კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაპარაკი საქმის ნაცვლად

18 თებერვალი, 2009
რეგიონებში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით გაიზარდა

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში, რამდენიმე მუნიციპალიტეტის გარდა 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თითქმის ყველა საკრებულომ მიიღო და დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ – მინისტრის მითითებით, ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაავალა, მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობამ ბიუჯეტის საერთო თანხის 25 პროცენტიდან 30 პროცენტს გადააჭარბა. პრეზიდენტის ბრძანებულებით ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასწრაფოდ გაიზარდეს ხელფასები დოკუმენტით გათვალისწინებული თანხის მაქსიმალურ ოდენობამდე. დაუსაბუთებლად იზრდება შტატები. ამასთან, მაგალითად, სიღნაღის, ლაგოდეხის და თელავის ხელისუფლება 2009 წელსაც ყოველდღიურად 4 ათასამდე ქაღალდის გახარჯვას, მანქანით 400 კილომეტრის გარბენას და წლის განმავლობაში თითოული მათგანი 800 საათი მობილურით განუწყვეტლივ ლაპარაკს გეგმავს.

ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს ადმინისტრაციული ხარჯების გეგმამ კახეთის რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში მილიონიან ზღვარს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 10 პროცენტით მეტია. მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაგეგმილია 1 000 500 ლარის დახარჯვა (ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების დაახლოებით 32 პროცენტი), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 083 500 ლარი (30 პროცენტი), ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში 1 549 700 (25 პროცენტი).

საკუთარი ადმინისტრაციის შენახვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველ პრიორიტეტს 2008 წელსაც წარმოადგენდა. ადმინისტრაციის შენახვისთვის ბიუჯეტიდან თავდაპირველად 904 000 ლარი უნდა დახარჯულიყო და ეს თანხა ბიუჯეტის 28,5 პროცენტს შეადგენდა, თუმცა 2008 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით ადმინისტრაციული ხარჯები წილის დასაწყისში დაგეგმილთან შედარებით 168 900 ლარით გაიზარდა და 1 072 900 ლარი შეადგინა. ისევე როგორც გასულ წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯები წელსაც ხელოვნურად აქვს გაზრდილი. მაგალითად, ადგილობრივი საკრებულოს წევრები წლის განმავლობაში საავტომობილო საწვავში დახარჯავენ 15 000 ლარს, საშუალოდ ყოველდღიურად საწვავში დაიხარჯება 60 ლარი, რაც შეადგენს 400 კილომეტრ გარბენს ყოველ სამუშაო დღეზე. მსგავსი მდგომარეობაა გამგებლის ბენზინით მომარაგების კუთხითაც. გამოდის, რომ გამგებლის გადაადგილებაზე გამოყოფილი ბენზინით ყოველდღიურად შესაძლებელია საშუალოდ 400 კილომეტრის გავლა ანუ დღეში, უხეშად რომ ვთქვათ, 6-7 საათი მანქანით მოძრაობა. შეიძლება დავასკვნათ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სამუშაო დღეებში სამსახურში პრაქტიკულად არ უნდა იყოს. შესაძლოა, ამითაც არის განპირობებული ეკონომიკური საქმიანობის და საბინაო კომუნალური მეურნეობის შემცირებული დაფინანსება, რადგანაც მათ ამ საქმისთვის უბრალოდ არ ეცლებათ.

საკრებულოს და გამგეობის საკანცელარიო ხარჯები ჯამში 23 000 ლარს შეადგენს. ამ ხარჯის დიდი ნაწილი - 16 080 ლარი საწერ ქაღალდზე მოდის. ამ ციფრებს თუ გავუკეთებთ ანალიზს, მივიღებთ, რომ საკრებულოსა და გამგეობას წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი ფურცელი სჭირდება, რაც ყოველ სამუშაო დღეზე 3831 ცალ ფურცელს შეადგენს. უბრალო მოქალაქისთვისაც კი ცხადია, რომ ამ რაოდენობის ქაღალდს დღევანდელი მუნიციპალიტეტი უბრალოდ ვერ გადაამუშავებს. საკრებულოსა და გამგეობის მონო ბარათების შეძენისთვის 2009 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული 13 600 ლარი. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მობილურ ტელეფონზე 800 საათი განუწყვეტლივ უნდა ილაპარაკოს.

თითქმის იგივე მდგომარეობაა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 4 259 600 ლარს შეადგენდა, საიდანაც 1 248 100 ლარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხარჯებს უნდა მოხმარდეს.

საკმაოდ სერიოზული თანხები იხარჯება გუბერნატორის ადმინისტრაციის შესანახადაც. გუბერნატორი და მისი სამივე მოადგილე უზრუნველყოფილები არიან ძვირადღირებული ავტომანქანებით, განუსაზღვრელი საწვავით და მონო ბარათებით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, გუბერნატორის და მისი მოადგილეების სამუშაო ოთახების კეთილმოწყობა 100 ათასი ლარი დაჯდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" დირექტორი გიორგი ბოკერია აცხადებს, განვითარებული ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნორმების თანახმად, ხელისუფლების ადმინისტრაციული ხარჯები მთელი ბიუჯეტის მოცულობის 10-12%-მდე უნდა მერყეობდეს.

"ეს პრინციპი იყო ჩადებული თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონონის პირველ ვარიანტში, კერძოდ კი 51-ე მუხლში, სადაც კანონმდებელი აღნიშნავდა, რომ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ხარჯების 10%-ს, მაგრამ სამწუხაროდ, პირველივე საკანონმდებლო ცვლილებით ეს ნორმა გაუქმებულ იქნა. აღნიშნულმა ცვლილებამ კი ადგილობივი თვითმმართველობის ორგანოებს შესაძლებლობა მისცა ორჯერ - სამჯერ გასცდნენ მიზანშეწონილ ზღვარს", - აღნიშნავს ბოკერია.

მისივე თქმით, მართლაც აღინიშნება შტატების ზრდაც, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. "უამრავი სამსახური არსებობს სადაც შტატების შემცირებაა შესაძლებელი. ამას თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, მაგრამ ქმედით ღონისძიებებს არ მიმართავენ, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმით იზრდება ხელისუფლებისადმი უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობა. სამაგიეროდ, ამ ზედმეტ შტატებზე სახსრების მიმართვით უამრავი პრობლემა გადაუჭრელი რჩება და უკმაყოფილოა საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც რაოდენობით გაცილებით მეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების შენახვის ხარჯები საკმაოდ დიდია და აუცილებელია ამ ხარჯების შემცირება. ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ მიბაძონ მინისტრთა კაბინეტს და ადმინისტრაციული ხარჯები თუნდაც 10% შეამცირონ, რითაც კახეთის რეგიონში დაახლოებით 1 000 000 ლარი გამოთავისუფლდება. გამოთავისუფლებული თანხით კი, შესაძლოა, გარკვეული მცირე სახის სოციალური პროექტების დაფინანსება", - მიაჩნია "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელს.

თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას არ აპირებენ. პრემიერ – მინისტრის ნიკა გილაურის მიერ დავალების გაცემიდან უკვე ორი კვირა გავიდა, მაგრამ რაიონებში ადმინისტრაციული ხარჯები ამ დრომდე არავის შეუმცირებია.


ახალი ამბები