კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრებს აწამებენ

23 თებერვალი, 2009
გელა მთივლიშვილი

"აქამდე ისე გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს.  საკვებად უცხიმო სუპს გვაძლევდნენ, ეხლა რაც შეიძლება მეტ მარილს აზავებენ, რომ ვერ ვჭამოთ და ნარჩენებით საკუთარ ფერმებში ღორები გამოკვებონ. ან თუ შევჭამთ, წყალი მოგვწყურდეს, წყალს კი არ გვაძლევენ. ხმის ამოღების შემთხვევაში გვაგინებენ. გვცემენ მომსახურე პერსონალის და პოლიციის თანამშრომლებიც. ექიმები ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ, მალე მოკვდებითო, მარტო ამას ამბობენ. წამალი მოვითხოვეთ, გაგვაშიშვლეს და თირკმელებში სასტიკად გვირტყეს. ესეც არ გვაკმარეს და კარცერში ჩაგვყარეს. ვიხოცებით" - ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს სთხოვენ.

მსჯავრდებულთა თქმით, გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ როგორც ამბობენ, კიდევ უფრო მეტად დაისაჯნენ.

"ჩვენს წერილებში მოყვანილი კონკრეტული ფაქტების შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საქმის კურსში დაწესებულების დირექტორი და ადმინისტრაცია ჩააყენეს, მათი დავალებით კი უარესი დაგვმართეს. წერაც აგვიკრძალეს. ვახერხებთ და ამ წერილს თქვენთან ახლობელს ვატანთ. გთხოვთ, ყველას გააგებინოთ აქ რა ხდება. პროტესტის გამოხატვის სხვა საშუალება არ გვაქვს, ისედაც ვშიმშილობთ", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 60-ზე მეტი მსჯავრდებული აწერს.

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ამავე დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის ინდივიდუალურად დაწერილი წერილი საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის სახელზე.

მსჯავრდებული რობერტი ხარაიშვილი უკვე ორი თვეა ჩივის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციას მან მკურნალობის ჩატარების თხოვნით ბევრჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. "პალატიდან გარეთ საკვების მისაღებად გასვლაც არ მსურს, რადგან გვამცირებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, არადამიანურად გვეპყრობიან. ორი თვეა წამლებს ვითხოვ და არ მაძლევენ. დაწესებულებას ამხელა ეზო აქვს და სუფთა ჰაერზე საერთოდ არ გვიშვებენ. პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ გვაქვს. მაშინვე კარცერში მიგვათრევენ.Kკარცერი ავადმყოფებით არის სავსე. რატომ, რა მიზეზით? რა უნდათ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს კარცერში? ზოოპარკში ცხოველები ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არიან. მეოთხე კვირაა ყელი და ხორხი გამისივდა, ხმა წამერთვა და საშინელი ტკივილები მტანჯავს. ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ვითხოვე, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელსაც კი არ მაძლევენ", - აღნიშნავს რობერტ ხარაიშვილი.

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პრეტენზიებსა და ბრალდებებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე კატეგორიულად უარყოფს.

"ამ დაწესებულებაში პატიმრები კარცერში არ იმყოფებიან. მსჯავრდებულები ჩვეულებრივ ოთახებში არიან და მათზე ყველა ის პროგრამა ვრცელდება, რაც ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებს ეკუთვნით. ამასთან ერთად, დაწესებულების შენობაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირადად ვარ იქ რამდენჯერმე ნამყოფი და ვიცი, რომ პატიმრები გარეთაც გადიან. რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამის შესახებ ინფორმაციას მივაწოდებ ხელმძღვანელობას, მინისტრს და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო რეაგირებას მოვახდენთ" - განაცხადა სალომე მახარაძემ.

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობასთან დაკავშირებით ფლობს თუ არა ინფორმაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი, ამის გარკვევა ვერ შევძელით. "მე კომენტარს მხოლოდ იმ ჟურნალისტებს ვაძლევ, ვისთანაც საჭიროდ ვთვლი", - აღნიშნა არსენიშვილმა.


ახალი ამბები