგოს ისტორია
იმისათვის, რომ 16 წლის ნინა საკუთარი ისტორიაზე სასაუბროდ დაგვთანხმებოდა, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. როცა დარწმუნდა, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით, სასაუბროდ გაიხსნა კიდეც. მას პრობლემები 15 წლის ასაკში შეექმნა, რის გამოც, იძულებული გახდა, 4 თვის ნაყოფი არალეგალურად მოეცილებინა. მისი ისტორია კი მაშინ დაიწყო, როცა 15 წელს მიუღწეველი მოიტაცეს.
ნინა: მართალია, ის ბიჭი არ მიყვარდა, თუმცა იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი. იმის შიშით, რომ მამა და ძმა იმ ბიჭს მოკლავდნენ, მასთან 6 თვე ვიცხოვრე. შემდეგ კი გავშორდი. იცოდა, რომ არ მიყვადრა და გავეყრებოდი და ამიტომ უნდოდა, ბავშვი გამეჩინა. სქესობრივ ცხოვრებაზე და მით უმეტეს ფეხმძიმობაზე არანაირ ინფორმაციებს არ ვფლობდი. როცა დაორსულების შესახებ გავიგე, უკვე 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი. რადგან ოჯახის შენარჩუნებას არ ვაპირებდი, გადავწყვიტე, აბორტი გამეკეთებინა. დიდი პრობლემების შემდეგ, როგორც იქნა, ვიპოვე გენოკოლოგი, რომელმაც აბორტი საკუთარ სახლში 250 ლარად გამიკეთა. როგორც ჩანს, კარგი სპეციალისტი არ იყო. სისხლის დენა დამეწყო და სერიოზული პრობლემები მქონდა. მოკლედ, დაწვრილებით საუბარი არ მინდა, მაგრამ პრობლემებს დღემდე ვმკურნალობ. 6 თვის წინ ერთი ოპერაციის გაკეთებაც კი მომიწია.“
რესპონდენტმა დიაგნოზის შესახებ საუბარი არ ისურვა, თუმცა არ დამალა, რომ შესაძლოა, შვილი არ ეყოლოს.
მსგავსი მიზეზების გარდა, საკმაოდ ხშირია სხვა, შედარებით მარტივი მიზეზები. მაგალითად, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები, რის გამოც თინეიჯერები აბორტებს (როგორც ლეგალურ ისე არალეგალურს) იკეთებენ. 15 წლის ინკოგნიტო რესპონდენტი თეო ამბობს, რომ შეყვარებულისგან დაფეხმძიმდა, მაგრამ რადგან შვილის გაჩენა მისთვის ადრე იყო და თან მშობლების ეშინოდა, მუცელი არალეგალურად მოიშორა: „ერთმანეთი დღემდე გვიყვარს, მაგრამ ბავშვი არ გვინდოდა. 2 თვის ვიყავი, როცა ფეხმძიმობის შესახებ გავიგე. სხვა რა გზა მქონდა, ნაცნობი ექიმი ვნახე და მუცელი მოვიშალე. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ჯერ დედობისთვის მზად არ ხარ და ბავშვის მოვლა არ შეგიძლია, ცუდად გაზრდას არ ჯობია, საერთოდ არ გააჩინო?”    

რას ფიქრობენ ექსპერტები
ექსპერტები აბორტების გაახალგაზრდავებისა და ალარეგალური აბორტების ერთ-ერთ მიზაზად ახალგაზრდების უცოდინრობას ასახელებენ, კერძოდ იმას, რომ თინეიჯერები კონტრაცეფტივებისა და უსაფრთხო კავშირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც “ქალთა ცენტრის” პრეზიდენტი, პროფესორი ია ვერულაშვილი “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას აცხადებს, ეს ის საკითხია, რომელიც საქართველოში ტაბუდადებულია და არსად ისწავლება: „სამწუხაროდ, აბორტების საკითხი ჩვენთან ტაბუდადებულია და ვერ ილაპარაკებ. საკითხი რომ დააყენო, საგანმანათლებლო მუშაობა სკოლებში უნდა ჩაატარო. მოგმცემს ეკლესია ამის უფლებას? არადა, აუცილებელია, ახალგაზრდას, ასწავლო რატომ უნდა თქვას აბორტზე და მით უმეტეს არალეგალურზე უარი. იმიტრომ, რომ ეს მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის. მას უნდა ასწავლო, რომ ახალგაზრდა არ უნდა ქმნიდეს ოჯახს დატვირთული და სექსუალური გზით გადამგდები უამრავი დაავადებებით, რაც უშვილობის ერთ-ერთი მიზეზია. სამწუხაროდ, საქართველოში საგანმანათლებლო პოლიტიკა არ ხორცელდება, რატომ არ უნდა გაიკეთოს ქალმა აბორტი და რატომ უნდა იხმაროს კონტრაცეფტივი. ასევე პრობლემაა ისიც, რომ ჩვენთან ორსულობის დაგეგმვის შინაგანი კულტურა არ არსებობს.”

როგორც რესპონდენი ამბობს, “ქალთა ცენტრმა” შიდსთან და სხვა დაავადებებთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი შექმნა და საკმაოდ რთული სურათი მიიღო: “ზარები  არ წყდებოდა, ყველა რეკავდა, სიმპტომებს გვეუბნებოდა და კითხულობდა, მას შიდსი ხომ არა აქვს. მათ ოფისში მოსვლას და კონსულტაციებს ვთავაზობდით, თუმცა, ვერ ვაგებინებდით, რომ ამ დაავადების გამოვლენა ტელეფონზე საუბრით არ ხდებოდა. ოფისში მოსვლა არ სურდათ. სამწუხაროდ, ძირითადად სწორედ თინეიჯერები რეკავდნენ.”

პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობის განათლებას მიიჩნევს აკადემიკოსი, საქართველოს ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის პრეზიდენტი, ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი არჩილ ხომასურიძეც. მისი თქმით, საქართველოში ოჯახის დაგეგმვის და კონტრაცეფტივების მოხმარების კულტურა არ არსებობს: “აუცილებელია, მოსახლეობა გავანათლოთ, ვასწავლოთ, რომ აბორტი ცუდია და კონტრაცეფტივების მოხმარებისა და ოჯახის დაგეგმვის კულტურა უნდა ავწიოთ. ამაში კი სწორედ მედიის დახმარება გვჭირდება. 1987 წელს ჩვენ ეპიდემიოლოგიოური (ანონიმური გამოკითხვა) კვლევა ჩავატარეთ, რომლის მიზანი არალეგალური აბირტების რიცხვის გამორკვევა იყო. მაშინ რეგისტრირებული იყო 100 000 ლეგალური აბორტი. არალეგალური აბორტების რიცხვი კი 200 000 აღმოჩნდა, ანუ 2-ჯერ მეტი. ჩვენთან ქალები 5,10,15, 30 აბორტს ისე იკეთებდნენ, თითქოს არაფერი. მაშინ კონტრაცეფცია არ არსებობდა და აბორტებით  ჯანმრთელობას ინგრევდნენ. დღეს კი სხვა რეალობაა და ვფიქრობ, აბორტები პრობლემა არ უნდა იყოს. დღეს საქართველოში კონტრაცეპტივებს დაახლოებით 50% ხმარობს.”
რაც შეეხება აბორტების ასაკის გაახალგაზრდავებას, რესპონდენტი აღნიშნულ პრობლემასაც გაუნათლებლობას უკავშირებს და ამბობს, რომ ჩვენი საზოაგადოება ამ მხრივ სქესობრივად ინვალიდია: “აბორტები ძალიან გაახალგაზრდავდა და თითქმის 14 წელს მიაღწია. ძალიან გაიზარდა აბორტის შემთხვევები 15 წლის ასაკში. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში სქესობრივი განათლება საერთოდ არ არსებობს. არადა, მაგალითად, დანიაში დოზირებულ, შემოწმებულ, ფრთხილ სქესობრივ აღზრდას თითქმის მეორე კლასიდან ასწავლიან. ჩვენთან კი თითქმის არაფერი იციან სქესობრივი ცხოვრების შესახებ არა მარტო ქალებმა, არამედ მამაკაცებმაც. ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ სქესობრივი ინვალიდია.”

სტატისტიკა
რაც შეეხება აბორტების სტატისტიკას, მსოფლიოში წელიწადში 46 მილიონი აბორტი კეთდება. აქედან, 19 მილიონი რისკიანი და საშიშია, რადგან არაკვალიფიციური ადამიანის მიერ ისეთ ჭუჭყიან და არაჰიგიენურ ადგილებში კეთდება, რომელიც მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

მსოფლიო მასშტაბით, 5 ფეხმძიმობიდან ყოველი 1 შემთხვევა აბორტით მთავრდება. 10 შემთხვევიდან კი ერთი რისკიანი და საშიში აბორტია. 2 შემთხვევა ყოველი 5 რისკიანი აბორტიდან არის 15 წლამდე გოგონებში, ერთი შერმთხვევა კი 7-დან არის 20 წლამდე ასაკის გოგონებში. რისკიანი აბორტების შედეგად, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემდეგია: მსოფლიო მასშტაბით – 67 900, განვითარებულ ქვეყნებში – 300, განვითარებადში – 67 500. რაც შეეხება საფრთხიანი აბორტების ასაკობრივ ზღვარს, განვითარებად ქვეყნებში 26%-ს 20-24 წლის გოგონები შეადგენენ, 25%-ს 25-29 წლის ქალბატონები, 19%-ს 30-34 წლის ქალები, 17%-ს 35-44 წლის, 14%-ს  - 15-19 წლის ახალგაზრდები.

განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 6 ქორწინებიდან ერთი ქალი არასასურველი ფეხმძიმობის წინაშე დგას. მათ ურჩევნიათ არ დაფეხმძიმდნენ, მაგრამ კონტრაცეფტივებს არ იყენებენ. იმ ქვეყნებში, სადაც აბორტები ლეგალურია, ქალები  უფრო დაცულები არიან, რადგან აბორტებს სპეციალისტები აკეთებენ.
რაც შეეხება კონტრაცეფტივების მოხმარებას, საქართველოში არსებული სტატისტიკით, 2007 წელს 2005 წელთან შედარებით მისი მოხმარება 11,5%-ით შემცირდა.  

ახალი ამბები