კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მართლმსაჯულება პოლიტიკური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ?!

6 მარტი, 2009

მადლენ მაჭარაშვილი

მერაბ რატიშვილი - საქართველოს საზოგადოება მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იცნობს, თუმცა სასამართლოს ორმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში. ადვოკატების მეშვეობით ციხიდან ხშირად მიმართავს საზოგადოებას და სთხოვს, ხმა აიმაღლოს სასტიკი მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მიაჩნია, რომ 2008 წლის 15 ივლისს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური შეხედულებისა და პოლიტიკური საქმიანობისთვის მიუსაჯა. განსაკუთრებული იმედით არ ელის ქართული მართლმსაჯულების უკანასკნელი ინსტანციის, უზენაესის, განაჩენს. იცის, რომ განაჩენი არ შეიცვლება. კიდევ ერთი საქმე გაუყვება სტრასბურგის გზას - ისევ  საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არარსებობის მოტივით.

 * * *
ყველაფერი დაიწყო 2007 წლის ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა სამართალდამცავებმა ვინმე მოქალაქე გია მელაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში აღმოაჩინეს და საეჭვოდ მიიჩნიეს ტელეფონის ნომერი 899 39 88 ... (ნომრის ყველა ციფრს არ ვასახელებთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების გათვალისწინებით, თუმცა იგი სამართალდამცავთა მიერ გასაიდუმლოებული არ გახლავთ). 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანქცია გასცა 2 თვის  განმავლობაში ამ ნომერზე განხორციელებული საუბრების ფარულად მოსმენაზე. სანქციის გაცემის მიზნად დასახელდა ნარკორეალიზატორების გამოვლენა, რომლებიც თითქოს ზემოთ ხსენებულ გია მელაძეს ამარაგებდნენ ნარკოტიკით, სავარაუდოდ - ამ ნომრის მფლობელიც. სწორედ, ამ მობილური ტელეფონის პატრონი იყო მერაბ რატიშვილი.

სამართალდამცავები აღნიშნულ სატელეფონო ნომერთან საუბრებს ისმენდნენ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22 საათამდე. აღნიშნულ ნომერთან დამაკავშირებელი (შემავალი და გამავალი) სულ 33 ზარი აღრიცხეს. აქედან მხოლოდ ორი - ერთსა და იმავე დღეს ერთი და იმავე ნომრიდან შემდგარი საუბრით დაინტერესდნენ. საუბრებს შორის შუალედი 40 წუთი იყო. მრავალიდან ამ ორის არჩევის მოტივი იყო საუბრის დროს გამოყენებული სიტყვა “შაქარი”, რომელიც ნარკოტიკების აღმნიშვნელ კოდურ სიტყვად მიიჩნიეს.

როგორი გემო აქვს სუბოტექსს?

განსასჯელის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე დააყენა რამდენიმე არსებითი ხასიათის შუამდგომლობა. სასამართლოს არც ერთი მათგანი არ დაუკმაყოფილებია.

პირველი შუამდგომლობით ადვოკატი შემდეგი დეტალის დაზუსტებას ითხოვდა: იმ დღეს, საეჭვოდ მიჩნეულ ზარებამდე რამდენიმე საათით ადრე, მერაბ რატიშვილის ნომერზე რატიშვილის ახლობელმა, აგარის ქარხნის დირექტორმა გოჩა ძასოხოვმაც დარეკა და მანაც შაქრის შესახებ ისაუბრა. ეს საუბარი და მასში ნახსენები “შაქარი” სამართალდამცავებს საეჭვოდ არ მიუჩნევიათ. რატომ? თუკი, სამართალდამცავთა აზრით, ერთ შემთხვევაში ეს სიტყვა ჩვეულებრივ შაქარს აღნიშნავდა, რატომ ჩაითვალა სხვა შემთხვევაში კოდურ სიტყვად? მით უმეტეს, რომ - როგორც ჩანს, ხუმრობით - ძასოხოვი რატიშვილთან საუბარში თავს ვახტანგ გორგასლად მოიხსენიებდა (სავარაუდოდ, იმიტომ, რომ - საუბრის მომენტში - ოფისი თბილისში, აბანოთუბანში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს ჰქონდა). ერთი შეხედვით, ხომ უფრო მეტი არგუმენტი არსებობდა ეჭვის შესატანად?

სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროდ არ მიიჩნია. თავად სოდ-ის თანამშრომელმა, რომელიც სასამართლოზე მოწმედ იყო მოწვეული - კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნია სიტყვა “შაქარი” ნარკოტიკის და, კერძოდ, სუბოტექსის, აღმნიშვნელად - ადვოკატს სრულიად გაუგებარი პასუხი გასცა: “იმიტომ, რომ შაქარი არის თეთრი და ტკბილი”. მის უმაღლესობას აბსურდული პასუხი არ გაუპროტესტებია. შესაძლოა, მან, მართლაც, არ იცოდა “სუბოტექსის” რეალური შეფერილობა და გემო, მაგრამ, დაინტერესების შემთხვევაში, სასამართლოს ხომ ადვილად შეეძლო ამ საკითხზე კონსულტაციის მიღება? ხომ ადვილად შეიძლებოდა იმის გარკვევა, რომ ნარკოტიკებთან დაახლოებული ადამიანები ასოციაციურად შაქართან არ აიგივებენ “სუბოტექსს” და, შესაბამისად, ასე არც მოიხსენიებენ მას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი მას არაფრით ჰგავს: არც ტკბილია და არც თეთრი ფხვნილი? რომ კოდური სიტყვა “შაქრით“ რატიშვილთან ინკოგნიტო პირების საუბარი ძალიან ჰგავს დადგმულს, შეკვეთილს, ხოლო კოდურ სიტყვად შერჩეული “შაქარი” რატიშვილთან ძასოხოვის რეალური საუბრიდან ამოგლეჯილს?!            

სად გაუჩინარდა გოჩა ძასოხოვი?

მორიგი შუამდგომლობა, რომელიც სასამართლომ განსასჯელის მხარეს არ დაუკმაყოფილა, იყო სასამართლო პროცესზე აგარის ქარხნის ყოფილი დირექტორის - გოჩა ძასოხოვის მოწმედ მოწვევა. იგი მოწმედ არ მოიწვიეს. მის კვალს ვერც ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მიაგნო. იგი რატიშვილის აყვანიდან მეორე დღეს გაუჩინარდა. აღარ ფუნქციონირებს მისი ტელეფონის ნომრები. მის შესახებ ვერაფერი გვითხრეს აგარის შაქრის ქარხანაშიც. სავარაუდოდ, იგი საქართველოში აღარ იმყოფება. უცნაურია, რომ სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია მისი მოძიება, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გოჩა ძასოხოვი ვერავის ეტყოდა სათქმელს რატიშვილისა და “შაქრის” შესახებ: ვერც მას - სასამართლოს და ვერც სხვა დაინტერესებულ პირებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ვამბობთ იმას, რომ სასამართლომ ამ ეპიზოდში შესაძლოა თავისდაუნებურად ითანამშრომლა მათ ინტერესებთან, ვისაც ძალიან უნდოდა, რომ “შაქარს” რატიშვილის ნაცნობების ლექსიკონში აუცილებლად ნარკოტიკის მნიშვნელობა ჰქონოდა; და ითანამშრომლა მათთანაც, ვინც გოჩა ძასოხოვის გაუჩინარებას შეუწყო ხელი.

იმის დადგენა, რომ რატიშვილი ნამდვილად იყო ჩასული აგარაში შაქრის წამოსაღებად, სასამართლოს სხვა გზითაც შეეძლო - იმ დღეს მისი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარების მიხედვით, მაგრამ სასამართლოს არც ეს გაუკეთებია. არადა, თუ გადახედავდა ამ ზარებს, დარწმუნდებოდა, რომ “მაგთიკომის” სატელეფონო ანძამ რატიშვილის ნომერზე იმ დღეს რამდენიმე სატელეფონო საუბარი დააფიქსირა აგარის ტერიტორიიდან, სადაც რატიშვილი, წინასწარი სატელეფონო შეთანხმების თანახმად, ჩვეულებრივი შაქრის შესაძენად იყო ჩასული და არა კოდური შაქრისა, რისი დამტკიცებაც ვიღაცას ძალიან უნდოდა.

პოლიცია  - “მაგთიკომი”: სიყალბის ფაბრიკანტები

სასამართლოს არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვაზე: ვინ არის რატიშვილთან განხორციელებული და სამართალდამცავთა მიერ საეჭვოდ მიჩნეული საუბრების ავტორი? ვინ არის ის, ვინც რატიშვილისგან “თეთრ ტკბილ ფხვნილს”, სუბოტექსს, ითხოვდა? სასამართლომ ამის დადგენა არ ისურვა. მან არ დააკმაყოფილა განსასჯელის ადვოკატის მოთხოვნა, რომ “მაგთიკომიდან” გამოეთხოვათ ინფორმაცია რატიშვილთან განხორციელებული საეჭვო ზარის ავტორის შესახებ. გამოდის, რომ ადამიანი დამნაშავედ ცნეს ნარკოტიკების მოხმარებაში ისე, რომ ამ მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები არ გამოავლინეს. მაშ, რა საფუძველზე მიიჩნიეს იგი ნარკოტიკების მოხმარებაში საეჭვოდ და რა საფუძველზე გასცეს მისი პირადი ტელეფონის მოსმენაზე სანქცია? სასამართლომ ხომ ვერც კოდური სიტყვის გამოყენება დაადასტურა და ვერც ამ სიტყვის ავტორების არსებობა?

სამაგიეროდ, ადვოკატმა გამისონიამ წარუდგინა სასამართლოს “მაგთიკომიდან” გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ რატიშვილთან ნარკოტიკზე (“შაქარზე”) მოსაუბრე პირი გამოგონილია, საუბარი  -  დადგმული და ამ ინსცენირების ერთ-ერთი (მაგრამ არა - ერთადერთი) მონაწილე შპს “მაგთიკომია”.
   
სასამართლო საქმეში დევს ეს ინფორმაცია  -  იმ აბონენტის ბარათის მონაცემები, რომლის ოფიციალურ მფლობელობაშია ნომერი 895 4735... (საიდანაც საეჭვო შინაარსის საუბრებს ახორციელებდნენ). ასეთი ბარათი აბონენტის მომსახურების ოფისებში ყოველი ნომრის გაცემის დროს ივსება და მასში შეაქვთ ნომრის მფლობელის მონაცემები პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან: სახელი და გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი და სერია.

ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მასალა ადასტურებს, რომ ზემოთ ხსენებულ ნომერზე შექმნილ სააბონენტო ბარათში მითითებული პირადობის მოწმობის ნომერი ეკუთვნის ერთ ადამიანს, სახელი და გვარი - სხვას, რეგისტრაციის ადგილი კი სხვას (უფრო სწორად, არავის: ის მოგონილია). ერთი სიტყვით, აბონენტის ბარათი გაყალბებულია.

თვითონ განსაჯეთ: პირად ნომრად და სერიად მითითებულია გორის რაიონში მცხოვრები მიხეილ ხუროშვილის მონაცემები, რომელიც 2006 წელს (მის საპასპორტო მონაცემზე “მაგთის” მიერ სატელეფონო ნომრის გაცემამდე ერთი წლით ადრე) გარდაიცვალა; რაც შეეხება აბონენტის სახელსა და გვარს, ამ გრაფაში მითითებულია “მიშიკო კეთილაძე” (როგორც ჩანს, “მაგთიკომის”  თანამშრომლებმა დაინდეს გარდაცვლილის პატივი და ღირსება - რასაც ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობაც იცავს  -  და მისი საპასპორტო მონაცემის გვერდით მისი სახელის ნაცვლად ვირტუალური სახელი და გვარი ჩაწერეს; არ გამოიყენეს გარდაცვლილი მოქალაქის საპასპორტო მონაცემებიდან არც მისი რეგისტრაციის ადგილი და იგი (გორის რაიონი) შეცვალეს ბუნებაში (ყოველ შემთხვევაში, თბილისში) არარსებული მისამართით: თბილისი, ორთაჭალა 5, ხეივანი 216.
 
ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, სხვა დანარჩენთან ერთად, სასამართლოს უხერხულად არც ის მოხვედრია ყურში, რომ აბონენტის რეგისტრაციის ოფიციალურ მისამართში მითითებული იყო თბილისის ერთ-ერთი უბანი - ორთაჭალა. ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ცხადია, მიხვდება, რომ უბნის სახელი პირადობის მოწმობიდან ამონაწერში არ უნდა იყოს, რომ ადამიანები რეგისტრაციას გადიან არა უბნების (ვერა, კუკია, სვანეთის უბანი...), არამედ ოფიციალური მისამართების მიხედვით. სამწუხაროა, რომ სასამართლოს შემადგენლობამ ასეთი ცოდნა ვერ გამოამჟღავნა.
  
ადვოკატმა რაულ გამისონიამ სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომაც, სხვათა მსგავსად, არც ეს შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. რაულ გამისონია ითხოვდა, დადგენილიყო, კიდევ რა ნომრებზე იყო დარეკილი ე.წ. მიშიკო კეთილაძის ნომრიდან. ამის დადგენა საშუალებას მისცემდა მსაჯულებს, გასულიყვნენ თუნდაც ერთ რეალურ პიროვნებაზე, რომელიც მათ დაეხმარებოდა ტელეფონის ნომრის მფლობელის ზუსტი ვინაობის დადგენაში. ანუ ვირტუალურ მიშიკო კეთილაძეს რეალურ პიროვნებად აქცევდა. ბოლოს და ბოლოს, ვიღაც ხომ მართლა კრებდა რატიშვილის ნომერს ანონიმი აბონენტის ნომრიდან.
 
სასამართლომ ამის დადგენა არ მოისურვა და ამით კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ შესაბამისი ორგანოები საგანგებოდ არეგისტრირებენ ყალბი მონაცემებით ე.წ. საკონტროლო ნომრებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, გარდაცვლილ მოქალაქეებზე აქვთ გაფორმებული და რომ ამ საქმეში კერძო სატელეფონო კომპანიებსაც იშველიებენ. სწორედ, ამაზე მეტყველებს შპს “მაგთიკომში” შექმნილი აბონენტის ბარათი. ხოლო იმაზე, რომ ასეთი ქმედებებისთვის მათ ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ მიცემული, ვფიქრობთ, რატიშვილის სასამართლო პროცესი ღიად მეტყველებს.

ხოლო იმის ძიებას, ვის სჭირდებოდა მიშიკო კეთილაძის გამოგონება, მივყავართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტამდე. ამ უწყებას სჭირდებოდა სატელეფონო ზარი, როგორც მტკიცებულება, რათა რატიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიეღო. მათ რატიშვილის დაკავების სხვა ოფიციალური საფუძველი არ ჰქონიათ. ეს საფუძველი კი, როგორც მკითხველმა ზემოთ ნახა, გამოგონილია.   

ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი ესაუბრა შპს “მაგთიკომის” იურისტ გიორგი ლაბახუას, რათა გაგვერკვია, რატომ და ვისი დაკვეთით დაამზადა კომპანიამ ყალბი სააბონენტო ბარათი. იურისტმა ჟურნალისტები მოატყუა - გვითხრა, რომ პასუხს ოფიციალურად მოგვწერდა. მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. როგორც ჩანს, “მაგთიკომს” აქვს სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია, ხოლო იმიჯი, რომელიც ჟურნალისტურმა გამოძიებამ შეიძლება შეუქმნას, ნაკლებად აინტერესებს.

სხვა წინააღმდეგობები

სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ რატიშვილის დაკავების, მისი პირადი, აგრეთვე მისი ავტომანქანის, ბინისა და ოფისის  ჩხრეკის ოქმები დარღვევით არის შედგენილი. ამ ოქმებს ხელს არ აწერენ მოწმეები, ხელს არ აწერს ადვოკატი, რომლის დასწრებას რატიშვილი დაბეჯითებით ითხოვდა. გარდა ამისა, ოქმს ხელს აწერს უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე, თვითმხილველთა თქმით, რეალურად მონაწილეობდა ჩხრეკაში. მაგალითად, სასამართლო პროცესზე რატიშვილის მეუღლემ მოწმედ მოწვეულ სოდ-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანში ამოიცნო სახლის ჩხრეკის დროს იქ მყოფი პირი, რომელსაც ჩხრეკის ოქმზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. სასამართლოს ეს მტკიცებულებად არ მიუღია.

სასამართლოს დარღვევად არ მიუჩნევია ასეთი ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები: ავტომანქანიდან ამოღებული ერთჯერადი მოხმარების შპრიცში გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება “მეტადონი” და სახლის ჩხრეკის დროს დაკავებულის პიჯაკის ჯიბიდან ამოღებული იგივე ნივთიერება.

მთავარი ძაფი სასამართლომ ხელიდან გაუშვა
 
არსებობდა თუ არა, საერთოდ, გია მელაძის საქმე, საიდანაც რატიშვილის ტელეფონის ნომერი ამოიღეს და მოსმენა დააწესეს? ამის დადგენა იყო მიზანი ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობისა, რომელზეც რატიშვილის ადვოკატი იმედს ამყარებდა. არსებობს სრულიად რეალური ეჭვი, რომ ეს საქმე ისევე გამოგონილია, როგორც “მაგთიკომის” აბონენტი და მისი გაყალბებული სააბონენტო ბარათი.

მართლაც, თუკი გამოძიებას დასჭირდა კეთილაძის გამოგონება რატიშვილის კომპრომეტირებისთვის, რატომ არ შეიძლებოდა გამოეგონა მელაძის საქმე? ანალოგიის მეთოდი გვაძლევს ამგვარი ვერსიის დაშვების საშუალებას. მით უმეტეს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა ამ საქმიდან კონკრეტული მტკიცებულება რატიშვილის წინააღმდეგ, კერძოდ, მელაძესა და რატიშვილს შორის გამართული საუბრის ჩანაწერი. ობიექტური სასამართლო აუცილებლად გამოითხოვდა მელაძის საქმეს, ამოიღებდა ამ ჩანაწერს, მოისმენდა შინაარსს, გაარკვევდა, კონკრეტულად რა თქვა რატიშვილმა მელაძესთან საუბარში, მოითხოვდა ექსპერტიზას ხმის იდენტიფიკაციის მიზნით, იმის გასარკვევად, იყო თუ არა ნარკოტიკებზე მოსაუბრე ხმა ნამდვილად რატიშვილის. სასამართლოს ეს არ გაუკეთებია.

ჩვენს ეჭვს ამყარებს სასამართლოს საქმის მასალებში არსებული ერთ-ერთი დოკუმენტი - სოდ-ის თანამშრომლის, მიქაუტაძის, ჩვენება. იგი წერილობით აცნობებს სამართალდამცავებს, რომ “რატიშვილის კავშირი გია მელაძის საქმესთან არ დასტურდება”.


რატომ არ ჩახედა სასამართლომ განსასჯელს თვალებში?

სასამართლომ ისე გამოუტანა განაჩენი მერაბ რატიშვილს “დიდი რაოდენობით ნაკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში,“ რომ ვერ დაამტკიცა, განსასჯელი ნამდვილად არის თუ არა ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი. ამის დამტკიცება მას შეეძლო, თუკი დანიშნავდა ნარკოლოგიურ ექსპერტიზას. ასეთი ექსპერტიზით მოწმდება ადამიანი ნარკოტიკის მუდმივ მოხმარებაზე.

ნარკოლოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ირინა ამნიაშვილმა, ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ “ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად იოლი დასადგენია, პიროვნება წამალდამოკიდებულია თუ მხოლოდ ერთხელ მოიხმარა ნარკოტიკი. ამის დამტკიცება შესაძლებელია მის თვალის გუგებზე, მოძრაობებზე, ვენებზე დაკვირვებითაც კი.”

ადვოკატი და განსასჯელი დაჟინებით სთხოვდნენ მოსამართლეს, დაენიშნა ასეთი ექსპერტიზა. მოსამართლემ ამ თემაზე დაყენებული შუამდგომლობაც უსაფუძვლოდ ცნო. რატომ? მისი უმაღლესობის გადაწყვეტილებები ასეთი კითხვების დასმას არ ექვემდებარება.
  
არადა, საქმის მასალები საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ რატიშვილი, არათუ საერთოდ არ იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, შესაძლოა, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეც კი არ იყო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ - მას ნარკოტიკი დაკავების შემდეგ გაუკეთეს. საქმეში მისი დაკავების დროდ მითითებულია 22 საათი. ნარკოლოგიური ანალიზის ჩატარების დროდ კი -  03:27 საათი, შუაღამის ოთხის ნახევარი. სასამართლოს არ დაუსვამს კითხვა, რატომ დაგვიანდა ასე - მთელი ხუთ საათ-ნახევრით მისი ნარკოტიკზე შემოწმება. სამაგიეროდ, ჩვენ ვკითხეთ ეს ექსპერტებს და დავადგინეთ, რომ ადამიანის სისხლში ნარკოტიკების აღმოსაჩენად რამდენიმე საათი უნდა იყოს გასული. რატიშვილი დაკავების მომენტში რომ ყოფილიყო ეჭვმიტანილი წამლის ზემოქმედებაში, მაშინვე უნდა წაეყვანათ შესამოწმებლად. როგორც წესი, ასე იქცევა პოლიცია.

სასამართლოს მით უფრო უნდა მიექცია ყურადღება ამ დეტალისთვის, რომ რატიშვილი თავის ჩვენებაში აცხადებდა, ხელბორკილების დადების შემდეგ კუნთში ორჯერ ვიგრძენი ჩხვლეტა და ფაქტს მაშინ მივაქციე ყურადღება, როდესაც ნარკოლოგიური ანალიზით მეტადონის მოხმარება დამიმტკიცესო.

ვერსია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება

მისი ავტორები რატიშვილი და მისი გულშემატკივრები არიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მელაძის საქმე, მიშიკო კეთილაძე და ნარკოტიკები მხოლოდ საშუალება იყო რატიშვილის დასაკავებლად, სინამდვილეში ხელისუფლებას მასთან პოლიტიკური ანგარიშები ჰქონდა ნოემბრის მიტინგის ორგანიზებაში მონაწილეობის გამო  - მათ შორის, ფინანსურად. ხელისუფლებას სჭირდებოდა მისი იზოლაცია. სასამართლოს რატიშვილის ადვოკატმა წარუდგინა მასალები იმის დასამტკიცებლად, როგორ ცდილობდა გამოძიება, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დანაშაულის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები შეექმნა: მისი ოფისიდან წაიღეს პოლიტიკური კვლევები, სახლიდან კი - მაისურები და კეპები წარწერით “ჩვენ თვითონ”. შემდეგ ეს მასალები კონტრდაზვერვას გადაუგზავნეს. სამშობლოს ღალატსა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასადანაშაულებლად საკმარისი მასალები ვერ მოაგროვეს და რატიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ეს მიმართულება სასამართლომდე მოუხსნეს. როგორც ჩანს, მთავარი რატიშვილის იზოლირება იყო და სასამართლოსაც მხოლოდ ნარკოტიკების  ნაწილში მოუხდა შემკვეთის ინტერესთან თანამშრომლობა.

ეს ვერსიაა, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ აქვს არსებობის უფლება. მით უმეტეს, რომ სასამართლო საქმის  გაცნობა კიდევ ერთ ქულას წერს ამ ვერსიის სასარგებლოდ.

p.s. ჟურნალისტური გამოძიება უკვე დასრულებული იყო, როდესაც შპს „მაგთიკომიდან“ დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ჩვენ მიერ მიწერილი წერილის პასუხი მომზადებული ჰქონდათ. „მაგთიკომის“ იურისტის მიშა ჯიღაურის განმარტება, რომ „ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები ბაზაში რეგისტრირებულია
დილერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე”, - ნამდვილად არ არის საკმარისი კომპანიის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. „მაგთიკომის” დილერი სწორედ, ამ კომპანიის თანამშრომელია და ისიც იმავე წესით უნდა გასცემდეს ნომერს
მოქალაქეზე, როგორც დადგენილია სახელმწიფოს მთელ საკომუნიკაციო სივრცეში - პირადობის მოწმობის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, რეალურად არსებულ მოქალაქეზე.

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის  მონიტორინგი საქართველოში” – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერი - ფონდი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”

ახალი ამბები