კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ბრძანება რომელსაც აჭარაში არ ითვალისწინებენ

23 აპრილი, 2009

მაკა მალაყმაძე

120-ზე მეტ ოჯახს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიწის ნაკვეთებზე გაცემული საკუთრების უფლება გაუუქმდა. ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე მესაკუთრეებს თვეების შემდეგ ეცნობათ და მხოლოდ ადვოკატის ჩარევის შედეგად მიიღეს კომისიის წინა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დადგენილება. ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრის, ვერა ბეჟანიძის საქმეს ქობულეთის რაიონული სასამართლო განიხილავს.

ასობით მესაკუთრეს, პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე დაუკანონდათ ადრე თვითნებურად დაკავებული მიწები. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს მიწები მესაკუთრეებს ჩამოართვეს. ქობულეთის მოსახლეობა ფაქტს უფლებების დარღვევად აფასებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე მათგანს შეხვდა.

ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკის მკვიდრ ვერა ბეჟანიძეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 ივნისს გაცემული № 14317 საკუთრების მოწმობა 16 დღეში გააუქმდა, თუმცა კომისიამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე წერილობითი ცნობა მხოლოდ 2009 წლის 30 მარტს გადასცა.

„ჩაის პლანტაცია იყო და ჩაის ვკრეფდით. პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონის შემდეგ, შევიტანეთ ჩვეულებრივად აღიარების კომისიაში განცხადება და დაგვიკანონეს. არავინ მომჩივანი არ გვყოლია, არც მიწის ნაკვეთის გადაფარვა ყოფილა. შემდეგ მეზობელს გაუუქმეს და ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ კიდევ სხვა მოწმობებიც იყო გაუქმებული. ჩემი მეუღლე იყო საჯარო რეესტრში, მაგრამ იქ ჩვენს სახელზე იყო. შემდეგ პირად საუბარში გვითხრეს, რომ გაუქმებულია. გაუქმების ბრძანებულება არ მომცეს, ადვოკატის დახმარებით ძლივს გამოვიტანე მარტის ბოლოს. თითქმის 10 თვის განმავლობაში ვსარგებლობ მიწით როგორც საკუთარით. რკინის ჯიხური ჩავდგი და მაღაზია გავხსენი, თან აქვე ვცხოვრობთ“, – ამბობს ვერა ბეჟანიძე.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბეჟანიძის ოჯახი, აგვისტოს თვეში, კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიაში“ ცალკე აბონენტადაც დარეგისტრირდა. ოჯახს ასევე გააჩნია კომისიის მიერ საკუთრების ბათილად ცნობის ბრძანების გამოცემის შემდეგ გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

რუსუდან გუგუშვილის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი ბეჟანიძის ნაკვეთის გვერდითაა. მას 27 ოქტომბერს დაუკანონეს, თუმცა 9 დეკემბერში გაუუქმეს. ამის თაობაზე არც მას აცნობეს.

„სამი ობოლი მცირეწლოვანი შვილი მყავს, მეურნეობის ავარიულ ბინებში ვცხოვრობ. დედამთილს ძველმა ხელისუფლებამ მისცა ყოფილი ნაგავსაყრელის, 900 კვ. მეტრის ფართობი, რომ გამოიყენეო. ჩვეულებრივად დაგვიკანონეს, მაგრამ თვეების შემდეგ გავიგეთ, რომ გაუუქმებიათ. ჩვენი საკუთრების უფლებებს არღვევენ და სასამართლოს ამიტომ მივმართეთ“, –  აცხადებს რუსუდან გუგუშვილი.

გუგუშვილისა და ბეჟანიძის ინტერესებს ქობულეთის რაიონულ სასამართლოში იურისტი თენგიზ კახიძე იცავს. კახიძის განცხადებით, კომისია მესაკუთრეთა უფლებებს არღვევს. „ამ მესაკუთრეებს ფაქტობრივად საკუთრების მოწმობების უფლებები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მალულად გაუუქმეს, ერთადერთი მოტივით, რაც ძალიან საეჭვო და საოცარია - „თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დგინდება“, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულის დაკანონებას, დაუკანონეს, შემდეგ კი თურმე არ დგინდება“, – განმარტავს კახიძე.

„სანამ ეს ტერიტორიები საკუთრებაში დაკანონდებოდა, იქ ანტისანიტარია იყო, ხოლო როცა მესაკუთრეებმა გააკეთილშობილეს, გაალამაზეს და თვალსაჩინო გახადეს, ვფიქრობ, დაინტერესებულმა პირმა, თუ პირთა ჯგუფმა, მისი მაღალ ფასებში გასხვისება ჩაიფიქრა“.

არსებული ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული ორი მესაკუთრისათვის ჩამორთმეულ მიწაზე სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს. საკუთების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე სულხან ტაკიძემ ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია უარყო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დაარსებიდან, მისი ხელმძღვანელი ამავე რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ტაკიძეა. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში ტაკიძე აცხადებს, რომ კომისიამ მიწების გაცემის დროს შეცდომა დაუშვა, მიუხედავად ამისა, კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს.

სულხან ტაკიძე – ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელი:

„ჩვენ საინფორმაციო დაფაზე გამოვაკარით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. არის შემთხვევები, როდესაც ხელზე არ იბარებს. გუგუშვილი ყოველდღე კომისიაში იყო და ვუთხარით. ჩვენ როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავუგზავნეთ საჯარო რეესტრს. საჯარო რეესტრის ნაცვლად პასუხს ვერ ვაგებ.

– ვინ არის პასუხისმგებელი კომისიის მიერ საკუთრების უფლების გაუქმების ბრძანების ასლების ჩაბარებაზე?

– კომისიის მდივანი, მაგრამ ძალაში მათზე ჩაბარებიდან შედის. ამიტომ ამით მათ ხელი არ ეშელებათ. თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ მოქალაქეა მართალი, პრობლემა არ მაქვს არანაირი. მე ვთლი რომ ბევრი შეცდომა არ მოდის კომისიას, არის რაღაც ხარვეზები, მაგრამ მე ვაფასებ დადებითად კომისიის მუშაობას. თუკი რაიმე არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, ამისთვის არსებობს სასამართლო.

– რის საფუძველზე გაუქმდა გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები?

– ცრუ მოწმეების საფუძველზე მივეცით. მანახეთ კანონი, სადაც წერია, რომ ადგილზე დათვალიერება უნდა მოახდინოს კომისიამ. თუ დარჩება საჭირო გამოქვეყნებული იქნება მათი მოწმეების ცრუ ჩვენებები. ჩაის ფოთლით სარგებლობა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთით სარგებლობას. ჩვენ თვითონ დავუშვით შეცდომა, მაგრამ შემდეგ ჩვენ თვითონ მოვახდინეთ შესწავლა, კომისიამ გასცა თუ არა სწორად. შემოღობილი არ ჰქონდა, არც ბარავდა და ამუშავებდა.

– ორი-სამი წლის განმავლობაში მოუვლელ ჩაის პლანტაციაში ჩაის ფოთლის მოკრეფა რამდენად შესაძლებელია?

– არ შეიძლება.

– ე.ი. ჩაის პლანტაციას ამუშავებდა ბეჟანიძის ოჯახი, რომ კრეფდა შესაბამისად.

– ბეჟანიძეს შემოღობილი ჰქონდა ეს ტერიტორია?

– გუგუშვილის შემთხვევაში არ იყო ჩაის პლანტაცია. ტერიტორია ყოფილი ნაგავსაყრელის იყო, რომელსაც ამუშავებდა.

– არ ამუშავებდა და ამიტომ გავუუქმეთ.

– რითი ადასტურებთ?

– ვიყავით ადგილზე.

– თქვენი აზრით, კომისიის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს ამდენი შეცდომის გამო?

– რა პასუხისმგებლობა? კომისიას გამოტანილი აქვს ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მას შეუძლია მისივე გამოტანილი აქტი ცნოს ბათილად ან ძალადაკარგულად.

ახალი ამბები