კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაციაზე ლიკვიდირებულთა საქმე ევროპის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

9 აპრილი, 2009

„ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წლის 12 იანვარს, 19 საათზე ჩატარებულ სპეცოპერაციისას, დაღუპულების საქმე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო. როგორც დაზარალებულთა ინტერესების დამცველი, ადვოკატი, ლაშა ჭინჭარაული აცხადებს,  მხარისთვის არ არის ცნობილი, როდის ჩაინიშნება სხდომა.

21 იანვარს, „ნათლუღის“ ტერიტორიაზე, შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელების მიერ სპეცოპერაცია ჩატარდა. ადგილზე ლიკვიდირებული იქნენ, აჭარის რეგიონში მცხოვრები: მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და შოთა გორგაძე. მოგიანებით ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, იმავე დღეს შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

დაზარალებულთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლი“-ს იურისტი, ლაშა ჭინჭარაული იცავდა. იგი საქმეში 2007 წლის ივნისში ჩაერთო.

„თბილისის პროკურატურის პროკურორის, ჯ. მაჭარაშვილის მიერ წინასწარი გამოძიება, ცალმხრივად, არაობიექტურად  ჩატარდა. გამოძიება მიმართული იყო იქეთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედება გამართლებულიყო“, - აცხადებს  ლაშა ჭინჭარაული.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ამოღებული იქნა 92 მასრა და ერთი ტყვია.  ტყვიებიდან მხოლოდ 5-ის იდენტიფიკაცია მოხდა. გამოძიება დარჩენილი 87 მასრის გამოკლევით არ დაინტერესებულა.

რომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან იქნა ნასროლი მასრები და ვის ეკუთვნოდა აღნიშნული იარაღები? - ამ კითxვაზე ადვოკატს, პასუხები არ მიუღია.

"გამოძიება შემოიფარგლა მხოლოდ შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ სპეცოპერაციის დროს მათ ჰქონდათ მხოლოდ „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხსასროლი იარაღები და ერთი „ჩეზე“-ს სისტემის პისტოლეტი“- აცხადებს ადვოკატი.

მისივე განცხადებით, თბილისის პროკურატურას არ გადაუმოწმებია მართლა ჰქონდათ თუ არა შეხება დასახელებულ ცეცხსასროლ იარაღებთან გარდაცვლილებს. დაცვის მხარე ეჭვობს რომ იარაღები მოკლულებს გარდაცვალების შემდეგ დაუდეს იარაღი. 

„საჭირო იყო პროკურატურას ჩაეტარებინა როგორც დაქტილოსკოპიური, ისე მიკრო-ბიოლოგიური ექსპერტიზები გარდაცვლილი პირების გვერდით ნაპოვნ ავტომატურ ცეცხსასროლ იარაღებზე, დადგენილიყო მათი რაიმე სახით შემხებლობა დასახელებულ ცეცხსასროლ იარაღებთან.

მოწმის სახით დაკითხულები პიროვნებები ჩვენებებში განმარტავენ, ჩვენგან ხელმარცხნივ დავინახეთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც სწრაფი სვლა გეზით გადადიოდნენ გზის საპირისპირო მხარეს... ისინი ვიღაცეებს ეძახდნენ გაჩერდით პოლიციააო, ხელები მაღლაო... ამაზე გაისმა ავტომატის სროლის ხმები გზის  საპირისპირო მხრიდან და დავინახე რომ ეს ნიღბიანი პიროვნებები დაწვნენ ასფალtზე. ხოლო შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ჩვენებებით კი, მათ ალყა ჰქონდათ შემორტყმული“.- ამბობს ლაშა ჭინჭარაული

                                        ექსპერტიზის დასკვნა

კომპლექსური კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ტანსაცმლის,  გამოკვლევისას დადგინდა, რომ სროლა ნაწარმოებია, თითქმის მიბჯენით. დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია 1-1,5 მეტრის მანძილიდან.

ექსპერტიზის მიხედვით, სამივე გარდაცვლილს ტყვიები მოხვედრილი აქვთ უკნიდან. ყველა მათგანის ჭრილობების მიხედვით დაზიანებების ტრაექტორია არის ზევიდან - ქვევით მიმართული. მაშინ, როდესაც შს სამინისტროს კონსტიტუციური დეპარტამენტის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი სროლას აწარმოებდა დაწოლილ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში კი, ჭრილობების არხის მიმართულება უნდა ყოფილიყო ქვემოდან-ზევით.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამივეს გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებია. ადვოკატი აცხადებს, რომ წინასწარი გამოძიება არც ამ შემთხვევაში დაინტერესებულა, თუ ვის მიერ ნასროლი ტყვიით, რომელი თანამშრომლის იარაღით იქნენ მოკლულები.

მოკლულის ოჯახი

მოკლულთაგან ერთ-ერთი ქობულეთის რაიონის, სოფელ ციხისძირის მკვიდრი რომან სურმანიძე, ხოლო ართმელაძე და გორგაძე ხულოს მკვიდრნი და თანაკურსელები იყვნენ. ისინი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ.

ახალგაზრდები, პარალელურად თურქეთში მუშაობდნენ. ისინი საქართველოში დეკემბრის ბოლოს იყვნენ დაბრუნებული და რამდენიმე დღეში ისევ აპირებდნენ თურქეთში წასვლას.
მშობლების ინრომაციით, 20 წლის რომან სურმანიძე თბილისში პირველად იყო.

ოთარ სურმანიძე, მამა: „ჩემი შვილი ტერორისტად გამოაცხადეს. თუ ასეა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება, სახლი ხომ მაინც უნდა გაეჩხრიკათ? იქნებ მეც საზოგადოებისთვის საშიში ვარ.

თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ? გორგაძის ძმის ციხეში ყოფნა დამთხვევაა. ვიღაცამ რომ ილაპარაკა ტელევიზიით, შოთა გორგაძის ძმა ვარო, ტყუილია - სხვა პიროვნება ალაპარაკეს საზოგადოების დასანახად.

თვითმხილველებმა მითხრეს, რომ სამივე მოკლული მუხლზე დაჩოქილი და თავზე ხელელბშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ გევსროლეთო. ეს მოწმეები ჩვენების მიცემას ერიდებიან - უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, რასაც მე ვერ მივცემ“.

თბილისის პროკურატურამ საქმეში არსებული კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, სპეცოპერაცია მართლზომიერ ქმედებად ჩათვალა და გამოძიება შეწყვიტა.
გარდაცვლილთა მშობლები დაზარალებულად არ არიან ცნობილი. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გადაგზავნილი.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები