კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნიფიცირებული ბრალდება პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის

4 მაისი, 2009

თეა თოფურია

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, კონსერვატიული პარტიის  წარმომადგენელი ჯონი ჯიქია 2007 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკებისა და იარაღის შეძენა, შენახვა და მოხმარება. ჯიქია დღემდე ამტკიცებს, რომ ის პოლიტპატიმარია და ნარკოტიკები “ჩაუდეს”. საქართველოში პოლიცია ხშირად იყენებს ასეთ მეთოდს, და ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია იმის დამტკიცება, რომ ეს ნარკოტიკი თავიდანვე შენს ჯიბეში არ იდო.

ჯონი ჯიქია –  35 წლის, მცხოვრები ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯში. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებულიი პარტიის წევრი.

როგორ აერია სამ კაცს ოქტომბერი სექტემბერში

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს კობა ნარსიას კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსმა გიორგი კილასონიამ პატაკი წარუდგინა - ჭაქვინჯში მცხოვრები ჯონი ჯიქია, რომელიც ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია, ზუგდიდში იმყოფება და ნარკოტიკებიც თან აქვსო. იქვე მითითებული იყო, რომ ჯიქია სახლშიც ინახავდა ნარკოტიკებს.

პატაკი რეაგირებისათვის კრიმინლური პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელს მერაბ შენგელიასა და უფროს გამომძიებელს დავით ხაზალიას გადაეცათ.

აქ ყურადსაღებია ერთი გარემოება, ფურცელს, რომელზეც პატაკი დაიწერა, თარიღი სამ ადგილას აწერია. აქედან ორგან (პატაკის დაწერის და რეზოლუციის დადების თარიღები) მითითებულია 2 სექტემბერი, რომელიც შემდეგ ლურჯი კალმით ოქტომბრადაა გადაკეთებული. რაც შეეხება რეგისტრაციაში გატარების თარიღს, აქ ისევ 2 სექტემბერია დარჩენილი. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პატაკი რეალურად, მართლაც, 2 სექტემბერსაა დაწერილი, ჯიქიას დაკავებამდე ერთი თვით ადრე. მაგრამ, რადგან პოლიციაში მიხვდნენ, რომ ფალსიფიცირება აშკარა იყო, საქმე მარტივად მოაგვარეს, სექტემბერი ოქტომბრად გადააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ პატაკის ფურცელზე სამივე თარიღი სხვადასხვა პიროვნების მიერაა დასმული და შეუძლებელია, ამ სამიდან არც ერთს არ სცოდნოდა, იმ დღეს სექტემბერი იყო თუ ოქტომბერი. მით უმეტეს, წარმოუდგენელია, ოქტომბერში დაწერილიყო პატაკი, რომელიც უკვე სექტემბერში რეგისტაციაში ჰქონდათ გატარებული.

მიუხედავად ამ გარემოებისა, ბრალდების მხარე მაინც ირწმუნება, რომ პატაკი, მართლაც, 2 ოქტომბერს დაიწერა და ჯონი ჯიქიაც იმავე დღეს დააკავეს.

რა მოხდა ნამდვილად ორ ოქტომბერს

2 ოქტომბერს გამომძიებელმა მერაბ შენგელიამ საქმე დილაუთენია შეისწავლა და ჯიქიას დასაპატიმრებლად ხალხი გაგზავნა. უკვე 11 საათზე პოლიციამ ჯიქია კოსტავას ქუჩაზე, ტოტალიზატორის წინ, დააკავა და გაჩხრიკა. საქმის მასალების მიხედვით, ჩხრეკის დროს ჯიქიამ უარი განაცხადა დამსწრეთა მოწვევაზე. ამის შემდეგ პოლიციამ მისი შარვლის ჯიბეში აღმოაჩინა ნარკოტიკული ნივთიერება. ჯიქია დააპატიმრეს და ექსპერტიზაზე წაიყვანეს.

ზუგდიდის განყოფილების საექსპეტრო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნით, ჯიქია უშუალოდ ამ მომენტში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იყო, მაგრამ ლაბორატორიულმა კვლევამ მის ორგანიზმში ნარკოტიკების კვალი აჩვენა. თავად ჯიქია დასკვნის შედეგს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი არასდროს მიუღია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიქია შუა ქუჩაში დააპატიმრეს, მის საქმეში თავად პოლიციელების გარდა მოწმე არავინაა.

მოწმე პირველი - ემზარ მაისურაძე, პოლიციის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი.

,,ჩემი მონაწილეობით კოსტავას ქუჩაზე არსებული ტოტალიზატორის წინ ჩხრეკა ჩაუტარდა ჯონი ჯიქიას. ჩხრეკის დაწყებისას მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობები. რის შემდეგაც მიეცა წინადადება ნარკოტიკული საშუალების ჩაბარებაზე. მან განაცხადა უარი, მე ნარკოტიკული საშუალება არ გამაჩნიაო... ჩხრეკის შედეგად, მისი შარვლის ჯიბიდან ამოვიღეთ ფოლგის ქაღალდში შეხვეული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო მასა”...

მოწმე მეორე - ირაკლი სიჭინავა, პოლიციის ზუგდიდის რაიონული სამმართველო -  ჩვენება სიტყვა-სიტყვით იგივეა.

ჯონი ჯიქია კი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ პოლიცია მას მოულოდნელად დაესხა თავს, ასფალტზე დააგდო და შარვლის ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდო.

ზუგდიდში ჯონი ჯიქია ტაქსით ჩამოვიდა, ტაქსის მძღოლმა ვახტანგ ჯიქიამ ის კოსტავას ქუჩაზე გადმოსვა, მოგვიანებით კი დაინახა, რომ ჯონი ასფალტზე ჰყავდათ დაწვენილი და ზედ 4-5 პიროვნება ასხდა. თან ეს პიროვნებები, რომლებიც წაქცეულს აკავებდნენ, ფორმიანები არ იყვნენ. მძღოლი მიუთითებს, რომ რამდენიმე დღით ადრე იმ ტერიტორიაზე ხშირად ჩანდნენ პოლიციის მუშაკები (ვახტანგ ჯიქიამ ეს ტაქსების გაჩერებაზე დგომისას შეამჩნია). ამასთან, თავად ჯონი ჯიქიამ აღნიშნა, რომ, სოფლიდან წამოსულებს, გზად ორი მანქანა მოჰყვებოდათ, საიდანაც შემდეგ ის პირები გადმოვიდნენ, რომლებმაც დააკავეს. ამ ფაქტებზე დაყრდნობით დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჯიქიას ჯერ კიდევ 2 ოქტომბრამდე უთვალთვალებდნენ.

მეორე მოწმემ ნანული ლოგუამ კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან დაინახა, რომ მისგან ათ მეტრში ჩოჩქოლი ატყდა. ,,ვნახე, ვიღაც ბიჭი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ასფალტზე წააქციეს, ხელები გადაუგრიხეს და ბორკილები დაადეს. სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ იქვე მოგროვილი ხალხი ამბობდა, ჯონი ჯიქია არისო. ზემოდან მოქცეული პირები მას შარვლის ჯიბეში უყოფდნენ ხელს, რაზედაც ჯონი ჯიქია ყვიროდა, არ დამღუპოთო. შემდეგ ის წამოაყენეს და მანქანას მიაყენეს, იქ მყოფი ხალხი ამბობდა, რა ქნეს, როგორ ჩაუდეს ჯიბეში რაღაცო”.

ბუხარში შენახული ბომბები

იმავე დღეს ჭაქვინჯში პოლიციამ  ჯიქიას სახლი გაჩხრიკა და იატაკიდან იარაღი ამოიღო. კურიოზულია თავად ამ იარაღის ამოღების პროცედურაც. სამართალდამცავებმა მთელ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გაჩხრიკეს და იარაღიც იქ იპოვეს.

მოწმე პირველი – ჯამბულ ქარჩავა,  პოლიციის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ნარაზენის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი: ,,ჩხრეკის შედეგად პირველ სართულზე, პირველ საძინებელ ოთახში, იატაკის ქვევიდან ამოღებულია ხელყუმბარა. ასევე იმავე ოთახში, ეგრეთ წოდებულ ,,ფორთოჩკაში”, რომელზეც გადაკრული იყო თეთრი ქაღალდი, აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის 18 ცალი ვაზნა და ერთი კაფსულა-დეტონატორი. ოთახში ნანახ ხელყუმბარას ასევე ჰქონდა კაფსულა-დეტონატორი”.

მოწმე მეორე – რომეო ბეკვერია, პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს საუბნო ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორი. ჩვენება სიტყვა-სიტყვით იგივეა.

მოწმე მესამე (ამჯერად არა პოლიციელი) – თემურ ტიბუა, ჯონი ჯიქიას მეზობელი: ,,მე ჯონი ჯიქიას მეუღლემ მთხოვა, დავსწრებოდი ჩხრეკას... როდესაც შევიდნენ პირველ საძინებელ ოთახში, ბუხრის ,,ფორთოჩკიდან” ამოიღეს 18 ცალი ავტომატის ტყვია, ასევე ოთახის ,,პოლიდან” გამოიტანეს ხელყუმბარა. აღნიშნული ,,პოლი” მე და ჯონიმ, ჟილინიმ და ჯონის ცოლის ძმამ დავაგეთ 30 სექტემბერს. ორი თუ სამი ცალი ფიცარი დააკლდა, ამიტომ იგი ვერ დავასრულეთ. პოლიციის თანამშრომლებმა იქიდან გამოიტანეს გაპრიალებული ხელყუმბარა, მაშინ როცა იმ ოთახში იყო მტვერი. მე პოლიციის თანამშრომელი შესვლამდე შევამოწმე.  ასევე მინდა, დავამატო, რომ ამ სახლის ფანჯრები იყო ღია, ვინაიდან პირველ სართულზე აკეთებდნენ რემონტს. ისინი კვირაში ერთხელ მოდიოდნენ სახლში. მე არ ვიცი, აღნიშნული იარაღი ვის ეკუთვნის”.

მოწმე მეოთხე - იანურ ერემაძე, ჯონი ჯიქიას მეზობელი, ჩვენება იგივეა.

თავად ჯონი ჯიქიას განცხადებით, მის სახლში აღმოჩენილი იარაღი არც მას ეკუთვნის და არც მისი ოჯახის წევრებს. არც ის იცის, იარაღი იქ რანაირად მოხვდა. ,,მე მიმაჩნია, რომ დაკავებული ვარ პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან რაიმე დანაშაული არ ჩამიდენია”, -  განმარტა მან.

ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკებისა და იარაღის საფუძველზე, გამომძიებელმა შენგელიამ ჯონი ჯიქიას ბრალად წაუყენა ნარკოტიკული საშუალებებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი და 236-ე მუხლის I ნაწილი). 

სასამართლომ მოწმეები არ გაიკარა

ჯონი ჯიქიას ადვოკატმა გურამ ყუფუნიამ, სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, დაეკითხათ ის პირები, რომლებსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ, კერძოდ: ალიოშა შელია, მანუჩარ ჯალაღონია, ბაჩანა შელია, გენო ჯიქია.

ისინი ადასტურებდნენ, რომ პოლიციელების მოსვლისას ჯიქიას სახლში არავინ იმყოფებოდა. მათ დაინახეს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი შევიდა სახლში და იქ გარკვეული დრო დაჰყო. შემდეგ მოიყვანეს ჯონი ჯიქიას მეუღლე და ჩხეკა დაიწყეს.

ალიოშა შელია: ,,მე და ჩემი მეზობლები: მანუჩარ ჯალაღონია და ბაჩანა შელია ვმუშაობდით ჯონი ჯიქიას სახლთან. 2 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, დავინახეთ, რომ ჯიქიას ეზოსთან გაჩერდა ვილისი, საიდანაც გადმოვიდა 7 პირი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული. მათ ჯონი ჯიქიას დაუძახეს, დაძახილზე გამოეგებათ ჯიქიას ბიცოლა ვარდო, რომელიც 80-ზე მეტი წლის არის. ერთ-ერთი პიროვნება წავიდა სახლისკენ, შევიდა შიგ და 5 წუთზე მეტი დაჰყო. ამის შემდეგ ორი მანქანით მოიყვანეს ჯონი ჯიქიას მეუღლე სოფიკო ჯიქია და გავიგე, რომ იქ ჩხრეკა ჩაუტარებიათ”.

იმავე ჩვენებებს იძლევიან მანუჩარ ჯალაღონია და ბაჩანა შელიაც.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია გენო ჯიქიას ჩვენებაც. გენო ჯიქია იმ იატაკის დაგებაზე მუშაობდა, რომლის ქვეშაც ხელყუმბარა აღმოაჩინეს. მისი თქმით, იატაკის დაგება ვერ მოათავეს, რადგან ერთგან ფიცარი დააკლდათ. 30 სექტემბერს მან დარჩენილ ადგილას ხრეში ჩაყარა და მხოლოდ 4 სანტიმეტრის სისქის ფიცრის ადგილი დატოვა. ,,იქ არაფერი არ იდო და ვერც დადებდი, თუ ხრეშს არ ამოყრიდა ვინმე”, -ამბოს გენო ჯიქია.

შეძენა, შენახვა, მოხმარება...

2007 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ამრიდო გელანტიამ ნარკოტიკული საშუალების მიღებისათვის ჯონი ჯიქიას 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

2007 წლის 25 დეკემბერს იმავე ამრიდო გელანტიამ განაჩენიც გამოიტანა. ჯონი ჯიქია დამნაშავედ ცნეს წაყენებულ ბრალდებაში და 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს, ასევე განუწესეს ჯარიმა - 1000 ლარი.

ამის შემდეგ საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა.  სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე, კერძოდ, ადვოკატი თემურ ქარდავა ითხოვდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მაინც მიექცია ყურადღება იმ გარემოებებისთვის, რომლებიც ზუგდიდის სასამართლომ არაფრად მიიჩნია:

1. პატაკი, რომლის საფუძველზეც ჯონი ჯიქია დააკავეს, გაყალბებულია, რადგან, სავარაუდოა, რომ იგი მითითებულ თარიღზე ერთი თვით ადრეა დაწერილი.

