08:14, Monday, 24.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილები ნახევრად მშივრები არიან

04.02.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

აგვისტოს ომის შედეგად ფრონეს და დიდი ლიახვის ხეობებიდან დევნილები, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ, მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. იძულებით გადაადგილებულ პირებს არ აქვთ საკმარისი საკვები და მათთვის სამედიცინო დახმარებაც ხელმიუწვდომელია.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში შიდა ქართლიდან დევნილი 266 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 86 ოჯახი თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში კომპაქტურად არის ჩასახლებული. დანარჩენი, დაახლოებით 70 - მდე ადამიანი კი თავს ნათესავებს აფარებს.

დევნილების საცხოვრებლად სამივე მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი შენობები, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით შეკეთდა. დევნილები უზრუნველყოფილები არიან ავეჯით, გათბობით და სამზარეულო ნივთებით, მაგრამ რაც მთავარია, როგორც თავად ირწმუნებიან, არ აქვთ საკმარისი საკვები და აუცილებელი საჭიროების შემთხვევაშიც კი, უფულობის გამო ვერ იღებენ ექიმების კონსულტაციას.

"საკვებად მხოლოდ მაკარონს და ლობიოს გვაძლევენ, თან იმდენად ცოტას, რომ როგორი ეკონომიურადაც არ უნდა მივიღოთ, ორ დღეში ერთხელაც რომ ვჭამოთ, მაინც არ გვყოფნის. აღარაფერს ვამბობთ ბავშვებზე, ისინი ლობიოს და მაკარონს საერთოდ ვეღარ ჭამენ და მშივრები არიან. ამ პროდუქტებს ვერც ვცვლით, რადგან ნაკლებად ხარისხიანია და არავის უნდა. ფიზიკურად, მუშად მუშაობაზეც არ ვამბობთ უარს, თუნდაც დაბალი ანაზღაურებით, მაგრამ არც სამუშაოა. ნახევრადმშივრები რომ ვართ, ჯანმრთელობაც შეგვერყა, მაგრამUუფულობის გამო ვერც ექიმთან მისვლას ვბედავთ. რამდენიმე დღის წინ სამშობიარო სახლში გოგონა მივიყვანეთ და ექიმებმა რომ გაიგეს დევნილები ვიყავით და არაფრის გადახდის საშუალება არ გვქონდა, პირდაპირ გვითხრეს, ჩვენთან მომსახურება ფასიანია და უფასოდ ვერ მოგემსახურებითო", - აცხადებენ დევნილები.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის თქმით, იძულებით გადაადგილებული პირები სახარბიელო პირობებში არ არიან, თუმცა მათი საკვებით უზრუნველყოფა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ევალება. "დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის, თუმცა მუნიციპალიტეტების გამგეობები მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. მაგალითად, საახალწლოდ გადაეცათ სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ასევე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ყოველ ორ დღეში ერთხელ ვაწვდით პურს. რაც შეეხება მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ამაზე სამედიცინო დაწესებულებებში უარს არავინ ამბობს", - განაცხადა სიბაშვილმა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილებს სურსათით მსოფლიო სასურსათო პროგრამა ამარაგებს და ერთ სულზე ყოველდღიური რაციონი შეადგენს: 150 გრამ მაკარონს, 50 გრამ ლობიოს, 20 გრამ შაქარს, 5 გრამ მარილს, 30 გრამ ზეთს და 350 გრამ პურს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩევლის, ვალერი კოპალეიშვილის ცნობით, აღნიშნული დახმარება დევნილებზე 30 დღეში ერთხელ გაიცემა.

იმ შემთხვევაში თუ დევნილების სოციალური პირობები არ გაუმჯობესდა, ისინი რეგიონებში საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე დაემუქრა, თუ პრობლემების შესახებ საუბარს არ შეწყვეტენ, რა დახმარებასაც იღებენ, იმასაც ვეღარ მიიღებენ. გუბერნატორის მოადგილე კიკნაძე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. "დამერწმუნეთ, ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა. შესაძლოა, მე როგორც გუბერნატორის მოადგილე მათ ადამიანურად ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევ, როგორი მხარდაჭერაც უნდა გამოვიჩინო, მაგრამ მათ მიმართ ჩემი მხრიდან მუქარას ადგილი არასოდეს ჰქონია", - აღნიშნა კიკნაძემ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
პოლიტიკური ანგარიშწორება კორუფცია მიჭირს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC