კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედია - ქილერები

26 მარტი, 2009

ცუდია, რომ ჟურნალისტებს ჩვენსავე კოლეგებზე გვიწევს წერა, მაგრამ ფაქტია,  ჟურნალისტთა კორპუსი, ნებსით თუ უნებლიედ, ჟურნალისტებად და სახელისუფლებო ჟურნალისტებად დაიყო. ამას კიდევ ეშველება, მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ორი დღის წინ, ჩვენი რეგიონალური ჟურნალისტი ნანა ფაჟავას სიცოცხლე ”რუსთავის 2”-ის რეგიონალურმა ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ ლამის იმსხვერპლა და მხოლოდ იმის გამო, რომ ფაჟავას რეპორტაჟები ხშირად ეწინააღმდეგებოდა გოგოხიას რეპორტაჟებში მოწოდებულ ინფორმაციას.

ორ ჟურნალისტს შორის კონკურენცია და დაპირისპირება საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო, რომ არა ის საფრთხეები, რაც ამ კონკურენციის უკან იკვეთება.

ნანა ფაჟავა თვლის, რომ დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და საზოგადოებამ იცოდეს, რას ემსახურება ემა გოგოხიას და პირველი არხის   ჟურნალისტის ნატო ბერულავას საქმიანობა. როგორ თანამშრომლობენ ისინი სპეცსამსახურებთან და რად უჯდება მათი სამსახური ქვეყანას.

- ორი დღის წინ სკოლასთან შვილს ველოდებოდი. შემთხვევით, ტელეკომპანია ”ოდიშის” ყოფილ ოპერატორს შევხვდი, რომელთანაც ვსაუბრობდი. ცოტა ხანში, სკოლის ტერიტორიიდან მომავალი ”მაზდას” ფირმის ჯიპი შევნიშნეთ. საერთოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანით მოძრაობა აკრძალულია და მანქანაც ამის გამო მოგვხვდა თვალში. თავიდან მძღოლი გზის შუა ნაწილზე მოძრაობდა, მაგრამ როგორც კი მოგვიახლოვდა, მკვეთრად მოუხვია და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.

ჩემმა კოლეგამ უცებ ხელი მტაცა, რომ მანქანას გავერიდებინე. მოვასწარი და ბორდიურზე ავხტი. მოვიხედე და საჭესთან ემა გოგოხია დავინახე, რომელსაც გვერდით, ქერათმიანი ქალი ეჯდა. გოგოხიამ რაღაც წაიბურტყუნა, მაგრამ მხოლოდ სიტყვა ”გადაგივლი” გავიგე.

ეს სერიოზული ბრალდებაა. დარწმუნებული ხარ, რომ სპეციალურად გააკეთა?

- დარწმუნებული ვარ. არ ვამტკიცებ, რომ გოგოხია მე მდარაჯობდა, მაგრამ ფაქტია,  როცა შემნიშნა ჩემსკენ გადმოუხვია. პატრულში დავრეკე და შეტყობინება გადავეცი. პატრული როცა მოვიდა მოვუყევი, რაც მოხდა, რომ მანქანა სანომრე ნიშნების გარეშე იყო და გოგოხიას შეჯახების აშკარა მცდელობა ჰქონდა. თუმცა, პატრულმა ეს ოქმში რატომღაც არ ჩაწერა.

ამ ამბიდან ერთი საათის შემდეგ, გოგოხიას მანქანა უკვე სანომრე ნიშნებით ვნახე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მისი მანქანის სანომრე ნიშნებია. საქმე ისაა, რომ პოლიციის ”პიკაპის” მარკის ავტომანქანა ვნახე მოხსნილი სანომრე ნიშნებით და ეჭვი მაქვს, გოგოხიამ იმ მანქანის სანომრე ნიშნები თავის მანქანაზე გადაიტანა. შემდეგ, ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, რომ ყველას ენახა, თითქოს, სანომრე ნიშნიანი მანქანით მოძრაობდა.

პატრულს მოვთხოვე განემარტათ ჩემთვის, ვინ გააფრთხილა და ჩემი შეტყობინება ვინ გადასცა გოგოხიას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ეს ფაქტი ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ამიტომ, საპატრულო სამსახურში  მივედი და ვუთხარი: კეთილი ინებეთ, ამოიღეთ ვიდეო ჩანაწერი და გაჩვენებთ მოძრაობდა თუ არა სანომრე ნიშნებით-თქო.

იქნებ, გაგეხუმრა. მოსაკლავად რატომ გაგიმეტებდა?

- 18 მარტს ”რადიო პალიტრაში” ირინა თევდორაძის გადაცემაში მამუკა არეშიძე და კობა ლიკლიკაძე იყვნენ მიწვეულები, რომლებიც კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე საუბრობდნენ.

გადაცემაში პირველი ჩართვა მე მქონდა და ვთქვი, რომ კონფლიქტის ზონებიდან ტელევიზიებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ასევე, ვახსენე ხურჩის ინციდენტი. როცა ხურჩის ინციდენტი მოხდა, ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” და რადიო ”იმედს” წარმოვადგენდი და ამ ინციდენტიდან 15 წუთის შემდეგ გავაკეთე ჩართვა, სადაც ვთქვი, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლების, სპეცსამსახურების და ტელეჟურნალისტების პროვოცირებული იყო.

ვახსენე ასევე განმუხურის ამბები და ვთქვი, რომ იმ რეპორტაჟების გამო, რომელიც ”რუსთავი 2”-ით გადაიცემა, საფრთხეში ვარდებიან, როგორც გალის, ისე საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები.

ოკუპაციის დროს, როცა  აფხაზები რამდენიმე კვირით განმუხურსა და ხურჩას აკონტროლებდნენ, განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება. მაშინ, ერთერთი ქალბატონი ”რუსთავი 2”-ის  რეპორტაჟის გამო, სასწაულებრივ გადაურჩა დაწიოკებას და სახლ-კარის გადაწვას, რადგან აფხაზები ეძებდნენ. სინამდვილეში, ეს ქალბატონი არა განმუხურის, არამედ ანაკლიის მაცხოვრებელი იყო.

ამის შესახებ მე ჩართვაში ვთქვი, მაგრამ კონკრეტულად ემა გოგოხია არ დამისახელებია. უბრალოდ, ვთქვი, რომ ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს და მიანიშნებს.

”მზერის” კორესპოდენტს, მალხაზ ბასილაიას, პროდიუსერმა იმის გამო უსაყვედურა, რომ ”რუსთავი 2”-ით გადაცემული რეპორტაჟი ”მზეზე” არ მოხვდა. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა გოგოხიას დადგმული სცენარით შექმნილ სიუჟეტს. ბასილაიამ, რომელიც ემა გოგოხიას მანქანაში იჯდა, თავად მოისმინა, როგორ ”შეუკვეთა” გოგოხიამ სპეცსამსახურის თანამშრომელს რუსი ჯარისკაცის სამი ფორმა და ერთი ტანკი.

შემდგ, მომზადდა რეპორტაჟი, თითქოს, ნასვამი რუსის ჯარისკაცები ჭითაწყარის და ონარიის მოსახლეობას დაერივნენ და დააწიოკეს. ეს შემთხვევაც ვახსენე ”რადიო პალიტრაში”, მაგრამ ისე, რომ გოგოხია არც მაშინ დამისახელებია.

როდესაც გადაცემის ავტორმა მკითხა, რას უკავშირდებოდა ეს რეპორტაჟები და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ვთქვი, რომ ხშირ შემთხვევაში, ამის ავტორები არიან ჟურნალისტები, მაგრამ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, სპეცსამსახურების თანაავტორები არიან.

ჩემი კიდევ ერთი განცხადება ეხებოდა ერთი კვირის განმავლობაში 5 შეიარაღებულ თავდასხმას, სადაც ასევე ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და გალში და ოტობაიაში მიმავალ მიკროავტობუსებს ძარცვავდნენ.

ვთქვი, რომ ხშირად, ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით კომენტარებს აკეთებენ, არა გალის, არამედ ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაცხოვრებლები არიან და რომ მათ სპეციალურად ალაპარაკებენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გოგოხიასთვის ცუდი მოსასმენი იყო და შედეგიც მოყვა.

შენსა და გოგოხიას შორის, როგორც ჩანს, დიდი ხანია ურთიერთობა დაძაბულია

- როცა ტელეკომპანია ”იმედში”, რადიო ”იმედში” და ”იბერიაში” ვმუშაობდი, კომენტარებისთვის უშიშროების სამსახურს ვუკავშირდებოდი. ხშირად, ისინი უარყოფდნენ ამ ინფორმაციებს, მაგრამ შემდეგ, ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები, მათი კომენტარებით ”რუსთავი 2”-ის ეთერში ხვდებოდა.

როცა ეს ინფორმაციები დამახინჯებული სახით  ”რუსთავი 2”-ით გადაიცემოდა,  ვცდილობდი მათი ანულირება გამეკეთებინა და ფაქტები ზუსტად გადამეცა, რაც გოგოხიას უკმაყოფილებას იწვევდა. ამის გამო, მუდმივად მქონდა პრობლემა. ემა გოგოხია, როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, კონკურენციას უკავშირდებოდა, მაგრამ კრიმინალურ ელემენტებს შეიცავდა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის საზიანო იყო.

იყო ასეთი ფაქტიც, როდესაც ენგურჰესის დაცვის თანამშრომელი უროტაძე ქართველმა პარტიზანებმა გაიტაცეს და დაბა ჯვარის მიმართულებით წაიყვანეს. მე ვთქვი, რომ ეს ქართველი პარტიზანების გაკეთებული იყო. მაშინ აფხაზური მხარე დამიკავშირდა და მკითხეს, როგორ არ მეშინია ან უშიშროების, ან პროკურატურის, ან ხელისუფლების?

როცა უროტაძე გაათავისუფლეს, აფხაზურმა მხარემ ნება დამრთო, რომ ფაქტი გადამეღო ენგურის ხიდზე. როცა აფხაზურ გამშვებ პუნქტზე მივედით, იქ აფხაზური მხრიდან იყო რუსლან ქიშმარია, მილიციის უფროსი საბეკია, უშიშროებიდან ნარმანია და ქიშმარიას მოადგილე ლომია. მოიყვანეს უროტაძეც. ამ დროს, ჩემს პირად ტელეფონზე დარეკა ემა გოგოხიამ. მე ტელეფონი ქიშმარიას გადავეცი და ვუთხარი, რომ ემა გოგოხიასთვის ეთქვა, თითქოს, საბერიოში ვიყავი გადასული და ტელეფონი დასატენად მქონდა დატოვებული.

ტელეფონი ხმოვანზე იყო ჩართული და მესმოდა გოგოხიას ხმა. იგი ქიშმარიას ეუბნებოდა, თითქოს, მე ვიცოდი ამ გატაცების შესახებ, რომ ვარ უშიშროების, პროკურატურის და ხელისუფლების აგენტი და, რომ იქედან ცოცხალი არ უნდა გავეშვით. ამაზე ქიშმარიას პასუხი იყო: არ დაგავიწყდეს, გოგოხია, ვინ ხარ და რა გაგიკეთებია.

რას გულისხმობდა?

- ქიშმარიამ რაღაც კასეტა ახსენა, რაც მაშინ გაუგებარი იყო ჩემთვის. შემდეგ, თავად შევესწარი გოგოხიას უშიშროების თანამშრომლებთან კამათს და გავიგე, რომ გოგოხიას აფხაზებისთვის მიუყიდია კასეტები, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრები და პარტიზანები იყვნენ ჩაწერილები. ამის გამო, მას პრობლემები შეექმნა უშიშროებასთან.

ნანა, შენ თქვი, რომ გოგოხიამ შენი მკვლელობა ადრეც დაუკვეთა. ასეთი რა გავლენა აქვს გოგოხიას, რომ მის განკარგულებებს ემორჩილებიან?