2. ჯონი ჯიქიას საქმეში არსებული საბუთების უმეტესობა დათარიღებულია 2 ოქტომბრით მაშინ, როცა მათი უმეტესობის შედგენა იმავე დღეს ვერ მოხერხდებოდა.

3. საქმეში არის ჯიქიას პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც წერია, რომ ჯიქიას მიეცა ერთსაათიანი გონივრული ვადა, რათა ქალაქში ჩატარებულ ჩხრეკაზე დასასწრებად ვინმე მოეძებნა. სამსჯავრო სხდომაზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ჯიქია დაკავებისას წააქციეს და ბორკილები დაადეს, რადგან გაქცევა უნდოდა. შესაბამისად, ჩხრეკის ოქმში ჩანაწერი უბრალო ფორმალობაა, რადგან წარმოუდგენელია, მოწმეები ეძებნა ქალაქში ადამიანს, რომელსაც ბორკილები ჰქონდა დადებული და ზურგზე 4 თუ 5 პოლიციელი ეჯდა

4. ოთახში, საიდანაც იარაღი ამოიღეს, რემონტის გამო ღია იყო ფანჯრები და კარებები, შესაბამისად, ნებისმიერს შეეძლო, იქ შესულიყო და იარაღი ჩაედო. ამასთან, პოლიციელებმა მთლიანად სახლი კი არ გაჩხრიკეს, არამედ მხოლოდ ერთი ოთახი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, სად უნდა ეძებნათ იარაღი.

5. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმეების: ალიოშა შელიას, მანუჩარ ჯალაღონიას, გენო ჯიქიას, ნანული ლოგიასა და ვახტანგ ჯიქიას დაკითხვის თაობაზე. 

6. შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ჯიქია არ იმყოფებოდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დაუდგინდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა მიღებული. იმის გამო, რომ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ზუგდიდის განყოფილება არის უწყებრივი დაქვემდებარების და განთავსებულია შსს ზუგდიდის სამმართველოს შენობაში, დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ მისი დასკვნა არ იქნებოდა ობიექტური და მოითხოვა განმეორებითი ექსპერტიზა, რაც არ დაკმაყოფილდა.

2008 წლის 31 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯონი ჯიქიას საქმე განიხილა. სასამრთლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ჯიქიას სახლი, ფაქტობრივად, ღია იყო ნებისმიერი შემსვლელისთვის და იარაღის შეტანა სახლში ყველას შეეძლო, ამის გამო განსასჯელს იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნეს. თუმცა, სასამართლომ ძალაში დატოვა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდება, რადგანაც მიიჩნია, რომ მოწმეები უტყუარად ვერ ადასტურებენ იმას, რომ ჯიქიას ნარკოტი, მართლაც, ჩაუდეს. საბოლოოდ, ჯონი ჯიქიას 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

2008 წლის 24 ოქტომბერს უზნაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მას საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა კი განიხილა, მაგრამ განაჩენი არ შუცვლია.

2 დეკემბერს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდება და, შესაბამისად, 7-წლიანი პატიმრობა ჯიქიას ძალაში დაუტოვეს. 

რა ხარვეზები დაუშვა სასამართლომ?

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ გაყალბებული დოკუმენტის (იგულისხმება პატაკი) საფუძველზე შექმნილი მტკიცებულება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ბრალდებას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი).

ნინო ანდრიაშვილი: ..სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები. სასამართლომ არ დაიცვა მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. აღნიშნული პრინციპების თანახმად, მხარეებს თანაბრად აქვთ უფლება, წარმოადგინონ მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში, წარადგინონ შუამდგომლობა. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის, რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა”.

იურისტი ასევე მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომელიც საქართვეელოში ნარკოტიკების ჩადების ფაქტებს უკავშირდება. სამართალდამცავებს კანონი აძლევს საშუალებას,  მოწმედ მოიყვანონ ის პიროვნება, რომელიც თავად მონაწილეობს დაკავების პროცესში. სხვა მოწმეს ამ შემთხვევაში ნაკლებად ექცევა ყურადღება. ამიტომაც, ძალიან ადვილია, ,,არასასურველ” პიროვნებას, რომლის დაპატიმრება სურთ, მაგრამ მიზეზი არა აქვთ, ნარკოტიკი თავად სამართალდამცავებმა ჩაუდონ. მით უმეტეს, თუ ჯონი ჯიქიას საქმის მსგავსად სიმართლის ბოლომდე გარკვევას არც სასამართლო შეეცდება.

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.
პროექტი ხორციელდება ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდჭერით
.

ახალი ამბები