კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ტელეიმედი“ „ჩვენი ექსპრესის“ თემებმა დააფრთხო

31 მარტი, 2009

მოამზადა თამუნა კობახიძემ

წყარო : media.ge

ქართული მედიის მთავარი პრობლემა არის არა ცენზურა, რომელიც რეალურად არსებობს, არამედ თვითცენზურა

ჩვენი სტუმარია-ირაკლი ბერულავა, ფონდ ინტერნიუსის წარმოების მენეჯერი, ტელეპროგრამა „ჩვენი ექსპრესის“ პროდიუსერი, რომელიც „ტელეიმედიდან“ „ჩვენი ექსპრესის“  წამოსვლის მიზეზებსა და, ზოგადად, ქართული ჟურნალისტიკის პრობლემებზე გვესაუბრება.

- ირაკლი,  ტელეპროგრამა „ჩვენი ექსპრესი“  უკვე კარგახანია  აღარ გადის  „ტელეიმედის“ ეთერში, თუმცა ინტერნეტფორუმებზე თქვენი სიუჟეტები კვლავინდებურად აქტიურად განიხილება, რაშია საქმე?

- პროგრამის სპეციფიკა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არ შეესაბამება „იმედის“ იმიჯს. ჩვენ ვცდილობთ, მოვამზადოთ, რაც შეიძლება მეტი მასალა არაფორმალური მოძრაობების თუ ჯგუფების შესახებ, შევეხოთ უმცირესობების საკითხებს, რელიგიურ თემებს, სექსუალურ უმცირესობებს. ვცდილობთ, შევეწინააღმდეგოთ ფობიეს, რომელიც ახრჩობს და ამახინჯებს ჩვენს საზოგადოებას. ახლა ყველაფერი იმდენად ერთგვაროვანია, „სუფთა ჰაერის ყოველი ყლუპი“ აუცილებელია ჟურნალისტიკისთვის.
ეს ყველაფერი ჩვენზე ზეწოლას ახდენს, მათ შორის „იმედის“ მხრიდან.

სამწუხაროდ, ჩვენი ტელემაყურებლების დიდ ნაწილს საკმაოდ პრიმიტიული გემოვნება აქვს, თუმცა თავად ტელეკომპანიების გემოვნება არაფრით არის უკეთესი.

ერთგვარი ალიანსიც კი ჩამოყალიბდა - ტელევიზია მასას აწვდის იმას, რასაც ეს უკანასკნელი მიჩვეულია, ამასთან, უკეთესის მიწოდება მას არ შეუძლია, იმიტომ, რომ მათი გემოვნება ერთმანეთისგან  თითქმის არ განსვავდება.

შეიძლება,  ეს მოსაზრება ვინმემ არ გაიზიაროს და თქვას: რეიტინგის გარეშე ტელეკომპანია ვერ გადარჩებაო,  მაგრამ ვინ, დაადგინა, რომ ჩვენი მაყურებელი

არ მიიღებს უფრო ხარისხიან პროდუქციას, თუნდაც  ტოქშოუებს, მუსიკალურ პროგრამებს  თუ სხვა გასართობ გადაცემებს?

„იმედიდან“ დაგვირეკეს და გვირჩიეს,  არ გაგვეკეთებინა სიუჟეტები უმცირესობების თემებზე, გარადგან,  მათი აზრით, ეს დაძაბავდა სიტუაციას.... ერთი სიუჟეტი  საერთოდ ამოჭრეს.. ამ სისულელის კომენტირებაც კი არ მსურს.

- ჰელოუინზე გაკეთებულ სიუჟეტს გულისხმობთ?

-  დიახ. „ჩვენი ექსპრესის“ გადამღებმა ჯგუფმა  მოამზადა  დიდი რეპორტაჟი, თუ როგორ იზეიმეს  თბილისის ცენტრში ჰელოუინი. ვაჩვენეთ დამტვრეულ-დალეწილი აპარატურა, ნაცემ-ნაბეგვი ახალგაზრდები, ვაჩვენეთ ანაფორიანი ადამიანები, რომლებიც იმ დღეს ძალიან აქტიურობდნენ.

მე - ჟურნალისტი ვარ. ჩემთვის არ უნდა არსებობდეს ტაბუირებული საკითხები, არავინ უნდა მიმითითებდეს, რომ კონკრეტული მასალა,  შესაძლებელია, ვიღაცას არ მოეწონოს, თუნდაც ეკლესიას.  ნორმალურ საზოგადოებაში ეკლესიას ისეთივე უფლებები აქვს, როგორც რიგით ადამიანებს. მაგრამ, როცა ტელეკომპანიაში მუშაობენ ადამიანები, ვისთვისაც ეკლესიის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟურნალისტიკის ელემენტარული ნორმების დაცვა, აქ რაიმეს მტკიცებას და საკუთარი პოზიციის დაცვას აზრი არა აქვს.

პოლიტიკოსისგან, ჩინოვნიკისგან, რომელთა შორის პროგრესული ადამიანების მოძებნა საქართველოში ძალიან ძნელია,  ამგვარ საქციელს შეიძლება  ახსნა მოეძებნოს, მაგრამ როცა ჟურნალისტები აკეთებენ ამას-ეს უკვე ნონსენსია.

გულწრფელად გეტყვით, მე მრცხვენია, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ასეთ რაღაცეებზე გვიხდება საუბარი. ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად შორს ვართ თავისუფალი საზოგადოებისგან....

მაგალითად,  ის რაც მოხდა, „პირველი არხის“  გადაცემა „დიდ ათეულში“, უბრალოდ, ამაზრზენი ფაქტია.  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ამბობს, რომ მისთვის კონკრეტული ადამიანის პოზიცია კანონზე მაღლა დგას. სირცხვილია! და არავინ, ერთი ორი ადამიანის გარდა, ამ ადამიანს არ შეწინააღმდეგებია. ეს შიში კი არა, სიბრიყვეა!  ამიტომაა, რომ მედიაში წარსულს უმღერიან, და არა ჩვენი რეალობის ალტერნატივას.

ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ქართული მედიის მთავარი პრობლემა არის არა ცენზურა, რომელიც რეალურად არსებობს, არამედ თვითცენზურა. ძალიან ხშირია ფაქტები, როცა თავად ჟურნალისტი, თავისი განათლებიდან, აღზრდიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, საკუთარ თავს ჩარჩოებს, შეზღუდვებს უწესებს. ამით  ის ცრუობს, რადგან მას პატრიოტიზმზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. სიუჟეტს ის შიშის გრძნობით აკეთებს, რადგან სიტვის თავისუფლება მას დამახინჯებულად ესმის. როცა ჟურნალისტი თვითშეზღუდულია და  ამას მასობრივი ხასიათი აქვს, ეს უკვე მთელი საზოგადოების განვითარების დონეზე მიუთითებს.

- ტელეეთერში უკვე აღარ გადიხართ. რას აკეთებთ? რა გეგმები გაქვთ?

- ვმუშაობთ. ვაკეთებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ვამზადებთ ახალგაზრდულ პროგრამას, რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს. ჩვენთან, ოფისში, თავს იყრიან თავისუფალი ორიგინალური თინეიჯერები, სტუდენტები, და ვაკეთებთ სიუჟეტებს, ვიღებთ ფილმებს და  ვდებთ   ჩვენს ბლოგზე (ჰტტპ://ბლოგ.ტეენტვ.გე/). სხვათაშორის,  ჩვენი ახალგაზრდების მიერ მომზადებული პროდუქცია ძალიან ხშირად გამხდარა  ინტერნეტ-ფორუმების ცხარე განსჯის და კამათის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის როგორც  პოზიტიური და ისე ნეგატიური გამოხმაურებები.

შესაძლებელია, სულ მალე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდეთ, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნებისმიერ შემთხვევაში, შევეცდებით, რომ ისეთი პროგრამა, როგორიც „ჩვენი ექსპრესია,  არ გაქრეს ტელეეთერიდან.

ახალგაზრდული პროგრამები, ალტერნატიული აზრის მატარებელი და კლიშეებისგან თავისუფალი გადაცემები,  ქართულ ტელესივრცეს ძალიან აკლია. ასე თუ გაგრძელდა,  დღეს თუ ხვალ, სხვაგვარად მოაზროვნეებზე მასირებული შეტევა დაიწყება.  

წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ,  მაგალითად, მონარქის ინსტიტუტიც დამკვიდრდა?  მორჩა! ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი,  ამ ინსტიტუტების მხარდაჭერით წაქეზებული, ავტომატურად მიიღებს მხარდაჭერას ელექტორატისგან,    დაიწყებს გაუბედურებული და ჩაბნელებული პროვინციული საქართველოს ლეგენდებით გამოკვებას, და ნებისმიერი აზრი, შეფასდება როგორც ღალატი, ასეთი პერსპექტივა იმაზე უარეს შედეგს მოიტანს,  რაც დღეს გვაქვს დღევანდელი მთავრობის პირობებში. ასეთი საზოგადოებრივი განწყობის პირობებში თავისუფალ ჟურნალისტიკაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება.

- თქვენი მსჯელობის  ლოგიკას რომ გავყვეთ,  მივალთ დასკვნამდე, რომ ჩვენს ჟურნალისტიკას არც ისე სახარბიელო პერსპექტივა აქვს.

-ჩვენთან ჟურნალისტიკა არ ვითარდება, პირიქით, რეგრესს განიცდის. აშკარად გულისამრევი სიტუაციაა, უინტერესო,  ბანალური თემები და სახეები თბილისში. დაშინებული და სოციალურად  დამცირებული ჟურნალისტიკა რეგიონებში. არაიშვიათად, პაროდირებული ჟურნალისტიკა ისეთ მედია ორგანიოზაციებში, რომლებიც თავიანთ თავს დამოუკიდებლად მიიჩნევენ. და რაც მთავარია - ასეთ ვითარებასთან შეგუება და რაღაცის შეცვლის სურვილის არქონა.

ჩვენ ვიხარშებით საკუთარ წვენში, ვბრაზდებით მტრებსა და მეგობრებზე და  რაც გვჭირს,  ვაბრალებთ სხვებს, მაგრამ არა საკუთარ თავს. და როცა ჩვენზეა საუბარი, რას ვისმენთ? რა ნიჭიერები და რა კარგები ვართ,  საინტერესო და ორიგინალურები...ეს ყველაფერი ბლეფია და მოგონილია სულელებისთვის.

ამიტომ, თუ არის  ორიგინალური იდეები და არიან  ორიგინალური ადამიანები, ჩვენი პროგრამა, ფონდი „ინტერნიუსი“ , ეცდება ყოველთვის მათ მხარეზე იყოს, როგორ უმცირესობაშიც არ უნდა იყვნენ ისინი. „ჩვენი ექსპრესის“ დევიზიც ამ სულისკვეთების არის - „თუ შეატყვე, რომ  აზროვნებას იწყებ  ისე როგორც უმრავლესობა, დაუყოვნებლივ  შეიცვალე“.

ახალი ამბები