კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავისუფალი აზრის დევნაში მსჯავრდებული მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

9 მარტი, 2009

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კაპანაძე, რომელიც ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ 2008 წელს თავისუფალი აზრის დევნაში დამნაშავედ სცნო, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან იმ პირებს, ვინც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვიან და ჟურნალისტების დაშინებას ცდილობენ, ახალისებენ და მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ.

ლაგოდეხის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დავით კაპანაძე კახეთის საოლქო პროკურატურამ 2008 წლის 17 მარტს დააკავა. პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე რადიო "ჰერეთის" დირექტორის რამაზ სამხარაძის განცხადების საფუძველზე აღიძრა. სამხარაძის განცხადებით, 2006 წლის 9 ოქტომბერს რადიო "ჰერეთში" გასული რეპორტაჟის გამო, რომელიც ექსპარლამენტარის წარსულ საქმიანობას ეხებოდა, კაპანაძე თანამზრახველებთან ერთად სახლიდან გამოსულს ქუჩაში დაუხვდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე კი აღიძრა, მაგრამ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ საქმეში დანაშაულის ნიშნების არსებობის მიუხედავად, გამოძიება შეწყვიტა.

"კაპანაძე გავლენიანი მეგობრების მფარველობით, საქმის ადგილზე შეჩერებას შეეცადა, რაც გურჯაანის პროკურატურის გადაწყვეტილებითაც დადასტურდა. პროკურატურის მაშინდელი დასკვნით, წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კაპანაძის ქმედება არ გადაზრდილა ხულიგნობაში და არ დარღვეულა საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალურმა  პროკურატურამ ცემის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განაახლა და სულ მალე, კაპანაძე, მის მეგობარ გია ყორღანაშვილთან ერთად დაკავეს, რომელიც მმართველი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია", - აცხადებენ "ჰერეთის" ადმინისტრაციაში.

ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ კაპანაძე და ყორღანაშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის ანდა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით). მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი დავით კაპანაძისთვის 1 წლითა და 6 თვით, ხოლო გია ყორღანაშვილისთვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, მოსამართლემ, ჯარიმის სახით, კაპანაძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 000 ლარის, ხოლო ყორღანაშვილს 4 000 ლარის გადახდა დააკისრა. რადიო "ჰერეთის" ცნობით, სამხარაძემ მსჯავრდებულებისგან მხოლოდ ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოითხოვა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ, დავით კაპანაძე საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ბოტკოველმაც დაადასტურა.
კაპანაძის განცხადებით, მას ნასამართლობა მოეხსნა და უფლება აქვს იმუშაოს.

"ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დაახლოებით 4-5 თვის წინ მომეხსნა ნასამართლობა", - აღნიშნავს კაპანაძე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაპანაძეს ნასამართლობა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოეხსნა.

ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან იმ პირებს, ვინც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვიან და ჟურნალისტების დაშინებას ცდილობენ, ახალისებენ და მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ.

ია მამალაძე, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე: "ეს არის ხელისუფლების მორიგი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ ისეთი ქმედება, რაც კაპანაძემ ჩაიდინა, მათთვის მისაღებია. შემიძლია გავიხსენო ქუთაისში მომხდარი ინციდენტიც, როცა იმერეთის რეგიონის მაშინდელმა გუბერნატორმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი სცემა, მაგრამ დასჯის ნაცვლად, ბობოხიძე მაშინ დააწინაურეს, დღეს კი პარლამენტის წევრია. ფაქტია, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენებს ახალისებენ. სხვაგვარად რომ იყოს, ადგილობრივი ჩინოვნიკები ჟურნალისტების დაშინებას, ცემას და მათზე თავდასხმებს ვერ გაბედავდნენ.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: "კაპანაძე, რომელიც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვის, საჯარო მოხელე არ უნდა გამხდარიყო. მან კი გამოისყიდა თავისუფლება 8 ათას ლარად, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრალეულობა თავისუფალი სიტყვის დევნისათვის სამუდამოდ მოიხსნა. ასეთი ადამიანები არ უნდა ინიშნებოდნენ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არც კონტროლის პალატაში და არც წარმომადგენლობით ორგანოებში. ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რომ ადამიანებს შეუძლიათ სცემონ ჟურნალისტი, დევნიდნენ თავისუფალ სიტყვას და შემდგომ დასაქმდნენ და დაწინაურდნენ".

უჩა ნანუაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ჟურნალისტების დევნისათვის ადამიანებს ახალისებენ. გამორიცხულია, დაწესებულებების ხელმძღვანელებმა არ იცოდნენ ვის ნიშნავენ ამა თუ იმ თანამდებობაზე. ამ ვითარების შესახებ ინფორმირებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც თავის საანგარიშო მოხსენებებში კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაა ის, რომ ხდება ჩვენი გარიყვა არამარტო ევროინტეგრაციის პროცესებიდან, არამედ, მე ვფიქრობ, რომ ვუახლოვდებით ცენტრალურ აზიას".

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები