23:41, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დემოკრატიის შუქურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

17.02.2009
გელა მთივლიშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში 11-12 თებერვალს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის დასკვნით დღეს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ია ანთაძემ და სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელმა ვახო კომახიძემ უცხო ქვეყნების ომბუდსმენებს საქართველოს მედია სივრცეში დღეს არსებული რთული ვითარება და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები გააცნეს. ანთაძის და კომახიძის მოხსენებებს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა და მოხსენებებში მოყვანილი ფაქტები რეგიონული ტელეკომპანიების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

საქართველოს რეგიონული მედია - სიმართლის მცირე ტირაჟი

"რეგიონული ტელეკომპანიების ძირითადი შემოსავალი ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულებებია. ეთერში ყოველდღე გადის ადგილობრივი ახალი ამბები. სულ ორიოდე ტელეკომპანიაში ხორციელდება პროექტი, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო დებატებს არასაარჩევნო პერიოდში. ტელეკომპანიებში სიტყვის თავისუფლების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ნებისმიერ შემთხვევაში უყურებს ადგილობრივ საინფორმაციო პროგრამებს. საქართველოს რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელებული პრაქტიკაა სამგლოვიარო განცხადებების გამოქვეყნება, რაც ტელევიზიების შემოსავლის სტაბილური წყაროა", - აღნიშნავს ია ანთაძე თავის მოხსენებაში. მისივე თქმით, გაცილებით უკეთ მუშაობს ადგილობრივი რადიოსადგურები. მათი უმრავლესობა „რადიო თავისუფლების“ პარტნიორია, რაც პირდაპირ აისახება მათი დამოუკიდებლობის ხარისხზე.

"უკეთესი მდგომარეობაა რეგიონულ პრესაში. დაახლოებით 15 გაზეთი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მეტ-ნაკლებად სტაბილურად გამოიცემა. მათი დაფინანსების ძირითადი წყარო რეკლამა და უცხოელი დონორების მხრიდან მიღებული პროგრამული დაფინანსებაა. რეგიონულ გაზეთებში სიტყვის თავისუფლების ხარისხი მაღალია და, შესაბამისად, მაღალია მკითხველის ნდობაც", - მიაჩნია ია ანთაძეს.

ჟურნალისტების უფლებები რეგიონებში

მოხსენებაში რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი რეგიონებში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზეც საუბრობს.

"საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში, სადაც რაიონულ ცენტრებში ყველა ერთმანეთის ნათესავი, ახლობელი ან ნაცნობია, ჟურნალისტების საქმიანობა ბევრ პრობლემას უკავშირდება. 8-9 წლის წინ, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პირველად დაარსდა ადგილობრივი თავისუფალი გაზეთები, ჟურნალისტები ბევრ ისეთ პრობლემას აწყდებოდნენ, რაც კოლექტივისტური კულტურის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი: როგორ შეიძლება ადგილობრივ გაზეთში ისეთი მასალა გამოქვეყნდეს, რომელიც შენიანს რამეს ავნებს, ან, თუნდაც, უბრალოდ არ მოეწონება. „შენიანის“ ცნებაში კი იქ მთელი ქალაქი თავსდება. როდესაც ჟურნალისტებმა ეს კომპლექსი გადალახეს, დაიწყო კიდეც მათი უფლებების შელახვა ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ და მათ მიმართ მუქარები დაინტერესებული პირების მხრიდან", - აღნიშნავს ანთაძე და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში თავმოყრილი საქმეებიდან, ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის რამდენიმე ფაქტს იხსენებს.

"გასული წლის ზაფხულში „გაზეთი ბათუმელების“ ელექტრონულ ფოსტაში შევიდა ანონიმი ავტორის წერილი, რომელიც იმუქრებოდა, რომ გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტს (კონკრეტული გვარის მითითებით) მალე პირში გაზეთგაჩრილს იპოვნიდნენ მკვდარს და მთავარ რედაქტორს კიდევ ცალკე გაუსწორდებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც გურჯაანში, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის სახლის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა. გორში ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ისე ცემეს, რომ, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს. ქუთაისში ადგილობრივი ტელეკომპანიის ეზოში ცემეს თბილისელი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე პირდაპირ ეთერში შეეკამათა იმერეთის გუბერნატორს. სულ რამდენიმე დღის წინ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს ჟურნალისტი ნათია როყვა, რომელიც ქუჩაში თავმოყრილ ხალხს ფოტოსურათებს უღებდა. აღმოჩნდა, რომ იქ, სადღაც, მიმდებარე სახლში, სოდ–ი სპეცოპერაციას ატარებდა, ხალხი კი სეირის საყურებლად იყო შეკრებილი. მიმდინარე წლის 7 და 8 იანვარს გურჯაანის რაიონის პოლიციის უფროსმა სოსო მარტაშვილმა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, ღია ტექსტით აგინა ჯერ ადგილობრივ ჟურნალისტებს, შემდეგ – მთელ ქართულ მედიას. გინებას თან ახლდა მუქარა, რომ თუ ჟურნალისტები არ მოისვენებენ, მათ ჯიბეში პოლიცია ნარკოტიკს იპოვნის. რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს დაემუქრა, რომ მათ გაუსწორდებიან. ორივე აუდიოჩანაწერი, როგორც გურჯაანის პოლიციის უფროსის გინება, ისე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მუქარა გავრცელდა იმ მედიასაშუალებებით, რომლებშიც სიტყვის თავისუფლების ხარიხსი ამის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, საუკეთესო შემთხვევაში, ფორმალურია, თუ არადა, საერთოდ ნულის ტოლია", -აცხადებს ია ანათაძე.

დემოკრატიის შუქურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უცხო ქვეყნების ომბუდსმენებს ტელეკომპანიების დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მეორე მომხსენებლმა, სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ გააცნო. ანგარიშში, "დემოკრატიის შუქურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ", ნათქვამია, რომ საქართველოში აღარ არსებობს მმართველი პარტიის გავლენისგან თავისუფალი არცერთი საერთო ეროვნულ სივრცეში მაუწყებელი ტელეკომპანია.

ლიბერალური კანონმდებლობა ქართული მედიის განვითარების წინაპირობად ვერ გადაიქცა, რადგან ხელისუფლებამ მედიის კონტროლის გზა აირჩია და ეს პროცესი კანონმდებლობის გვერდის ავლით, ფარული გარიგებებით და ხშირ შემთხვევაში, მედიასშუალებების დარეკეტების გზით წარმართა. ხელისუფლებამ მასობრივად, ტელეკომპანიების პარტნიორთა წილებზე დაიწყო ნადირობა. პირველი მსხვერპლი ტელეკომპანია “იბერია” იყო.

ტელეკომპანია "202" მაუწყებლობდა შპს "ტვ 33-ის" ლიცენზიით. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ტელეკომპანიის დირექტორმა შალვა რამიშვილმა გააკეთა მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუ და მულტსერიალი "დარდუბალა". მალე რამიშვილს მსჯავრი დაედო გამოძალვისთვის. "ტვ 33-ის" სამაუწყებლო ლიცენზია ჯერ ფიზიკურმა პირმა ჰანს-ვერნერ ალტენბურგმა, შემდეგ კი ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის ძმამ შეიძინა. საბოლოოდ, იგი სამხედრო ტელევიზიად გადაკეთდა, ანუ სახელისუფლებო გავლენის სფეროში მოექცა.