- იგი ბევრ ინფორმაციას ფლობს ბევრ ჩინოსანზე და როგორც ჩანს აშანტაჟებს. რაც შეეხება ჩემი მოკვლის მცდელობას, ასეთი ფაქტის შესახებ მაშინ გავიგე, როცა 6  აფხაზი მებაჟე ჩაცხრილეს. როცა სროლების ხმა გავიგე, გადავწყვიტე პირდაპირ წავსულიყავი ენგურის ხიდზე. გადავედი აფხაზ მებაჟეებთან, რაც დიდი რისკი იყო, მაგრამ ვცდილობდი მაქსიმალური ინფორმაცია მიმეღო.

როცა რუსულ საგუშაგოსთან მოვედი, ხიდი უკვე გადაკეტილი იყო. ხალხს აფხაზეთის მიმართულებით არ ატარებდნენ და იქ იყვნენ შეგროვილნი. გადავწყვიტე ხალხიც ჩამეწერა და როგორც კი მიკროფონი ჩავრთე, ოცდაათამდე აფხაზმა ავტომატი გადატენა და  მომიღერა. მეგონა მესროდნენ, მაგრამ გამაფრთხილეს: 10 წუთში აქ არ დაგინახოთო. ვუთხარი 10 წუთი რად მინდა, ორ წუთში გავქრებოდი.

მეორე დღეს, მებაჟეების ჩაცხრილვის გამო, ჭუბურხინჯში ოთხმხრივი შეხვედრა დაინიშნა. იქ ვინმე ლორა ბედუკაძე დამხვდა, რომელიც ქართულად კარგად ლაპარაკობდა. როგორც კი დამინახა, მაშინვე ლანძღვა დამიწყო. მაშინ ვერ მივხვდი რას მერჩოდა, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ამ ქალმა ბოდიში მომიხადა. აღმოჩნდა, რომ საბაჟოზე გოგოხიას ჰქონდა დარეკილი და უთქვამს, თითქოს, მე მქონდა ინფორმაცია ამ მკლვლელობის შესახებ და ვიცოდი ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ავტორები. ამიტომ, ითხოვდა ცოცხალი არ გამოვეშვით იქედან.

როგორც ვიცი, ”ტელეიმედიდან” შენი წამოსვლა სკანდალურ ფაქტებს უკავშირდებოდა. რა მოხდა მაშინ?

- ესეც გოგოხიას დამსახურება იყო. გოგოხია, გრიშა ქობალია, რომელიც სააკაშვილის საყრდენად ითვლებოდა სამეგრელოში და მისი ვაჟი ლევან ქობალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიღუპა, მივრცელებდნენ ხმებს, თითქოს, მე აფხაზეთიდან კონტრაბანულად იარაღს და ნარკოტიკებს ვეზიდებოდი და აფხაზ კრიმინალებთან ვიყავი შეკრული.

მაშინ გიორგი თარგამაძეს ვაცნობე ამის შესახებ და იურისტსაც ველაპარაკე. გიორგიმ მითხრა, შენ ნურაფრის გეშინია, ვიცით რაც ხდება. ეს ”რუსთავი 2”-თან კონკურენციას უკავშირდება და მუშაობა გააგრძელეო. თუ შეგიძლია, ქობალის ვაჟი  ჩაწერე ამ ყველაფერთან დაკავშირებითო.

როცა ლევან ქობალია ჩავწერე, მაშინ ისიც გავარკვიე, რომ ის იყო იმ ზარების ავტორი, რომელიც ჩემს ტელეფონზე მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. მასთან საუბრისას, მას რამდენიმე ფრაზა წამოცდა ისეთი, რამაც დამარწმუნა, რომ იმ ზარების ავტორი იყო.  მისი დაღუპვის შემდეგ ეს ზარები შეწყდა.
დაუჯერებელია ყველაფერი რაზეც საუბრობ. როგორ ფიქრობ, ამ რეპორტაჟებზე დაკვეთა ხელისუფლებიდან მოდის, თუ ჟურნალისტის თვითშემოქმედების შედეგია?

- როგორ გითხრა… გოგოხია თავადაა ავადმყოფური წარმოსახვის ადამიანი. თავად ვარ მომსწრე, როგორ გამოართვა ერთ-ერთ მიტინგის ორგანიზატორს 15 ლარი, შემდეგ ენგურის ხიდზე სოფლიდან მანქანით შავოსანი ქალები ჩამოიყვანა და  წარმოდგენა გამართა, რაც ”რუსთავი 2”-ზე გავიდა.

რაც შეეხება ჩემთან დაპირისპირებას, ეს ყველაფერი ჩემს საქმიანობას უკავშირდება.სხვა პირადი კავშირი მე გოგოხიასთან არ მაქვს. უბედურება ის კი არ არის, მე რომ მტრობს, თავისი საქმიანობით, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებს.

სხვათა შორის, მასთან ერთად მოქმედებს პირველი არხის რეგიონალური ჟურნალისტი ნატო ბერულავაც. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არის მალხაზ ბასილაიას გატაცების შემკვეთი. ამის შესახებ მალხაზმა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელ უფროსს სოფო კვინტრაძესაც აცნობა.

ბასილაიამ დაასახელა ნატო ბერულავა, ემა გოგოხია და დაზვერვის თანამშრომელი კობა ჩხეტია, რომლებმაც აფხაზეთის მილიციის უფროსს ლორენს კოღონიას და  უშიშროების უფროსს  ედიკ ემირზადეს შეატყობინეს ბასილაიას გადადგილების შესახებ, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. რა თქმა უნდა, მათ ეს ფაქტი არ გაუხმაურებიათ, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომელიც ან საერთოდ ვერ ხვდება ეთერში, ან დამახინჯებულად გადის.

რა ხდება საერთოდ სამეგრელოში? ნატო ბერულავას რა ინტერესები აქვს, რომ ქართველ ჟურნალისტს ასე მოექცეს?

- სამეგრელოშიც ბევრი გოგოხიას და ბერულავას რამდენიმე  მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებს. მეც მაქვს ინფორმაცია, როგორ აფეთქდა ერთ-ერთი აფხაზი მებაჟე გვარად გაბლია. მე მაშინ რეპორტაჟიც გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ეს ინფორმაცია არ მქონდა. ამ მებაჟეს დაბადების დღეზე, ზუგდიდიდან ძველმა მეგობარმა ნატო ბერულავამ ორი ბოთლი შამპანური გაუგზავნა. ახალგაზრდამ შამპანური როგორც კი გახსნა, მაშინვე აფეთქდა და დაიღუპა.

თავად ბერულავასგან ვიცი, რომ ზუგდიდის უშიშროების უფროსმა გული ზაქარაიამ დაიბარა ბერულავა და არძინბას მოწამვლა შეუკვეთა. როგორც თავად ამბობდა, მან წინააღმდეგობა გაუწია და წლების შემდეგაც ემოციების გარეშე ვერ იხსენებდა ამ შემთხვევას. მკვლელობას ნებისმიერ ადამიანს არ დაუკვეთავენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის.

დაუჯერებელ ამბებს ყვები

- თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს მონათხრობში, შეუძლიათ, ნახონ ”რუსთავი 2”-ის და პირველი არხის სიუჟეტები და მოხდეს მათი განხილვა. ახლა ”იმედზე” ლაშა ბერულავაც იგივე მასალებს ავრცელებს. ჩვენ ხშირად ვხედავთ ტერლეეკრანებზე ამ ჟურნალისტების სანათესაოს, რომლებიც გალის მაცხოვრებლების სახელით საუბრობენ. ამ დროს კი ზუგდიდელები არიან.

მე მოვითხოვ, მოხდეს ლუსტრირება და საზოგადოებამ გაიგოს რამდენი წლის სტაჟი აქვთ ნატო ბერულავას და ემა გოგოხიას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის. რაც შეეხება ჩემს დაშინებას, მე არ ვარ შეშინებული, მაგრამ ვარ შეურაცხყოფილი. როცა ჟურნალისტი თავს ამდენის უფლებას აძლევს, კოლეგიალობის გამო გაჩუმებას არ ვაპირებ. დროა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

წყარო : presa.ge

ახალი ამბები