კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონებში სახელისუფლებო და სამართალდამცავი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

3 აპრილი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ, 9 აპრილს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან მოსახლეობა რომ არ შეუერთდეს, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. რაიონებში, გამგებლებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და პოლიციის უფროსებმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების ხელმძღავნელებს მოსთხოვეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციაზე არცერთი თანამშრომელი და არც მისი ოჯახის წევრი არ წავიდეს. გარდა ამისა, ორშაბათიდან სოფლებში პოლიციელთა ჯგუფები დადიან და იმ ოჯახებს, რომლებსაც ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებენ, ემუქრებიან, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ შვილებს და ახლობლებს დაიჭერენ.

გაფრთხილება სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღების მენეჯერებს

კახეთში საჯარო სკოლების დირექტორებმა და საბავშვო ბაღების მენეჯერებმა მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღეს, რომ 9 აპრილის საპროტესტო აქციაზე კახეთიდან არცერთი პედაგოგი არ უნდა წავიდეს. მუნიციპალიტეტების გამგებლები სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირაში შეხვდნენ.

"გამგებელმა პირდაპირ გვითხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ პედაგოგების შეკავებას ვერ შევძლებთ, თანამდებობის დატოვება მოგვიწევს", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ერთ - ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაადასტურეს, რომ გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, ორი დღის წინ, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს ნამდვილად შეხვდნენ, თუმცა მათზე ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი ირწმუნება, რომ სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღების მენეჯერებს მხოლოდ პრობლემებზე ესაუბრა და მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

მძღოლებს მანქანის სარეგისტრაციო მოწმობები ჩამოართვეს

კახეთში მომუშავე მიკროავსტობუსების მძღოლებისთვის მანქანის სარეგისტრაციო მოწმობების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს. მათი განცხადებით, მიკროავტობუსების მძღოლებს მანქანის სარეგისტრაციო მოწმობები ავტოსატრანსპორტო საწარმოების ხელმძღვანელებმა და პოლიციის თანამშრომლებმა ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით ჩამოართვეს. აღნიშნული ჩვენთან საუბარში რამდენიმე მძღოლმა დაადასტურა.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს მოძრაობისას მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა თან არ ჰქონდა, საპატრულო პოლიციას უფლება აქვს მძღოლს მანქანით გადაადგილება აუკრძალოს.

კახეთში მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებისთვის მანქანის სარეგისტრაციო მოწმობების ჩამორთმევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი. სიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამგვარ ცრუ ინფორმაციებს შეგნებულად ავრცელებენ.

"ოპოზიცია ამ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ 9 აპრილის აქციაზე წასაყვანად კახეთში ვერ აგროვებენ იმ რაოდენობის ხალხს, რამდენიც დავალებული აქვთ. ამგვარი განცხადებებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელები თავს იზღვევენ, რომ აქციაზე წასასვლელი ხალხის სიმცირე გაამართლონ", - აღნიშნავს სიბაშვილი.

"აქციაზე თუ წახვალ, შენს შვილს დავიჭერთ და გაგამწარებთ"

უნდა აღინიშნოს, რომ ორშაბათიდან სოფლებში პოლიციელთა ჯგუფები დადიან. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სამართალდამცავები იმ ოჯახებს, რომლებსაც ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებენ, ემუქრებიან, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მათ შვილებს დაიჭერენ.

"პოლიციის სამმართველოდან ჩვენს სოფელზე რამდენიმე პოლიციელია მომაგრებული. ისინი ჩემთან სახლში გუშინ გვიან საღამოს მოვიდნენ. მითხრეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა სიაში ვარ მოხვედრილი და თუ ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მივიღებ, ჩემს შვილს დაიჭერენ. იცოდნენ, რომ ბავშვი სკოლაში, მე-11 კლასში სწავლობს და არასოდეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ "მიუხედავად ამისა, მაინც დავაკავებთ და გაგამწარებთო", - დამემუქრნენ", - ამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრი. "არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ნაკვეთები მაქვს და ოჯახს ფიზიკური მუშაობით ვარჩენ. რამდენიმე დღის წინ გურჯაანში ვიყავი, შხამ – ქიმიკატების შესაძენად და როცა ქუჩაში გამოვიარე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და სხვები იყვნენ ჩამოსულები. ხალხი იყო შეკრებილი და მეც შევჩერდი. დამაინტერესა რაზე საუბრობდნენ. მალე წამოვედი, ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოასწრეს და დამაფიქსირეს", - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

საგულისხმოა, რომ რეგიონებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების სტუმრობას და მოსახლეობასთან ყველა შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგეობების პრესსამსახურების წარმომადგენლები ვიდეოკამერით აღბეჭდავენ. ოპერატორები განსაკუთრებული დაკვირვებით შეხვედრის მონაწილეებს იღებენ. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსების შეხვედრებს აკონტროლებენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებიც.

ახალი ამბები