კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის ბრძანებულებებიც არ სრულდება

30 აპრილი, 2009

თეა თედლიაშვილი

დიდი და პატარა ლიახვის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის, ასევე ახლგორიდან გამოსახლებული ადამიანებისთვის საქართველოს მთავრობას ჯერ ოფიციალური სტატუსი არ მიუნიჭებია. ომის შემდეგ 8 თვე გავიდა, თუმცა დევნილებისთვის სტატუსის მინიჭება ჯერ ისევ ეჭვქვეშაა.

დევნილის სტატუსით საქართველოში ჯერ მხოლოდ ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე მეორედ გახდნენ დევნილები,

ანუ ისინი, ვისაც ჯერ ცხინვალიდან  მოუწიათ წამოსვლა და დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებს შეაფარეს თავი, ხოლო 8 აგვისტოს შემდეგ იმ სოფლებიდანაც გამოდევნეს. რაც შეეხება “პირველ დევნილობაში” მყოფ ადამიანებს, ოფიციალური სტატუსის გარეშე არიან დარჩენილები.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრებს აწარმოებს და სამართლებრივ მონიტორინგს ახორციელებს. შიდა ქართლში მონიტორინგი სამი კატეგორიის პირებზე ხორციელდება: ადამიანები ოკუპირებული ტერიტორიიდან და ბუფერული ზონის სოფლებიდან ანუ სტატუსმიუნიჭებელი დევნილები და მეორედ დევნილები, რომლებსაც ადრე აქვთ მინიჭებული სტატუსი.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფლებები დარღვეულია, რადგან მათთვის დღემდე არ მიუნიჭებიათ დევნილის სტატუსი. განცხადებიდან 10 დღეში ხელისუფლებამ დევნილის სტატუსი უნდა მიანიჭოს თავის მოქალაქეს.

"მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანებისთვის კი არა, ჩვენთვის, ვინც დროებით ვიყავით გასულები ომის დროს გორიდან, უნდა მოენიჭებინათ დევნილის სტატუსი და საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისთანავე ჩამოერთმიათ. სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 მარტიდან ეს აუცილებლად მოგვარდებოდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დევნილის სტატუსს მიანიჭებდნენ, ახლა აცხადებენ, რომ ეს პროცესი 1 მაისიდან დაიწყება”, _ განაცხადა ქეთევან ბებიაშვილმა. “ახალგაზრდა იურისტები” აღნიშნავენ, რომ არც პრეზიდენტის 15 აგვისტოს ბრძანებულება შესრულებულა, რომელიც დევნილებისთვის დროებითი მოწმობის გაცემას გულისხმობდა.

მონიტორინგის დროს “ახალგაზრდა იურისტებმა” ხელისუფლებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს, რომ ფულადი კომპენსაცია დამწვარი სახლებისთვის 415 ოჯახზე გაიცა, რაც 15 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. სულ მთავრობამ საკომპენსაციო თანხა 9 141 000 ლარი გამოყო, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კონპენსაციის სახით 6 მილიონი გაიხარჯა, "რაც სავარაუდოდ, შეცდომაა", _  დასძენს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი, _ "მათ პირდაპირ გადაამრავლეს დოლარი გაცემული კონპენსაციის რიცხვზე და ასე ასახეს ბიუჯეტში".

თუკი დოლარს ეროვნულ ვალუტაზე გადავამრავლებთ, ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის თანხა სწორადაა ასახული, მაგრამ შიდა ქართლის ყველაზე მაღალ ინსტანციაში, ალბათ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ბიუჯეტში თანხები უცხოურ ვალუტაში არ ასახონ.

ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემული კოტეჯებისა და ნაკვეთების დაკანონების საკითხი. დაზარალებული მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებმაც კოტეჯები მიიღეს თავშესაფრად, ბანკებიდან კრედიტი აქვთ აღებული. საკრედიტო ხელშეკრულებაში კი ბანკს უწერია, რომ შეუძლია ქონების დაყადაღების და გაყიდვის სახით ამოიღოს კლიენტისგან ვალი. მართალია, ე.წ. დევნილებს (მათთვის სხვა სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ) კოტეჯებს და ნაკვეთებს ჯერ არც არავინ უკანონებს, თუმცა ხელისუფლება ყოველდღე იწონებს თავს, რომ ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ თუკი მათთვის საკუთრების დაკანონება მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ ბანკებმა მოსახლეობის მიმართ ვალის ამოღების ეს გზა გამოიყენონ, რაც ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაზარალებული სოფლებიდან გადაადგილებულ ბავშვებს, გარდა პირველკლასელებისა, ხელისუფლებამ არ გადასცა სასწავლო ნივთები. აღსანიშნავია, რომ ბავშვებზე დარიგდა 100-ლარიანი დახმარებები, მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნული დახმარება ბევრ ბავშვს არ მიუღია. სახელმწიფო არ ზრუნავს არც იმ ადამიანებზე, რომლებმაც კოტეჯში ცხოვრება არ ისურვეს და კონპენსაციის სახით 10 000 დოლარი მიიღეს. კოტეჯში ჩასახლებულებისთვის არის პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს მათთვის გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდას, თუმცა კერძო ფართებში ჩასახლებული დევნილებისთვის ეს პროგრამა არ ხორციელდება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ დახმარებების განაწილება, იურიდიული დარღვევებით ხდება, კერძოდ, არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, კატეგორიები - ვისზე უნდა განაწილდეს დახმარება და კრიტერიუმები, რაც თავისთავად წარმოშობს ქაოსს და ბევრ ადამიანს უკმაყოფილოს ტოვებს. ე.წ. ბუფერული ზონების სოფლების ყოფილი მოსახლეების დაახლოებით 70 პროცენტი განაწილებული დახმარებით უკმაყოფილოა. "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აკითხავს უამრავი ადამიანი, რომლებიც ვერ ადგენენ, თუ რატომ ვერ მოხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების სიებში. საერთაშორისო ორგანიზაციებს სიებს სოფლის ადგილობრივი რწმუნებულები გადასცემენ. Gადაცემულ სიებს, თავის მხრივ, ორგანიზაციები ამუშავებენ, მაგრამ იმ ადამიანის გვარი, რომელიც სიაში რწმუნებულმა არ შეიტანა, ორგანიზაციის თუნდაც დამუშავებულ სიაში ვერ მოხვდება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების განმარტებით, ისინი სიის ფარგლებში მუშაობენ. ადგილობრივი რწმუნებულები კი არ აზუსტებენ, რომელ კატეგორიის პირებისთვის და რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს დახმარების გაწევა.

ასევე პრობლემაა, რომ ტყვედ ნამყოფი ადამიანებისთვის არ არსებობს რაიმე კონკრეტული პროგრამა, რომელიც მათ თუნდაც სამედიცინო კუთხით შეუმსუბუქებს მდგომარეობას. ტყეობაში ნამყოფ ადამიანებს ესაჭიროებათ ფსიქოლოგის დახმარება. შიდა ქართლში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მალხაზ გოჩაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას შეუძლია მათ მიმართონ და დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენენ.

ახალი ამბები