კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

”გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა”

2 მარტი, 2009

ნინო მიქიაშვილი

ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით, ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, გურამ შარაძის ოჯახი და მათი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს. გაიზიარებს თუ არა პროკურატურა ამ მოთხოვნას, ეს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

პარალელურად, გურამ შარაძის მკვლელების დასჯას უკვე არასამთავრობო სექტორი ითხოვს. 27 თებერვალს პარლამენტის წინ მოძრაობა ”7 ნოემბერის” ორგანიზებით მოწყობილ აქციაზე, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შარაძის მკვლელების დასჯა, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძის და შავაძის მკვლელების დასჯის პარალელურად მოითხოვეს.

- ”როგორც იქნა, გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობიდან თითქმის 2 წელი სრულდება და გაკვირვებული ვარ, აქამდე როგორ არ იღებდნენ ხმას ის პოლიტიკოსები, რომლებიც ეროვნულობასა და დემოკრატობაზე თავს დებენ”, - ამბობს ”მთელ კვირასთან” საუბრისას აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე.

24 თებერვალს ”მთელი კვირა”-ც ესწრებოდა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით გამართულ პრესკონფერენციას, გურამ შარაძის მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხზე. 

”ჩვენ თავიდანვე გვქონდა ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ის გამოიძიება, რომელიც ოფიციალურად ჩატარდა, ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს შეიცავდა. საქმე რეალურად თეთრი ძაფით შეკერილი იყო და ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა. ამ საქმეზე 2008 წლის 14 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საბოლოო განაჩენი გამოიტანა - გურამ შარაძის მკვლელობის საქმე ”არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის”-ო.

”2009 წლის იანვარში, პროექტის ”სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში” ფარგლებში, ”ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ ”სიტყვა”-ს მიერ ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს ეხება. ამ გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი გახლდათ, ხოლო პროექტის მხარდამჭერი ”ევრაზიის პარტნიორობის ფონდი”. გამოძიების საშუალებით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე და საფუძველი ეცლება ხელისუფლების ვერსიას ოჯახის ”სუბიექტურობის” შესახებ. ჩვენმა გამოძიებამ ცხადყო, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე, ფაქტობრივად არ გამოძიებულა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის. რეალურად მკვლელები სხვა ადამიანები არიან, რომლებიც ბარათელისგან, თუნდაც ფიზიკური მონაცემებით, ძალიან განსხვავდებიან”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას უჩა ნანუაშვილმა. 

”უამრავი ეჭვი ჩნდება გიორგი ბარათელის ბრალეულობის მიმართ, რომელიც 27-წლიან სასჯელს იხდის. არც გამოძიებამ, არც სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა. სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა არა მარტო უსამართლოდ, არამედ, მთელი ცინიზმით. გურამ შარაძის ადვოკატი საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებს”, - ნათქვამია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გურამ შარაძის მკვლელობის საქმემ საქართველოში სამივე ინსტანცია მოიარა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მისი გაგზავნა 14 მაისამდე ნებისმიერ დღეს შეიძლება, მაგრამ ოჯახი და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც საქმეში ახლახანს ჩაერთო, პროკურატურის პასუხს დაახლოებით ერთი თვე დაელოდებიან.

როგორც მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების დროს გამოიკვეთა, მთავარ პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვენ, რაზეც ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა - მადლენ მაჭარაშვილმა და გამოძიების ხელმძღვანელმა ლია ტოკლიკიშვილმა ”ადამიანის უფლებათა ცენტრში” გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრეს.

”სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა. ადვოკატები ითხოვდნენ, დაკითხულიყვნენ ის მოწმეები, რომლებმაც მკვლელი უშუალოდ სროლის მომენტში, ან სროლიდან რამდენიმე წამის შემდეგ ნახეს. ჩვენ ასეთ ადამიანებს კარდაკარ ვეძებდით და უამრავი ასეთი მოწმე აღმოვაჩინეთ. მეორე სერიოზულ დარღვევად ის მივიჩნიეთ, რომ  სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია ”ალდაგი”-ს ვიდეოფირი (რომელზეც გურამ შარაძის მკვლელობაა დაფიქსირებული ”მ.კ”), იმის მომიზეზებით, რომ ვიდეოფირი დაზიანებული, ანუ ტექნიკურად გაუმართავი იყო, მაგრამ ვეკითხებით სასამართლოს - არსებობს თუ არა ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ამ ვიდეოფირზე არსებული მასალის გამოსწორება შეიძლებოდა? ვისაც ვიდეოფირი ნანახი გვაქვს, ვამბობთ, რომ მასზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ასახული - იქ მკვლელის გარეგნობა, მისი სიმაღლე ჩანს და ის არ არის გიორგი ბარათელი, ნამდვილი მკვლელი ბარათელზე გაცილებით მაღალია. ამასთან, ვიდეოფირზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ნამდვილ მკვლელს მუქი ფერის, საკმაოდ მოზრდილი თმა აქვს და ბარათელი აყვანის მომენტში როგორ გამოიყურებოდა, ეს ყველას კარგად გვახსოვს - ბარათელს თავი ახალი გადაპარსული ჰქონდა”.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა და ხელმძღვანელმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილეს ყურადღება და მათ შორის ერთ-ერთია საქმის მასალებში არსებული მოწმე ალექსანდრა პირუმოვას ჩვენება, რომელიც მათივე განმარტებით, ”ყველაფერს თავდაყირა აყენებს”.

ალექსანდრა პირუმოვა არის გიორგი ბარათელის გამზრდელი ბიძის, როლანდ გრიქუროვის მეგობარი. ქალბატონი პირუმოვა ამბობს, რომ ამ შემთხვევამდე, ანუ მკვლელობამდე 6 დღით ადრე ბარათელი მასთან როლანდ გრიქუროვმა მიიყვანა და სთხოვა, ცოტა ხნით შენთან იყოს, რადგან ბარათელის დეიდა ცუდად არის, ნემსებს უკეთებენ და ამაზე ეს ბიჭი ცუდად ხდებაო. პირუმოვას ჩვენების მიხედვით, მკვლელობამდე დაახლოებით ნახევარი-ერთი საათით ადრე, გიორგი ბარათელს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს; იგი ვიღაცას ტელეფონზე ხმამაღლა ელაპარაკებოდა - ”აქ აღარ დარეკო”-ო, რის შემდეგაც სახლიდან სწრაფად გავარდა.

”ვინ დაურეკა გიორგი ბარათელს და სად წავიდა ასე სწრაფად? სასამართლოს ასეთი კითხვები არ დაუსვამს”, - აცხადებენ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი და ხელმძღვანელი.

ეს და სხვა მნიშვნელოვანი კითხვები სასამართლოს არ დაუსვამს, მაგრამ გურამ შარაძის ოჯახი, 2007 წლის 20 მაისიდან მოყოლებული დღემდე ამ კითხვებს სვამს, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. რუსუდან შარაძე ვარაუდობს, რომ პირუმოვას სახლიდან გამოსულ ბარათელს, გარეთ სამართალდამცავები ელოდნენ. ”ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს 20 მაისს, საღამოს ცხრა საათზე (მკვლელობიდან ნახევარი საათის შემდეგ ”მ.კ”) ”რუსთავი 2”-ს პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ დავით კიკალიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება - პატრული გიორგი ბარათელს, რომელიც ”რუსთავი 2”-ში მუშაობდა, 20 მაისის დილას ჩვენს ტელევიზიაში ეძებდაო. ანუ, სამართალდამცავები ბარათელს ეძებდნენ მანამ, სანამ მამაჩემს მოკლავდნენ”, - უთხრა ”მთელ კვირას” რუსუდან შარაძემ და კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

”გიორგი ბარათელს 27 წელი მხოლოდ გურამ შარაძის მკვლელობისთვის არ აქვს მისჯილი. იგი სასჯელს ვინმე ტირზიკიანის დაჭრისთვისაც იხდის. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ბარათელმა 5 მაისს ვინმე ტირზიკიანი (მისი ექიმი) დაჭრა. იცით, როდის ჩაუტარდა ტირზიკიანს ექსპერტიზა? - 21 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობის მეორე დღეს. ამის შემდეგ ტირზიკიანი საერთოდ გაქრა, საქართველოში აღარ არის. როგორც ჩანს, დიდი ფული აიღო და გადაიკარგა. ყველაფერი ეს ხდებოდა იმისთვის, რომ ბარათელისთვის შეექმნათ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იმიჯი”.

გურამ შარაძის ოჯახის სახელით, რუსუდან შარაძე ჩვენი გაზეთის მეშვეობით მადლობას უხდის ადვოკატებს - ნინო ნიშნიანიძეს და ნუგზარ ბირკაიას, რომლებმაც გურამ შარაძის ოჯახის ინტერესები სამივე ინსტანციაში დაიცვეს:

”ამ ადამიანებს უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო, მათ ფაქტობრივად თავი გადადეს და საქმეში პირველივე დღიდან, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე, ჩაერთვნენ. იმ დროს, როცა ადამიანები შიშის გამო სამძიმარზე მოსვლას ერიდებოდნენ, მამას საქმეში ჩართვა ჩვენთვის ფასდაუდებელი მხარდაჭერა იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სიმართლე დადგენილიყო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ მოხერხდა. აქვე უღრმეს მადლობას გადავუხდი ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც ასევე სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში”.

გურამ შარაძის ქალიშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთიანდება, რომელსაც საფუძველი ახლა ეყრება და რომელშიც ბოლო 5 წლის მანძილზე ქუჩაში დახვრეტილი და მოკლულების ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი 15 მარტს რუსთაველის ძეგლის წინ დაგეგმილ დიდ საზოგადოებრივ შეკრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. ”15 მარტს, სამწუხაროდ, თბილისში ფიზიკურად არ ვიქნები, მაგრამ ამ აქციაში ”გურამ შარაძის საზოგადოება” აქტიურად ჩაერთვება”, -გვითხრა რუსუდან შარაძემ და ჩვენს კითხვაზე - რისთვის მოკლეს გურამ შარაძე? ასეთი პასუხი გაგვცა:

”მაშინ მე გკითხავთ - რისთვის მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია? იმისთვის მოკლეს გურამ შარაძე! გურამ შარაძე მოკლა ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, უშუალოდ შემსრულებლები ვინ არიან, არ ვიცი. მათ ”სიკვდილის ბრიგადები” მრავლად ჰყავთ და ვინმეს შეარჩევდნენ, ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის. გურამ შარაძე რეალურად ორმა ადამიანმა მოკლა. ეს მკვლელი ხელისუფლება აუცილებლად უნდა გასამართლდეს და არა მარტო გურამ შარაძის მკვლელობისთვის, არამედ მთელი იმ უბედურებისთვის, რაც მათ ამ 5 წლის მანძილზე დაატრიალეს, თუნდაც, აგვისტოს ომში რომ ჩაახოცინეს ქართველი ბიჭები და დღეს ამდენი დევნილი, გაუბედურებული ოჯახი რომ გვყავს. ქართველმა ერმა ღირსება უნდა დაიბრუნოს, რათა ძალამ, რომელიც მომავალში ხელისუფლების სათავეში მოვა, ვეღარ გაბედოს იმის მეათასედიც კი, რასაც ეს ხელისუფლება ბედავს”.

წყარო: პრესა.გე

ახალი ამბები