კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება

3 თებერვალი, 2009

სოზარ სუბარი: "ხელისუფლება იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ჟურნალისტებს ავიწროვებენ"

გელა მთივლიშვილი

საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება. რეგიონულ კორესპონდენტებს, გარდა იმისა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ფიზიკური ანგარიშსწორებით, გატაცებით და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასეთ ფაქტზე ვრცელდება ინფორმაცია და დაზარალებულებს, ხშირ შემთხვევაში, განცხადება მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურაშიც შეაქვთ, არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.

რამდენიმე დღის წინ გურიაში გამომავალის გაზეთის "გურია ნიუსის" რედაქციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე გაზეთის ჟურნალისტებს ნატო გოგელიას და გიორგი გირკელიძეს, რომლებმაც მისი საქმიანობის შესახებ კრიტიკული პუბლიკაციები მოამზადეს და გამოაქვეყნეს, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ია მამალაძემ, ჟურნალისტების ხელშეუხებლობის მოთხოვნით, სამართალდამცავი და სახელისუფლებო ორგანოების გარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებსაც მიმართა.

"საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ "ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის, და არა ხალხს – ხელისუფლების. ხელისუფლება უნდა აბარებდეს ანგარიშს ხალხს და არა ხალხი – ხელისუფლებას". ჩვენ თქვენგან ამ პრინციპის რეალურად დაცვას მოვითხოვთ და უარს ვაცხადებთ მუდმივად დემოკრატიულობის მითში ცხოვრებას შევურიგდეთ", - ნათქვამია "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრობლემები აქვთ აჭარაში მომუშავე ჟურნალისტებსაც. 23 იანვარს, გაზეთ "ბათუმელების" კორესპონდენტი ნათი როყვა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

ნათია როყვა: "საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიჯექი როცა დავინახე, რომ ერთ - ერთი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ნიღბიანი პირები ნივთებს ქუჩაში ისროდნენ. ავტობუსიდან ჩამოვედი და ქუჩის მეორე მხრიდან ფოტოების გადაღება დავიწყე, რა დროსაც ჩემთან სოდის თანამშრომლები მოვიდნენ და ფოტოების წაშლა მომთხოვეს, ჯერ თავაზიანად. უარის მიღების შემდეგ შემაგინეს და საკანში გამოკეტვით დამემუქრნენ. ნების საწინააღმდეგოდ მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს. სოდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მანქანაში ისევ გამიმეორა, რომ დაკავებული ვარ... მერე ტელეფონით ვინმე ბატონ დავითს აუხსნეს რაც მოხდა და შემდეგ გამომიშვეს. დღის ბოლოს ტელევიზიით ვნახე ჩემს დაკავებაზე რა კომენტარი გააკეთა შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა. ზუსტი ციტირება გამიჭირდება, რაღაც ასეთი თქვა, აკრძალულ ადგილზე შევიდაო; არადა, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო".

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ჟურნალისტების უფლებებს კახეთშიც არღვევენ. 07 იანვარს გურჯაანის პოლიციის უფროსმა სოსო მარტაშვილმა ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის, "პირველი არხის", "გურჯაანის", ასევე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინტერნეტ გაზეთის და კახეთის რეგიონული გაზეთის "იმედის" კორესპონდენტებს, მაშინ, როცა ისინი რაიონული სასამართლოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას იღებდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  დაკავებითაც დაემუქრა.

"საპროტესტო აქცია თითქმის დასრულებული იყო, როცა პოლიციის მანქანით მარტაშვილი მოგვიახლოვდა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო და ჩვენი მისამართით უცენზურო სიტყვებით გინება დაიწყო. "მაგ მიკროფონებს ერთ ადგილზე გაგთხრით და სპორტსმენების მსგავსად თქვენც გაგსროკავთო", - ყვიროდა. ამასთან ერთად, ის დაკავებითაც დაგვემუქრა. მიგვანიშნა, რომ თუ "წყნარად არ ვიქნებით, ნარკოტიკები შესაძლოა, არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებსაც აღმოაჩნდეთ", - განაცხადეს ჟურნალისტებმა.

საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს, კახეთში რამდენიმე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა საკუთარ ხელჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერების მსგავსი ფხვნილი არაერთხელ იპოვა.