მთლიანად ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის ტელეკომპანია "რუსთავი 2". ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სახელისუფლებო კავშირებზე მეტყველებს ფაქტები: 1996 წელს ერასტი კინწმარიშვილმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დააფუძნეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2". რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის 11 ივნისს "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ერასტი კინწმარიშვილმა მიმართა სასამართლოს გაკოტრების თხოვნით. მოსამართლე მამუკა ნოზაძემ საქმის წარმოება დაიწყო. გაკოტრების რეჟიმში პარტნიორები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ვეღარანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებდნენ. მათ დაკარგეს გავლენა. გადაწყვეტილებები შეეძლო მიეღო გაკოტრების მმართველს, რომელიც ინიშნება კრედიტორთა საბჭოს მიერ. კრედიტორები იყვნენ კომერციული ბანკები, რომელთა მიმართ დავალიანება შეადგენდა 4.1 მილიონ ლარს და საქართველოს სახელმწიფო, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სახით - 4.6 მილიონი ლარი. ასეთ დროს საკრედიტო უზრუნველყოფის მთელი ქონება საფრთხის ქვეშ დგებოდა. პარტნიორებმა აქიმიძემ და დვალმა დათმეს ტელეკომპანიის წილი. 17 ივნისს მათი წილები გაიყიდა ფიქტიურ მფლობელზე. გაყიდვის შემდეგ, მთავარმა კრედიტორმა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ განაცხადა, რომ მზად იყო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე, რათა არ მომხდარიყო საწარმოს გაკოტრება. ბანკებისთვის აზრიც არ უკითხავთ. 25 ივნისს "რუსთავი 2-ის" გაკოტრების საქმე შეწყდა. ფაქტობრივად, გაკოტრების არშემდგარ პროცედურებს შეეწირა ორი პარტნიორის წილი, რაც საკონტროლო პაკეტს შეადგენდა. მალე წილი დათმო ერასტი კინწმარიშვილმაც. კომპანიაში შევიდნენ ქიბარ ხალვაში – ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრის ძმა. ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომის შემდეგ წილი დაათმობინეს ქიბარ ხალვაშსაც და კომპანიის მფლობელები გახდნენ:
1) 45 პროცენტით "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომლის დამფუძნებელიც ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია "ჩემექსიმ ინტერნეიშენალია". ეს კომპანია თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით ეკუთვნის დავით ბეჟუაშვილს.

2) 55 პროცენტით "გეომედია გრუპი", რომელიც ასევე მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, ესაა, ფაქტობრივად, ქიბარ ხალვაშის მიერ დათმობილი წილი, მაგრამ მისი მფლობელის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება.

ტელეკომპანია "ობიექტივი" მაუწყებლობდა ოცდამეხუთე არხზე. მის მფლობელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 51 პროცენტი დაათმობინეს კომისიის თავმჯდომარის მეზობლის სასარგებლოდ. კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის დაპატიმრების შემდეგ ეს სიხშირე ტელეკომპანია "ალანიას" გადაეცა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია "მეცხრე არხმა". მისი დამფუძნებლები იყვნენ რკინიგზის პროფკავშირები და სწრაფი რეაგირების ფონდი, რომელიც შემდეგში ქართუ ფონდად გადაკეთდა. ფაქტობრივი მფლობელი კი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანიის აღჭურვილობა რევოლუციის გმირებს აჩუქა, სამაუწყებლო ლიცენზია კი საბოლოოდ ირაკლი ჩიქოვანზე გადაფორმდა, რომელიც "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი და "მაგი სტილის" დამფუძნებელია. მეცხრე არხის სამაუწყებლო ლიცენზია არ გაუქმებულა და იგი ბლოკირებულია.

ტელეკომპანია "პირველ სტერეო", რომელსაც საზოგადოებრივი გადაცემების ლიცენზიაც ჰქონდა, ეთერში მხოლოდ გასართობ გადაცემებს უშვებდა, ამის გამო მას საზოგადოებრივი გადაცემების ლიცენზია გაუუქმეს - ცხადია კანონიერად, მაგრამ იგივე კანონი "მეცხრე არხის" შემთხვევაში არ ამოქმედებულა. ამის გარდა, 65 პროცენტის მფლობელი ამ ტელეკომპანიაში ხელისუფლებასთან დაახლოებული ბეჟუაშვილის "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" გახდა.

ლიცენზია გაუუქმეს ტელეკომპანია "ევრიკასაც". კომპანია დაფუძნებული იყო 1995 წელს ოთარ ჩხარტიშვილის, ნაირა კვესელავას და ანა შავკაციშვილის მიერ, რომლებსაც 1999 წელს პარტნიორის სახით დაემატა ყოფილი კომუნიკაციების მინისტრი ფრიდონ ინჯია. ვარდების რევოლუციის შემდეგ, კომპანიის 51 პროცენტი გადაფორმდა გიორგი გეგეშიძეზე, რომელიც სარეკლამო კომპანია "მაგი სტილის" დამფუძნებელია.

2004 წლის აგვისტოში ტელეკომპანია "ევროპის" დამფუძნებელი გახდა ბიზნესმენი თეიმურაზ შენგელია. იგი აპირებდა სოლიდური სატელევიზიო ბიზნესის განვთარებას. 2004 წლის 10 სექტემბერს კომისიამ "ევროპას" ლიცენზია გაუუქმა. მიზეზი კი იყო ის, რომ ანძების დაზიანების გამო კომპანიამ ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტა. სასამართლო დავების პროცესში ტელეკომპანიის წინააღმდეგ აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე, რის შემდეგაც სოდის ფორმიანმა თანამშრომლებმა და რამდენიმე სამოქალაქო პირმა  დაიტაცეს ტელეკომპანიის აპარატურა, რომელიც შემდეგში ტელეკომპანია "ალანიაში" აღმოაჩინეს. კომპანიის დამფუძნებელი დღემდე ძებნაშია, კომპანიის ადმინისტრაციული საქმე კი – სასამართლოში.

ტელეკომპანია "მზის" პარტნიორების შემადგენლობა ვარდების რევოლუციიდან დინამიურად იცვლებოდა. ესენი იყვნენ ლევან ყუბანეიშვილი, ივანე ჩხარტიშვილი, ბეჟუაშვილის "საქცემენტი", ქიბარ ხალვაში. საბოლოოდ, კომპანიის აქტივები "რუსთავი 2-ის" ანალოგიურად გადანაწილდა: მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული `გეომედია გრუპი~ 55 პროცენტი და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"- 45 პროცენტი. "მზემ" უარი თქვა საზოგადოებრივ - პოლიტიკური გადაცემების მომზადებაზე და გასართობ არხად გადაკეთდა.

"ცნობილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ტელეკომპანია "იმედი", იმის გამო რომ აშკარად აკრიტიკებდა ხელისუფლების პოლიტიკას, 2008 წლის 7 ნოემბრის დარბევის ერთ-ერთ ცენტრალურ ობიექტად იქცა. მფლობელის გარდაცვალების შემდგ, სრულიად არაბუნებრივად, ტელეკომპანიას მისი ნათესავი ჯოზეფ ქეი დაეპატრონა და იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ტელეკომპანიის მფლობელობის საკითხი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, იგი ხელისუფლებისადმი აშკარად ლოიალურ საინფორმაციო პოლიტიკას ახორციელებს"- აღნიშნულია კომახიძის მოხსენებაში.

სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელი მოხსენების ბოლოს ასკვნის, რომ საქართველოში მედია ღია პოლიტიკურ იარაღად იქცა. "მედიის სივრცეში ჩამოყალიბებულია არაჯანსაღი, არაკონკურენტული გარემო და მისი გამოსწორება პოლიტიკური პრობლემაა".

ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებობს ტელეკომპანიები "კავკასია" და "მაესტრო" სადაც არაფერი იზღუდება და ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა სრულად გამოხატოს თავისი სათქმელი. დემოკრატიის შუქურად წოდებული ხელისუფლების მმართველობის მეხუთე წელს, ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი მიღწევა მედია სფეროში არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების და ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგად ხელისუფლებამ აღუდგინა ლიცენზია ერთ-ერთ უკანასკნელ თავისუფალ ტელეკომპანია "მაესტროს", რომელიც დეციმეტრულ სიხშირეზე მაუწყებლობს, საქართველოს მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს და რომელსაც თითქმის ერთი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა მაუწყებლობის უფლება.

"მაესტრო" და "კავკასია" მართლაც არიან გახსნილი თავისუფალი დისკუსიისთვის და ჟურნალისტური კვლევევისთვის, მაგრამ მათ აქვთ მწირი ტექნიკური რესურსები და მაუწყებლობენ საკმაოდ შეზღუდულ არეალზე.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება - ეგრეთ წოდებული "დემოკრატიის შუქურა" იმდენად დაშორდა დემოკრატიის სტანდარტს, რომ მას სატელევიზიო მედიაში დატოვებული პატარა ხვრელი, საკმარისად მიაჩნია დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. სინამდვილიში, ქართული დემოკრატიისგან მხოლოდ ეს პატარა ხვრელი შემორჩა", - აცხადებს ვახო კომახიძე.

რას აპროტესტებენ და რა უნდათ რეგიონულ ტელემაუწყებლებს

ჟურნალისტების ფაქტებით გაჯერებულ და რეალურ მოხსენებებს, ტექსტის გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის სახელით, ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ლალი ხუბულავა და აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ გვასალია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.

"მომხსენებლების მხრიდან რეგიონული ტელეკომპანიების დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ სამგლოვიარო განცხადებებია დასახელებული.  ერთი სიტყვაც არავის უხსენებია მოქმედ საარჩევნო კოდექსზე და კანონზე მაუწყებელთა შესახებ, რომელთა არსებული სახით ამოქმედებამ რეგიონულ ტელევიზიებს შემოსავლის და განვითარების ძირითადი წყარო მოუსპო. "სიმართლის მცირე ტირაჟი" სწორედ ისაა, საშუალება რომ მოგეცემა და მაღალი ტრიბუნიდან არ იტყვი, როგორ გაუკეთა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის უფასო დროის გამოყოფით რევერანსი პოლიტიკურ პარტიებს, როგორ მომხმარებლურად მიუდგნენ  ამ საკითხს პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის იპოზიცია და როგორ დუმან დღესაც ამ საკითხზე "სხვა ჯგუფები".

მოხსენებებში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმაზე, რომ 2004 წელს რამდენიმე არაკომპეტენტურმა ადამიანმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელ დონორებს განუმარტეს, რომ რეგიონული ტელეკომპანიები დახმარებას აღარ საჭიროებენ და სწორედ ეს ფაქტორი, რომ გახდა საქართველოს რეგიონებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი. არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა თანხები იხარჯება უცხოელი დონორების მხრიდან არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში არსებულ ტელე-რადიო კომპანიებზე, როგორია მიღებული ეფექტის შეფასებისი კრიტერიუმი, რომ შესაძლებელი იყო და დღესაც არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სახის დახმარება ყველა ტელეკომპანიაზე გადანაწილდეს", - აღნიშნულია რეგიონული ტელემაუწყებლების განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონებში მოქმედი ტელეკომპანიების სრული უმრავლესობა, ოფიციალურად, საინფორმაციო სარეკლამო მომსახურებისათვის, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ ხელისუფლება არ აკრიტიკონ, დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტებიდან იღებს. შესაბამისად, ბევრი რეგიონული ტელეკომპანია მხოლოდ ხელისუფლების პიარს ეწევა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რეგიონულ ტელეკომპანიებში მომუშავე ჟურნალისტების უფლებები სრულიად დაუცველია. ტელეკომპანიების დირექტორები ერთპიროვნულად წყვეტენ, რა უნდა მოხვდეს ეთერში, რა კითხვა და ვის უნდა დაუსვას ჟურნალისტმა და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კორესპონდენტმა  დირექტორს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტელეკომპანიების მფლობელებიც თავად არიან, წინააღმდეგობა გაუწია, მას სამსახურიდან აგდებენ. შემდგომ, ჟურნალისტები საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ, რადგან ტელეკომპანიაში მუშაობის შესახებ მათ არც შრომითი ხელშეკრულება ჰქონდათ და არც სხვა დოკუმენტი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC