კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ია ანთაძე: „საქართველოში სიტყვის თავისუფლების დიდი პრობლემაა“

1 მაისი, 2009

ნონა სალაღაია

სიტყვის თავისუფლება თავისუფალი, ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს გარანტია. აზრთა გაცვლის თავისუფლება კი თავის თავში დიალოგს, ერთმანეთთან ცივილიზებული ფორმით საუბარს გულისხმობს და არა ენაზე მომდგარი სიტყვების რახარუხს. თავისუფალი სიტყვა საზოგადოების არც ერთ ფენას არ ათავისუფლებს მორალური და ზნეობრივი მოვალეობისგან.

ჟურნალისტი იმ საზოგადოებაზე ერთი საფეხურით მაღლა მაინც უნდა იდგეს, რომლისთვისაც ის წერს. მისი სიტყვის ღირებულება კი იმდენად ფასეულია, რამდენად დამაჯერებლადაც ჟღერს ის ამ საზოგადოებაში. დღევანდელი ჟურნალისტიკა, ისევე როგორც მთელი საქართველო, დიდ კრიზისს განიცდის, რაც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება, არამედ ძნელად მოპოვებული თავისუფლების არასწორ გამოყენებაშიც.  ქართულ  ჟურნალისტიკაში გაჩენილ პრობლემებსა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ჟურნალისტიკის ექსპერტ ია ანთაძეს ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში თავისუფალი აზრის გამოხატვის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს?

- ძალიან დამაფიქრებელი კითხვაა, რადგან თბილისის მოსახლეობა ამ მხრივ სულ სხვა პირობებშია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები სხვა ადამიანები. თბილისის მოსახლეობას აქვს საშუალება, მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია, ერთის მხრივ საერთო ეროვნული არხებიდან და მეორეს მხრივ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „კავკასიისგან“, რაც მათ საშუალებას აძლევს, თავისი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე აირჩიოს, თუ რომელი პოლიტიკური მხარის ინტერესებია მისთვის მეტად მისაღები. რეგიონში მცხოვრებლები კი ამ ფუფუნებას მოკლებულნი არიან. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი არიან საერთო ეროვნულ ტელეარხებზე და იციან ის, რასაც მათ ეუბნება პირველი არხი, „რუსთავი 2“ და „იმედი“. ეს ტელეარხები კი როგორც წესი, ერთსა და იმავე ინფორმაციას გადასცემენ და ერთი და იმავე კუთხით აშუქებენ მოვლენებს. ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობეს სწორედ ის, რომ რამდენიმე დღის წინ, სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრმა (მარინე ვეკუა, ირმა სოხაძე, გია ანჩაბაძე და მიხეილ ჭიაურელი) უარი თქვა ამ მოვალეობის შესრულებაზე. სამწუხაროდ, ტელევიზიის სივრცე არ არის დაბალანსებული ინფორმაციის ობიექტურობის თვალსაზრისით. არსებობენ არხები, რომლებიც უფრო მეტად ანგარიშს უწევენ ხელისუფლების მოსაზრებებს, ამ არხებზე ძირითადად კადრში ხვდებიან ისინი, რომლებიც ხელისუფლებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებენ და არის ტელევიზიები, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას ოპოზიციას უთმობენ და მეტად აშუქებენ მათ საქმიანობას.

- კომუნისტური რეჟიმის ნგრევის შემდეგ, ძალზე მოდური გახდა სიტყვის თავისუფლებაზე და მის მოპოვებაზე საუბარი, რაც დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართულ სინამდვილეში. სიტყვის თავისუფლება ჩვენ  ვერ მივიღეთ სასურველი სახით . როგორ გგონიათ, აქვს თუ არა საზოგადოებას და კერძოდ ჟურნალისტიკას, სწორი კურსი აღებული თავისუფალი აზრის გამოხატვისკენ?

- გააჩნია სად მუშაობს ჟურნალისტი. მე ვმუშაობ რადიო „თავისუფლებაში“ და ამ მხრივ შეზღუდული არასდროს ვყფილვარ. ალბათ, კიდევ არის რამდენიმე მედიასაშუალება, სადაც ჟურნალისტს არ უხდება თავისი სინდისის წინააღმდეგ მუშაობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლების პრობლემა. პრობლემა არსებობს და ძირითადად ეხება ტელესივრცეში მომუშავე ჟურნალისტებს. ის, რომ საქართველოში თავისუფალი სიტყვა მხოლოდ პატარ-პატარა სარკმელებიდან შემოდის და ეს არ არის ის სივრცე, რომელშიც ქართველი ჟურნალისტები საქმიანობენ, არის ერთმნიშვნელოვნად ცხადი.

- სიტყვის თავისუფლება თავის თავში არ მოიაზრებს ლანძღვა-გინებას, როგორც საზოგადოებაში ასევე მედიასივრცეში. ხომ არ გგონიათ, რომ ეს თავისუფლება ჩვენ ცივილიზებულ ფარგლებში აზრის გამოხატვად ვერ აღვიქვით და ცუდად გადმოვაქართულეთ?

- ეს დიდი მაგრამ მოვლადი პრობლემაა. კანონი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ლიბერალურია და ჟურნალისტს აძლევს საშუალებას დაწეროს ტყუილი და ამაზე არ აგოს პასუხი. კანონი ჟურნალისტებს გვაძლევს ბევრის უფლებას, ეთიკა უფრო ნაკლებ გასაქანს. ეს კარგია, ჟურნალისტებს იცავს ბევრ სიტუაციაში, მაგრამ არსებობს მოთხოვნილება, რომ გაჩნდეს ეთიკური ჩარჩო. ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფი, მზად არის, რომ გაჩნდეს ეს ეთიკური ჩარჩო, რომ ისინი იღებენ გარკვეულ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რომ არ მოატყუებენ, ცილს არ დასწამებენ და  შეურაცხყოფას არ მიაყენებენ ამა თუ იმ პირსა თუ პოლიტიკურ პარტიას. ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ საზოგადოებასთან ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

- აქვს თუ არა ჟურნალისტიკას ნდობა დაკარგული საზოგადოებაში? და რით შეიძლება აიხსნას ეს უნდობლობის ფაქტი?

- რა თქმა უნდა დაკარგული აქვს. სწორედ იმიტომ, რომ ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში, არიან ცენზურის ქვეშ. ეს ცენზურა მომდინარეობს, როგორც ხელისუფლების ასევე მედიამფლობელებისგან, თუმცა ეს ორივე – ერთი გუნდია, როგორც წესი. ჟურნალისტები დაუცველები არიან მათ პირისპირ, რის გამოც, ისინი პირნათლად ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს, რაც საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ უნდობლობას  აძლიერებს. ანუ მე შემიძლია ავხსნა თუ რატომ ვერ ასრულებენ ჩვენი კოლეგები საკუთარ მოვალეობებს პირნათლად, რაც რა თქმა უნდა, მათ გამართლებას არ ნიშნავს. ეს მდგომარეობაა და აუცილებელია ქვეყანაში იყოს პოლიტიკური ნება, რომ ჟურნალისტებმა იმუშაონ, პროფესიონალიზმის სტანდარტებისა და სინდისის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციის გამოსწორებისთვის ცალკეული ჟურნალისტის ძალისხმევა არ კმარა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ტელეარხების მხრიდან  არსებული ოპოზიციის „რადიკალურ ოპოზიციად“ მონათვლა?

- როდესაც ოპოზიციის მიტინგების ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ გადადგეს სააკაშვილი, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ამ რადიკალური მოთხოვნის საფუძველზე ოპოზიცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და თუნდაც მედიასივრცეში რადიკალურ ოპოზიციად მონათლოს, რასაც ნაწილი ეთანხმება და ნაწილი არა.

- როგორ გგონიათ, თავად ოპოზიცია თუ არის ლიბერალური ჟურნალისტებისა და განსხვავებული აზრის მიმართ?

- ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ჟურნალისტების უფლებები და მისცენ მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება. ეს მათ ხან გამოსდით, ხან კი არა. უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სიტუაციის მთელი სიმძიმის გადატანა იქით, რომ ოპოზიცია ებრძვის ჟურნალისტებს ან პირიქით, არ მიმაჩნია მართებულად.

ახალი ამბები