ჟურნალისტი ია ანთაძე, რომელიც კარგად იცნობს რეგიონულ მედიას და ავტორია გადაცემისა "რეგიონული მედიის მიმოხილვა", რომელიც ყოველ კვირას რადიო "თავისუფლების" ეთერით გადის, მიიჩნევს, რომ რეგიონულ ჟურნალისტებზე გაუთავებელ ზეწოლას, მათი დამოუკიდებლობა განაპირობებს.

"ხელისუფლების მიერ რეგიონული მედია უფრო გაუკონტროლებელია, ვიდრე ცენტრალური. ყველაზე უფრო თავისუფალი სეგმენტი მთელს ქართულ მედიაში არის რეგიონული გაზეთები. ამიტომაც, თუ დავაკვირდებით, ძირითადად პრობლემები გაზეთების კორესპონდენტებს აქვთ. თუნდაც აგვისტოს ომის დროს რეგიონულმა მედიამ გაცილებით კარგად იმუშავა. ადგილობრივი მედიასაშუალებები უფრო ადექვატურად აშუქებდნენ მოვლენებს, ვიდრე ცენტრალური.
რეგიონულ მედიაში ბევრი პრობლემაა. ჩვენ ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს", - აღნიშნავს ია ანთაძე.

საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს კი მიაჩნია, რომ რეგიონულ ჟურნალისტებზე ზეწოლის და დაშინების ფაქტების გახშირება, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არ არსებობამ გამოიწვია, მსგავსი ფაქტები სათანადოდ იქნეს გამოძიებული.

"რეგიონებში ჟურნალისტების შევიწროვებამ ტენდენციის ხასიათი მიიღო.  შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი სადღაც იგეგმება, მაგრამ იგივე დაგეგმვაა, როდესაც ამ ყველაფერზე რეაგირება არ ხდება, როდესაც არავინ არ ისჯება და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. უფრო მეტიც, ხელისუფლების მხრიდან ხდება იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც კანონს უხეშად არღვევენ. მაგალითად, არსებობს ჩანაწერი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ როგორ შევიდა ვინმე ისაკო ცქიფურიშვილი რადიო "ჰერეთში" და როგორ ემუქრებოდა მათ დარბევით, თუ "ჰერეთის" ჟურნალისტები არ შეწყვეტდნენ ხელისუფლების კრიტიკას. ამ ფაქტზე მოვითხოვეთ გამოძიება და დაიწყო კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცქიფურიშვილი თავის საარჩევნო სიაში ჩაწერა. იგივე ისაკო ცქიფურიშვილი შევიდა საარჩევნო უბანზე, სადაც მას კანონით ყოფნის უფლება არ ჰქონდა და ჟურნალისტ გოგონას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუმტვრია დიქტოფონი და აგინა. ეს კაცი საპარლამენტო სიაშია და შესაძლოა, ის კანონმდებლადაც მოგვევლინოს", - აცხადებს სახალხო დამცველი.

აღნიშნული ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩის" 2008 წლის ანგარიშშიც მოხვდა. "სიტუაცია არაერთგვაროვანია ქართულ მედიაში. ბეჭდვითი მედია ტელევიზიისგან გასხვავებით საკმაოდ რეზონანსულია. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არჩევნების დროს მათზე ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდებოდა. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი თავს დაესხა რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტს ხათუნა გოგაშვილს. წაართვა დიქტოფონი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა. თებერვალში დამოუკიდებელი ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებდა, რომ არჩევნებამდე და მის მერე სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლების მხრიდან ზეწოლისა და თვალთვალის ობიექტი გახდა. ჟურნალისტების განცხადებით, მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ", - ნათქვამია ანგარიშში.

ბოლო დროს რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის ხარისხის მკვეთრად გაუარესებას ეხება საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსიც". დასკვნაში, რომელიც ორგანიზაციამ 12 იანვარს გამოაქვეყნა, საქართველო კვლავაც რჩება "ნაწილობრივ თავისუფალ" სახელმწიფოდ, მაგრამ პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის გამო, რომელსაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, საქართველო „არჩევითი დემოკრატიების“ ქვეყნების რიგს გამოეთიშა.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა. 23 იანვარს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში, მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემის დროს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლების თემით ხელისუფლების კრიტიკოსები მანიპულირებენ.

ახალი ამბები