კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობის ქრონიკა 9 აპრილამდე და შემდეგ

16 აპრილი, 2009

ქართლოს შარაშენიძე

 

მიუხედვად ხელისუფლების მცდელობისა და სურვილისა, აქციების მიმდინარეობის პროცესში ინციდენტების რიცხვი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი, არ გახდა შესაძლებელი. ოპოზიცია თითქმის ყოველ ღამით ავრცელებს ინფორმაციას აქტივისტების დაკავებებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. აქციამდე და აქციის შემდეგ ნაცემი და დაჭერილი ადამიანების რიცხვმა საგანგაშო რაოდენობას მიაღწია.
 
9 აპრილამდე

“ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის”- ასე შეაფასა ცხრა აპრილს გამართული აქცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა პარტიების აქტივისტების დაკავება ცხრა აპრილს დაგეგმილ აქციამდე, მარტის მიწურულს დაიწყო. მათ შორის ყველაზე გახმაურებული და მასშტაბური “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” წევრების საქმეა. 
  

შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დაჯგუფის შესახებ, რომელიც იარაღის შესყიდვით იყო დაკავებული. საუბარი იყო იარაღის გამოყენებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტების ორგანიზებაზე. 
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ათ თანაგუნდელს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ იარაღის უკანონო შეძენა ედებათ ბრალად. საქართველოს ყველა ტელევიზიამ გაავრცელა ფარული ჩანაწერები, სადაც დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობენ.
23 მარტს ასევე  დააკავეს “სახალხო მოძრაობის-საქართველოს გადარჩენისთვის” წევრები-მალხაზ გველუკაშვილი და ლაშა ჩხენკელი.

მიმდინარე აქციების მოახლოვების პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავება შეინიშნებოდა საქართველოს რეგიონებშიც. რვა აპრილს, ირაკლი ალასანიას პარტიის წარმომადგენელი სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

„რესპუბლიკური პარტიის” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თამაზ მაყაშვილს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
“მე ვარ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი და ჩემი დაკავებაც, სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქის, ირღვევა”- განაცხადა დაკავებისას მაყაშვილმა. 
 

“სასამართლომ საქმე არ გამოიკვლია, არ დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც პოლიციელების პატაკში ფიგურირებდნენ. არ გამოიკვლიეს ის მტკიცებულებები და გარემოებები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდა პოლიციელისა და დაკავებულის ახსნა-განმარტებების მიხედვით,”-განაცხადა “საია”-ს გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა. 

 

8 აპრილს, ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, პარტია „ალიანსი საქართველოსთვის“  გაზეთები გაანადგურა. ამავე დღეს ზუგდიდში, შავი ფერის „ფოლცვაგენ პასატიდან" სერიით „სდს 591“  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა რამდენიმე აქტივისტი სცემა. 
 

9 აპრილს საქართველოს რეგიონებში გადაიკეტა გზები. აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ გამომგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ. ჩაიკეტა კახეთის, გორის და სამეგრელოს ცენტრალური მაგისტრალები.

 

9 აპრილის შემდეგ 
თავისუფლად გადაადგილების პრობლემა 10 აპრილის დედაქალაქშიც დაფიქსირდა. თბილისის ქუჩებში პოლიცია სამარშრუტო ტაქსებს ამოწმებდა. დადასტურებული ცნობით, პოლიცია “ავლაბრის” მეტროსთან და ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსებს აჩერებდა და მგზავრებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათვალიერებდა. 
 

იმავე დღეს, გვინ ღამით, დაიწყო თავდასხმები ოპოზიციის აქტივისტებზე, რაც დღემდე გრძელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა "რატომ?"-ის წევრებს ნიღბოსნებმა ავტომანქანა დაუზიანეს. ავტომანქანაში ორგანიზაციის სამი წევრი იმყოფებოდა. -"რამდენიმე წევრმა მიტინგი დატოვა და სახლებში ბრუნდებოდა. ბარათაშვილის აღმართზე ისინი პატრულმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. ამ ფაქტის შემდეგ მათ სამი “ჯიპი” გაჰყვა, რომელშიც ნიღბოსნები ისხდნენ. მათ ჩვენი აქტივისტის მანქანას საქარე მინა დაუმსხვრიეს", - განაცხადა მოძრაობა „რატომის“ დამფუძნებელმა ირაკლი კორძაიამ. 
 

საზოგადოებრივი მოძრაობა "7 ნოემებრ"-ის წევრებზე ნიღბოსნების მიერ მორიგი თავდასხმა განხორციელდა.- თავდასხმა მოხდა ირაკლი ხუხუნეიშვილზე, ლაშა კოპალიანზე, ოთარ ჭელიძეზე, ნათია არჩვაძესა და ელენე ბარამიძეზე.

"ჩვენი ორგანიზაციის წევრები აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც სამი “ჯიპით” გადაუდგნენ შავსამოსიანი, ნიღბიანი, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით შეიარაღებული პირები. ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ. 
 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "ჯიპებიდან" ორი "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის იყო, ხოლო ერთი  - "იქს-ხუთი“- „ბე-ემ-ვე“-ს მარკის. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულებმა სახალხო დამცველის ოფისში ახსნა-განმარტება დაწერეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ხსენებული "ჯიპები" ქალაქში 10 აპრილსაც, 3-4 ადგილას ნახეს.

 

11 აპრილი

ყველაზე ვანდალური ფაქტი, 11 აპრილს დაახლოებით 12 საათზე დაფიქსირდა. უცნობმა პირებმა პარლამენტთან დამონტაჟებული სცენა და აპარატურა დაარბიეს. მათ  დასუფთავების სამსახურის ფორმები ეცვათ. ეს ფაქტი დიდი მითქმა მოთქმის საბაბად იქცა. შსს აცხადებს, რომ  მათი მხრიდან პროვოკაცია არ ყოფილა.   
სხვა ფაქტები აქვს ოპოზიციას. როგორც ”კონსერვატორი” ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, დარბევის ღამეს  მიმდებარე ტერიტორიის სიახლოვეს იდგა ერკლე კოდუას ძმა, დავით კოდუა.


დარბევის დროს აქცია დაშლილი იყო და პარლამენტთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. დარბევის შედეგად დაშავდა სამი მათგანი.
საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა შსს-მ ომბუდსმენს ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერი არ აჩვენა.

 

12 აპრილი

მოძრაობა “რატომ?”-ის წევრებზე თავდასხმა ისევ განმეორდა, ამჯერად ეს  ორგანიზაციის ოფისის მახლობლად მოხდა, როდესაც ისინი იქ ბრუნდებოდნენ. მათ თავს „ოპელის“ მარკის ორ მანქანაში მყოფი პირები დაესხნენ. თითოეულში, დაახლოებით ოთხ-ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელები ნიღბების გარეშე იყვნენ, ამიტომ, მოძრაობის წევრებმა მათში 24 წლის ოთარ დავითაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი ამოიცნეს. 
 

საღამოს გამოვლინდა ძალოვანების მხრიდან აქციის მონაწილეთა ცემის, მუქარისა და ადამიანის დაშინების ფაქტები - ერთი სასტუმრო “საქართველოსთან”, ორი კი გმირთა მოედანზე. სცემეს  “ალიანსი საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შმაგი გელბახიანი.   

 

ამაზე საუბრობდა “ალიანსი საქართველოსათვის” წევრი, მიხეილ დემეტრაშვილი, რომელიც თავდასხმის ფაქტს  თავად შეესწრო. მისი თქმით, მაშინ, როდესაც “ალიანსი საქართველოსთვის” ტელევიზიიდან პარლამენტის მიმართულებით ბრუნდებოდა, მანიფესტანტებს უკან ახალგაზრდები ჩამორჩნენ, რომლებიდანაც ერთ-ერთს შმაგი გელბახიანს თავს დაესხნენ, თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რის გამოც მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
 
13 აპრილი
დღისით ქაშუეთის უკან, ალექსანდრეს ბაღში ოპოზიციის მხარდამჭერს, 70 წლის კარლო დიდებულიძეს,უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც, მამაკაცს თვალის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა აქციის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოხდა.  ექიმებმა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამის შემდეგ 033-ის დახმარების მანქანით ნაკერების დადების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.


გვიან ღამით, დაჩი ცაგურიამ გაავრცელა ინფორმაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდის დაჭრის შესახებ. მისი თქმით, პარლამენტთან მივიდნენ პროვოკატორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტები, რომლებმაც აქციის ორი მონაწილე დაჭრეს. ცაგურიას ინფორმაციით,დაჭრილები არიან მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრები-გიორგი ონიანი და მამუკა გირგვლიანი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინცინდეტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა და აღნიშნულ ფაქტს იძიებს.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტი თავად ოპოზიციის აქტივისტებს,ალასანიასა და ბურჯანაძის მომხრებს შორის მოხდა.
 

14 აპრილი

ცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა 14 აპრილს. “ხალხის პარტიის”, პარტია “თავისუფლებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის” სამი წევრი სცემეს. გიზო სართანია, ჰამლეტ გულორდავა და მალხაზ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გიზო სართანიამ განაცხადა, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და წასულიყვნენ რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ ორი “მერსედესის” და ერთი “ტოიოტას” მარკის ავტომანქანით და სასტიკად გაუსწორდნენ. - “თავში გვირტყამდნენ, დამაგდეს ძირს და ფეხით მირტყამდნენ”, - ამბობს გიზო სართანია. ჰამლეტ გულორდავას თქმით კი, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. როგორც მან აღნიშნა, ყველას ამოცნობა შეუძლია.


სცემეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გენერალურ დირექტორი ვახტანგ ლაღიძე. მას ავტომანქანაც  წაართვეს. როგორც ლაღიძის მეუღლემ მაკა თავამაიშვილმა განაცხადა, 14 აპრილს, 18.00 საათზე, როდესაც მისი მეუღლე საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, 12-მდე ადამიანი 6 მანქანით გაჰყვა და როდესაც სახლს მიუახლოვდა, ჭავჭავაძის გამზირზე სასტიკად სცემეს და მანქანა წაართვეს.  დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და ამბულატორიული მკურნალობა უტარდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.


14 აპრილსვე სცემეს მომღერალი ზურაბ მანჯავიძეც.  შემთხვევა #1 სკოლის გვერდით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მოხდა. როგორც მომღერალი აცხადებს, ის  და მისი ორი ძმა აქციიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც  “გოლფის”(სახელმწიფო ნომერი სავარაუდოდ არის WNX-937 ან WNX-972) და“ბე-ემ-ვე”-ის მარკის ავტომანქანებით დაახლოებით ათი ნიღბიანი თავს დაესხა.


არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ცემის ფაქტებისა და მიტინგის დარბევის გამო შეშფოთებულია. ორგანიზაცია ძალის გამოყენებას და აქციის დარბევას დემოკრატიული ნორმების უხეშ დარღვევას უწოდებს, გმობს საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს ყველა ფაქტის შეფასებისკენ.

ახალი ამბები