კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საპატრულო პოლიციის თვითნებობები

23 აპრილი, 2009

თეა თედლიაშვილი

საპატრულო პოლიცია გორში საგზაო ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით ამონტაჟებს, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც თვითონ სურს. ნიშნების მიმაგრების ადგილებიც არაჩვეულებრივადაა შერჩეული _ ხეები. მძღოლები ხშირად გაურვეველ ვითარებაში ხვდებიან, რადგან ხეებზე მიმაგრებული საგზაო ნიშნების შემჩნევა ძნელია, მძლოლების დაჯარიმებით კი ქვეყნის "სიამაყე" - საპატრულო პოლიცია ბიუჯეტს ავსებს.

საგზაო ნიშნებს თავისი განთავსების წესები აქვს, რომელსაც სამართალდამცავები, როგორც ჩანს, პატივს არ სცემენ. ასევე აღსანიშნავია, რომ საგზაო ნიშნების ქალაქში განთავსება ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს გადაწყვეტილებას საჭიროებს. საგზაო ნიშნები უნდა დამაგრდეს საკრებულოს მიერ დადგენილ ადგილებში და არა თვითნებურად საპატრულო პოლიციის მიერ მოფიქრებულ ნებისმიერ ადგილას.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარების უზრუნველყოფა (გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი ნიშნებისა) საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებში შედის.

"ამჟამად გორში 50%-ზე მეტი საგზაო ნიშანი არ არის დაკანონებული. ისინი დამაგრებულია საპატრულო პოლიციის მიერ თვითნებურად. შესაბამისად, დაუკანონებელ საგზაო ნიშანზე გაცემული ჯარიმა არ გამომდინარეობს კანონიდან, ანუ უკანონოა. ვინც იცის კანონი, ის აუცილებლად გაასაჩივრებს და გააუქმებს ჯარიმას”, _ აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურისტი რევაზ გოგიაშვილი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ამკრძალავი ნიშნის _ გაჩერება აკრძალულია და დგომა აკრძალულია, განთავსების ადგილას ავტომანქანის გაჩერება იწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

"ამ პუნქტის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება გააჩნია მუნიციპალიტეტს. ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს შესაბამისი სამსახურები, ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირები. რადგან ჩვენ საგზაო ნიშნები არ დაგვიკანონებია და დაჯარიმების უფლებაც არავისთვის გადაგვიცია დელეგირების სახით, დაჯარიმების ოქმის შედგენის იურიდიული მხარე არ არსებობს, ამიტომ დაუკანონებელ საგზაო ნიშნებზე დაჯარიმება კანონის დარღვევაა”, _ აღნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის იურისტი რევაზ გოგიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციას, სულ მცირე, დროებითი ნებართვა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ მძღოლების დაჯარიმება განახორციელოს.

საპატრულო პოლიციას გორის მუნიციპალიტეტისთვის არც ერთი საგზაო ნიშნის დაკანონების თხოვნით არ მიუმართავს. მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ აპირებენ მოიწვიონ საგზაო ინჟინრები, რომლებიც დაგეგმავენ საგზაო ნიშნების განთავსების ადგილს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ასეთი კომისიის მუშაობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული უკანონო დაჯარიმებებით სახელმწიფო ბიუჯეტი აქტიურად ივსება, სამართალდამცველი ყოველდღე კანონს თავად დღეში რამდენიმე ათეულჯერ არღვევს.

საპატრულო პოლიციის ვებ გვერდზე ვკითხულობთ: მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. "თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით".

როგორც ჩანს საპატრულო პოლიცია კანონს საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტავს და ვერ ხედავს საჭიროებას, რომ საგზაო ნიშნები საკრებულომ დააკანონოს და პოლიციამ მხოლოდ ამის შემდეგ გამოწეროს ჯარიმები.

ახალი ამბები