კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალიკაშვილების დახურული პროცესი

17 თებერვალი, 2009

განსასჯელების წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

და-ძმას, ნათია და თენგო შალიკაშვილებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. მათ წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად მხოლოდ ორი მოწმისა და დაზარალებულს ჩვენებაა. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ბრალდებულთა დედაზეც, მოწმის მოსყიდვის ბრალდებით. შალიკაშვილების სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ პროკურორის შაუმდგომლობის საფუძველზე დახურა. პროცესის გახსნას, განსასჯელი მხარის მოთხოვნის მიუხედავად, განაჩენის გამოცხადებამდე არ აპირებენ.

დაზარალებული ციალა ბაკურიძემ კომენტარზე უარს აცხადებს.  საუბარი არც დაზარალებულის შვილს, არასრულწლოვან მარიკა ცინცაძეს სურს.

სისხლის სამართლის საქმეს შალიკაშვილების წინააღმდეგ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე განიხილავს. პირველი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს გაიმართა, რომელზედაც პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა პროცესის დახურვა იშუამდგომლა. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით კი, განსასჯელი მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა პროცესის გახსნასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის ნანა ვასაძის განცხადებით, „მიუხედავად იმისა რომ მხარე დაიკითხა, მოსამართლე თვლის, რომ პირადი საიდუმლოების გამჟღავნების საშიშროება არსებობს. ამიტომ, ღია მხოლოდ განაჩენის გამოცხადება იქნება“.

მიმდინარეობს თუ არა ძიება დაზარალებულის მიერ მითითებულ საქმეში არსებულ კიდევ ორ თუ სამ პიროვნებაზე, სახელმწიფო ბრალმდებელი გიორგი დავითაშვილი არ პასუხობს.

შალიკაშვილებს სამი ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობის წართმევაში ედებათ ბრალი, მაშინ როდესაც, ოჯახის შემოსავალი საკმაოდ დიდია. ყაჩაღობის დროს, თენგო შალიკაშვილს საბანკო ანგარიშზე 28 ათასი დოლარი გააჩნდა. ის 18 წელია მეზღვაურია და მისი თვიური ანაზღაურება 8 ათას დოლარამდეა.

საქმეში არსებული დარღვევები

თავდაპირველად, საქმეში კიდევ ერთი განსაჯელი არსებობდა - ნათია შალიკაშვილის ქმარი, ნოდარ შანიძე. შანიძეს გამოძიების ეტაპზე, მამა სერგის ჩვენების შემდეგ ყაჩაღობის მუხლი მოეხსნა და იარაღის უკანონო შენახვა დაუტოვეს. მამა სერგიმ დაადასტურა, რომ ყაჩაღობის დღეს, 27 აგვისტოს ნოდარ შანიძე მასთან ერთად მონასტერში იმყოფებოდა. ამჟამად, მისი სისხლის სამართლის საქმე ყაჩარობის ბრალდებას გამოეყო და განსჯადობის მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

განსასჯელებიდან მხოლოდ ნათია შალიკაშვილს შეუფარდეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, და ისიც მხოლოდ 6 დღიანი პატიმრობის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ნათია შალიკაშვილი მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმედ იყო. გირაოს 50 ათასი ლარის სანაცვლოდ, სახლი აქვთ ჩადებული.

საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, ან ანაბეჭდები, რომლის მიხედვითაც დამყაჩაღებლები შალიკაშვილები არიან. უფრო მეტიც, ჩვენებებში დაფიქსირებული პირების ფიზიკური აღნაგობა არსებითად განსხვავდება შალიკაშვილებისგან.

გარდა ამისა, თენგო შალიკაშვილს გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ ყაჩაღობის მიმდინარეობის დროს, მისი ავტომანქანა ბანკის წინ იყო გაჩერებული. მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ ეს მანქანა ნახა დაზარალებულის სახლის ქვემოთ, მხოლოდ მანქანის ფერს ამხელს. მისთვის მარკა და სანომრე ნიშანი უცნობია.  ცოლ-ქმარი ნათია შალიკაშვილი და ნოდარ შანიძე ოპერატიული ზარის საფუძველზე 28 სექტემბერს, დილის ექვს საათზე საცხოვრებელ სახლში დააკავეს: „იმ ღამით კოკისპირული წვიმა იყო და ფხიზლათ გვეძინა. ჭერში წყალმა გამოჟონა და საწოლის ლეიბის აკეცვა მოგვიხდა. რამდენიმე წუთში კი კარზე ბრახუნი იყო და კრიმინალური პოლიციის 30-მდე თანამშრომელი ჩვენს სახლში შემოცვივდნენ. გამომძიებელმა ოლეგ მიქელაძემ მითხრა, რომ ბრალი გვედებოდა ციალა ბაკურიძის დაყაჩარებაში და ბორკილები დაგვადეს. სახლის გაჩხრეკა დაიწყეს. დედამთილი მეზობლებთან გავიდა მოწმეებად რომ მოეყვანა. ამ დროს კი, სახლში მხოლოდ პოლიციელები იმყოფებოდნენ. მათ მიერვე დადებული იარაღი კი დასველების გამო აკეცილი ლეიბის ქვეშ აღმოაჩინეს“, -  აღნიშნავს ნათია შალიკაშვილი.

ნათია შალიკაშვილი აღნიშნავს, რომ მას სამართალდამცავებმა არც ადვოკატის აყვანის საშუალება მისცეს. ნათია შალიკაშვილი  ხელვაჩაურის რაიონული პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას დააკავეს  მისი ძმა თენგო შალიკაშვილიც.

ნათია შალიკაშვილი: „ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ბუბა ბოლქვაძე და მისი მოადგილე მოითხოვდნენ ჩემგან, რომ დანაშაული მეღიარებინა, ნაცვლად იმისა, რომ ეკითხათ გამოძიებისათვის საჭირო დეტალები, თუ სად ვიყავი ყაჩაღობის დროს და სხვა. ისინი კიდევ ორი პიროვნების დასახელებას მოითხოვდნენ, ვინც თურმე ყაჩაღობაში გვახლდნენ. მოგვიანებით მამა სერგის ჩვენებით, ჩემი ქმრის მონაწილეობა რომ გამოირიცხა, უკვე სამი პიროვნების დასახელებას ითხოვდნენ ჩემგან“.

აღსანიშანვია, რომ დაზარალებული წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებაში, აცხადებს რომ ქალი და ორი კაცის გარდა, მან ნიღბებში დაინახა კიდევ ორი თუ სამი პიროვნება, რომელბიც სახლის შესასვლელ ნაწილში იყვნენ. თუმცა მათ ვერ ცნობს. 

ნათია შალიკაშვილი: „გამოძიება  მაძალებდა მათ დასახელებას.  ჩემი ხელის დადებით კიდევ ორი პიროვნება უნდა განწირულიყო, ისევე  როგორც ჩვენ “.
ნათია შალიკაშვილი ვარაუდობს, რომ მას მშობიარობა პატიმრობაში მოუწევს.  დედამისი, მანოლი დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ გართულებული მშობიარობა ექნება, რადგან რეზუს უარყოფითი სისხლი აქვს.  თვით მანოლი დარჩიაშვილზე მოწმის მოსყიდვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.  საქმე ჯერჯერობით წინასწარ გამოძიებაშია.  სასამართლო პროცესი  გადაიდო.    სახალხო დამცველის ბათუმის ოფისის წარმომადგენლები აღნიშნულ საქმეს სწავლობენ. ისინი შესაბამისი დასკვნებს სასამართლოს შემდეგ გააკეთებენ.

ახალი ამბები