კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუხობორების შემდეგ რუსეთს საქართველოდან მალაკნებიც მიჰყავს

16 თებერვალი, 2009
დუხობორების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მცხოვრები მალაკნების წაყვანასაც გეგმავს. როგორც მალაკნებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროდან, საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი, კრასნოდარის მხარეში გადასვლის შესახებ შეთავაზება უკვე მიიღეს და ამ დროისთვის დოკუმენტებს აწესრიგებენ. მათივე თქმით, გაუსაძლისი მდგომარეობის და ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემების გამო, საქართველო უკვე დატოვა ასობით მალაკანმა.

ისტორიული წყაროებით, მალაკნები საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოვიდნენ. რუსეთის ხელისუფლებასთან რელიგიურ საკითხებზე მათ უთანხმოება მოსვლიათ, დაპირისპირების გამო კი ქვეყანა დაატოვებინეს.

ამჟამად მალაკნები კახეთში, ძირითადად, სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში და ლაგოდეხის რაიონის სოფელ სვობოდნოეში ცხოვრობენ. ჩვენს მიერ ადგილობრივი სახელმწიფო სამსახურებიდან მოპოვებული მონაცემებით, ამ ორ სოფელში 1995 წლისთვის 1800-მდე მალაკანი ცხოვრობდა, 2000 წლისთვის მათი რიცხვი მკვეთრად, 750-მდე შემცირდა. ამ დროისთვის კი სოფელ ულიანოვკაში სულ 98 და სვობოდნოეშიც დაახლოებით ამდენივე მალაკანი ცხოვრობს.

მალაკნები, ისევე როგორ დუხობორები, რომლებიც სამცხე – ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონში ცხოვრობდნენ, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევენ. ამის გამო მათთვის მიწის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა 2004 წლამდე სახელმწიფომ მათ მიწა საკუთრებაში არ გადასცა. მალაკნების თქმით, ისინი კოლექტიურ მიწათსარგებლობას ეწევიან, მიწის არ ქონის გამო კი მათი სოციალურ – ეკონომიკური პირობები უკიდურესად გაუარესდა. ამასთან ერთად, სოფლებში სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში, მალაკნებს არ ასაქმებდნენ. ადგილობრივების ცნობით, სხვადასხვა ორგანიზაციების თუ ჯგუფის წარმომადგენლები ამას იმით ხსნიან, რომ სადაც მალაკნები არ მუშაობენ, ნაკლებია ქურდობის ფაქტები და ა.შ. სოფელში სამუშაოს გამოჩენის შემთხვევაში მალაკნებს იგივე მიზეზით დასაქმებაზე უარს ამჟამადაც ეუბნებიან. ამას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ულიანოვკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბადურ ბაიდოშვილისც ადასტურებს. "ამ პრობლემას ყურადღებას არავინ აქცევდა. მალაკნები აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე იყვნენ და არიან დარჩენილები, რამაც მათ აქედან წასვლაზე უბიძგა", - აღნიშნავს სოფლის ხელმძღვანელი.

ამ დროისთვის ულიანოვკასა და სვობოდნოეში ძირითადად მხოლოდ მოხუცებიღა ცხოვრობენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები რუსეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად მასობრივად წავიდნენ. აგვისტოს მოვლენებამდე საქართველოში დარჩენილები შესაძლებლობის შემთხვევაში შვილების და ახლობლების მონახულებას ხანდახან ახერხებდნენ ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ რაც საზღვარი ჩაკეტილია და ვიზები აღარ გაიცემა, ეს კავშირიც გაწყდა.

სიღნაღის გამგეობის წარმომადგენელი ბადურ ბაიდოშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, ნამდვილად შესთავაზეს თუ არა მალაკნებს მუდმივ საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში გადასვლა. "ამაზე ჩემთვის არავის უთქვამს. ვისაც შეუძლია, ისედაც მიდიან~" - განაცხადა ბაიდოშვილმა.

ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი არც თავად მალაკნებს სურთ, ოღონდ რამდენიმე ჩვენმა ნაცნობმა დაგვიკონკრეტა, რომ მხოლოდ დოკუმენტების მოწესრიგებამდე. მათივე თქმით, შეთავაზება საცხოვრებლად კრასნოდარის მხარეში გადასვლის თაობაზე, ერთი თვის წინ მიიღეს, რაზედაც როგორც ულიანოვკაში, ასევე სვობოდნოეში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა. "ამაზე როცა ერთად ვიკრიბებით სამლოცველოში, მაშინ ვსაუბრობთ. ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გვიწყობს, რუსეთში საცხოვრებლად გადასვლაზე თანახმა ვართ. შვილებიც და ნათესავებიც იქ გვყვავს. თანაც, როგორც გვითხრეს, მგზავრობის ხარჯებსაც რუსეთი დაფარავს, საცხოვრებლად სახლსაც გვაძლევენ და კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხასაც გვთავაზობენ. გარდა ამისა, პენსიით უზრუნველყოფასაც. აქ კი არაფერი გვაქვს, როგორი გაჭირვებულიც არ უნდა ვიყოთ, რადგან სუფთად და მოწესრიგებულად ვცხოვრობთ, დახმარებასაც არ გვაძლევენ, უდანაშაულო ხალხს იჭერენ, ყველაფერი წაგვართვეს, აბუჩად გვიგდებენ", - გვითხრეს მალაკნებმა. ისინი, ერთ კონკრეტულ ფაქტსაც იხსენებენ, როცა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ აბულაშვილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა და დაჭერით დაემუქრა.

"ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას ვაპროტესტებდით, რომლის საფუძველზეც მიწა, სადაც ხორბალი მოგვყავდა, გასაყიდად გაიტანეს. დახმარებას ხელისუფლებისგან ვითხოვდით. დეპუტატი აბულაშვილი შეგვხვდა, ოღონდ პროტესტის მიზეზების მოსმენის ნაცვლად, აღელვებულ ხალხს შეიარაღებული პირები მოგვისია. მეორე დღეს, თბილისში, პრეზიდენტთან ჩასვლას ვაპირებდით, მაგრამ დაგვემუქრნენ, აქციების გამართვა აგვიკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაპატიმრებთო. დეპუტატმა საჯაროდ გვიყვირა, "სექტანტები ხართ და რუსეთიდან როგორც მოეთრიეთ, ისევე წადით, თორემ ასე თუ გააგრძელებთ, აქ ვეღარ გაჩერდებითო", - იხსენებენ მალაკნები, რომელთა ბრალდებებსაც პარლამენტის წევრი უარყოფს.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აქტიურობით, საქართველოში მცხოვრები მალაკნების საცხოვრებლად რუსეთში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ამის შესახებ რუსეთის მხარეს ოფიციალური თბილისისთვის არაფერი უცნობებია.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები