კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"თუ არ გახვალთ, სპეცრაზმით გაგათრევთ"

4 მარტი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს იმ შენობებიდან ასახლებენ, სადაც მათ 16 წელი იცხოვრეს. იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აცხადებს, რომ დევნილთა განსახლება მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ხდება, რისთვისაც 2009 წლის ბიუჯეტში 138 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება არ შეიცვლება და აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების პროცესი 2009 - 2010 წლებში დასრულდება.

კანონმდებლობით, იძულებით გადაადგილებულ პირებთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს კონტროლის პალატას, მაგრამ როგორც აფხაზეთიდან დევნილები ირწმუნებიან, მათი განსახლების პროცესს კახეთში სწორედ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი კურირებენ.

თელავში, ლაგოდეხსა და გურჯაანში კომპაქტურად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები უკვე გააფრთხილეს, რომ შენობების დაცლა რამდენიმე კვირაში მოუწევთ.

ელისო ჭედია, აფხაზეთიდან დევნილი: გურჯაანში 1992 წელს ჩამოგვიყვანეს და დროებითი თავშესაფარი კურორტ "ახტალის" ტერიტორიაზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში მოგვცეს. 16 წელია საშინელ პირობებში ვცხოვრობთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მხოლოდ დევნილის დახმარებას ვიღებთ, თვეში 22 ლარს. ეს თანხა იმდენად ცოტაა, რომ არაფერში გვყოფნის. ზოგიერთი ჩვენგანი გურჯაანის აგრარულ ბაზარში ვაჭრობს, ბევრი ფიზიკურად მუშაობს დღიურ ანაზღაურებაზე, რომ თავი ვირჩინოთ. რთულ სოციალურ პირობებში, მაგრამ წლების განმავლობაში მაინც შევეგუეთ აქ ცხოვრებას. ცოტა ხნის წინ კი გვითხრეს, სოფელ ბაკურციხეში ყოფილი პროფტექნიკუმის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და საცხოვრებლად იქ უნდა გადახვიდეთო, რაზედაც უარი ვთქვით. ჩვენი განსახლების პროცესს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და მისი თანამშრომელი, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი კურირებენ. მათ არაერთხელ ავუხსენით, რომ სოფელ ბაკურციხეში ვერ გადავალთ, რადგან იქ საერთოდ მშივრები, ლუკმა – პურის გარეშე დავრჩებით. დევნილის დახმარება და მცირეოდენი ხელფასი რაც გვაქვს, გზის ფულშიც არ გვეყოფა, ყოველდღე ბაკურციხიდან გურჯაანში რომ ვიაროთ".

ამირან ანჯაფარიძე, აფხაზეთიდან დევნილი: ლევან ბეჟაშვილი ჩვენთან პირველად ორი თვის წინ მოვიდა. ყოველგვარი წინააღმდეგობისა და თხოვნის გარეშე უნდა გახვიდეთო, გვითხრა. საცხოვრებლად სოფელ ბაკურციხეში გადასვლაზე მაშინვე უარი ვთქვით, სანამ პროფტექნიკუმის ყოფილ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებდნენ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ბეჟაშვილს ვთხოვეთ, თუ იმ შენობის დაცლა, სადაც ამჯამად ვცხოვრობთ აუცილებელი იყო, თავშესაფარი ქალაქ გურჯაანში, სხვაგან მოეცათ. კონკრეტული შენობებიც მივუთითეთ, რომელიც უპატრონოდ არის მიგდებული და მოუვლელობისგან ზიანდება, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ. მერე ისიც ვთხოვეთ, რომ რა თანხებიც ბაკურციხეში შენობის შესაკეთებლად უნდა დაიხარჯოს, ჩვენთვის მოეცათ კომპენსაციის სახით და ქალაქის ტერიტორიაზე ბინებს თვითონ შევიძენდით, მაგრამ არც ამაზე დაგვთანხმდნენ. პირადად მე პედაგოგად ვმუშაობ და ჩემი შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ლარს შეადგენს. ასეთი ხელფასის პირობებში როგორ უნდა ვიმგზავრო ყოველდღე სოფელ ბაკურციხიდან გურჯაანში? არსებობაც ხომ მინდა.

რამდენიმე დღის წინ, კახეთის გუბერნატორს შევხვდით, მაგრამ უშედეგოდ. გვითხრა, რომ კურორტის ტერიტორიიდან უნდა გახვიდეთო. ვის მივმართოთ დახმარებისთვის, აღარ ვიცით.

- ბატონო ამირან, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ "ახტალის" ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების უმრავლესობას ქალაქში საკუთარი სახლები აქვს.

- უმეტესობას კი არა, ორ თუ სამ ოჯახს აქვს საკუთარი სახლი. მაგრამ ვისაც არ გვაქვს, ჩვენ რა ვქნათ? კურორტის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და იქ ვერ დარჩებითო, რომ გვეუბნებიან, შენობების ნაწილი უკვე კერძო პირებზეა გაყიდული და ამაშიც გვატყუებენ. ეს შენობები ისე გაყიდეს, რომ შიგ ვცხოვრობთ და ამ დრომდე არაფერი ვიცოდით".

თინა გასვიანი, აფხაზეთიდან დევნილი: "როდემდე და რამდენჯერ უნდა გაგვასახლონ? ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ნერვები გვაქვს. დიდი კომპენსაცია ხომ არ მოვითხოვეთ, იმდენი ფული მოეცათ, რომ გურჯაანში ერთოთახიანი ბინა გვეყიდა. ამაზე მეტს არ ხარჯავენ ბაკურციხეში? თან ისე სწრაფად არემონტებენ, რომ ხარისხზე საერთოდ არ ფიქრობენ. სამუშაოების დასრულებიდან ორ თვეში ყველაფერი დაინგრევა.
ნებით არ გავალთ, გამორიცხულია. ვაპირებთ საპროტესტო აქციები გავმართოთ, ყურადღება იქნებ მაშინ მაინც მოგვაქციონ. თბილისში ფეხით ჩავალთ და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობას დავიწყებთ".

თამარ ნერგაძე, აფხაზეთიდან დევნილი: "კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი დაგვემუქრა, თქვენი აქედან გასახლება პრეზიდენტის დავალებაა და თუ არ გახვალთ, ძალით, სპეცრაზმით გაგათრევთ, ისე, როგორც თელავის ყოფილი სასტუმროდან გამოვყარეთ დევნილებიო".

სად კონტროლის პალატა და სად დევნილები

კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი აფხაზეთიდან დევნილების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ბოტკოველი ირწმუნება, რომ დევნილების განსახლების პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„დევნილებმა დამირეკეს, ვესაუბრე და ავუხსენი, როგორც საჯარო მოხელემ, რომ რა პირობებსაც სთავაზობს სახელმწიფო, უარი არ უნდა თქვან. სხვა შეხება მე მათთან არ მაქვს და არც არავის დავმუქრებივარ", - აღნიშნავს ბოტკოველი.

თუმცა, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსს დაშინებაში მხოლოდ გურჯაანში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები არ ადანაშაულებენ.

"ხელისუფლებამ თელავის ტურბაზის შენობის დაცლის ნაცვლად ალტერნატიული ფართი ქალაქგარეთ შემოგვთავაზა, რაზედაც უარი ვთქვით. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვაწიოკეს და გაგვყარეს საკუთარი სახლებიდან, იგივეს იმეორებენ ამჯერადაც. მეორედ გვდევნიან.

ისე დაიწყეს შენობის რემონტი, რომ არავის არაფერი გვკითხეს. ჩვენს გასახლებასაც კონტროლის პალატა ხელმძღვანელობს. გიორგი ბოტკოველი დაგვემუქრა კიდეც, თუ ნებით არ გახვალთ, საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩებითო. ტყვიას დავუდგებით წინ და აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ“, - აცხადებენ თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები.

მინისტრი სუბელიანი: გადაწყვეტილება მიღებულია და ცვლილებები არ იგეგმება!

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში აფხაზეთიდან დევნილი 220 ათასი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც სამ კეტეგორიად იყოფიან: დევნილები, რომლებიც კოლექტიურ ცენტრებში არიან ჩასახლებულნი, რომლებიც ქირით ცხოვრობენ და, რომლებიც ნათესავებთან არიან დაბინავებულები.

დღეისათვის გურჯაანში, კურორტ "ახტალის" ტერიტორიაზე 47 ოჯახი ცხოვრობს. თელავის ყოფილი ტურბაზის შენობაში, აფხაზეთიდან დევნილი 37 ოჯახია ჩასახლებული, ხოლო ლაგოდეხის პროფტექნიკუმის ყოფილ შენობაში 4 ოჯახი ცხოვრობს.

იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების პროცესი 2009 – 2010 წლებში დასრულდება. "აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 2009 წლის ბიუჯეტში 138 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სწორედ ამ თანხებით ტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობებში, სადაც დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცემათ, ხოლო ქირით და ნათესავებთან მცხოვრები დევნილებისთვის კი კოტეჯები აშენდება და შენობები გარემონტდება. გადაწყვეტილება მიღებულია და ცვლილებები არ იგეგმება", - განაცხადა სუბელიანმა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს დაგეგმილია, რომ დევნილების მფლობელობაში 400 კოლექტიური ცენტრი გადავიდეს, რომელიც 50 ათასზე მეტ დევნილს დააკმაყოფილებს. უკვე გამოცხადებულია 23 ტენდერი ქვეყნის მასშტაბით 41 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი პირობების გადაწყვეტისა და სოციალურ პროგრამებში მათი ინტეგრირების მიზნით, სტრატეგია შეიმუშავა. დევნილები ამტკიცებენ, რომ ეს სტრატეგია მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ახალი ამბები