23:23, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კახეთის გუბერნატორმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ბოიკოტი გამოუცხადა

23.02.2009

გიორგი ღვინიაშვილი
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან აღარ თანამშრომლობს. სამხარეო ადმინისტრაციის "შავ სიაში" ის კორესპონდენტები მოხვდნენ, რომლებიც გუბერნატორის საქმიანობას აკრიტიკებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დარღვევებში ამხელენ.

რეგიონალური რადიო "ჰერეთის" კორესპონდენტის რომან ქევხიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც კახეთის გუბერნატორად თბილისის ყოფილი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი დაინიშნა, სამხარეო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.

"წინამორბედებისგან განსხვავებით ღვინიაშვილი ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მასთან კომუნიკაცია და ადმინისტრაციიაში თავმოყრილი საჯარო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც სამხარეო ადმინისტრაციიდან პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს. გუბერნატორად ღვინიაშვილის დანიშვნამდე და სამხარეო ადმინისტრაციაში მისი ამალის მოსვლამდე, ეს უწყება საკმაოდ გახსნილი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის. ამჟამად კი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია გამჭვირვალობის კუთხით პროკურატურას დაემსგავსა. თუ რატომ, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. როცა თვითონ არ ურთიერთობ ჟურნალისტებთან და პრესმდივანსაც რომ სამსახურიდან გაუშვებ, იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონი პროკურატურის მეთოდებით იმართება"- აღნიშნავს რადიო 'ჰერეთის" ჟურნალისტი.

რეგიონული გაზეთის "იმედის" რედაქტორის მოადგილე ნატალია სარქისაშვილი კი ამბობს, რომ კახეთის გუბერნატორი გაზეთ "იმედის" და კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტებთან 2009 წლის 7 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ აღარ თანამშრომლობს. "7 იანვარს გურჯაანის პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დაკავებით დაემუქრა. ინციდენტის შესახებ გაზეთში არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ, მუქარის ფაქტზე ინფორმაცია რადიოებმა და საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს. გავრცელდა ასევე ჩანაწერი, სადაც გურჯაანის პოლიციის უფროსი მთელ ქართულ მედიას აგინებს. ერთ-ერთ სტატიაში დავწერეთ, რომ გურჯაანის პოლიციის უფროსი სოსო მარტაშვილი გუბერნატორის ახლო მეგობარია, მისი ნდობით და მფარველობით სარგებლობს. არაერთხელ შევეცადეთ გიორგი ღვინიაშვილისგან მოგვესმინა, გმობდა თუ მხარს უჭერდა პოლიციის უფროსის მიერ ჟურნალისტების გინებისა და მუქარის ფაქტს, მაგრამ გუბერნატორი საინფორმაციო საშუალებებით მხოლოდ იმას აცხადებდა,  რომ ის "სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში არ ერევა". რას ნიშნავს არ ერევა? უშუალოდ მისგან კი არ ვითხოვდით მომხდარის გამოძიებას~" - აცხადებს გაზეთ "იმედის" რედაქტორის მოადგილე.

მისივე თქმით, გაზეთის რედაქციას სარწმუნო წყაროებმა აცნობეს, რომ პოლიციის უფროსი, ჟურნალისტებს, დაშინების მიზნით, გუბერნატორის დავალებით დაემუქრა.

"ამ საკითხზეც ღვინიაშვილისგან კომენტარის მიღება არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ, რის შემდეგაც გუბერნატორს გაზეთის საშუალებით საჯაროდ ვკითხეთ: რა აკავშირებს პოლიციის უფროსის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის და დაშინების ფაქტებთან, უფრო კონკრეტულად კი იყო თუ არა ეს მისი დავალება. ამავე სტატიაში, რომელიც რეგიონულ გაზეთში სარედაქციო გვერდზე გამოქვეყნდა, პროტესტი გამოვთქვით იმის შესახებ, რომ ღვინიაშვილი კახეთში კლანის შექმნით და იმით არის დაკავებული, რომ როგორმე პოლიციური რეჟიმის მონებად გვაქციოს. გაზეთში ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გამოქვეყნდა. ამან ღვინიაშვილი გააღიზიანა და ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა. მას და სხვა ჩინოვნიკებსაც ავიწყდებათ, რომ კანონმდებლობა თმენის ვალდებულებას აკისრებთ", - აღნიშნავს ნატალია სარქისაშვილი.

რეგიონის ხელმძღვანელებისგან სხვადასხვა საკითხზე კომენტარს ვერც რადიო "პალიტრას~ რეგიონული კორესპონდენტი ჟანა დიდებაშვილი იღებს, თუმცა როგორც თავად ჟანა ამბობს, ის ხელისუფლების "შავ სიაში" ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, როცა ტელერადიოკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა და ვაზის აჩეხვის ფაქტი გააშუქა.

ჟანა დიდებაშვილი: "რაც ტელეკომპანიიდან გამათავისუფლეს, უფრო მეტად ახალ ამბებზე ვმუშაობ. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩემთან კონტაქტი საერთოდ არ სურთ, ამა თუ იმ საკითხზე მათი კომენტარების მოპოვებას, მასალა რომ ცალმხრივი არ იყოს, ჩემი კოლეგებისგან ვცდილობ. მაგალითად, თუ ვართ ოპოზიციის წარმომადგენელთა პრესკონფერენციაზე და ისინი ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებენ და ამავე პრესკონფერენციას რომელიმე ტელეკომპანიის კორესპონდენტიც ესწრება, რას პასუხობენ რეგიონის ხელმძღვანელები ოპოზიციის ბრალდებებს, ტელეჟურნალისტებისგან ვიგებ".

უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის გუბერნატორი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებთან. მაგალითად, ადგილობრივ ტელეკომპანიებთან იმიტომ, რომ კანონის დარღვევით, მაგრამ გუბერნატორის ზეპირი თანხმობით, ისინი მუნიციპალური ბიუჯეტებიდან იღებენ დაფინანსებას, რაც განსაზღვრავს კიდეც ამ საინფორმაციო საშუალებების სარედაქციო პოლიტიკას და დამოუკიდებლობის ხარისხს; ასევე, ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის და "პირველი არხის" რეგიონულ კორესპონდენტებთან, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო დროს მხოლოდ იმას აშუქებენ, სად მიდის გუბერნატორი, ვის ხვდება, ვის გადასცა საჩუქარი, საზეიმო ვითარებაში სად გაჭრა ლენტი და ა.შ. ღვინიაშვილი და მისი მოადგილეები გაზეთის ჟურნალისტების შეკითხვებსაც პასუხობენ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაზეთის გამომცემელთან ან რედაქტორთან ნათესაური კავშირი, კარგი ურთიერთობა და იმის წინაპირობა აქვთ, რომ გაზეთში დაბეჭდილი მასალა მათი საწინააღმდეგო არ იქნება.

რატომ თანამშრომლობს კახეთის გუბერნატორი ჟურნალისტების მხოლოდ ნაწილთან და არ აწვდის ინფორმაციას რეგიონში მომუშავე ყველა დაინტერესებულ კორესპონდენტს, განსხვავებით იმისა, ვინ როგორ მუშაობს? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვერც ჩვენ შევძელით, რადგან ღვინიაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებსაც უპასუხოდ ტოვებს. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC