კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „მაესტრო“ დახმარებას ითხოვს

13 თებერვალი, 2009

საკაბელო ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ მის ტელეკომპანიას დარბევა ემუქრება.

როგორც ღლონტმა გაზეთ ”რეზონანსს”განუცხადა, გადაცემა ”საკანის” ეთერში გასვლის შემდეგ, ”მაესტროში” გამაფრთხილებელი შინაარსისა და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მომრავლდა, ამასთან, მას უკავშირდებიან ”მეგობრები” სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

"დღეში რამდენიმე ზარი შემოდის. ზოგი მეგობრულად რეკავს და გვაფრთხილებს, ზოგიც მუქარის ტექსტებს გვიგზავნის”, - ამბობს მამუკა ღლონტი ”რეზონანსთან” ინტერვიუში. მისი თქმით, გამაფრთხილებელი და მუქარის ზარები ტელეკომპანიის ტელეფონზე შედის.

”...ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც სოდ-ში და კუდ-ში მუშაობენ. სწორედ ამ სტრუქტურებიდან მოგვდის ხმა, რომ რაღაც მზადდება, გვეუბნებიან, რომ სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება მოხდეს მაესტროზე თავდასხმა. ეს შეიძლება იყოს აპარატურის ან გადამცემის გაფუჭება. ჩვენ ამ საშიშროებას რეალურად ვგრძნობთ, გამომდინარე იმ აჟიოტაჟიდან, რაც მოჰყვა ჩვენს გადაცემებს, მათ შორის ყველაზე რეიტინგულ გადაცემა ”საკანს”,- ამბობს ღლონტი.

”საკანი”, რომელიც 2009 წლის 20 იანვრიდან გადის ეთერში, 24-საათიანი უჩვეულო ტელეშოუა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. ცნობილი მუსიკოსი გიორგი გაჩეჩილაძე (შემოქმედებითი ფსევდონიმი - ”უცნობი”) ”ზის” ტელესტუდიაში მოწყობილ პირობით საკანში და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს. ”საკანში” დამონტაჟებული კამერების წყალობით, გაჩეჩილაძე 24 საათის განმავლო ბაში ეთერშია.

გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ის ”საკანს” მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვებს.

”პატიმართან” პაემანზე, ძირითადად, ხელისუფლების ოპონენტები დადიან. გაჩეჩილაძესთან საუბრის მთავარი თემა კი პოლიტიკაა. რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტი ამ გადაცემას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მისი გუნდის ზოგიერთი წევრი გაღიზიანებას უკვე ღიად ამჟღავნებს, მაგალითად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე, რომელმაც, მამუკა ღლონტის თქმით, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ”მაესტროს” თანამშრომლებს ნარკომანები და რუსეთის აგენტები უწოდა.

ღლონტის განცხადებით. მსგავსი ბრალდების განმეორების შემთხვევაში, ”მაესტრო” თარგამაძეს სასამართლოში უჩივლებს.

ღლონტმა კიდევ ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში, კერძოდ, გაზეთ ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, არასამთავრობო სექტორს და საქართველოს საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვან ”მაესტროზე” ძალადობა.

”ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია”, - აცხადებს ღლონტი.

ტელეკომპანია ”მაესტრო” არის პატარა საკაბელო ტელევიზია, რომლის მაუწყებლობა თბილისში ვრცელდება. ტელეკომპანია 2007 წლის ბოლოდან იბრძოდა, რათა საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების წარმოების უფლება მოეპოვებინა. არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია იძულებული გახდა ”მაესტროსთვის” ეს უფლება მიეცა.

წყარო: presa.ge

 

ახალი ამბები