კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შერჩევითი სამართალი ჟურნალისტებისთვის

5 მაისი, 2009

ირაკლი  მანაგაძე

პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ ხელისუფლებას პირნათლად ემსახურები დაცული ხარ, თუ ნაკლებად ემსახურები საფრთხე გემუქრება და თუკი სიმართლეს ამბობ, ენას მუცელში “ჩაგჩრიან”. რამდენიმე დღის წინ, ერთობ სახალისო ამბავი მოხდა. შსს-მ ვინმე ნიკოლოზ ჩიხრაძე დააკავა იმის გამო, რომ მან ლევან ყუბანეიშვილს, როგორც ამტკიცებენ, მუქარის წერილი მისწერა. არადა საქართველოში ათობით ჟურნალისტია დაშინებული, გატაცებული და ნაცემი.

საზოგადოებრივი  მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის მიმართ ”ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო” თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნიკოლოზ ჩიხრაძე და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ, პრესრელიზის თანახმად, ჩიხრაძესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

 30 აპრილს შსს-მ განაცხადა, რომ დააკავა ჩიხრაძე, რომელმაც 26 აპრილს გააგზავნა მუქარის ელექტრონული წერილი, სადაც ”ყუბანეიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით დაემუქრა”. შსს-მ ასევე გაავრცელა დაკავებულის აღიარებითი ვიდეოჩვენება, სადაც პირი, რომელიც შსს-ს თქმით, ნიკოლოზ ჩიხრაძეა, აღიარებს ყუბანეიშვილის ”სიცოცხლისადმი” მუქარას და აცხადებს: ”დავემუქრე იმიტომ, რომ გამაჩნია ამ პიროვნების მიმართ ანტიპათია, რაც გამოწვულია იმით, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს არაობიექტურად შუქდება მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”.

  არავინ ამბობს,  რომ თუ ვინმე ყუბანეიშვილს დაემუქრა, მან პასუხი არ უნდა აგოს. გასაკვირია შერჩევითი სამართლის პრინციპი. გამოდის, რადგან ყუბანეიშვილი პირველი არხის გენდირექტორია, დაცულია, ხოლო ნათია როყვა (გაზეთი „ბათუმელები“), რამაზ საყვარელიძე (რადიო „ჰერეთი“), მალხაზ ბასილაია (რადიო „ფორტუნა“), ნატო გოგელია და გიორგი გირკელიძე (გაზეთი „გურია ნიუსი“) არ არიან დაცულები მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ლაპარაკობენ და წერენ.

   შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შევახსენებთ ჟურნალისტების ცემის იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელზეც „თემიდამ თვალები აიხვია“. 

  რამდენიმე წლის წინ სასტიკად სცემეს რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე. თავდასხმის ორგანიზატორი ლაგოდეხის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დავით კაპანაძე აღმოჩნდა. ყოფილ დეპუტატს არ მოეწონა კახეთის რადიო "ჰერეთში" გასული რეპორტაჟი, რომელიც ექსპარლამენტარის წარსულ საქმიანობას ეხებოდა. კაპანაძე თანამზრახველებთან ერთად სახლიდან გამოსულს ქუჩაში დახვდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე კი აღიძრა, მაგრამ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ საქმეში დანაშაულის ნიშნების არსებობის მიუხედავად, გამოძიება შეწყვიტა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კაპანაძე, რომელიც ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ 2008 წელს თავისუფალი აზრის დევნაში დამნაშავედ ცნო, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე გურიის გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს ნატო გოგელიას და გიორგი გირკელიძეს ცემითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ჟურნალისტებმა მისი საქმიანობის შესახებ კრიტიკული პუბლიკაციები მოამზადეს და გამოაქვეყნეს.

  გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ია მამალაძემ ჟურნალისტების ხელშეუხებლობის მოთხოვნით, სამართალდამცავი და სახელისუფლებო ორგანოების გარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართა. არასამთავრობო სექტორის გარდა, გაზეთ „გურია ნიუსს“ არავინ გამოხმაურებია,  ანტონ ხუნდაძე კი თანამდებობას დღემდე ინარჩუნებს.

  გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2009 წლის  23 იანვარს დააკავა.  მაშინ ჟურნალისტი სპეცოპერაციას შეესწრო და რამდენიმე ფოტო გადაიღო. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადა – „საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდიოდი  გორგასლის (ყოფილი ერას ქუჩა) და დავინახე, რომ სოდ-ის თანამშრომლები სპეცოპერაციას ატარებდნენ. დავინახე, თუ როგორ ყრიდნენ ნივთებს კორპუსის ფანჯრიდან ნიღბიანები. ჩამოვედი და რამდენიმე ფოტო გადავიღე. ამ დროს ჩემთან მოვიდნენ სოდ–ის თანამშრომლები და ფოტოს წაშლა მომთხოვეს. მე არ დავემორჩლე, რის გამოც მიმიყვანეს სოდ–ის ხელმძღვანელთან, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა. მათ მანქანაში ჩამსვევს და  მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. მიმიყვანეს კონტრდაზვერვის შენობასთან და შემდეგ გამათავისუფლეს“.

  ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაზეთმა „ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურას გაზეთის ჟურნალისტის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართა. სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო. რედაქციამ მიიღო პასუხი, სადაც წერია: „დადგენილია, რომ „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტის ნათია როყვას მიმართ მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობს წინასწარი გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი“.

  რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია აფხაზების ტყვეობის შემდეგ ქართველების ტყვეობაში აღმოჩნდა. დაუდგენელმა პირებმა, გმირი ჟურნალისტი გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. „7 კაცი  უმოწყალოდ მირტყამდა მუცელში, თავში და საერთოდ მთელ სხეულზე. თან მაიძულებდნენ მეღიარებინა აგიტაცია და აგენტობა, მაგრამ ვერ გეტყვით ვისი ან რისი. მიმეორებდნენ, შენ სააკაშვილის ღირსების ორდენმა ხომ არ გაგათამამაო, ეგ ვერ გიშველის, აღიარეო. ორი სამხედროფორმიანი, რომელიც მე მამაგრებდა, ვითომ “შეფისგან” მალულად ყურში მიჩურჩულებდა, აღიარე აგენტობა, თორემ მოგკლავენო“, - განუცხადა მალხაზ ბასილაიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“.

  ეს ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ცემის ფაქტების არასრული ჩამონათვალია. როცა ხელისუფლება გამუდმებით „ძიალოგზე“ საუბრობს, უპრიანი იქნებოდა ეს საქმეები გამოეძიებინა. რაც შეეხება ლევან ყუბანეიშვილის დამშინებელ ნიკოლოზ ჩიხრაძეს, მისი ვინაობის გარკვევა გაჭირდა. როგორც ოპოზიციაში განაცხადეს, ჩიხრაძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ან აქტივისტი არ ყოფილა. ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს ვერც მისი ადვოკატის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასამართლომ კი დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

ახალი ამბები