კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორმა თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა აიძულა

3 თებერვალი, 2009

 გ. ღვინიაშვილი, კახეთის გუბერნატორი

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, 23 იანვარს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს. 20 განცხადებიდან გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. ადმინისტრაციის იურისტი ზიტა იმანოვა და პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმანოვა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრია, მარი შაშვიაშვილი კი ტელერადიოკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად რადიო "პალიტრას" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ჟანა დიდებაშვილის ქალიშვილი. ამ დეტალების გამო უფლებადაცვით ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმანოვა და შაშვიაშვილი სამსახურიდან პოლიტიკურად არასაიმედოობის ნიშნით გაათავისუფლეს.

გუბერნატორის დავალებითვე ადმინისტრაციის დანარჩენმა თანამშრომლებმა იმავე დღეს დაწერეს განცხადებები მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით მუშაობის გაგრძელების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ შაშვიაშვილს და იმანოვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები თავად ჰქონდათ დაწერილი, მათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ერთი თვის ხელფასის ოდენობით ფულადი კომპენსაციაც არ მისცეს.

როგორც ცნობილია, 2008 წლის 20 დეკემბერს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ტესტირება ჩატარდა. ზიტა იმანოვა ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამსვლელი ქულები დააგროვა და ატესტაციის მეორე ეტაპი, გასაუბრებაც გაიარა. ტესტირების შედეგად გამსვლელი მინიმალური ქულები გუბერნატორის ადმინისტრაციის 15 თანამშრომლიდან 11-მა ვერ მიიღო. ბევრმა მათგანმა, რომლებიც სამსახურის უფროსების და მთავარი სპეციალისტების თანამდებობებს დღემდე ინარჩუნებენ, ისეთ მარტივ შეკითხვებზეც ვერ გასცეს სწორი პასუხი, როგორიცაა, მაგალითად, რამდენ დღეში უნდა გასცეს საჯარო მოხელემ დაწესებულებაში დაცული საჯარო ინფორმაცია; ვინ ნიშნავს გუბერნატორს თანამდებობაზე და ა.შ.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერის დავალდებულების ფაქტს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრში" კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად აფასებენ. ორგანიზაციის ცნობით, ცოტა ხნის წინ, სამხარეო ადმინისტრაციის დავალებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსაც დააწერინეს.

"საქართველოს კონსტიტუციით შრომა თავისუფალია. შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამავე კოდექსით, შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რასაც, ჩვენი მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იმანოვას და შაშვიაშვილის მიმართ, იმიტომ, რომ ორივე მათგანი ჩათვალეს პოლიტიკურად არასაიმედო ადამიანებად, რადგან ზიტა იმანოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრია და მარი შაშვიაშვილი ტელერადიოკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტის, ამჟამად კი რადიო "პალიტრას" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ჟანა დიდებაშვილის ქალიშვილი.

კანონმდებლობა ასევე კრძალავს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, გუბერნატორის დავალებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები აიძულეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაეწერათ. ამას ისიც ადასტურებს, რომ როგორც ამ და ასევე გურჯაანის გამგეობის შემთხვევაში, დასაქმებულ პირებს თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებები აბსოლუტურად ერთი და იგივე ტექსტით და ერთ დროს აქვთ დაწერილი. შეუძლებელია, ერთდროულად ოცმა და ორმოცმა ადამიანმა უმუშევრად დარჩენა გადაწყვიტოს და ყველა მათგანს ერთი და იგივე დროს გაუჩნდეს მიზეზი ამ ქმედების განხორციელებისა, იძულებას თუ არ ჩავთვლით", - აღნიშნავს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნესტან ლონდარიძე.

რატომ არღვევს კახეთის გუბერნატორი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მიღებას გუბერნატორისგან ვცდილობდით, მაგრამ ღვინიაშვილი იმ ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს, რომლებიც "მის პიარს არ ემსახურებიან", არ პასუხობს. კომენტარისთვის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს მივმართეთ.

"სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განცხადებების დაწერა არავის მოუთხოვია. იძულებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა სიბაშვილმა.

- ბატონო გიორგი, მათ ჩემთან საუბარშიც არ უარყვეს, რომ განცხადებების დაწერა მოსთხოვეთ, თუმცა არ გითქვამთ, ვის გაათავისუფლებდით. ვინც არ დაწერდა განცხადებას, კი პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრეთ.

- მე გეუბნებით, რომ მათ განცხადებები თვითონ დაწერეს.

- რატომ, არ დაინტერესდით რა მიზეზით, განცხადებებში ხომ ამის შესახებ არაფერია მითითებული?

- მარი შაშვიაშვილს განცხადება სამჯერ მაინც აქვს დაწერილი. სხვაგან სურდა მუშაობა.

- კი მაგრამ, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს 23 იანვარს და ერთი და იგივე ტექსტით რატომ აქვს განცხადება დაწერილი, თუ მათი ნების გამოვლენაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია? სამსახური აქვთ და ერთდროულად ყველა მათგანი ამბობს, გამათავისუფლეთო. არადამაჯერებელია.

- არ გამოვრიცხავ, რომ განცხადებების დაწერის მიზეზი იყოს ტესტირების შედეგები. შესაძლოა, მათ, იმ მიზეზით, რომ ტესტირება ვერ გაიარეს, რაც შეიტანებოდა შრომის წიგნაკში, სამსახურიდან წასვლა არ უნდოდათ.

- იმანოვამ და მის გარდა ადმინისტრაციის კიდევ სამმა თანამშრომელმა ტესტირების შედეგად ხომ დააგროვეს გამსვლელი ქულები და გასაუბრებაც გაიარეს? თქვენს მიერ დასახელებული მიზეზით როგორ გაათავისუფლებდით?

- ალბათ, ზიტა იმანოვამ თვითონ გადაწყვიტა სხვა სამსახურში გადასვლა.

- ბატონო გიორგი, ჩვენ ვესაუბრეთ ზიტას, მან დეტალების საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა, თუმცა არ დაუმალავს, რომ განცხადება გუბერნატორის დავალებით დაწერა.

- ვერ გეტყვით. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმაც დაწერეს განცხადებები, მაგრამ ისინი მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ, რომ მუშაობა არ შეფერხდეს.

ახალი ამბები